Home რუბრიკები პოლიტიკა რას გვიმზადებდა და გვიმზადებს დასავლეთი, უკრაინაში ნათლად გამოჩნდა

რას გვიმზადებდა და გვიმზადებს დასავლეთი, უკრაინაში ნათლად გამოჩნდა

458

გემახსოვრებათ, ალბათ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ დავწერეთ, რომ ამერიკელებს სურდათ, საქართველოს რუსეთთან ომი დაეწყო და ამერიკას რუსეთთან უკანასკნელ ქართველამდე ებრძოლა. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ წნეხს გაუძლო, პროვოკაციას არ წამოეგო და ომსა და უბედურებას გადავრჩით. სწორედ გადავრჩით, რადგან რას გვიმზადებდა დასავლეთი, უკრაინის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა.

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დასავლეთი და, კონკრეტულად, ამერიკა, რუსეთთან ბრძოლას უკანასკნელ უკრაინელამდე აპირებს. პრინციპში, რაღა შთაბეჭდილება, აგერ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირდაპირ თქვა: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება დიდი ზარალი მივაყენოთ რუსეთს, რათა დასუსტდესო. იგივე გაიმეორეს ჯო ბაიდენმა, ევროპული ქვეყნების ლიდერებმა… ზელენსკიმაც არ დამალა: არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ, ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე რუსეთს ზარალი მიადგესო. ჰო, ზუსტად ასე თქვა, უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზეო… და ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ უკრაინელების ნაცვლად ჩვენ ვყოფილიყავით.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდა, გაჩნდა შესაძლებლობა, ცეცხლი შეწყდეს და ომი მალე დასრულდესო. ერდოღანს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ როგორც უკრაინულ, ისე რუსულ მხარეს ეტყობოდა, რომ მოლაპარაკებებით უკმაყოფილო არ იყვნენ და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში იყო გადასული. ჰოდა, ერდოღანის განცხადებიდან ერთ საათში ბრიტანეთის პრემიერმა (თურმე, ჩვენი დროის ჩერჩილმა) ბორის ჯონსონმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას საზეიმოდ ამცნო: გადავწყვიტეთ, უკრაინას ჯავშანტექნიკით დავეხმაროთ და მძიმე შეიარაღებაც მივცეთო. რა გამოვიდა? ომში ჩართული ორი მხარე, შუამავალი მხარე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას აკეთებს და ამ მომენტში სხვა ქვეყანა გაიძახის: რა ცეცხლის შეწყვეტა, აგერ, ჯავშანტექნიკას გაძლევთ, ბიჭებო, დასცხეთო.

დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზელენსკი მიხვდა, რა შარშიც გახვია ქვეყანა, მიხვდა იმასაც, რომ, როცა და რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ომი, უკრაინა დასავლეთის მონა, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნით მაინც იქნება და სწორედ დასავლეთზე იქნება დამოკიდებულ-ჩამოკიდებული ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის ეკონომიკა, დასავლეთი გაატარებს თავის ინტერესს, დასავლეთი დაიწყებს დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქალაქების აღდგენას და ამ პროცესსაც იმდენ ხანს გააჭიანურებს, რამდენსაც მოისურვებს. ზელენსკის მთავარი უბედურება ის არის, რომ ნაბიჯს უკან ვეღარ დგამს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ახლა, რაც უნდა მოხდეს, უკან ვეღარ დაიხევს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ზელენსკიმ ოფიციალურად გამოაცხადოს: აღარ გვინდა იარაღი, აღარ ვიბრძვით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვსო.

რაც ყველაზე საინტერესოა, უკრაინულ მხარეს მაგიდაზე უდევს დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც რუსეთი ომამდე ითხოვდა. უკრაინა მზად არის, ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს და რა გამოდის? რაც შესაძლებელი იყო ომის გარეშე მომხდარიყო, რაც შესაძლებელი იყო, ათასობით ადამიანის მსხვერპლის გარეშე შემდგარიყო, იგივე ხდება ახლაც, ოღონდ დანგრეული ქალაქების, უამრავი დაღუპულისა და საშვილიშვილოდ მოშლილი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ხარჯზე. დროის ბორბალი უკუღმა რომ დატრიალდეს და ზელენსკიმ იცოდეს, რა მოხდება ომის შემდეგ, ის აუცილებლად თავიდან აიცილებდა ომს, უარს იტყოდა დასავლეთის ყველა შეთავაზებაზე და უომრად დათანხმდებოდა იმას, რაზეც დათანხმება ახლა უწევს. უკრაინაში განმეორდა ზუსტად ის სცენარი, რომელიც იყო 2008 წელს საქართველოში. სააკაშვილს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დემოკრატიის შუქურა უძახეს, ევროპასა და ამერიკაში კარი ფართოდ გაუღეს, დააჯერეს, რომ ნატო ხელის ერთ გაწვდენაზე იყო დაასროლინეს. როგორც ახლა გამოჩნდა, უკრაინა ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო და თავად ზელენსკისაც ნაკლებად სჯეროდა დასავლური პერსპექტივის. ზუსტად ისე, როგორც პეტრო პოროშენკოს, რომელსაც სააკაშვილი გუგულის კვერცხივით ჩაუდეს ოდესის გუბერნატორად, მაგრამ პოროშენკომ ომის თემა “არ ჭამა”, სააკაშვილსაც ჭიტლაყი ამოსცხო საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და… მის ნაცვლად დასავლეთმა პრეზიდენტის სავარძელში მასხარა ჩასვა.

სააკაშვილის მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რეფორმებმა, რომლებსაც ერთდღიანი ეფექტი აქვს, უკრაინელი ოფიციოზი ზუსტად ისე გააოგნა, როგორც თავის დროზე საქართველოში გაოგნდნენ, უკრაინის ხელისუფლებაშიც ზუსტად ისევე მივიდნენ გამოუცდელი და ცხვირმოუხოცავი გოგო-ბიჭები, როგორც საქართველოში და, როცა გასროლის დრო მოახლოვდა, მიშამ საქართველოში გამოქუსლა, და გამოქუსლა იმიტომ, რომ დასავლეთს სააკაშვილი უკრაინაში აღარ სჭირდებოდა. მაგრამ, როცა სააკაშვილი საქართველოში მოდიოდა, მას დასავლეთის გარანტიები ჰქონდა, რომ აქ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა და უკრაინა-რუსეთის ომში ჩაებმებოდა, მაგრამ თავისუფალი მიშა დასავლეთისთვისაც კი საშიში იყო და ამიტომ 6 წლით ქართულ ციხეში “მიაძინეს”. დასავლეთს სააკაშვილი არაფერში რომ აღარ სჭირდება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაც კარგად ჩანს, როცა ექსპრეზიდენტს საჩივარი, პრაქტიკულად, თავზე გადაახიეს და აუხსნეს, რომ დასავლეთის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. თუ დააკვირდით, ზელენსკის მიერ გაკეთებული რამდენიმე ხისტი განცხადების შემდეგ, მას ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაჰპირდნენ, ნატოში თუ არ გიღებენ, ევროკავშირში მიგიღებთო. ჰო, ნატოში არმიღების შემდეგ სტოლტენბერგმა რომ თქვა, უკრაინა ალიანსის წევრი არ იქნება, მაგრამ იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე წევრებიო, ისე ისმის, ჩვენ რომ მაპ-ს ველოდით და მაპ-ზე უკეთესი მოგვცეს. როგორც ჩვენ მიგვიღეს ევროკავშირში ომის შემდგომ, ზუსტად ისე მიიღებენ უკრაინასაც, თუმცა… დაპირებების გარდა, ზელენსკი უკრაინის მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს და ომის დასრულების შემდგომ მას აუცილებლად მოუწევს თანამდებობის დატოვება; საუკეთესო შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ზუსტად ისე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა და შემდეგ არჩევნები დასავლეთის დახმარებით, ტერორითა და გაყალბებით მოიგო ზელენსკი ჯერჯერობით კვლავ იარაღს მოითხოვს და დასავლეთის მიმართ კრიტიკას უმატებს.

უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე დასავლური ანტისარაკეტო სისტემები, არ მიუღია თვითმფრინავები, არ მიუღია ის, რისი მოწოდებაც შეეძლოთ პარტნიორებს. შეეძლოთ და კვლავაც შეუძლიათ! ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც მოხვდა ჩვენს ქალაქებს, და ყოველი ბომბი, რომელიც ჩვენს ხალხს ესროლეს, მხოლოდ შავ საღებავს უმატებს ისტორიას, რომელიც აღწერს ყველას, ვისზეც იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება; გადაწყვეტილების, რომ უკრაინას თანამედროვე იარაღით დაეხმარონ”, _ ამბობს ზელენსკი და, პრაქტიკულად, ადასტურებს იმას, რაც თავიდანვე ვთქვით _ დასავლეთს სურს, ომი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

დასავლეთის სიხარული, რუსეთი კიევში ვერ შედისო, დაახლოებით იმას ჰგავს, 2008 წელს რომ უხაროდა მიშას, რუსულმა ტანკმა ორჭოსანთან გადაუხვია, თბილისში არ მოდისო და მხოლოდ შემდეგ მიხვდა ყველა, რომ რუსეთს თბილისი არაფერში სჭირდებოდა, ზუსტად ისე, როგორც არაფერში სჭირდება კიევი. მაგრამ ახლა ამის ხმამაღლა თქმა არ გამოვა, მერე ხომ დასავლელი გმირები უკრაინელი ხალხის თვალში ზუსტად ისეთივე ნაძირლებად გამოჩნდებიან, როგორც ქართველების თვალში ჩანან.

“შავ საღებავს უმატებს ისტორიას, რომელიც აღწერს ყველას, ვისზეც იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება”, _ ზელენსკის ამ სიტყვებს უახლოეს მომავალში აუცილებლად გავიხსენებთ, მაშინ, როცა ომი დასრულდება, ყველა ყველაფერს მიხვდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ უკვე გვიან იქნება და გვიან იქნება იმიტომ, რომ ვერავინ გააცოცხლებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაღუპულებს და ვერც მათ ოჯახებს ანუგეშებს ვერავინ. მანამდე კი, დასავლეთი კიდევ არაერთხელ შეეცდება, ომის დასრულების თარიღი მაქსიმალურად გადასწიოს. არც ის არის გამორიცხული, ზელენსკის მკვლელობა სცადოს და პრეზიდენტი ისე დააფრთხოს, რომ ომის დასრულებაზე ფიქრი უკუაგდოს და მართლა უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს. ყველა ხვდება, რომ, უდიდესი რესურსის მიუხედავად, არ არსებობს მსოფლიოში სახელმწიფო, რომელსაც ამოუწურავი რესურსი აქვს და ესაა მთავარი მიზანი და მიზეზი იმისა, რომ დასავლეთს ომის გაგრძელება ხელს აძლევს _ რუსეთის რესურსები თუ არ იწურება, საგრძნობლად მცირდება და ამ ავანტურის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.

ალექსანდრე მუმლაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here