Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთი მკაფიოდ გვეუბნება, რომ ევროკავშირისკენ სავალი გზა უკანალზე გადის

დასავლეთი მკაფიოდ გვეუბნება, რომ ევროკავშირისკენ სავალი გზა უკანალზე გადის

გვიგინებენ ეკლესიას და პირდაპირ გვეუბნებიან, პატრიარქს უპირველეს ავტორიტეტად ნუ აღიარებთო. ისინი ტაშს უკრავენ მათ, ვინც ეროვნული ღირებულებებით განმსჭვალულ ადამიანებს აგინებენ, დასცინიან, აბითურებენ. მათთვის აღარაფერია წმინდა და ის, რომ საზღვარგარეთ ორმა ქართველმა ბიჭმა ეროვნულ სამოსში იქორწინა, პირდაპირი მინიშნება იყო ტრადიციებისა და ღირებულებების გათელვაზე

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო  კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.  მთავარი, რაც კანონში წერია, არის ის, რომ საქართველოში ოფიციალურად აიკრძალა სქესის შეცვლის ოპერაცია, ლგბტ პირების შეკრება-მანიფესტაცია, ერთნაირსქესიანთა ოფიციალური ქორწინება და ლგბტ პირებისთვის ბავშვის შვილად აყვანა. აგრეთვე, აიკრძალა ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდა.

 ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მისაღები და ძალიან კარგია, რასაც საქართველოს საპატრიარქოც ადასტურებს. აი, რა წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში: „საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს. რამდენიმე წლის წინათ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური ღირებულებების დაკნინებას. ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა ლგბტ პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან ამოღებას, რადგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს. ამასთანავე, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული. ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად“. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება ამ კანონს. სხვადასხვა  მონაცემით, საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე მეტი სწორედ ასე ფიქრობს და ამას მიესალმება. შესაბამისად, როცა ერი და ბერი ერთად არის, მოკავშირემ, რომელიც თავს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს, მხარი უნდა დაგიჭიროს, ტაში უნდა დაუკრას, რომ ასეთი ერთიანობა დღევანდელ მსოფლიოში უპრეცედენტოა, რომ ეს მომავალი თაობებისთვის კარგი მაგალითია. და რა მოხდა სინამდვილეში?

საქართველოში ბრიტანეთის  ელჩი გარეტ უორდი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონთა პაკეტს. ვწუხვარ, რომ ამ კანონს ხელი უკვე მოეწერა…“

საფრანგეთის საელჩო: „ემანუელ მაკრონი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმება. მიუხედავად ამისა, ის წუხს, რომ ნეგატიური მოლენები, რომელიც ბოლო დროს საქართველოში მოხდა, დასანანია. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინა და გაწევრიანების პროცესის შეჩერება გამოიწვია. საუბარია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონზე“.

ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი: „საქართველომ ახლახან ანტილგბტ კანონი მიიღო, რომელიც დისკრიმინაციულია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. გარკვევით ვიტყვი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება…“

ჯეიმს ო’ბრაიენი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში: „შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს. შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის…“

მაიკლ  ფლაერტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „აღნიშნული კანონი ქმნის სამართლებრივ საფუძველს ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციისთვის და ეწინაააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებისთვის ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ სექსუალური ორიენტაციით არის ნაკარნახევი, იმ დროს, როცა არ არსებობს არავითარი სხვა საფუძველი, ივარაუდო, რომ ამგვარი ინფორმაცია არასათანადოა და აზიანებს ბავშვის განვითარებას, არ შეესაბამება კონვენციის მე-10 მუხლს (აზრის გამოხატვის თავისუფლება)“.  

ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებების მოყვანა  კიდევ შეგვიძლია განვაგრძოთ, რადგან აზრი გამოთქვა  ყველამ, ვისაც არ დაეზარა და დღეს მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით ეს არ დაეზარა თითქმის არავის. თითქმის იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი-ორი ლიდერი არათუ გვეთანხმება ასეთი კანონის საჭიროებაში, არამედ თვითონაც აპირებს იგივე მოიმოქმედოს. დასავლელი ლიდერები ამ განცხადებით დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელ ეკლესიასაც, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. ისინი ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ნდობის მხრივ სიის სათავეში პატრიარქის დასახელება ნორმალურიარ არის. მათთვის არც ის არის ნორმალური, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოდის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი და ზეიმობს, რადგან, თურმე ეს მცირე ჯგუფის უფლებებს ზღუდავს და არ შეიძლება, 15-20 ადამიანის გამო  ასიათასობით  ადამიანმა იზეიმოს, მათ ფსიქიკას უნდა გავუფრთხილდეთ და მერე რა, რომ იმ ერთი მუჭა ადამიანების ფსიქიკის გაფრთხილებით უამრავი ადამიანის ფსიქიკა  დაზიანდება. დასავლეთის რეალური სახე პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ წარმოაჩინა. ეს იყო ადამიანების ფსიქიკაზე ზემოქმედებისთვის გამიზნული კარგად დადგმული ტერორისტული აქტი. ეს იყო მორწმუნეთა გრძნობების  შეურაცხყოფა, იმის დასტური, რომ დასავლეთი მზად არის, წავიდეს ყველაფერზე  ლგბტ საზოგადოების ინტერესების დასაცავად   და, რაც მთავარია, უკვე ლგბტ საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნის მართვის უმაღლეს სადავეებთანაა. და რა ძნელი მისახვედრია, რომ საკუთარი თავის თუ თემის წინ წამოწევისთვის ყველაფერს აკეთებენ. ისინი გვიმტკიცებენ, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვუზღუდავთ არჩევანის უფლებას, როცა ვკრძალავთ ლგბტ პროპაგანდას, რომ თურმე 3-4 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში დასაძრახი არაფერია.  ვერ გეტყვით, რამდენჯერ მსურდა ამის დაწერა და რამდენჯერ მიფიქრია, როგორი ფორმა მიმეცა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა კეკლუცობისა და ფიქრის დრო აღარ არის.  დასავლეთი მკაფიოდ გვეუბნება, რომ ევროკავშირისკენ სავალი გზა უკანალზე გადის. ჰო, დასავლელები  დაუფარავად  ამბობენ ამას და სინდისის ქენჯნას არ განიცდიან. ისინი გვიგინებენ ეკლესიას და პირდაპირ გვეუბნებიან: პატრიარქს უპირველეს ავტორიტეტად ნუ აღიარებთო. ისინი ტაშს უკრავენ მათ, ვინც ეროვნული ღირებულებებით განმსჭვალულ ადამიანებს აგინებენ, დასცინიან, აბითურებენ. მათთვის აღარაფერია  წმინდა და ის, რომ საზღვარგარეთ ორმა ქართველმა ბიჭმა ეროვნულ სამოსში იქორწინა, პირდაპირი მინიშნება იყო ტრადიციებისა და ღრებულებების  გათელვაზე.

ოდესმე გსმენიათ დასავლელი ლიდერებისგან, რომ ლგბტ წარმომადგენელთა ქმედება აზიანებს რიგით ადამიანებს,  ტრადიციულ აზროვნებას და საფრთხეს უქმნის  ერის გადაშენებას? ასეთი ადამიანების რაოდენობამ ისე რომ მოიმატოს, როგორც ეს დასავლეთს სურს, რაოდენობის მიხედვით ისედაც აუტსაიდერ  ქართველ ერს რა დაემართება? ამაზე არავინ ფიქრობს, ხმამაღლა არავინ საუბრობს, ამის  ნათელი მაგალითი არის ესტონეთი, რომლის მოსახლეობაც მილიონს ჩამოსცდა… ბოლო ათ წელიწადში ესტონეთში ესტონელების რაოდენობა  ნახევარი მილიონით შემცირდა, სამაგიეროდ სხვა ერების წარმომადგენელთა რაოდენობა გაიზარდა და ვარაუდობენ, რომ უკვე 2040 წლისთვის (საუკეთესო შემთხვევაში) ესტონელები უმცირესობაში დარჩებიან და სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ მოახერხებენ, ესტონელებით დაკომპლექტებული  ხელისუფლება აირჩიონ, მაგრამ… დასავლეთისთვის არც ეს არის პრობლემა და, თუ საქართველოს სათავეში უმაღლესი ხელისუფალი, ქართველი კი არა, ფრანგი, ჩინელი, ინდოელი ან უგანდელი იქნება, ტაშს დაუკრავენ და ამას იმით გაამართლებენ, რომ აგერ, ბრიტანეთის პრემიერი ინდოელი იყო და ბრიტანელებს არ გაუპროტესტებიათ.                      

საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა და ყველა ხვდება, რომ ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ხმა ქვეყნის მომავალს უნდა მივცეთ არა მხოლოდ მომდევნო 4 წლით, არამედ  იმ მხრივ, როგორ განვვითარდებით და საით წავალთ. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის და საქართველოს წინააღმდეგ მთელი დასავლეთი დგას;  უფრო ზუსტად, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ დგანან და სურთ, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი ხელის ერთ აქნევაზე მიიღებენ მათთვის საჭირო გადაწყვეტილებას. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ბოლო კვირაში განვითარებული მოვლენებია, როცა საქართველოს პრეზიდენტი კარდაკარ ატარეს, დავალებები მისცეს და, სამშობლოში დაბრუნებულმა,  გამოგვიცხადა, რომ მომავალი მთავრობის ფორმირებას იწყებს ზუსტად ისე, როგორც ეს დასავლელმა პარტნიორებმა ურჩიეს. მეტიც, მას პრემიერობის კანდიდატიც კი ჰყავს შერჩეული და დასავლეთთან შეთანხმებული. გამოდის, რომ ისინი არჩევნებში მარცხს გამორიცხავენ და… როგორც არაერთხელ მომხდარა, თავისი სიტყვა ერმა და ბერმა უნდა თქვან!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here