Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: ჩვენი მიზანი უნდა იყოს აფხაზეთისკენ გზის გახსნა. ეს გზა საქართველოს...

გულბაათ რცხილაძე: ჩვენი მიზანი უნდა იყოს აფხაზეთისკენ გზის გახსნა. ეს გზა საქართველოს ეკონომიკურად გააძლიერებს, გააძლიერებს აფხაზეთსაც

“ის, ვინც ამ გზის წინააღმდეგ გამოდის, საქართველოს მტერია! სირცხვილია, აფხაზეთისკენ გზის გახსნის წინააღმდეგი იყოს ქართველი”

364

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და აპირებს, გახსნას 30 წლის განმავლობაში ჩაკეტილი სატრანზიტო დერეფანი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან მომავალი ტვირთებისთვის საქართველოში და საქართველოდან რუსეთში მიმავალი ტვირთებისთვის. ეს გულისხმობს რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტვირთების გადაზიდვა მიმდინარეობს მხოლოდ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, რომელიც უკვე ვერ უმკლავდება ორ ქვეყანას შორის ტვირთების ნაკადს. აფხაზური მხარე ამ გადაწყვეტილებას ფინანსური დაინტერესებით ხსნის. აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია გალის რაიონის მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილსა და საქართველოში მოქმედ .. ოპოზიციაში

რას მოუტანს საქართველოს აფხაზეთისკენ სატრანზიტო გზის გახსნა? გარდა ეკონომიკური წინსვლისა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ გზის გახსნას  აფხაზებსა და ქართველებს შორის? _ ამ საკითხებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ აფხაზეთის მიმართულებით გზის გახსნა, უწინარესად, ეკონომიკას განავითარებს და აფხაზეთში ამას განიხილავენ, როგორც სატრანზიტო შემოსავალს. აფხაზეთში ეს ძვრა _ საქართველოსკენ გზის გახსნა _ მოიტანა იმ დროებამ და გარემოებამ, რომელიც დღეს არის ჩვენს რეგიონში და, საერთოდ,  მსოფლიოში რუსეთის მიმართ.

აქამდე თვითონ აფხაზები იყვნენ სატრანზიტო გზის აღდგენის წინააღმდეგნი. ეს წინააღმდეგობა გამოწვეული იყო მათი მხრიდან ქართველი ხალხისადმი უნდობლობით, არასწორი აღქმით, მათ სულ ჰქონდათ განცდა, რომ საქართველო მათ წინააღმდეგ მოქმდებდა და საჭიროდ თვლიდნენ, თავი შორს დაეჭირათ, რათა აფხაზეთში “მცოცავი” მეთოდით არ შევსულიყავით. ასე ფიქრობდნენ აფხაზეთის თავკაცები, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეცვალა ეს ვითარება. ანტირუსულმა სანქციებმა განაპირობა საქართველოსა და აფხაზეთს შორის გზის გახსნის აუცილებლობა, რადგან ეს რუსეთსაც სჭირდება და საქართველოსაც. ეს გზა საქართველოს აქამდეც სჭირდებოდა… ჩვენს ქვეყანაში გაცილებით იაფი ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილი რუსეთიდან რკინიგზით შემოდის აზერბაიჯანის გავლით. ეს გზა ზრდის ნავთობპროდუქტების ფასს, გარდა ამისა, აზერბაიჯანის საბაჟოზე ხელებს აფათურებენ ჩვენს ტვირთებში. როგორც ქართველი მებაჟეები ამბობენ, საქართველოსკენ მომავალი ტვირთი ნაკლული მოდის ჩვენამდე. საქართველო ძალიან, ტოტალურადაც კი,  დამოკიდებული გახდა აზერბაიჯანზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში შემოდის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, მაგრამ ისინი ამ ენერგომატარებელს ყიდულობენ რუსეთში და ჩვენ გაძვირებულს გვაწვდიან. არადა, საქართველოს თავისი რკინიგზაც ხომ აქვს?! საქართველოს მიზანი უნდა იყოს აფხაზეთისკენ გზის გახსნა. ეს გზა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად გააძლერებს, გააძლიერებს აფხაზეთსაც.

აფხაზეთისკენ გზის გახსნა ნებისმიერ შემთხვევაში წინგადადგმული ნაბიჯია. ამ გზის გახსნა საშუალებას მოგვცემს, აფხაზებთან გარკვეულ დონეზე დავამყაროთ კარგი ურთიერთობა, ასევე გაჩნდება საერთო ინტერესი, ეს იქნება ეკონომიკური კეთილდღეობა და, როდესაც საერთო ინტერესები არის ეკონომიკური, მაშინ გაცილებით ადვილია, დაიწყოს ურთიერთობის პოლიტიკური დარეგულირებაც. ეკონომიკური ურთიერთობა, აგრეთვე, გამორიცხავს საომარ დაპირისპირებასაც. ასე რომ, თუ ქართულ მხარეს ეყოფა გამბედაობა, გახსნას ეს გზა, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას დასავლეთი არ აძლევს. მართალია, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა ხშირად ყურად არ იღებს დასავლეთის მითითებებს, მაგრამ რაღაცების გათვალისწინება მაინც უწევს. აფხაზეთისკენ სატრანზიტო გზის გახსნის ინიციატივა რუსეთის მხრიდან მოდის, რადგან მას აქვს გარკვეული პრობლემები და წინააღმდეგობები, მაგრამ რუსეთის ჯიბრით უკუღმა არ უნდა ვიმოქმედოთ, ამ გზის გახსნა ხელს აძლევს საქართველოს, სჭირდება საქართველოს.

_ მახსოვს, აფხაზეთის ომი ახალი დასრულებული იყო, როცა ხანში შესული ადამიანები ამბობდნენ: რკინიგზა რომ გაიხსნას და იქ ერთმა ქართველმა მაინც დადგას ფეხი, აფხაზეთს დავიბრუნებთო. ამის შიში აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ, დღეს კი თანახმანი არიან, გახსნან სატრანზიტო გზამაგრამ თბილისში .. ოპოზიცია ისე ცუდად შეხვდა ამ ამბავს, რომ საეჭვოა, ამ პროექტიდან რაიმე გამოვიდეს

_ ის, ვინც ამ გზის წინააღმდეგ გამოდის, საქართველოს მტერია! სირცხვილია, აფხაზეთისკენ გზის გახსნის წინააღმდეგი იყოს ქართველი. სატრანზიტო გზის გახსნა მართლაც სერიოზული ნაბიჯი იქნება. ეს ძალიან საჭირო და აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ არ გამოუთქვამს თვალსაზრისი ამ საკითხზე. ასეთი შანსი საქართველოს აღარ ექნება. ამ გზის გახსნით ჩვენ შევძლებთ საკუთარი ინტერესების გატარებას. ეს გზა ქართველებისთვისაც მნიშვნელოვანია და აფხაზებისთვისაც. ისინი საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდიან, რაც კარგია, და, გზაც რომ  გვქონდეს და ეკონომიკაც ერთად ავაღორძინოთ, რაც მშვიდობის გარანტი იქნება, ამას რა სჯობს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here