გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ინდიკატორულ კვლევას იწყებს, შეისწავლიან ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. კვლევა ჩატარდება საქართველოშიც.
ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე გაზეთ “ბათუმელებთან” ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა არ ითვალისწინებს ბავშვებში ტყვიის კომპონენტის კვლევას, მაგრამ საქართველოში კვლევას ეს კომპონენტიც დაემატება.
“არსებობს ბევრი ინფორმაცია საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კვლევაში ეს კომპონენტი დაგვემატებინა. კვლევის ფარგლებში შერჩეულია 13 500 ოჯახი ქვეყნის მასშტაბით. აქედან რომელი ოჯახიც იქნება თანახმა, რომ ბავშვებს სისხლი ავუღოთ ტყვიაზე კვლევისთვის, მათგან ავიღებთ ანალიზებს. სადღაც 1500-2000 ბავშვის გამოკვლევა მოხდება ქვეყნის მასშტაბით. გამოკვლევა ჩაუტარდება 2-დან 10 წლამდე ბავშვებს. ანალიზები გამოსაკვლევად გაიგზავნება საზღვარგარეთ, ხოლო ანალიზის შედეგები 2019 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი”, _ აცხადებს ქურციკიძე.