საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი საზოგადოების გასაცნობად საპატიმროდან გამოგზავნა რიგით მე-5 წერილი, რომელშიც უფლებადამცველ ბერ–მონაზონ ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო გარდაცვალებაზე წერს. ღარიბაშვილმა ეს შემთხვევა, სხვა საქმეებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, დაუკავშირა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაზარე ჯორბენაძე დავითგარეჯის საქმის დეტალებზე საუბრის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს; ითქვა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც იმთავითვე საეჭვო იყო… მოკლედ, ღარიბაშვილი საჯაროდ ამხელს მამუკა მდინარაძის საეჭვო საქმიანობას და მას, ხმაურიან საქმეებთან კავშირის გარდა, ქვეყნისა და მმართველი გუნდის ღალატში სდებს ბრალს…
მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა სუს–ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე მისთვის მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა, მდინარაძე თანამდებობიდან გადადგა, მეტიც _ პოლიტიკიდან წავიდა.
რას შეეწირა მდინარაძე? აგებინებენ თუ არა მას პასუხს იმ დანაშაულებზე, რომლებზეც ღარიბაშვილი წერს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ,,საქართველო და მსოფლიოს” ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი ესაუბრება:
_ თუ ამ წერილებს ქრონოლოგიურად გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ღარიბაშვილს ისრები ივანიშვილიდან მდინარაძისა და კობახიძის მხარეს გადააქვს. როგორც ჩანს, ღარიბაშვილს აუხსნეს, რომ, თუ ივანიშვილს, ამ ,,ცოცხალ წმინდანს” შეეხება, ეს მის შერყეულ პოლიტიკურ ავტორიტეტს გაანადგურებს, მით უმეტეს რომ ,,ღარიბას” პოლიტიკური ფიგურა ივანიშვილის შექმნილია, ამიტომ გადაწყვიტა, დარჩეს ,,ბატონ ბიძინას” საჭადრაკო დაფაზე და მის სვლებში მონაწილეობდეს. ივანიშვილი კი ახლა კლანების შეცვლით არის დაკავებული. ჩანს, ის არავის ენდობა და, როგორც კი მის მიერ დანიშნულები იმდენ ძალაუფლებასა და ქონებას ჩაიგდებენ ხელში, რომ ავტონომიური ფიგურები ხდებიან, მათ განადგურებას იწყებს. ამ პროცესში მთავარი სახარჯი მასალა მდინარაძე გამოდგა და მას გააკეთებინა ყველა შავი საქმე _ მას აცემინა და დააჭერინა ხალხი, შეაქმნევინა ტოტალური კონტროლის მექანიზმები, შემდეგ კი გამოიყენა თავიდან მოშორების აპრობირებული მეთოდი; ჯერ სასაცილო პერსონად აქცია იმით, რომ ბრეჟნევისთვის შესაშური რაოდენობის მედლები დაჰკიდა, შემდეგ უშიშროების მინისტრობიდან ბუტაფორიულ თანამდებობაზე ,,ჩამოალაბორანტა”, ბოლოს კი პოლიტიკური ლიკვიდაცია ჩაუტარა. ვფიქრობ, შორს არ არის დღე, როცა მას დაიჭერენ კიდეც. მდინარაძის დაჭერას ლოგიკურად მიჰყვება კობახიძის კლანიც. მის მოღალატეობაზე ამიტომ ალაპარაკდა ღარიბაშვილი. ცხადია, ციხეში, სადაც ის, ფაქტობრივად, დაუცველია, ასეთ რამეს ,,მამა-მარჩენალის” გარეშე ვერ გაბედავდა.
_ როგორ დაახასიათებთ მამუკა მდინარაძეს?
_ მამუკა მდინარაძე გამოჩენის დღიდანვე იყო ჩვეულებრივი ტექნოკრატი, ყველაფრის შემსრულებელი და მკადრებელი ტიპი, რის გამოც საზოგადოება, ქოცების ჩათვლით, მის მიმართ მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს განიცდიდა. მდინარაძის ავტორიტეტი იყო ნული, მაშინაც კი, როცა ლამის გენერალისიმუსის ტიტული უბოძეს. იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, რომ ის ყველაზე ბინძურ საქმეთა შემსრულებელი იქნებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არა მხოლოდ პოლიტიკურად არის განწირული… მთავრობაში ყველას სურს, თქვას: მე რა შუაში ვარ, თუ ციხეში უდანაშაულო ადამიანები არიან ,,ჯაშუშობის” თუ ,,ოჯახური ძალადობის” ბრალდებით?! ეგ ყველაფერი იმ ბოროტ კაცს მოჰკითხეთ, ახლა ციხეში რომ ვალპობთო…
_ როგორ განვითარდება მოვლენები მდინარაძის პირადი პატიმრის, გულბაათ რცხილაძის, გარშემო?
_ გულბაათ რცხილაძე მდინარაძის ბრძანებით რომ დააპატიმრეს, მისი დაკავების პირველივე წუთებში მივხვდი, თუმცა, ინიციატივა მისგან რომ არ მოდიოდა, ესეც ცხადი იყო. მდინარაძემ შეასრულა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეკვეთა, რათა ,,ოცნებას” ამერიკასთან შერყეული იმიჯი გამოესწორებინა, ამიტომ მდინარაძის პოლიტიკური ლიკვიდაცია ზრდის გულბაათ რცხილაძის საქმის დადებითად გადაწყვეტის ალბათობას, თუმცა აქ ოპტიმიზმი ილუზიად არ უნდა გვექცეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის იყო მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი. ბიძინა ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი სერიოზული არ ხდება და ,,კუდიანებზე ნადირობაც” მისი წამოწყებულია.
_ მოჰკითხავენ თუ არა მდინარაძეს პასუხს იმაზე, რაზეც ღარიბაშვილი თავის წერილებში წერს?
_ მდინარაძის განცხადება, ბიზნესში მივდივარო, სასაცილოა. წარმოუდგენელია უშიშროებიდან ადამიანის სუფთად გაშვება, მით უმეტეს, უშიშროების შეფობიდან. აცნობიერებთ, რამდენ საიდუმლო მასალაზე ჰქონდა მას წვდომა, რამდენ ადამიანზე ფლობდა კომპრომატს და რამდენი შავი საქმე ექნება გაკეთებული?! ასეთ ადამიანს დედამიწის ზურგზე თავისუფლად არსად უშვებენ. მდინარაძეს, სავარაუდოდ, კობახიძის წინააღმდეგ გამოიყენებენ…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







