,,ქართული ოცნების’’ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც ორიოდე დღის წინათ გამოქვეყნდა, არის ყურადღების მისაქცევი რამდენიმე დეტალი: ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მასში საინტერესო და მოულოდნელი ინტონაციები ისმის; მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ეს ინტონაციები ბუნდოვანი და დაუზუსტებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც მიგვანიშნეს, მაგრამ ბოლომდე არ გვეუბნებიან, თუ რა არის ის, რაც სტრიქონებს შორის უნდა ვეძებოთ და ამოვიკითხოთ. ასე იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც მთქმელს გახსნილად რაღაცის თქმა არ შეუძლია, ვინაიდან მისი ნათქვამი მათაც ესმით, ვისთვისაც მას იმ ინფორმაციის მიწოდება არ სურს, რომელსაც უნდა, რომ აუდიტორიის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩასწვდეს. ერთი სიტყვით, სათქმელს დაშიფრულად ვიტყვით და, ვისაც გაშიფვრის თავი გაქვთ, გაშიფრეთო. არც ისაა გამორიცხული, რომ არაფერი დაუშიფრავთ და არავისგან არაფრის გაშიფვრას არ ელოდებიან (უბრალოდ, ბუნდოვანი ნათქვამი გამოუვიდათ), მაგრამ ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში მე რაკი რაღაც შეფარვით ნათქვამი ვიგუმანე, ბარემ ბოლომდე ვიტყვი, კონკრეტულად რაც ვიგულისხმე, დანარჩენი თავად განსაჯეთ…
დააკვირდით, როგორ იწყება ეს განცხადება: ”2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს“.
შესავალშივე ამგვარი ღირებულებითი გამიჯვნა ორი პოლიტიკური ძალისა იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთ სახელმწიფოში მოქმედი ორი პარტიის დახასიათება, ეს მტრისა და მოყვრის, ერთგულისა და მოღალატის, თავისიანისა და სხვისიანის, კეთილისა და ბოროტის დახასიათებაა.
ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება უმთავრეს იდეოლოგიურ მიმართულებებს ეხება: „საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა”. აბა, კარგად დავაკვირდეთ ამ ნათქვამს. ვინ ემუქრება ჩვენს მშვიდობას, ვინ ხელყოფს ტრადიციულ ფასეულობებს და ვინ გვართმევს სუვერენიტეტს?
* მშვიდობას ემუქრება ის, ვინც ცდილობს საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას!
* ტრადიციულ ფასეულობებს ხელყოფს ის, ვინც ჯიუტად გვახვევს თავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას და ჯიუტად ნერგავს გარყვნილების კულტს!
* სუვერენიტეტს გვართმევს ის, ვინც ცდილობს და აღწევს კიდეც, რომ მისი დიქტატითა და ბრძანებებით ვცხოვრობდეთ!
ვის შეეპარება ეჭვი, რომ ეს არის აშშ და კოლექტიური დასავლეთი? არავის! სამ ათეულ წელიწადზე მეტია, საქართველო მთლიანად არის მოქცეული დასავლეთის კლანჭებში. მე თუ კარგად ვწვდები ამ განცხადების შინაარსს, მასში სწორედ ამ კლანჭებისგან თავის დაღწევაზე უნდა იყოს საუბარი. სხვას რას უნდა ნიშნავდეს განცხადების თუნდაც ეს ეპიზოდი: ”ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოსა და საქართველოში თანდათან სულ უფრო საშიშ სახეს იძენს. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ–პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება. ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მისი ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა. ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართულ ოცნებას“ მისცემს ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს. კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდასა და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა”.
„ქართული ოცნების“ ეს განცხადება რევოლუციურია და დროულიცაა, ვინაიდან ჩვენ მოწმე ვართ იმ ეპოქალური ძვრებისა, რომლებსაც ამერიკული ჰეგემონიზმისა და ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული ჰქვია. განა ეს აზრი არ გამოსჭვივის იმ წინადადების ყოველი სიტყვიდან, რომლის გაანალიზებასაც ახლა ვცდილობ? საქართველოს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვოს მშვიდობამ, ტრადიციულმა ფასეულობებმა და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეამ!
ახლა ეს წინადადება ვნახოთ: ”საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არის ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი ორგანიზაციები. ეს ხომ დასავლეთის ”მეხუთე კოლონა”, მისი რუპორი, მისი იარაღი და ინსტრუმენტია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუკი დასავლეთის უმთავრეს წარმომადგენელსა და მის ინსტრუმენტს ვერ ეგუები, ე.ი. დასავლეთსაც ვერ ეგუები და მისი წნეხისგან განთავისუფლებას ცდილობ. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალის გასამართლებას თუ აპირებ, ე.ი. საქართველოში დასავლური პოლიტიკის გასამართლებასაც აპირებ. ”ქართული ოცნების” ამ განცხადებაში მხოლოდ ეს ლოგიკა იკითხება, მაგრამ ამ ლოგიკაში ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, აგერ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მოუსმინოს: ”მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ თორმეტი წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა”. როგორ ფიქრობთ, ეს ნათქვამი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად იმ ”უცხოელი მფარველების” აშკარა მხილებაც არ არის? რა ვიცი, თავად განსაჯეთ!
რა ძალაა ეს ”ნაციონალური მოძრაობა” – ის ვინც წარსულში სჩადიოდა დანაშაულს თუ დღესაც დანაშაულის გზას ადგას? აი, ”ქართული ოცნების” შეფასება: ”2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა”.
ამის შემდეგ ნახეთ, რას აცხადებს ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო: „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ესენი არიან ის ძალები, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას განახორციელებდნენ. ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახვოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის”.
ხედავთ, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები? თუმცა ესეც არ არის ყველაფერი. ”ქართული ოცნების” განცხადებაში ვკითხულობთ: ”ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიკურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაბრკოლება ვერავინ შეუქმნას”.
შესანიშნავია. როგორც ხედავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც მივადექით. ასეთ შემთხვევაში რას უნდა ნიშნავდეს მმართველი პარტიის მხრიდან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე საუბარი? კონკრეტულად რა უნდა ვიგულისხმოთ ამ ნათქვამში? შემიძლია დავიფიცო, რომ აქ საუბარია კონსტიტუციიდან იმ იდიოტობის ამოღებაზე, რომელიც დასავლეთმა ჩაგვაწეერინა და რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობას ეხება. შემობრუნება იწყება – დიდი ისტორიული შემობრუნება! რამდენიც უნდა იფართხალონ დასავლეთმა და მისმა ”მეხუთე კოლონამ” საქართველოში, ისტორიული შემობრუნება გარდაუვალია!
თუ აკვირდებით, თანდათან ყველაფერი თავის ადგილზე დგება. სიტყვა რევოლუცია შემთხვევით არ მიხსენებია. ამ შემთხვევაში ეს სიტყვა, სისხლსა და სახელმწიფო გადატრიალებასთან კი არა, ამერიკული ჰეგემონიისგან მსოფლიოს განთავისუფლებასთან და სახელმწიფოების თავისუფალ განვითარებასთან არის დაკავშირებული. დააკვირდით, რა წერია ”ქართული ოცნების” განცხადებაში: ”საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ ქვეყნის უპირველესი ამოცანაა… ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართველ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ”. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას სიტყვებს: ”ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის”. ფაშიზმისგან უკრაინის განთავისუფლებამდე ანუ რეგიონიდან აშშ-ის წასვლამდე თვეები დარჩა. ამას ნიშნავს ეს ნათქვამი. ”ქართული ოცნების” ლიდერებს აქვთ ეს ინფორმაცია. მხოლოდ ბრიყვებს ჰგონიათ, რომ დასავლეთის მიერ შეიარაღებული და წახალისებული უკრაინელი ფაშისტებისა და ტერორისტების შეჭრა კურსკში (მათთან ერთად იყვნენ და არიან ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი სამხედროებიც, ეს დაადასტურა პენტაგონის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა) რუსეთის დამარცხების საწინდარია, მაგრამ ასე არ არის. მალე უკრაინული და დასავლური ფაშიზმი დაიჩოქებს და უკრაინელი ხალხი ამ დიდი ბოროტებისგან განთავისუფლებას იზეიმებს. ჩვენ კი გამძლეობა გვმართებს, რათა დარჩენილი ეს მცირე დრო ისე გავიაროთ, რომ, სანამ ახალი რეალობა დადგება, უმძიმეს კატაკლიზმებში არ აღმოვჩნდეთ. ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში გაკეთებული დასკვნა სწორედ იმ ახალ რეალობაზე მეტყველებს, რომელიც კარს არის მომდგარი: ”ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება”.
სამწუხაროდ, ქვეყანა კვლავაც გადასარჩენია, მაგრამ მთავარია, რომ გადარჩენის გზა იკვეთება!
ვალერი კვარაცხელია