პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვივნენ. რა შედეგები მოჰყვა ამ ძალისხმევას? ჩავიხედოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმოხილვებში: „აშშ–ის სამშვიდობო ელჩების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის, 2026 წლის 5-6 სექტემბრის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში მიზნად ისახავდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი სამშვიდობო ინიციატივის წარდგენას რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად. მოლაპარაკებებს კონკრეტული გარღვევა არ მოჰყოლია”.
მორჩა. ყველაფერი ნათქვამია. სამშვიდობო მცდელობა ჩავარდა. ამის შემდეგ, რაც უნდა ილაპარაკონ ელჩებმა თუ მხარეებმა, ფაქტია: მცდელობა ჩავარდა. შედეგებად გვასაღებენ წყალ-წყალა წინადადებებს, რომლებიც აუდიტორიისთვის შეურაცხმყოფელი უფროა, ვიდრე ინფორმაციული ღირებულების მქონე მასალა. თავად განსაჯეთ:
„მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური და დიპლომატიური შედეგი გამოიღეს: ვიზიტის უმნიშვნელოვანესი მყისიერი შედეგი გახდა 3-დღიანი ორმხრივი შეთანხმება თავდასხმების შეჩერებაზე. უკრაინამ და რუსეთმა აიღეს ვალდებულება, მოლაპარაკებების პერიოდში (6 სექტემბრიდან მოყოლებული) თავი შეეკავებინათ კიევისა და მოსკოვის დაბომბვისგან”. ეს შედეგია? სამი დღით ცეცხლის შეწყვეტას (იქამდე, ვიდრე ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ) შეიძლება შედეგი ვუწოდოთ?! აი, კიდევ ერთი „შედეგი”:
„ამერიკელმა ემისრებმა გამართეს სამსაათიანი კონსტრუქციული და არსებითი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, რომლის შემდეგაც მოსკოვში ნათქვამი ახალი იდეები კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის გააცნეს. კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში აღდგება პირდაპირი სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი – აშშ-უკრაინა-რუსეთი”. როგორ მოგწონთ? მცდელობა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თურმე შედეგი ყოფილა; პუტინის „ახალი იდეების” ჩატანა ზელენსკისთვის, რომლებიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თურმე შედეგი ყოფილა და ასე განსაჯეთ, კუშნერის მიერ გამოთქმული იმედიც, რომ „უახლოეს ხანში აღდგება პირდაპირი სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი – აშშ-უკრაინა-რუსეთი, შედეგი ყოფილა.
კუშნერს კიდევ ერთი განცხადება გაუკეთებია: „აშშ-ის მიზანია არა კონფლიქტის უბრალო გაყინვა, არამედ ისეთი ჩარჩოს შექმნა, რომელიც გრძელვადიან და მყარ მშვიდობას უზრუნველყოფს”. თუ დაიჯერებთ, ესეც შედეგი ყოფილა. შედეგი ყოფილა ისიც, რომ „დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, მხარეები კვლავ შორს არიან მთავარ საკითხებზე შეთანხმებისგან. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ დონბასის საკითხი ამ ომის საკვანძო წერტილია და უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე უარს ამბობს და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითხოვს”.
ამ ომში ორივე მხარეს ადამიანები იხოცებიან, თანაც დიდი რაოდენობით. ესენი კი რა ჯანდაბას აკეთებენ? თამაშობენ? აბა, რა ჰქვია ამას?!
კიდევ მოვუსმინოთ კუშნერს:
„უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკული დელეგაცია მეტ პროგრესს ელოდება. ჩვენ ამას ძალიან რთულ პრობლემად მივიჩნევთ, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ღირს არა მხოლოდ იმის დასადგენად, როგორ დავასრულოთ მიმდინარე ომი, არამედ იმის გასაგებად, როგორ შევქმნათ სწორი პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, გამოიჩინოს საოცარი სიმამაცე, სისწრაფე და ძალა, რომელიც ქვეყანამ ომის ბოლო წლების გადასატანად გამოიყენა.“ კუშნერის თქმით, დონალდ ტრამპმა მათ სთხოვა, ზელენსკისა და უკრაინელი ხალხისთვის „პირადი მოკითხვა“ გადაეცა. აჰა, ესეც შედეგი. ტრამპის მიერ შემოთვლილ მოკითხვას ეხუმრებით?!
პრესა გვატყობინებს იმის შესახებაც, რომ: „ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრები ამერიკელ და ევროპელ წარმომადგენლებთან დასრულდა. შეხვედრების შემდეგ მხარეებმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მოლაპარაკებების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს”. ეს, რა, შედეგი არ არის?!
ტრამპის მეორე წარმომადგენელ სტივ უიტკოფსაც მოვუსმინოთ. მან განაცხადა: „მე და ჩემმა კოლეგამ, სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გავმართეთ. ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი და მნიშვნელოვანი დისკუსია. ეს ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია და მზად ვართ, ეს პროცესი იმდენ ხანს განვაგრძოთ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. იმედი მაქვს, ამ ვიზიტმა წინსვლის რამდენიმე ახალი გზა გამოკვეთა. ვფიქრობ, ვიზიტის შედეგად ბევრი რამ ვისწავლეთ“. მეტი შედეგი რაღა უნდა იყოს?!
წარმომადგენლებთან შეხვედრების დეტალების შესახებ ვრცლად ბრიფინგზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინული kyivpost-ი წერს: ზელენსკიმ დღის განმავლობაში გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან შინაარსიანი” უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მოლაპარაკებები შეეხებოდა ყოვლისმომცველი ზამთრის პაკეტის მომზადებას, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ენერგეტიკული ქსელის დაცვასა და ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) წვდომას, ასევე ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალურ განახლებას”. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ტერიტორიული საკითხები ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს”.
ამის შემდეგ ვინმეს ენა მოუბრუნდება იმის სათქმელად, რომ ტრამპის წარმომადგენელთა ვიზიტს მოსკოვსა და კიევში შედეგი არ მოჰყოლია?!
ზელენსკიმ ბრიფინგზე წარმოთქვა ტირადა, რომელიც თავისებური ოპტიმიზმით იყო გაჯერებული: „ჩვენ საკმარისი ყურადღება დავუთმეთ ზამთრის პერიოდს, ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც რეალურად შეიძლება წარმოიშვას… ომი ზამთარშიც თუ გაგრძელდება, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ზამთრის პაკეტის. ამის შესახებ დღეს დეტალურად ვესაუბრე სტივს, ჯარედსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. დიდი იმედი გვაქვს საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის, ენერგეტიკული მხარდაჭერისა ამერიკული LNG-ის სერიოზული მოცულობისა და მისი გამოყენების შესაძლებლობების. ჩვენი არმია ძლიერი უნდა იყოს და ეს არის ჩვენი მთავარი უსაფრთხოების გარანტია. ამ ყველაფრისთვის რესურსებია საჭირო. გარანტიები უკრაინისთვის ძლიერი და მკაფიო უნდა იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებზე, არამედ უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო ეკონომიკურ გარანტიებზეც“.
არ არის შედეგი? არის! აჰა, კიდევ ერთი „შედეგი”: „ამერიკის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც”. მართალია, რომ შიშით თვითმფრინავში ვერ სხდებიან, მაგრამ სახმელეთო გადაადგილებას რისკავენ. ღირს რისკის გაწევად ის „შედეგები”, რომლებსაც აღწევენ. თუნდაც ეს: „უკრაინა, აშშ და ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდებიან, რათა სამართლიანი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებები განაგრძონ. ზელენსკის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება შემდეგი შეხვედრა, თუმცა მისივე განცხადებით, ისინი ნებისმიერი შესაძლებლობისთვის ღია არიან“.
მიღწეულ შედეგებზე არა მხოლოდ ამერიკული და უკრაინული მხარეები, არამედ რუსული მხარეც ლაპარაკობს: „პუტინის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა გამართულ შეხვედრას შინაარსიანი და ნდობით აღსავსე უწოდა”, – გვაუწყებს პრესა.
დასავლეთს მივმართავ, ბატონ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს მივმართავ: ამ უშედეგობაში არის შედეგი. თქვენთვის სასურველი შედეგია ის, რომ შედეგს ვერ მიაღწიეთ. თქვენ შედეგის მიღწევა, ანუ ომის დასრულება რომ გსურდეთ, მას დიდი ხნის წინ მიაღწევდით. შეწყვიტეთ დაფინანსება, შეწყვიტეთ შეიარაღება, შეწყვიტეთ წაქეზება, შეწყვიტეთ პროვოკაციები, შეწყვიტეთ ტერორისტული აქტები და ომიც დასრულდება! თქვენ ეს არ გსურთ, თქვენ ომის გაგრძელება გსურთ, რადგან ჯერ კიდევ არ კარგავთ იმედს, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე დაამარცხებთ. თქვენი წარმომადგენლების ეს ვიზიტები და უშედეგო შედეგები მსოფლიოსთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა, აქაოდა, ომის დასრულება გვსურს, სისხლისღვრის შეწყვეტა გვსურს, მშვიდობის დამყარება გვსურსო.
ჩვენ კი, რამდენიც უნდა ვიქირქილოთ თქვენს პოლიტიკაზე, მისი წარმატებების აღიარება მაინც მოგვიწევს. რუსეთის დამარცხება არ გამოგივიდათ, მაგრამ ომის გაჩაღება და მასშტაბური სასაკლაოს მოწყობა გამოგივიდათ, რაც ასე ძალიან გინდოდათ. ამ ბოლო ვიზიტის უშედეგობასაც აქვს ნამდვილი, რეალური შედეგი. ჯერჯერობით ყველაფერი თქვენი გეგმის შესაბამისად მიდის: ომი გრძელდება, ორივე მხარეს სისხლი იღვრება და ხალხი იხოცება.
ზნეკეთილ ნაწილს ჩვენი პლანეტისა ფინალის იმედი აქვს, იმ ფინალისა, რომელიც თქვენი სცენარის შესაბამისი არ იქნება. სცენარებს მხოლოდ თქვენ ხომ არ წერთ, სხვებიც წერენ. რუსებს, თქვენგან განსხვავებით, კარგი ფინალი გამოსდით – ჭეშმარიტად ისტორიული, გრანდიოზული, ნიურნბერგული…
დაველოდოთ დასავლური უშედეგობის რუსულ შედეგებს!
ვალერი კვარაცხელია







