Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: თუ მოქალაქეობის მიღების კანონი არ შეიცვლება, მოქმედი კანონი ათ წელიწადში...

თემურ მაისურაძე: თუ მოქალაქეობის მიღების კანონი არ შეიცვლება, მოქმედი კანონი ათ წელიწადში დაგვანგრევს, გაგვანადგურებს

“საქართველო ვალდებულია, გაამარტივოს ჩვენი ქვეყნიდან გასული ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის კი საქართველოს მოქალაქის სტატუსის მოპოვება ძალიან ძნელი უნდა იყოს!”

თემურ მაისურაძე: თუ მოქალაქეობის მიღების კანონი არ შეიცვლება, მოქმედი კანონი ათ წელიწადში დაგვანგრევს, გაგვანადგურებს

ამა წლის 27 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობები გაფორმდა.

ჩინეთში ვიზიტიდან, სულ რაღაც, თვე-ნახევარში საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხდა, რომ საქართველო ჩინელებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს… ჩინელები აქამდე ვიზებით შემოდიოდნენ, მაგრამ აქ დარჩენას ახერხებდნენ, ახლა კი ვიზა ექნებათ, მაგრამ ქვეყანა 30 დღეში უნდა დატოვონ…

იყო თუ არა საჭირო ჩინელებისთვის ასე ნაჩქარევად სავიზო რეჟიმის გაუქმება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას სერიოზული განხილვა სჭირდება, რადგან უამრავი მხარე აქვს _ ბევრია დადებითიც და უარყოფითიც… საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს 78 თუ მეტ სახელმწიფოსთან, რადგან საქართველო მდებარეობს ისეთ ადგილას, რომლის ინტერესიც აქვს ყველა ქვეყანასა თუ გაერთიანებას აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. უფლის მიერ ბოძებული ჩვენი ტერიტორია დალოცვილია და, თუ ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესი არ გამოვიჩინეთ, სხვა გამოიჩენს ჩვენდამი ინტერესს. ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს კავკასიაში, ზუსტად ისეთი, როგორიც აქვთ ირანს, რუსეთს, თურქეთს… ჩამოთვლილი სახელმწიფოები საქართველოს ისეთ გარემოს უქმნიან, რომ ხელს ვერავინ დაგვაკარებს, ისინი ერთმანეთის ინტერესს ითვალისწინებენ, მაგრამ, თუ ჩვენ ფუნქცია ვერ შევიძინეთ, არსებული ვითარება და გარემოება ვერ შევირგეთ, ყველა ერთად ჩაგვყლაპავს.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმზე როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოსთვის აუცილებელია, გაამკაცროს ქვეყნის სავიზო რეჟიმი. აუცილებელია, რომ კანონმდებლობაში შეიცვალოს საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული კაზუსები, ისევე, როგორც ეს გაერთიანებულ საემიროებშია.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხი შეიძლება ამჟამად საფრთხედ ვერ აღვიქვათ, მაგრამ მომავალში ეს სერიოზული პრობლემა იქნება.

საქართველო ვალდებულია, გაამარტივოს ჩვენი ქვეყნიდან გასული ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის კი ძალიან ძნელი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სტატუსის მოპოვება!

შეიძლება ხვალ საქართველოში შემოვიდეს ძალიან დიდი ინვესტორი, რომელსაც მიენიჭება ცხოვრების უფლება და შემდეგ _ მოქალაქეობის. ეს არ უნდა დავუშვათ. გამორიცხული უნდა იყოს საქართველოში ინვესტიცია, რომელიც ინვესტორს შემდგომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ აქცევს. საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა აქვს და, თუ მოქალაქეობის მიღების კანონი არ შეიცვლება, მოქმედი კანონი ათ წელიწადში დაგვანგრევს, გაგვანადგურებს.

_ ჩინელები ჩვენს ქვეყანაში ვიზით შემოდიოდნენ და რჩებოდნენ. ახლა მათ სახელმწიფომ 30-დღიანი ვიზა დაუწესა. რა არის ამაში ცუდი? სახელმწიფოს მხრიდან ამ კანონის მიღება ცუდი იყო?

_ ჯერ უნდა მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხებოდა, სადაც უნდა ცხოვრობდეს ის, და შემდეგ მიეღოთ კანონი, რომელიც მიიღეს ჩინეთის მოქალაქეების შესახებ. ვფიქრობ, ჩინელებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება უფრო ნაკარნახევი იყო, ვიდრე გააზრებული. ხელისუფლებამ ვიღაცის დაკვეთა შეასრულა. ამჟამად დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება შემდეგი სვლა ან სვლები. ჩინელებთან ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მათ შეუძლიათ, მოკლე დროში ქალაქები ააშენონ…

ჩინელებს აქვთ დაფინანსება, მათ თავიანთი სახელმწიფო დაეხმარებათ. საქართველოში კი არ არის ბიზნესის დახმარება. ასე რომ, ძალიან დიდი საფრთხეებია… ჩვენ გვჭირდება პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, ეკონომისტები, რომლებიც საფრთხეებს დაინახავენ, შეაფასებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის სასარგებლოდ; ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტერესებს დაივიწყებენ და ქვეყანაზე იფიქრებენ.

_ რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნის თავკაცებმა, ჩინეთის ტყვეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ?

_ ჩვენ გვჭირდება სამი რამ: საფონდო, სასაქონლო ბირჟა, რადგან ფასიანი ქაღალდები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ობიექტების, რომლებიც გვაცხოვრებს. ეს უნდა ვაკონტროლოთ, რადგან არავინ იცის, ვინ რას ყიდის და ყიდულობს… უნდა მოგვარდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესი და საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს დაბალპროცენტიანი სესხები _ ერთიდან სამ პროცენტამდე… თუ ეს შესაძლებლობები საქართველოში არ გაჩნდება, ნებისმიერი ქვეყანა გადაგვივლის, დიდი ქვეყნების ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოვექცევით, განსაკუთრებით _ თურქეთის, რადგან იქ დიდი ინფლაციაა… არის დეტალები, რომლებიც ფართო განხილვის საკითხია. ეს ეხება საგადასახადო სისტემას, ნულოვან საბეგარო სისტემას და ა.შ. ეს ვრცელი თემაა…

საქართველოთი დაინტერესდა ჩინეთი, ბრიჩსის ქვეყნები და ეს დიდი შანსია ჩვენი ქვეყნის განვითარების. უცხოური ინვესტიცია ჩვენთან ადვილად არ უნდა პარპაშებდეს. ტენდერებში საქართველოს პროდუქციას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, საქართველო უნდა აწარმოებდეს თავის პროდუქციას და ტენდერებში 51 პროცენტი საქართველოს მოქალაქეების წილი უნდა იყოს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეობის შესახებ სწორი კანონის მიღება, აქ შემოსულს ვერავის ვეღარ გავაგდებთ. ნაჩქარევი იყო ჩინელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ჯერ კანონში უნდა შეგვეტანა ცვლილებები. 2024 წლამდე როგორღაც უნდა შევზღუდოთ ვიზების ამბავი, რათა საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, და მერე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი რეგიონული ფუნქცია. შინ ევროპისკენ” და “სლავა უკრაინე” უნდა დავივიწყოთ და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ 5-10 წელიწადში საქართველო ფეხზე დავაყენოთ.

_ “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, კვლავ ხელისუფლების სათავეში დარჩება, შეძლებენ იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ?

_ “ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება იმ შემთხვევაში, თუ ასი პროცენტით გადაახალისებს, შეცვლის თავის კადრებს, რადგან არსებული კადრებით გამოწვევებს, რომლებიც მათ წინაშეა, თავს ვერ გაართმევს. “ოცნებამ” რომც გაიმარჯვოს, ერთ წელიწადში დაამხობენ, თუ შემადგენლობა არ შეცვალა. სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება. მესამე ძალამ უნდა მოასწროს ჩამოყალიბება, იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი ძალა.

_ რას შეძლებს ახალი ძალა?

_ გეფიცებით, ვინმემ რომ დამაკისროს ამ ქვეყნის გადარჩენის პასუხისმგებლობა, ყველაფერს მოვაგვარებ. თუ დაკისრებულ მოვალეობას ვერ შევასრულებ, თანახმა ვარ, სიკვდილით დამსაჯონ ან დამაპატიმრონ… შეუძლებელი არაფერია! 3-4 წელიწადში ყველაფრის მოგვარება შეიძლება, საკანონმდებლო ცვლილებებიანად.

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მას არავინ იყენებს. ჭკვიან ადამიანებს არ იყენებენ, საქმის გამკეთებელი არ ჰყავთ არავინ და, ვინც არის, არ იყენებენ.

თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ იმ ადამიანური რესურსით, რომლითაც პარტია კომპლექტდებოდა, საშინაო თუ საგარეო გამოწვევებს თავს ვერ გავართმევთ-მეთქი. ჩემი ნათქვამი გამართლდა. ოცნებამ” ბევრი ნაციონალი შეიფარა, ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყანას.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეიძლება, ყველაფრის გამოსწორება არის შესაძლებელი. საქართველოს ასეთი კარგი შანსი, დღეს რომ აქვს, არასოდეს ჰქონია. ჩვენი ქვეყანა გადატვირთული მსოფლიოს კარიბჭე ხდება…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here