Home რუბრიკები ისტორია სტალინი და 1945 წლის 9 მაისი

სტალინი და 1945 წლის 9 მაისი

2465
სტალინი

1945 წლის 2 მაისს ბერლინი დაეცა. მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა რაიხსტაგზე გამარჯვების წითელი დროშა აღმართეს. ბერლინში შესულმა წითელი არმიის ჯარისკაცებმა გამარჯვების სალუტი მოაწყვეს. ჰაერში ისროდა საომარი ტექნიკა მძიმე არტილერიით დაწყებული, “კატიუშებითადა ავტომატებით დამთავრებული. ზანზარებდა ფანჯრის მინები; ზანზარებდა შენობის კედლები, ავეჯი და ინვენტარი, უძრავი და მოძრავი ნივთები, ზანზარებდა დედამიწა. ქალაქი ნანგრევებში იყო ჩაფლული.

3 მაისს ქალაქის განაპირა უბნებში კანტიკუნტად ისმოდა საარტილერიო გასროლები თუ ავტომატის კაკანი. ბრანდენბურგის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიასა და რაიხსტაგის მოედანს, რომელიც ჭურვების აფეთქების გამო კრატერებად იყო ქცეული, მძიმე ტექნიკა ასწორებდა და ნაგვისგან ათავისუფლებდა. 3 მაისის გვიან საღამოს ბერლინის გარნიზონის ჯარების სარდლობამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა, 4 მაისს კი წითელი არმიის ნაწილებმა სწორედ ბრანდენბურგის კარიბჭესთან მოაწყვეს გამარჯვების აღლუმი, რომელიც მიიღო გენერალმა ბერეზინმა. სტალინს სრული საფუძველი ჰქონდა, ეღიარებინა გერმანელთა კაპიტულაცია და გამოეცხადებინა გერმანელებზე სრული გამარჯვება, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ფაშისტების ზოგიერთი დაუმორჩილებელი შენაერთი გააფთრებით იბრძოდა არა მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე, არამედ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ქუჩებშიც.

ჩერჩილი აჩქარებდა ტრუმენს ბერლინში შესვლას, რადგან, თუ სტალინი მათ ბერლინში შეასწრებდა, ევროპის საკითხი სხვანაირად გადაწყდებოდა, მაგრამ წითელი არმიის ნაწილებმა ლეგენდარული საბჭოთა სარდლების _ ჟუკოვის, როკოსოვსკისა და კონევის _ ხელმძღვანელობით, მოკავშირეთა ჯარები ბერლინის მისადგომებს ახლოსაც არ გააკარეს. ფაშისტური გერმანიის მესვეურებმა დასავლეთის მოკავშირეებს მიაშურეს და კაპიტულაცია შესთავაზეს, რომელიც გააფორმეს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში 7 მაისს. გერმანიის მხრიდან კაპიტულაციის აქტს ხელი მოაწერა გენერალმა იოდლმა, საბჭოთა კავშირის მხრიდან _ გენერალმა ივანე სუსლოპაროვმა. ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან _ უოლტერ ბედელ სმიტმა. აქტს, აგრეთვე, ხელი მოაწერა ფრანგმა გენერალმა ფრანსუა სევეზმა.

რეიმსში ხელმოწერილი კაპიტულაციის აქტი, როგორც მოსალოდნელი იყო, სტალინმა არ მიიღო, რადგან, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას სუსლოპაროვისთვის არ ჰქონდა აქტზე ხელმოწერის რწმუნება მიცემული. სტალინმა მკაცრად უსაყვედურა მოკავშირეებს შეუთანხმებელი მოქმედების გამო და შესთავაზა, წარმოედგინათ წინადადებები უსიტყვო კაპიტულაციის აქტზე ხელმომწერთა შესახებ. ამას გარდა, სტალინმა შეშფოთება გამოთქვა, რომ მტრის კაპიტულაცია არა მტრის მიწაზე, არამედ საფრანგეთის ერთერთ ქალაქში მოხდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირეებს შესთავაზა, მიეღწიათ შეთანხმება გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის ხელმოწერის ადგილის ბერლინში გამონახვის შესახებ.

1945 წლის 8 მაისს, 22 საათსა და 10 წუთზე ცენტრალური ევროპის დროით, ხოლო მოსკოვის დროით _ 00 საათსა და 10 წუთზე, ბერლინის გარეუბანში, კარლსჰორსტის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის სააქტო დარბაზში, სადაც კედლებზე გამოფენილი იყო საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გერბები და დროშები, გრძელ მწვანე მაუდგადაფარებულ მაგიდას მიუსხდნენ: საბჭოთა კავშირის მხრიდან _ მარშალი ჟუკოვი, მოკავშირეთა კოალიციის მხრიდან _ საექსპედიციო ჯარების მთავარსარდალი, ავიაციის მთავარი მარშალი _ ტედერი, ხელმოწერის დასტურის მოწმენი _ ამერიკის სტრატეგიული საჰაერო ძალების სარდალი სპაატსი და საფრანგეთის არმიის გენერალი ჟან დე ლატრ დე ტასინი. დარბაზში შევიდნენ აკრედიტებული ჟურნალისტები და კინო და ფოტოდოკუმენტალისტები, ბერლინის აღების მონაწილე მაღალი რანგის სამხედროები.

00 საათი და 20 წუთი.

გიორგი ჟუკოვი: _ “ჩვენ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის წარმომადგენლები და მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა, უფლებამოსილი ჩვენი ქვეყნების მთავრობათა მიერ, ვიღებთ დღეს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ომში დამარცხების უსიტყვო კაპიტულაციას. გთხოვთ, შემოიყვანოთ დარბაზში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობა!”

00 საათი და 25 წუთი.

დარბაზში მყოფნი კარისკენ შებრუნდნენ, რათა დაენახათ ადამიანები, რომლებიც 4 წლის წინათ ამბობდნენ, რომ ელვისებურად დაიპყრობდნენ ინგლისსა და საფრანგეთს, ხოლო 1 ან 2 თვეში _ საბჭოთა კავშირს.

00 საათი და 30 წუთი.

“გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობა გაცნობებთ: ფრონტის მთელ ტერიტორიაზე ვერმახტის ყველა ნაწილი, ყველა შეიარაღებული ორგანიზაცია და ცალკეული პირები, რომლებიც ეწეოდნენ საომარ მოქმედებას, შეწყვეტენ წინააღმდეგობას 1945 წლის 9 მაისიდან და შემდგომ ყველა სამხედრო ნაწილის რადიოკავშირი და ქმედება იქნება ლეგალიზებული”, _ განაცხადა ვილჰელმ კაიტელმა.

00 საათი და 43 წუთი.

წინასწარ მომზადებულ და მოკავშირეებთან შეთანხმებულ უსიტყვო კაპიტულაციის აქტზე დაიწყო ხელმოწერა.

00 საათი და 45 წუთი.

ჟუკოვი: _ “გერმანელმა სამხედროებმა დატოვონ დარბაზი”.

00 საათი და 47 წუთი.

“გარდა სამხედროებისა, ყველამ დატოვოს დარბაზი”, – განაცხადა ჟუკოვმა და ჩვენ, ყველამ, ერთად დავტოვეთ ხელმოწერის დარბაზი, სადაც სამხედროები განაგრძობდნენ უსიტყვო კაპიტულაციის აქტის სრულყოფას და მის მომზადებას მოსკოვში სტალინთან გასაგზავნად”, – იგონებს ფრონტის ამბების მიმომხილველი ბორის სოკოლოვი.

00 საათი და 57 წუთი.

საბჭოთა შეიარაღებული მთავარსარდლობის სახელით ჟუკოვმა ყველა იქ დამსწრეს მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვება.

“დარბაზში ატყდა სიხარულის ჟრიამული. ყველა ერთმანეთს კოცნიდა და ესალმებოდა, _ იგონებს მარშალი ჟუკოვი, _ ჩემ გარშემო შეიკრა თანამებრძოლების წრე: სოკოლოვსკი, მალინინი, ტელეგინი, ანტიპენკო, კოლპაჩკი, კუზნეცოვი, ბოკოვი, გორბატოვი და სხვ.”

01 საათი და 01 წუთი.

კაპიტულაცია ძალაში შევიდა.

01 საათი და 30 წუთი.

საბჭოთა და მოკავშირეთა სარდლობა ემზადება საზეიმო ვახშმისათვის, რომელიც გახსნა მარშალმა ჟუკოვმა. მან სადღეგრძელოსთვის სიტყვა გადასცა ანტიჰიტლერული კოალიციის დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალს არტურ ტედერს.

01 საათი და 55 წუთი.

სადღეგრძელოს წარმოთქვამს ფრანგი გენერალი დე ლატრ დე ტასინი.

02 საათი და 00 წუთი.

სადღეგრძელოს წარმოთქვამს ამერიკის საჰაერო ძალების სარდალი ენდრიუ სპაატსი.

მაშინ, როდესაც ბერლინში საზეიმო ვახშამი მიმდინარეობდა, წითელ მოედანზე, კრემლთან ახლოს, სპეცთვითმფრინავი დაეშვა, რომელსაც მართავდნენ გამოცდილი და სახელმოხვეჭილი მფრინავები, ალექსეი სემენკოვი (მეთაური) და აბდუსამატ ტაიმეტოვი.

საჰაერო ხომალდის მეთაური ალექსეი სემენკოვი, რომელსაც სპეცჩანთაში ედო გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტი, სასწრაფოდ კრემლისკენ გაეშურა.

სტალინს სიამაყით გადასცეს საუკუნის ყველაზე ძნელად მოპოვებული, პლანეტის გადარჩენის ყველაზე ძვირად ღირებული დოკუმენტი. ბელადმა დინჯად ჩაიკითხა უსიტყვო კაპიტულაციის აქტის მუხლები და წითელი ფანქრით დააწერა: “პირად არქივში. ი. სტალინი”. შემდგომ უკვე გამზადებულ ბრძანებას, რომელსაც სულ მალე მიკროფონთან წაიკითხავენ, ხელი მოაწერა და კაბინეტში სასწრაფოდ იხმეს იური ლევიტანი, რომელსაც ბრძანების ტექსტი სტალინმა თვითონ გადასცა.

ლევიტანი თანმხლებ პირთან ერთად სასწრაფოდ გაემართა წითელ მოედანთან ახლოს მდებარე სახელმწიფო უნივერესალური მაღაზიის შენობაში განთავსებული რადიოანძისკენ, რათა მსოფლიოსთვის ემცნო ეს სასიხარულო ამბავი.

წითელი მოედანი ხალხით იყო სავსე. ლევიტანის თავგანწირულ მცდელობას, პანიკური ყვირილით, _ “გამატარეთ, სასწრაფო საქმეა”, _ ხალხი აგრესიულად ხვდებოდა, _ გაჩერდი, რა დროს საქმეა, ლევიტანი სტალინის ბრძანებას წაიკითხავსო. “გასვლა შეუძლებელი იყო, _ იგონებს ლევიტანი, _ უცებ უკნიდან შემომესმა: “სასწრაფოდ დაბრუნდით, აქაც გვაქვს საშუალება!”. გამახსენდა, რომ სათადარიგო რადიოკვანძი კრემლშიც არსებობდა. სირბილით ისევ კრემლისკენ გავემართეთ, მაგრამ კრემლს შიგნით შესვლის თავისებური წესი ჰქონდა. დაცვას აჩქარებით ვუხსნიდით, რაშიც იყო საქმე. ისინი კი შიგა ტელეფონებით გადასცემდნენ ერთმანეთს, რომ არ შეეკავებინათ ორი მორბენალი ახალგაზრდა, რადგან განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდნენ”.

03 საათი და 00 წუთი.

ლევიტანი ჟრუანტელის მომგვრელი ხმით აცხადებს: “ყურადღება, ყურადღება! მოისმინეთ განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობა. დადგა დიადი დღე გერმანიაზე გამაჯვებისა. წითელი არმიისა და ჩვენი მოკავშირეების ჯარების მიერ დაჩოქებულმა ფაშისტურმა გერმანიამ თავი დამარცხებულად აღიარა და უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დადგა გერმანიის საბოლოო განადგურების ისტორიული დღე, გერმანიის იმპერიალიზმზე ჩვენი ხალხის დიადი გამარჯვების დღე”.

03 საათი და 20 წუთი.

მოსკოველი სურკოვა იხსენებს: “სამი საათია. ისმის საშინელი ბრახუნი კარზე. ალბათ, მიწისძვრაა, _ ვიფიქრე, მაგრამ შემომესმა ხმამაღალი შეძახილი: “ადექით, ომი დამთავრდა!”.

03 საათი და 23 წუთი.

ყველა კარი ღიაა. დერეფანში ზღვა ხალხია. ყველა ერთმანეთს კოცნის და თავდავიწყებამდე ყვირის სიხარულით. იქოქება პატეფონები და ირთვება რადიომიმღებები. მღერიან ერთად და ცალ-ცალკე. ერთმანეთს უყურებენ თვალებში და სიხარულის ცრემლი სდით.

03 საათი და 30 წუთი.

გერმანიის მთავარსარდლობამ გამოაცხადა: “შუაღამეს ყველა ფრონტზე გერმანელმა მეომრებმა იარაღი უნდა დაყარონ. გროსადმირალის ბრძანებით, ყველა გერმანელმა ჯარისკაცმა შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა”. ამით დასრულდა სისხლისმღვრელი ომი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 1939 წლიდან.

06 საათი და 00 წუთი.

ლევიტანი კითხულობს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას, რომელიც შემდგომ გადაიცემა ყოველ საათში. განუწყვეტლივ გუგუნებს მარშის ჰანგები. წითელ მოედანზე ენით აუწერელი სიხარულის ატმოსფეროა. ყველა ცეკვავს, ერთმანეთს კოცნის განურჩევლად ნაცნობობისა. ჯფუფ-ჯგუფად ცეკვავენ და მღერიან მოსკოველები. წითელ მოედანზე შემოდის ჯარისკაცებით დატვირთული სატვირთო ავტომანქები, მათ ხალხი აღტყინებით ხვდება.

08 საათი და 00 წუთი.

“ბერლინში ისმის ჰაერში სროლის ხმა. ზალპთან ერთად ჰაერში ფრინავს სამხედრო “პილოტურები”. გუგუნებს ბერლინის ქუჩები. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ეს იყო დანგრევას გადარჩენილი შენობების გამოღებულ ფანჯრებში გადმოკიდებული თეთრი ზეწრები. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩვენი დიდი გამარჯვებაა”, _ იგონებს არტილერისტი არკადი ბლიახერი, რომელიც გამარჯვების დღეს ბერლინის ქუჩებში დაესწრო.

08 საათი და 27 წუთი.

დანციგში იზოლირებული და ტყვედ აყვანილი იქნა 75 000 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი, 12 გენერალი.

08 საათი და 48 წუთი.

შეპყრობილ იქნა გერმან გერინგი, რომელმაც განაცხადა: “აი, ხომ ხედავთ, რომ არ მომკლეს. მე შეგნებულად შევხვდი ნაციზმის დასასრულს და ამით შევიქმენი საიმედო თავშესაფარი”.

09 საათი და 25 წუთი.

მეხუთე გვარდიული არმია თავისი უმთავრესი დამრტყმელი ძალით, მარშალ კონევის სარდლობით, ათავისუფლებს ქალაქ პრაღას ჰიტლერელი დამპყრობლებისაგან.

10 საათი და 00 წუთი.

პრაღა მთლიანად იქნა გაწმენდილი გერმანელებისგან და პირველი მარშალმა კონევმა ბრძანა, პრაღის განთავისუფლების დღე აღენიშნათ საერთო მხიარულებითა და ზეიმით.

11 საათი და 00 წუთი.

საბჭოეთის ყველა კუთხიდან მოდის ცნობები ქალაქის მოედნებზე, ფაბრიკებში, ქარხნებში, კოლმეურნობებსა თუ საბჭოთა მეურნეობებში ზეიმის მიმდინარეობის შესახებ.

11 საათი და 05 წუთი.

სევასტოპოლში მცხოვრები ზოია დოლგუშევა იგონებს: “რაიონიდან დარეკეს ჩვენს სოფელში, რომ ომი დამთავრდა. მთელი სოფელი ეკლესიასთან მივიდა და ატყდა ზარების რეკვა. ჩვენს სოფელში თითქმის ყველა ქალი ქვრივია, ბავშვი _ ობოლი, მაგრამ ყველა ბედნიერი ვართ და სიხარულისგან ცრემლი გვდის”.

12 საათი და 00 წუთი.

დაარიგეს გაზეთები, რომლებსაც პირველ გვერდზე დიდი ასოებით აწერია: “გაიმარჯვა არა სტალინმა, არამედ ხალხმა!”, ქვეშ მიწერილია სიტყვები: “გაუმარჯოს ყველა ჩვენი გამარჯვებების სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს, ჩვენს მშობლიურ სტალინს”.

12 საათი და 35 წუთი.

მეკავშირეებმა ხელთ იგდეს გერმანელთა რადიოგრამა: “რეიდზეა დიდი რაოდენობით გემი და სამგზავრო ხომალდი, რომლებზეც იმყოფება 7000 ჯარისკაცი და ოფიცერი. გემების მოძრაობა დანიშნულების მიმართულებით გრძელდება”.

12 საათი და 50 წუთი.

ბერლინში ჟუკოვს აცნობეს, რომ გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტი და თანმდევი დოკუმენტაცია გადაცემულია უმაღლესი მთავარსარდლისთვის.

12 საათი და 55 წუთი.

ავსტრიის ქალაქ ცვეტლიდან მოვიდა დეპეშა. იუწყებიან, რომ ამერიკელებს ტყვედ ჩაბარდა გერმანელთა მესამე სატანკო დივიზია _ “მკვდარი თავი” თავისი სარდლით, ბრიგადენფიურერ ჰელმუტ ბეკერის მეთაურობით, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცა საბჭოთა სარდლობას.

18 საათი და 00 წუთი.

წითელ მოედანზე მოზეიმე ხალხის წინაშე წარდგა 250 მსახიობი, რომლებიც თავიანთ გამოსვლებს გადახსნილი სატვირთო მანქანის ძარებზე ატარებდნენ.

18 საათი და 20 წუთი.

პოლონეთში ნაღმზე აფეთქდა საბჭოთა კავშირის გმირი იოსებ მატრუნჩიკი.

18 საათი და 30 წუთი.

ავსტრიის ტერიტორიაზე მოქმედმა გერმანელმა სამხედროებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს.

21 საათი და 00 წუთი.

საბჭოთა ხალხს კრემლიდან სტალინმა მიმართა:

“ამხანაგებო! თანამემამულენო!

დადგა დიადი დღე გერმანიაზე გამარჯვებისა. წითელი არმიისა და ჩვენი მოკავშირეების ჯარების მიერ დაჩოქებულმა ფაშისტურმა გერმანიამ თავი დამარცხებულად აღიარა და უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. 7 მაისს ქალაქ რეიმსში ხელმოწერილ იქნა კაპიტულაციის წინასწარი ოქმი. 8 მაისს გერმანიის მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი სარდლობისა და საბჭოთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენელთა თანდასწრებით ბერლინში ხელი მოაწერეს კაპიტულაციის საბოლოო აქტს, რომლის შესრულებაც დაიწყო 8 მაისს, 24 საათიდან.

ამიერიდან ევროპაში იფრიალებს ხალხთა თავისუფლებისა და ხალხთა შორის მშვიდობიანობის დიადი დროშა.

სამი წლის წინათ ჰიტლერმა საჯაროდ თქვა, რომ მისი ამოცანა საბჭოთა კავშირის დანაწილება და მისგან კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიის, ბალტიისპირეთისა და სხვა ოლქების მოწყვეტაა. მან პირდაპირ განაცხადა: “ჩვენ მოვსპობთ რუსეთს, რათა ვერასოდეს შეძლოს წამოდგომა”. ეს იყო სამი წლის წინათ, მაგრამ ჰიტლერის უგუნურ იდეებს ასრულება არ ეწერა, _ ომის მსვლელობამ გააცამტვერა ისინი. გამოვიდა იმის საწინააღმდეგო, რასაც ჰიტლერელები ბოდავდნენ _ გერმანია სასტიკად დამარცხდა. გერმანიის ჯარები კაპიტულაციას ახდენენ. საბჭოთა კავშირი გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა იგი გერმანიას არც დანაწილებას უპირებს და არც მოსპობას.

ამხანაგებო! დიდი სამამულო ომი ჩვენი სრული გამარჯვებით დასრულდა. ევროპაში დაიწყო მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. მოგილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!”

21 საათი და 30 წუთი.

სტალინმა გადაწყვიტა, არ ჩაეტარებინა გამარჯვების აღლუმი, რადგან მოქმედი არმიები და სარდლები არ იმყოფებოდნენ მოსკოვში და აღლუმი სრულფასოვანი არ იქნებოდა.

“აუცილებელია ჩვენი მამაცი ჯარისკაცებისა და მთავარსარდლების დაბრუნებას დედაქალაქში”, _ განაცხადა სტალინმა.

21 საათი და 55 წუთი.

ლეგენდარული დიქტორი ლევიტანი რადიოთი გადასცემს უმაღლესი მთავარსარდლის _ სტალინის ბრძანებას “წითელი არმიის ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტისადმი”:

“1945 წლის 8 მაისს ბერლინში გერმანიის უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს გერმანიის შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.

დიდი სამამულო ომი, რომელსაც საბჭოთა ხალხი გერმანელ ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ეწეოდა, ძლევამოსილად დამთავრდა _ გერმანია განადგურებულია.

ამხანაგო წითელარმიელებო, წითელფლოტელებო, სერჟანტებო, ზემდეგებო, არმიისა და ფლოტის ოფიცრებო, გენერლებო, ადმირალებო და მარშლებო, გილოცავთ დიდი სამამულო ომის გამარჯვებით დამთავრებას!

გერმანიაზე სრული გამარჯვების აღსანიშნავად დღეს, 9 მაისს, გამარჯვების დღეს, 22 საათზე, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი მოსკოვი, სამშობლოს სახელით, 1000 ქვემეხიდან 30 საარტილერიო ზალპით სალუტს აძლევს წითელი არმიის მამაც ჯარებს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებსა და ნაწილებს, რომლებმაც ეს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

სამარადისო დიდება გმირებს, რომლებიც დაეცნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში!

გაუმარჯოს ძლევამოსილ წითელ არმიასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტს!”

22 საათი და 00 წუთი.

იწყება საზეიმო სალუტი. ქალაქი მოსკოვი სალუტს აძლევს წითელი არმიის ნაწილებს, სამხედრო-საზღვაო ფლოტს, ხომალდებსა და მატროსებს, მტერზე ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვების აღსანიშნავად. ქუხს 1000 ქვემეხი. თითოეულმა 30 საარტილერიო გასროლა შეასრულა.

22 საათი და 10 წუთი.

მოსკოვის ცის ტატნობზე გამოჩნდება საჰაერო აპარატზე ჩამოკიდებული სტალინის უზარმაზარი პორტრეტი, რომელიც სალუტის მიცემისას წითელი მოედნის ოთხივე კუთხიდან განათებულია უძლიერესი პროჟექტორების შუქის ნაკადით, რასაც წითელ მოედანზე გამოსული ასიათასობით მოზეიმე გამაყრუებელი ყიჟინით ხვდება. გაისმის ყველასათვის ნაცნობი სიტყვები _ “დიდება დიდ სტალინს”.

22 საათი და 15 წუთი.

ვსევოლოდ ვიშნევსკი იგონებს: “საღამოს 10 საათზე გამარჯვების სალუტი აზანზარებდა წითელ მოედანს, რასაც უერთდებოდა მოზეიმე ხალხის ცეკვა-სიმღერა. ადამიანების ახალ-ახალი ტალღა ემატებოდა წითელი მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და მოედნებს. ცა განათებული იყო ფოიერვერკებით. ხალხი უსაზღვროდ ბედნიერი გახლდათ. ეს იყო ჩვენი გამარჯვება”.

ეს ყველაფერი სტიქიურად მიმდინარეობდა, მაგრამ მკითხველს მომავალ წერილში გავაცნობ წითელ მოედანზე დაგეგმილ და ჩატარებულ სანახაობას, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცობრიობას და, რომლის განმეორებაც თითქმის შეუძლებელი ჩანს. ეს გრანდიოზული სანახაობა, რომელშიც მონაწილეობდა 20 000-ზე მეტი ადამიანი, სტალინის რეჟისორულმა ნიჭმა ერთ ორგანიზმად აქცია და განაცვიფრა იმჟამინდელი მსოფლიო.

ეს 1945 წლის 24 ივნისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე მოხდა.

 გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here