Home ახალი ამბები საქართველო „რუსეთში ფქვილით მოვაჭრეებმა რომ გაიგეს, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს და ალტერნატივა არ...

„რუსეთში ფქვილით მოვაჭრეებმა რომ გაიგეს, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს და ალტერნატივა არ არსებობს, ფასები ძალიან გაზარდეს“

131

„ძალიან ბევრმა კომპანიამ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 10 თეთრით გაზარდა ფასი. ზოგმა ეს წონაში ასახა, ზოგმა ფასში“, – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, 7-8 ლარით გაიზარდა ფასი რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზეც.

„ბაზარზე დეფიციტი არ არის. ჩემი ინფორმაციით, უკვე მცირე ოდენობის ხორბალიც შემოდის და თავისთავად ხორციელდება ფქვილის იმპორტიც. თუმცა, ძალიან არის გაზრდილი ფასები. მსოფლიოში ასეთია ტენდენცია. მაგალითად, ფქვილი რომელიც 68-69 ლარი ღირდა, ახლა ღირს 77 ლარი. საუბარია პირველი ხარისხის ფქვილზე, რითიც მასობრივი წარმოების პური ცხვება. უმაღლესი ხარისხის ფქვილი კი, 85 ლარზე მეტი ღირს.

რუსეთში ფქვილით მოვაჭრეებმა რომ გაიგეს, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს და ალტერნატივა არ არსებობს, ფასები ძალიან გაზარდეს. საბაზრო ეკონომიკაა, როცა არჩევანის საშუალება აქვს მომხმარებელს, ახლა კი, ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად, აღარ არსებობს ყველა წისქვილკომბინატის გაჩერების შემდეგ. ასევე, პრობლემა არის ხოლმე ხარისხი. ერთ ფასში ნაყიდი ფქვილი, ზოგი პარტია კარგია, ზოგი საკმაოდ ცუდი. ახლა ასეთია ვითარება ბაზარზე.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალოობის შემდეგ ცოტათი დასტაბილურდება სიტუაცია, როგორც ქართულ ასევე, მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა დოლიძემ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხემძღვანელი იმასაც ამბობს, რომ მიუხედავად 1-ლი ივლისიდან კომერციული გაზის ტარიფის მკვეთრი ზრდისა, იმედოვნებს, რომ პურის საცხობებისთვის შეღავათები დედაქალაქშიც დაწესდება.

„ჩვენ გამოგვიცხადეს გაზის ტარიფი 1.38 თეთრი, როცა აქამდე 86 თეთრი ღირდა, რაც მკვეთრი ზრდაა. ,,სოკარმა“, რომელიც გაზით რეგიონებს ამარაგებს, გამოაცხადა, რომ 1.10 თეთრი იქნება პურის საცხობებისთვის. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება თბილისში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დედაქალაქის შემთხვევაშიც იმოქმედებს ეს შეღავათი. თუ 1.10 თეთრი იქნება, კიდევ არაუშავს.

უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ დავმალავ, ძალიან ბევრმა კომპანიამ, დაახლოებით ერთი თვის განამავლობაში 10 თეთრით გაზარდა ფასი. ზოგმა ეს წონაში ასახა, ზოგმა ფასში. სიმართლე ასეთია“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here