Home რუბრიკები საზოგადოება ფილმი ზვიად გამსახურდიას შესახებ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის

ფილმი ზვიად გამსახურდიას შესახებ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის

1244

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის, „ხიბულას” პრემიერა თბილისში 23 ნოემბერს გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ მოგვითხრობს.

„ხიბულა” გამსახურდიას ცხოვრების ბოლო 50 დღეს ეძღვნება. საქართველოს პრეზიდენტი 1993 წლის დეკემბრის ბოლოს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ სურათის პროტოტიპი ყველასთვის ნათელია, ფილმში მისი სახელი ერთხელაც არ ისმის — მთავარ გმირს ყველა პერსონაჟი „ბატონ პრეზიდენტს” უწოდებს.

„ბატონი პრეზიდენტის” როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის დიდხანს ეძებდა, საბოლოოდ კი ირანულ კინემატოგრაფიაში იპოვა — მთავარი როლი ფილმში ირანელმა მსახიობმა ჰოსეინ მახჯუბმა შეასრულა, რომელიც ფილმში „სამოთხის ფერი” (რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი, 1999) შესრულებული როლით არის ცნობილი.

„ხიბულას” გადაღებები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და დასავლეთ საქართველოში. ფილმის სცენარის ავტორი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელი დრამატურგი როლაფ იან მინებოოა.

ფილმი სამი ქვეყნის — საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოებია, ოპერატორია ენრიკე ლუჩიდი. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსახიობები.
„ხიბულა” ოვაშვილის კინოტრილოგიის მესამე ფილმია. პირველი იყო „გაღმა ნაპირი” (2009), ხოლო მეორე — „სიმინდის კუნძული” (2014).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here