Home ახალი ამბები საქართველო უკრაინელებო, ამ ჩვენს პრეზიდენტსა და ნაპრეზიდენტალს სიამოვნებით გაჩუქებთ და… აბა, თქვენ იცით!

უკრაინელებო, ამ ჩვენს პრეზიდენტსა და ნაპრეზიდენტალს სიამოვნებით გაჩუქებთ და… აბა, თქვენ იცით!

802

მსოფლიოში ვითარება დაიძაბაო, _ ამბობენ, მაგრამ ამას დაძაბვას ვერ დავარქმევთ, ეს ახალ თვისებრიობაში გადასვლაა. საქმე, პრაქტიკულადმესამე მსოფლიო ომამდე მივიდა… 15 ივნისს ნატოს შტაბბინაში უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უკრაინამ ნატოსგან უნდა მიიღოს მეტი მძიმე შეიარაღება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. წინა დღეს მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ამბობდა: “აშშისა და ნატოს საქციელი ამას ნიშნავს: ჩვენ მოგცემთ იარაღს, თქვენ კი ხოცეთ და დაიხოცეთ”. მექსიკის პრეზიდენტმა ამ მიდგომას ამორალური უწოდა. მექსიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას ამერიკელებისთვის ხელი არ შეუშლია, სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები აკეთონ და შესაბამისადაც იმოქმედონ.

* აშშ-ისა და ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა უესლი კლარკმა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია ნატოს ძალების პირდაპირი ჩარევა: დადგა დრო, ნატოში გაიაზრონ, რომ ალიანსი ან გადის შემოსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებიდან, ან წყვეტს არსებობას. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წამოაყენა იდეა, რომელმაც დღეს მხარდაჭერა ჰპოვა, რომ ნატო ისე ვერაფერს გააკეთებს, თუ რუსეთზე პირდაპირი იერიში არ მიიტანა. ეს იდეა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ცოცხლობს. წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ნატო ამ ომში უნდა ჩაერიოს. მოდით, ეს ოფიციალურად გამოვაცხადოთ და ვუბრძანოთ რუსებს, შეწყვიტონ ცეცხლი. სხვანაირად ომს ვერ შევაჩერებთ”.

* პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფას შეიარაღების ახალი პაკეტის შესაძენად. ამ ახალ პაკეტში შედის სარაკეტო, საარტილერიო და სანაპიროს დაცვის თანამედროვე სისტემები. რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება 53 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რომელსაც ახლა ეს ერთი მილიარდიც დაემატა, რაც, ჯამში, კოლოსალური თანხაა და პირდაპირ მიუთითებს, რა ღრმად ეფლობა მსოფლიო ახალი, გლობალური დაპირისპირების ჭაობში.

* ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სენსაციური აღიარება გააკეთა. მან თქვა, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მთელი რვა წლის განმავლობაში აიარაღებდა. ამაში თავისთავად ახალი არაფერია, მაგრამ თვითონ აღიარებაა ახალი.

ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ მსოფლიო ჩიხში შედის, საიდანაც გლობალური ომის გარეშე გამოსვლა შეუძლებელი იქნება.  ამის გაფიქრებისთანავე წამოტივტივდება შეკითხვა: განა შესაძლებელია, რომ გლობალური ომი ჩიხიდან გამოსავალი იყოს? იგი ხომ ყველაზე დიდი ჩიხი იქნება მათ შორის, რომლებშიც მსოფლიო ოდესმე აღმოჩენილა? რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ შექმნილ ჩიხურ სიტუაციას, სამწუხაროდ, ამგვარი კატასტროფული ფინალისკენ მივყავართ.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს სიტუაცია სქემატურად ასე გამოიყურება: კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ის მეთაურობით შექმნა ნატოს ალყაში რუსეთის მოქცევის ვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის კაპიტულაციისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა იყო. ცხადია, რუსეთი ამ მდგომარეობას ვერ შეეგუებოდა და არც შეეგუა. როდესაც რუსეთმა მიიღო უტყუარი ინფორმაცია ვერაგული და მასშტაბური სამხედრო იერიშის განხორციელების გეგმის არსებობის შესახებ ჯერ დონბასის, შემდეგ კი თვით რუსეთის ქალაქებზე, იგი იძულებული შეიქნა, დაეგეგმა პრევენციული ღონისძიება ამ ოპერაციის გასანეიტრალებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უზარმაზარ დანაკარგს მიიღებდა საკუთარ ტერიტორიაზე. რუსეთის მოქმედება 24 თებერვალს, როდესაც მან სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. რუსეთს არც იმ მომენტში ჰქონდა სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება და არც დღეს აქვს ოპერაციის შეჩერების საშუალება. ასეთ საშუალებას ამერიკელთა მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება გააჩენს, მაგრამ ამერიკელები ამის ნაცვლად, როგორც ვხედავთ, უკრაინის კბილებამდე შეიარაღების გზას დაადგნენ, ეს არამხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს გლობალური ომის კატასტროფისკენ მიაქანებს. ერთადერთი საშუალება და უფლება, რომელიც რუსეთს დარჩენია, დასავლეთთან (და არა უკრაინასთან) გამარჯვების მიღწევაა, ვინაიდან მარცხის შემთხვევაში იგი ლოგიკურ შედეგთა და რეაქციათა იმ ჯაჭვს მიიღებს, რომელიც ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დააყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთისთვის სამამულო ომად, ანუ წმინდა ომად იქცა. სხვა ვითარება აქვს აშშ-ს. იგი არ დგას იმ საფრთხის წინაშე, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა. ამერიკელების წინაშე ყოფნა-არყოფნის საკითხი (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) არ დამდგარა. მათ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების სახელით რუსეთთან მოლაპარაკებაც შეუძლიათ და მასთან გარკვეულ კომპრომისზე წასვლაც. ეს კომპრომისი უნდა იყოს რუსეთის შევიწროვებაზე ხელის აღება და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. ამერიკელებისთვის აქ სიძნელე მხოლოდ ის არის, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცის დატოვება და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა მსოფლიო ბატონობისკენ თავიანთი დაუოკებელი სწრაფვისთვის აღვირის ამოდებას ნიშნავს. საკითხი ასე დგას: ან რუსეთი უნდა განადგურდეს, ან ამერიკელებმა მსოფლიოზე გაბატონების იდეაზე ხელი უნდა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მორიგდებიან. როგორც ვხედავთ, უკრაინაში დაწყებული ომი ამერიკელებისთვის უზნეო და ბარბაროსული მიზნების მისაღწევი საშუალებაა, რუსეთისთვის კი _ მოძალადისა და აგრესორისგან თავის დაცვის საშუალება, ანუ, როგორც უკვე ვთქვი, წმინდა ომია. სამწუხაროდ, ამერიკელები დღემდე მდგომარეობის გამწვავების გზას ადგანან და, უკრაინის მოსახლეობის გაწირვის გზით თავიანთი ბინძური ვნებების დაკმაყოფილებას ცდილობენ, რამაც შეიძლება მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს. ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ საქმე ბირთვულ დაპირისპირებამდე არ მივა, რადგან დასავლეთის აბსოლუტურად თახსირი პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების ხელშეწყობით, რომლებიც წარმოუდგენელ წნეხს ახორციელებენ, რუსეთს მორალურად გატეხენ.

დამეთანხმებით, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და მსოფლიოს ცეცხლის ალში გახვევის საფრთხის წინაშე აყენებენ.

ასეთია შექმნილი ვითარება. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამ მდგომარეობაშიც კი ზოგიერთი ხალხი და სახელმწიფო ძველი შაბლონების ტყვეობაში რჩება. მაგალითად, უკრაინა, რომელიც სხვადასხვა თაობის ლიდერების ბინძური ვნებების გამო ზესახელმწიფოთა დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა და ომის სცენად გადაიქცა, დღესაც ხელგაწვდილი დგას ევროპის წინაშე თავზარდამცემად შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი სათხოვარით, _ ევროკავშირის წევრობა თუ არა, კანდიდატობა მაინც გვიბოძეთო. როგორ მინდა, რომ უკრაინელ ხალხს, უზარმაზარი სლავური მოდგმის ამ უძველეს წარმომადგენლებს, თვალებში ჩავხედო და ვკითხო: ეგ თქვენი ულამაზესი და უმდიდრესი სახელმწიფო იმისთვის დაანგრიეთ და ეგ ზღვა სისხლიც იმისთვის დაღვარეთ, რომ ევროკავშირის (ამ სრულიად გაუგებარი და ყოვლად უპერსპექტივო წარმონაქმნის) წევრობის კანდიდატობა მოგეპოვებინათ? ორმოცდახუთმილიონიანი ერი ეგრე როგორ მოგაჯადოვეს, რომ ძლივს შეკოწიწებული და დასაშლელად განწირული რომელიღაც ორგანიზაციის წევრობის კანდიდატობისთვის თავში ქვა იხალეთ და მუცელში სამართებელი? მოიფშვნიტეთ თვალები და შეხედეთ, ვის წინაშე დგახართ მუხლებზე – გამობენტერებული ბაიდენის, ბრიყვად გაჩენილი და ბრიყვადვე დარჩენილი ჯონსონის, სისხლით და მოდგმით ნაფაშისტარი შოლცისა და გაიძვერა მაკრონის წინაშე? მათი იმედი გაქვთ? იქნებ ქარის წისქვილებთან მებრძოლი ამ ჩვენი დონ კიხოტის იმედად ხართ, ხან ოდესის გუბერნატორად რომ წამოასკუპეთ და ხან რეფორმების მამად რომ აღიარეთ? მას შემდეგ, რაც ციხეში ჩააყუდეს, მის ცოლებსა და შვილებს აღარ აქვთ მისი იმედი. აქ, პატარა საქართველოში, სამიოდე კლიმაქსიანი ქალი და დაბადებითვე საჭურისი რამდენიმე არსებაღა დარჩა მისი მოიმედე. თქვენ, უზარმაზარ ერს, რა იმედი უნდა გქონდეთ მისი, ვერ გამიგია. იქნებ იმ ქალბატონის იმედად ხართ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ისე რომ დასვა საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში, როგორც დედები დასვამენ ჩვილებს ღამის ქოთანზე? სხვა შემთხვევაში, გარწმუნებთ, მას პრეზიდენტად კი არა მისივე საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარედაც არავინ აირჩევდა. ცოტა ხანში წამოაგდებენ მაგ ქალბატონს ღამის ქოთნიდან და თქვენ კი არა, ჩვენ, ქართველებიც, ვეღარ ვიხილავთ, ისე მოკურცხლავს ევროპისკენ (თქვენგან და ჩვენგან განსხვავებით, ეგ ნამდვილი წევრია ევროპის, კანდიდატობის რიგში კი არ დგას ჩვენსავით და თქვენსავით). ამ ქალბატონმა, ევროპიდან ორიოდე დღის წინათ დაბრუნებულმა, ბრიფინგი გამართა და თქვენ მხარდასაჭერად წარმოთქმულ მხურვალე სიტყვაში ასეთი რამ (ბოდიშს გიხდით ქართული ჟარგონისთვის) დაახეთქა: გამოვიჩინეთ საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის, უკრაინის, და მისი ხელისუფლების მიმართ. საერთოდ ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი თუ ქვეყანა ომში როცა არის, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა”.

ძვირფასო უკრაინელებო, თარგმანის გარეშეც კი მიხვდებოდით, რომ ჩვენს პრეზიდენტს არც ქართული ენის გაეგება რამე და არც ქართული ტრადიციების. თქვენ თუ იმას ფიქრობთ, რომ მას ან უკრაინის ესმის რამე, ან რუსეთის, ძალიან ცდებით. ჰოდა, ვერ გაგვიგია, ვისი იმედით იხოცებით, თქვენ თუ რუსეთის დამარცხებას აპირებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ისიც საკითხავია, ღმერთი რატომ მოგიმართავთ ხელს ამ უსამართლო საქმეში?! მაპატიეთ, ძვირფასო უკრაინელებო, თქვენ რომ დაგამუნათეთ, ევროპის წინაშე სამარცხვინოდ ხელგაწვდილი დგომის გამო. ამის უფლება თავს იმიტომ მივეცი, რომ ჩვენც თქვენსავით სამარცხვინოდ ხელგაწვდილი ვდგავართ ევროკავშირისა და ნატოს წინაშე, ოცდაათი წელიწადია. ევროპარლამენტმა მის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საშინლად გვლანძღა და გვაკრიტიკა, ჩვენმა პრეზიდენტმა კი ქუჩის აქციაზე მიგვიწვია, სადაც, მისი თქმით, ევროპელებს მათკენ ერთსულოვანი სწრაფვა უნდა დავანახვოთ. ეჰ, ჩემო უკრაინელებო, გამიგრძელდა თქვენთან უსიამოვნო საუბარი, მაგრამ ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ თქვენზე ადრე გაგვაცუცურაკეს, დაგვახოცინეს ერთმანეთი, დაგვაკარგვინეს ტერიტორიები, დაგვანგრევინეს ქვეყანა და მშრალზე დაგვტოვეს. ახლა თქვენ გაძლევენ იარაღს, მექსიკის პრეზიდენტის თქმისა არ იყოს,  რუსებიც ხოცეთ და თქვენც დაიხოცეთოგეუბნებიან. თქვენ კი ცდილობთ, რომ ჩვენც ჩაგვითრიოთ ომში, ანუ გინდათ, რომ თქვენსავით ჩვენც ვხოცოთ და დავიხოცოთ? მგონი, სერიოზულად აგერიათ თავგზა და თავგზაარეულებს ვერ გამოგყვებით კი არა, არ გამოგყვებით. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ხელი გაგიმართოთ, ისაა, რომ თქვენსავით თავგზააბნეული ჩვენი პრეზიდენტი და ნაპრეზიდენტალი გაჩუქოთ, მაგრამ მათ იმედად ყოფნას ისევ იმ გამობენტერებული ბაიდენის, ბრიყვად გაჩენილი და ბრიყვადვე დარჩენილი ჯონსონის, სისხლითა და მოდგმით ნაფაშისტარი შოლცისა და წვრილმანი გაიძვერა მაკრონის იმედად ყოფნა გერჩივნოთ. აბა, თქვენ იცით!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here