„ქართული ოცნება” აპირებს, სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნოს მუხლი „სამშობლოს ღალატის” შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ 2007 წელს, აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე, გააუქმა. შესაბამისი კანონპროექტის წარდგენას „ქართული ოცნება” უახლოეს დღეებში გეგმავს. 2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი განსაზღვრავდა „სახელმწიფოს ღალატს”, რომელიც მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, შეთქმულება ან ამბოხება, საბოტაჟი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ქმედება, რომლებიც “სახელმწიფოს ღალატის” ჩამონათვალში შედიოდა, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით ისედაც ისჯებოდა. მაგალითად, 308-ე მუხლით ისჯება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, 309-ე მუხლით _ ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, 310 მუხლით _ საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა და ა.შ.
დღეს „ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ ამ მუხლს პირვანდელი ფორმით დააბრუნებენ.
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, ის არ იქნება რაიმე სანქციის შემცველი. ეს იქნება იდენტური შინაარსის, როგორიც იყო მის გაუქმებამდე”, _ განაცხადა 18 თებერვალს ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, რომელიც 2007 წლის აპრილში, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
“ქართულ ოცნებას” მუხლში ერთადერთი ცვლილება შეაქვს _ “სახელმწიფოს ღალატის” ნაცვლად იქ ჩაიწერება “სამშობლოს ღალატი”.
_ სამშობლოს ღალატის მუხლი არსებობდა საქართველოს კანონმდებლობაში და ის 2007 წელს გააუქმეს “თავისუფლების ინსტიტუტის” ინიციატივით. სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღება ძალიან საეჭვოდ ემთხვევა დროში დავითგარეჯის საკითხზე მომუშავე დელიმიტაციის კომისიის მიერ გადადგმულ მოღალატეობრივ ნაბიჯს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მონაწილეობით: საქართველოს არ მიეკუთვნა ჩიჩხიტურის თხემი. ეს 2006 წელს მოხდა.
არსებობს დასაბუთებული ვერსია, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს წინასწარ ქონდათ განზრახული სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ დანაშაულის პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად, რომელსაც დავითგარეჯის გასხვისება ჰქვია.
2008 წელს იყო შემდეგი ღალატი და არ შეიძლება სამშობლოს ღალატის ეს ორი შემთხვევა დავაშოროთ ერთმანეთს ღალატის მასშტაბებიდან გამომდინარე.
_ სამშობლოს ღალატის მუხლი აღდგება. ვინ შეიძლება გასამართლდეს ამ მუხლით? კანდიდატი ბევრია, მაგრამ შეძლებენ სააკაშვილის, ზურაბიშვილისა და სხვათა ამ მუხლით გასამართლებას?
_ სამშობლოს ღალატის მუხლი რომ არ აღდგეს, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ტერიტორიების გასხვისების მარეგულირებელი ნორმა, რომლითაც შეიძლება დღეს არსებული დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა. სააკაშვილს ეს მუხლი წაყენებული აქვს უკვე გარეჯის თემაზე. რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულს, პარლამენტის საგამოძიებო კომისია მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ თანამდებობის პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი იქნება გენერალური პროკურატურის მხრიდან.
სამშობლოს ღალატი არის სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა. რა შედის ამაში, ზოგადი თემაა, გააჩნია, რას შეიტანენ კანონმდებლები ამ მუხლში. ღალატად შეიძლება ჩაითვალოს ომის ინსპირაცია, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთით ხდება. სამშობლოს ღალატია ჯაშუშობა, ქვეყნის ინტერესების დაზიანება იმ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის გზით, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის გახდა ცნობილი. როდესაც სასაზღვრო ზოლში 3600 ჰა მიწას ყიდი, რაც სააკაშვილმა გააკეთა სადახლოს გამშვებ პუნქტთან, ეს სამშობლოს ღალატია. ასევე, ჩვენ ვეღარ შევდივართ ჰუჯაბის მონასტერში, რომელიც საქართველო-სომხეთის ტერიტორიაზეა; საზღვარი დელიმიტირებული არ არის, მაგრამ ჩვენ აღარ შეგვიძლია იქ შესვლა. ესეც გამოსაკვლევია. საინტერესოა, როგორ დააკანონა სააკაშვილმა ის, რომ ჩვენ იქ ვერ შევიდეთ, რადგან მონასტერს სომხეთიდან მისასვლელი გზა არ აქვს, მხოლოდ ჩვენი ტერიტორიიდან, მარნეულიდან შეიძლება მისვლა. პირველადი გადაწყვეტილების საფუძველზე შეძლო სააკაშვილმა აზერბაიჯანული ძალების შემოყვანა ჩიჩხიტურის ფერდზე. ბევრი რამ დაფარულია სააკაშვილის ქმედებებში და ყველა დეტალი გამოსაძიებელია აუცილებლად.
ქვეყნის არსებითი ინტერესების დათმობა ქვეყნის ღალატია. ნამოხვანში მდინარე რიონის კალაპოტი გაიყიდა. ეს ქმედება ყველა კონვენციას ეწინააღმდეგება, ნონსენსია, ეს სამშობლოს ღალატია.
უნდა დაველოდოთ საპარლამენტო კომისიის გამოძიებას. მათ ახლა დაიწყეს მუშაობა და 2003-2012 წლებში ჩადენილ ყველა დანაშაულს გამოიკვლევენ: “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური პარტიის, ქმედება იყო თუ არა მიმართული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ, იყო თუ არა მიმართული ერის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახორციელებდა თუ არა ეს რეჟიმი სადამსჯელო სპეციალური ოპერაციების სერიას ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს.
_ როგორი იქნება სასჯელი სამშობლოს ღალატისთვის?
_ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი იქნება უვადო პატიმრობა…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი