Home ახალი ამბები საქართველო ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს

ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს

ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო – ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავაზიანობის აქტი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.

ჯაღმაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება.

მისივე თქმით, კატეგორიულად საკითხი დაყენებული არ არის, რომ რომელიმე ფორმულირება ჩაიწეროს.

„ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენ შინაარსზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს. ასევე, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ, აი, ამ მიმართულებით – ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს.

რაც შეეხება ფორმულირებას – სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული არ არის და საკითხი ასე მკაცრად არ დგას. ამ შემთხვევაში მთავარი თემა არის რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რაც აღნიშნულს ხელს შეუწყობს. [რა ფორმულირება იქნება] ამაზე მსჯელობენ. ორშაბათს შეხვედრა იყო მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა მოსვლა ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა ხვალ შეიკრიბება და ამ ფორმულირებაზე იმსჯელებენ.

ამასთან, ფორმულირება მკაცრად შემოთავაზებული ან მოთხოვნილი არ არის, მსგავსი არავინ უნდა იფიქროს. ეს არის კეთილგანწყობის შემოთავაზება, რომ იმ საქმეში, რასაც ახლა სახელმწიფო ასე მკაფიოდ აკეთებს და რასაც ეკლესია მუდმივად აკეთებდა – ტრადიციების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების სიღრმისეულად გაშლა, ამას ხელი შეეწყოს. რა ფორმულირება იქნება, ამას უნდა დაველოდოთ.

კატეგორიულად საკითხი დაყენებული არ არის, რომ რომელიმე ფორმულირება ჩაიწეროს. ჩვენ შემოგვთავაზეს, რომელიც შეიძლება ითარგმნოს – რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკლესიის სტატუსი და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრებაში კიდევ უფრო გამყარდეს.

რაღაცნაირად ფორმულირება ხომ უნდა მოსულიყო? [სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება] ნახსენები იყო, თუმცა მე ვამბობ, რომ ეს წინადადება კატეგორიულად დაყენებული არ არის. ეს არის შემოთავაზება, რომელიც მსჯელობის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს. ეს შემოთავაზება ხელისუფლებიდან იყო, ჩემთან პირადად არ უსაუბრიათ, მეუფე შიოსთან იყო [საუბარი]”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

https://www.interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here