Home ახალი ამბები საქართველო გიორგი კაკაურიძე: არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი...

გიორგი კაკაურიძე: არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ტრაილერს

79

საქართველოსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს საკითხთან, რომლის მიხედვითაც სატვირთო მანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაც გაიარა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. კაკაურიძე განმარტავს, რომ ვრცელდება გარკვეული ბრალდებები, რომლის უკანაც დასაბუთება არ დგას, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორმა კარგად იცის, კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ და როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის უწყებებთან, ჩვენს ქვეყანას მუდმივი თანამშრომლობა აქვს.

„სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და სპეცსამსახურების გარკვეული ბრალდებები ისმის, რომელთა უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. ყოველთვის შეუძლია ვიღაცას ვიღაცას რაღაც დააბრალოს, თუ ამის არგუმენტი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკანაც არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ტრაილერს“, – აცხადებს კაკაურიძე.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here