Home ახალი ამბები საქართველო ამერიკული ბიოლაბორატორიები  და მათგან მომდინარე საფრთხეები

ამერიკული ბიოლაბორატორიები  და მათგან მომდინარე საფრთხეები

409

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ევროაზიურიალიანსისორგანიზებით 21 თებერვალს თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე  “ბიოლოგიური უსაფრთხოება და პოსტსაბჭოთა სივრცე”. ამ ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა და ექიმებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიებისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა, შემდეგ კი მოხსენებით გამოვიდა მრგვალი მაგიდის მოდერატორი იურისტი, ევრო-აზიური “ალიანსის” თავმჯდომარე და  სახალხო დიპლომატი ვიქტორ კუსიანი. მისი მოხსენების თემა იყო მკვლელობის უმაღლესი ფორმა, ქიმიური და ბიოლოგიური ომის საიდუმლოებანი”; ადვოკატმა და უფლებადამცველმა ირაკლი უტიაშვილმა  ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საეჭვო საკანონმდებლო ცვლილებებზე პანდემიის დროს”; ფსიქოლოგ ნონა აღდგომელაშვილის მოხსენების თემა იყო ბიოლაბორატორიები, როგორც დიაგნოზების გაყალბებისა და ვაქცინაციის პროპაგანდის მთავარი  “შემოქმედი”; ჟურნალისტმა, ექიმმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა თინათინ გოცაძემ ისაუბრა თემაზე ვერაგი ინფექციები, სიმახინჯეები და მომაკვდინებელი დაავადებები, როგორც ბიოლოგიური ომის შედეგი”.

დისკუსიის შემდეგ, რომელშიც “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი  ტარიელ გაგნიძე, ანალიტიკოსი ვიქტორ ცაავა და სხვები  მონაწილეობდნენ, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი მიმართვის ტექსტი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ბიოლოგიური საფრთხეები _ მიმართვა საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრიობას

უკვე თითქმის ერთი წელია, არ წყდება საქართველოზე ზემოქმედება კიევის რეჟიმის მხრიდან, რათა საქართველომ თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას, ამიტომ დადგა დრო და დაგვიანებულიცაა, რომ ყოველ პრობლემაზე ვისაუბროთ ღიად, მათ შორის ისეთებზე, რომლებზეც აქამდე ტაბუ იყო დადებული. მხედველობაში გვაქვს აშშ-ის სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული და მოქმედი ბიოლოგიური ლაბორატორიები ყოფილი საბჭოთა კავშირის რიგ ტერიტორიებზე, მათ შორის, უკრაინაში. ამ ქვეყანაში მოქმედებს სახიფათო ბიოლოგიური ლაბორატორიები. შესაბამისი მასალები წარმოადგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ხოლო გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამ აღნიშნული საკითხი უშიშროების საბჭოზე დასვა და გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ოფიციალური ვაშინგტონი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ბრალდებები მხოლოდ რუსეთის მხრიდან არ ისმის. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე (2021 წლის 8 აპრილს) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  კატეგორიულად მოსთხოვა აშშ-ის მთავრობას, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებას წარმოუდგინოს “ამომწურავი ინფორმაცია იმ ცდების შესახებ, რომლებსაც ატარებენ ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიებში უკრაინასა და ფორტ-დეტრიკში”.

გარდა ამისა, საკუთრივ უკრაინაში, სანამ იქ სამხედრო დიქტატურა დამყარდებოდა, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა (2020 წლის გაზაფხულზე) მოითხოვეს ქვეყანაში განლაგებული ამერიკული ბიოლაბორატორიების ფუნქციონირების შეჩერება, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა პროვინციაში, სადაც ასეთი ლაბორატორია ფუნქციონირებს, გავრცელდა აუხსნელი ეპიდემიები _ ხან ქოლერის, ხან ე.წ. ღორის გრიპის. დეპუტატების მოთხოვნის გახმაურების შემდეგ ამერიკელმა დიპლომატებმა პირველად აღიარეს ასეთი ლაბორატორიების არსებობა უკრაინაში, თუმცა, ბუნებრივია, უარყვეს, რომ ეპიდემიები ამ ლაბორატორიების გამო გავრცელდა. საზოგადოდ, ბიოლოგიური და სხვა პროფილის სამეცნიერო ლაბორატორიების არსებობა აუცილებელია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის, მაგრამ დაუშვებლად მიგვაჩნია მსგავს ლაბორატორიებში მიმდინარე პროცესების გაუმჭვირვალობა ან, სულაც, გასაიდუმლოება საქართველოსნაირ მცირე მასშტაბის ქვეყნებში. არ შეიძლება, საქართველოს ინტერესებში იყოს საიდუმლო ბიოლოგიური კვლევები, უკონტროლო ექსპერიმენტები, თუნდაც ეს  ექსპერიმენტები გამოცდილი სპეციალისტების მიერ საგარეო მხარდაჭერის პირობებში მიმდინარეობდეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟის ქვეშ ფუნქციონირებს ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აწ გარდაცვლილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, სახელს ატარებს. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არაერთი კითხვა გასჩენია ამ ლაბორატორიის მიმართ, მაგრამ მისი მესვეურები და სახელმწიფო სტრუქტურები შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავენ. კეთილი და პატიოსანი _ თუკი შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, ლოგიკიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს პრობლემა საზოგადოების მხრიდან ლაბორატორიაზე კონტროლის მექანიზმების შექმნა, როგორც ეს ცივილიზებულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შეშვენის. ვინაიდან “ლუგარის ლაბორატორია” არასოდეს აბარებს ანგარიშს ქართველ საზოგადოებას და არც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებს წარმოებული კვლევების შედეგებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სტრუქტურებს, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპებიდან და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდეს ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე საზოგადოებრივი კონტროლის ან საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც თვითონ მთავრობა დააკომპლექტებს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი პატივსაცემი პიროვნებებით”.

მოამზადა ილია არჩვაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here