აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, დეპუტატები, სამართალდამცველები და კერძო პირები.
“დაუძინებელი მეგობარი” აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
“როგორც გვეუბნებიან, ამერიკამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ასეულობით მოქალაქეს. ისინი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყობენ, როდესაც საელჩოში განაცხადს შეიტანენ და ფულსაც გადაიხდიან, რომელსაც, რა თქმა უნდა, არავინ დაუბრუნებს _ “აახევენ” განგსტერულად. ანუ, საელჩომ იცის, რომ უარი უნდა უთხრას პირს ვიზაზე, მაგრამ მაინც იღებს საბუთებსაც და ფულსაც _ ასეთი ყოფილა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად…
ამბობენ, ამერიკა შეეცდება, მისთვის მიუღებელი საქართველოს ხელისუფლების დასჯის მიზნით, ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმიც შეაჩერებინოსო, ანუ ჯერ თავი გადაგვჭამეს, კანდიდატის სტატუსი საქართველოს ცუდ ხელისუფლებას კი არა, კარგ მოქალაქეებს მივეცითო და ახლა იმ კარგ მოქალაქეებს ემუქრებიან, რადგან თქვენს “ცუდ” ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალებას არ უწყობთ და არ ამხობთ, თქვენთვის ევროპაში უვიზო რეჟიმსაც გავაუქმებინებთო. ასეთი ყოფილა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად!..
“მეგობრები” იმასაც გვეუბნებიან, რადგან უკრაინასა და მოლდოვაში ჩვენთვის მისაღები რეჟიმებია, იქ არსებულ კორუფციაზე, ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებზე, ოპოზიციური მედიისა და პარტიების განადგურებაზე, ადამიანის უფლებების უამრავ დარღვევასა და, ზოგადად, ყველანაირ უკეთურობაზე თვალსაც დავხუჭავთ და ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყებასაც ავუნთებთ მწვანე შუქს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელ ხელისუფლებას კი პარლამენტის შენობის თავდამსხმელებისგან დაცვის გამო ანტიდემოკრატად გამოვაცხადებთ, მსოფლიოში იმიჯი რომ შევულახოთო.
ასეთი ყოფილა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად…
ჩვენი ქვეყნის ეს “დაუძინებელი მეგობრები” უახლოეს მომავალში ქართველ ხალხს კონკრეტულ მოთხოვნას წაუყენებენ _ ან ნებაყოფლობით აირჩიეთ და დააბრუნეთ ხელისუფლებაში თქვენთვის სისხლიანი, ხოლო ჩვენთვის “დემოკრატიის შუქურად” მონათლული რეჟიმი და მათი ანასხლეტები, ან არჩევნების სხვა შედეგის შემთხვევაში, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას, თუნდაც არჩევნები დემოკრატიულად და მაქსიმალური გამჭვირვალეობით ჩატარდესო.
ამერიკელები გვეუბნებიან: ჩვენ ბიძგს მივცემთ “ქართული მაიდანის” დაწყებას, ვინაიდან, თუ საქართველოში ეს ხელისუფლება დარჩა, ქართველ ხალხს ჩვენი დიადი მიზნებისა და ინტერესებისთვის საზარბაზნე ხორცად ვერ გამოვიყენებთ, ასეთი მეგობრობა კი ჩვენ თქვენთან სულაც არ გვჭირდებაო.
მოკლედ, უკვე ვნახეთ და ალბათ, მომავალშიც უფრო ნათლად დავინახავთ, როგორია მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად.
მოკლედ, ჩვენი “მეგობარი” ამერიკელები დაჟინებით გვტენიან ხელისუფლებაში სალომეს მიერ შექმნილი “ქართული ქარტიის,” შემოკლებით “ქაქა”-ს, ხელმომწერ პარტიებს. შუა ისევ გაკრეფილია და ოქტომბერში ამომრჩეველს მარტივი არჩევანი ექნება _ ან “ქოცები”, ან “ქაქები”…
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა