რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
სუს–ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სამართალდამცველთა განმარტებით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება.
დაკითხვიდან გამოსული „კონკრეტული პირები“ ჟურნალისტებს შეკითხვებზე სიცილით პასუხობენ: „ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით“… მათ სახეებზე შიშიც ემჩნევათ და ირონიაც… დაკავებული აქამდე არავინაა…
ჩაიდინეს თუ არა დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე? _ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც საქართველოში გვყავს, სიმართლე არასდროს უთქვამს ხალხისთვის, რადგან საკუთარი მოქალაქეების ტვინების გამორეცხვაზე მუშაობდა ნებისმიერი ხერხით, განსაკუთრებით კი მედიასაშუალებებით. ისინი არასდროს მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ თავიანთ თავზე ზრუნავდნენ და ცდილობდნენ საქართველოს გაყიდვას.
სააკაშვილის ზეობის პერიოდში ამბობდნენ, რომ ქვეყნის ღალატის მუხლი უნდა ამოეღოთ სისხლის სამართლის კოდექსიდან. დღეს ეს მუხლი არ მუშაობს. რატომ უნდა ამოეღოთ, ეს დანაშაული არ არსებობს?! სისხლის სამართლის კოდექსში იმდენი ცვლილებები შევიდა, ისეთი სისტემა გვაქვს, რომ კრიმინალი ნაციონალების ციხეში ჩასმა ვერ მოხერხდა.
სისტემა სისტემად, მაგრამ დასავლეთის შიშითაც ვერ ხერხდება დამნაშავის დაკავება. სისტემა შესაცვლელია და აუცილებლად ასამუშავებელია სამშობლოს ღალატის მუხლი, რადგან, ეს რომ მუშაობდეს, ნაცების დიდი ნაწილი სამშობლოს ღალატისთვის იქნებოდა ციხეში გამოკეტილი. ეს მათთვის დამსახურებული სასჯელი იქნებოდა.
_ სუსში დაკითხვაზე დაჰყავთ უკრაინაში მყოფი ქართველი, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მებრძოლები. ისინი დაკითხვიდან სიცილით გამოდიან, ამბობენ: ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას გვაბრალებენო… თუკი ბრალდება არ დამტკიცდბა, საზოგადოებას იმედი გაუცრუვდება და ჩათვლის, რომ დაშინების მიზნით ხდება ყველაფერი…
_ ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც უსუსურობას თუ გამოიჩენს, როგორც აქამდე ხდებოდა, და ციხის კარს ისევ გააღებს, თანაც ისევ დასავლეთის შიშით, მაშინ მართლაც ჩათვლის საზოგადოება, რომ ყველაფერი ბლეფი იყო…
ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაკითხვაზე დადიან, მართლაც არიან ყველაფრის მკადრებლები, მათ შეუძლიათ სამშობლოს ღალატი და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. უკრაინიდან გვითვლიდნენ, რომ საქართველოში ტანკებით შემოვიდოდნენ და გაგვანადგურებდნენ. ეს ყველას გვახსოვს და ეს სერიოზული დანაშაულია.
შედეგი სუს–ში დაწყებული პროცესისა აუცილებლად უნდა დავინახოთ, ყველა კრიმინალი და მოღალატე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდნენ ომით, უნდა დაისაჯოს, უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და გვემუქრებოდა.
უნდა დამთავრდეს საქართველოში გადატრიალებების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
მსოფლიო იცვლება, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და მჯერა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ვეღარ ჩაერევიან ე.წ. დასავლელი პარტნიორები, ვეღარ გვეტყვიან, ვინ დავიჭიროთ და ვინ _ არა.
ევროკავშირმა, მისმა დღევანდელმა შემადგენლობამ, უღალატა დასავლურ ღირებულებებს, მათი ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებებს. მინდა გითხრათ, რომ, მიუხედავად დასავლეთის დიდი ზეწოლისა, საქართველოში უფრო მეტადაა შენარჩუნებული ადამიანის უფლებები და მათი დაცვა, ვიდრე ევროპაში.
საქართველო იზოლაციაში ვერ იქნება. მჯერა, რომ მსოფლიოში ფაშიზმი დამარცხდება, შეიცვლება ვითარება და დაუბრუნდება ევროპა ძველ კალაპოტს. აი, მაშინ კი საქართველო ნამდვილად შეუერთდება ევროპულ ოჯახს.
დასავლეთი დღეს მოიცვა ფაშიზმმა. ფაშიზმის გამოვლინება ჩვენთანაც არის. პროცესი ევროპის გამოჯანსაღებისა დაწყებულია, ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში ხალხი გამოფხიზლებულია, შესაძლოა, არჩევნები გაყალბდეს სადმე, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ის, რაც ხდება მათ ქვეყნებში, ფაშიზმი, რომელიც მძვინვარებს, ცუდია და ეს არის ყველაზე საიმედო. ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება…
საქართველო იდგება ღირსეულად, ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ იმ ომში, რომელსაც დიდი სახელმწიფოები აწარმოებენ ერთმანეთთან. როგორი ზეწოლაც, მუქარაც უნდა მომდინარეობდეს ჩვენი მისამართით, ჩვენ არ უნდა გავწევრდეთ ისეთ გაერთიანებაში, რომელიც მეზობელს გააღიზიანებს. ეს იქნება ჩვენი ღირსეული არსებობის საწინდარი…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი