ამა წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. ამან ჩვენი ქვეყანა არეულობას აარიდა, ე.წ. მაიდანი ჩაიშალა, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს მიაჩნია, რომ 2024 წელი მშვიდად არ ჩაივლის.
სახელისუფლო გუნდმა რამდენიმე კვირის წინათ სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ “გორბის”. ამ კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი 55% იყო, “ნაცმოძრაობის” _ 20%.
იმავე დღეებში გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაც, რომელშიც კითხვაზე – არჩევნები რომ მომდევნო შაბათს ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას? _ პროცენტები ასე განაწილდა: გამოკითხულთა 25%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 13%-მა _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 4%-მა _ გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, 3%-მა _ „სტრატეგია აღმაშენებელი“, 3%-მა „გირჩი“; 2%-2% მიიღეს „გირჩი _ მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“, ლეიბორისტულმა პარტიამ, ასევე პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „ხალხისთვის“.
სახელისუფლო გუნდის მიერ შეკვეთილ კვლევასა და ამერიკული ორგანიზაციის კვლევას შორის დიდი განსხვავებაა. სწორედ ეს განსხვავება აძლევს ე.წ. ოპოზიციას, ასე ვთქვათ, ხმამაღლა საუბრის საშუალებას…
ამ საკითხზე მოსაზრებას გვიზიარებს სამოქალაქო აქტივისტი ლევან ადეიშვილი:
_ ტყუილად არ მივაქციეთ ჯეროვანი ყურადღება IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს. ის ამერიკის ხმაა _ რაც ამერიკის მთავრობამ ჩაიფიქრა, იმას ახმიანებს. 3-3 პროცენტი უშურველად ჩამოურიგა თავის ძაღლიშვილ პარტიებს, ნაცებს 13% დაუწერა, ხოლო “ოცნებას” _ 25 %. არ დაავიწყდათ გახარია და 4 პროცენტი მისცეს, ამით საზოგადოება შეამზადეს, რათა მის მიერ ბარიერის გადალახვამ შეკითხვები აღარ გამოიწვიოს…
_ საარჩევნო ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტია. თუ ე.წ. ოპოზიცია ვერ შეძლებს ბარიერის დაწევაზე ხელისუფლების დაყოლიებას, რა შეიძლება მოხდეს?
_ თუ ვერ მოახერხებენ ბარიერის დაწევას, მაშინ სხვა გზაცაა _ თავს მოუყრიან წვრილფეხობას. მითქმა-მოთქმა, რომ “ლელო” ნიკანორ მელიას თავის რიგებში ეპატიჟება, ნიშნავს, იმ ახალგაზრდების მიზიდვას, რომლებსაც “ნაცურად” უძგერთ გული, რათა მათი ხმები მევახშე ხაზარაძისა და ბუაძე–გეგელიას საცოდავად მოტივტივე პარტიის სასარგებლოდ გამოიყენონ.
საინტერესოა მეორე ვარიანტიც: ამბობენ, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ვაშაძე ხელცარიელი არ მისულა ნაცებში და აქ აშკარად იკითხება გეგმა “ბ”. თუ მაიდანი არ გამოვა, მაშინ ან ბარიერი უნდა დააწევინონ მთავრობას, ან მოაქუჩონ ეს ნაყარნუყარი პარტიები და მედასავლეთე მეხუთე კოლონამ, ჯამში, ეგებ იმაზე მეტი ხმა მოაგროვოს, ვიდრე “ოცნებამ”, რომელიც ყელში ამოუვიდა ხალხს უგვანო სახეებით, მედროვე ექსნაცებით, პარტიიდან პარტიაში რწყილებივით მოხტუნავეებით, ხოლო დანარჩენები, რომ “გადაფხიკო”, ლიბერალი შეგრჩება ხელში…
_ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს ამას…
_ რაც შეეხება ივანიშვილს, მას ტყუილად ჰგონია, რომ ისევ ჭარბი ნდობით სარგებლობს. გახსოვთ, ალბათ, როგორ გვებაქიბუქებოდა… ივანიშვილი 2024 წლის არჩვნებში სევდიანი თვალებით შეეხვეწება სახლში დარჩენილ ამომრჩეველს: მოდით, გვიშველეთო.
მინდა, ბიძინას ვუთხრა: მერამდენე წელი მიიწურა მას შემდეგ, რაც მოითხოვდი, მადროვეთ და იმას მიიღებს ქართველი ერი, რაც გულით უნდაო?
თანაც, თავხედურად რომ გაიძახის, დაპირების 80%-ზე მეტი შევასრულეთო…
ისემც დაგიმშვენდა ცხვირი! და კიდევ _ ყველა დაპირება ერთი წონისაა?
სადაა მთავარი, სად? სადაა საწარმოები? სოფლის მეურნეობა? ერგნეთში უზარმაზარი სავაჭრო ჰაბი? პოლიტიკიდან განდევნილი ნაცები? აღდგენილი სამართალი?
დღე არ გავა, არ წავიკითხო, ჩამოსული ემიგრანტები რას წერენ სურსათის, საწვავისა თუ წამლების ფასებზე. გაკვირვებულნი არიან, რამხელა დანამატით აზის კისერზე ხალხს შენთან სულიერად მონათესავე ბიზნესმენთა არმია.
ბიძინა, საშოვარზე, უფრო ზუსტად, იალაღზე მიშვებული იმიტომ გყავს ეს ხალხი, რომ: 1. შავი წილი მოაქვთ; 2. ასე ინარჩუნებ მათ პოლიტიკურ ლოიალობას, რათა იმოურავო აქ; 3. ან, უბრალოდ, გკიდია, საერთოდ.
თუ მაიდანს _ სახელმწიფო გადატრიალებას, გადავურჩით, ძველი სცენარით განვითარდება მოვლენები _ ხალხი საკუთარი თავის დასაცავად გამოვა და, რადგან მეთაური სჭირდება, ასეთი იქნება ის კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც ბიძინას “ოცნების” მიერ არის შერისხული და რომლის გამორჩეული აქტივისტი ბიჭები ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული.
ბიძინა, ერთი ეჭვი და, შენი ხელის ბიჭები “ოცნებიდან” რწყილებივით დაიწყებენ უკან, მშობლიურ პარტიებსა თუ მედროვეთა ნავებში, გადახტომას! გამოცვალე, სახეები გამოცვალე! წავიდა ის დრო, რაღაც მარგი რომ გამოიდნობოდა კომპრომატებით დაჭერილი მორჩილი პირებიდან. ახალ სისხლსა და ძალებს გაუხსენი ველი და მედია. დააკვირდი, ამოარჩიე, დაეხმარე ინტელექტუალებსა და წესიერ არამედროვე პერსონებს. თუ ასე მუშაობა არ იცი?! თუმცა რა გასაკვირია, თავის დროზე ხომ უსუფაშვილი და ხუხაშვილი დაიყენე გვერდით, რომლებიც ინტელექტუალები გეგონა…
2024 წელი, თუ არჩევნებამდე მივაღწიეთ, მსოფლიოსთვის დიდი გარდატეხის წელიწადი იქნება და საცოდავია ქვეყანა, რომელსაც 300-მდე პარტია ჰყავს და მათგან არც ერთი არ უქნია გამჩენს იმისთვის, რომ არჩევნებში დაამარცხოს საქართველოს დამაქცევარი ნაცები და ქოცები!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი