კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობას იჩემებს, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და შეერთებული შტატების პოლიტიკას ატარებს – მიიჩნევენ ქართველი მართლმადიდებლები, ძირითადად, ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლები, რომლებმაც თურქეთის საელჩოსთან პიკეტი მოაწყეს.
„კითხვაზე პასუხი, თუ რატომ შევიკრიბეთ აქ, თურქეთის საელჩოსთან, ჩვენს მიერ მოტანილ პლაკატებზეა. ბართოლომეოსი, რომელიც ჩემულობს მსოფლიო პატრიარქობას, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მან საეკლესიო კანონების დარღვევით, ერთპიროვნულად მიანიჭა უკრაინის არაკანონიკურ ეკლესიას ტომოსი ანუ საეკლესიო წესდება, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. ბართოლომეოსი არის კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ბიზანტიის დედაქალაქისა, რომელიც 1453 წლის შემდეგ აღარ არსებობს და არის თურქეთის უდიდესი ქალაქი.
ასევე შეგახსენებთ, რომ პირველად ისტორიაში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, ბართლომეს სახით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაუკითხავად გამართა შეხვედრები აფხაზეთის სეპარატისტ სასულიერო პირებთან. ეს კაცი არის დიდი საფრთხე მთელი მართლმადიდებლობისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქ ილიას, მის ქრისტიანულ მეგობრობას რუსეთის პატრიარქ კირილთან და ვფიქრობთ, რომ საეკლესიო პრობლემები საეკლესიო სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა გადაწყდეს. ამ აზრს გამოვხატავთ ახლა აქ, თურქეთის საელჩოს წინ და ვეუბნებით თურქ მეზობლებს, რომ ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენ გვყავს საერთო მოწინააღმდეგეები. სწორედ “დიფ სტეიტის” ძალებს, რომლებსაც წარმოადგენს ბართოლომეოსი, სურდათ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ისინი გვებრძვიან ჩვენ, მართლმადიდებლებს. ჩვენი ეკლესია განუყოფელია და მარადჟამს ასე იქნება“ – ხაზგასმით თქვეს აქციის ორგანიზატორებმა, რომლებასაც ასეთი შინაარსის პლაკატები ეკავათ: „მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია!“, „რეალური მართლმადიდებლები და რეალური მუსლიმები მეგობრები არიან!“, „ბაიდენის საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება თურქეთის მეგობარი“ და სხვ.
აქციის წინა დღით თბილისშივე გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ბართოლომეოსის სახიფათო, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის დეტალები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები.
„სვისოტელში“ გამართულ კონფერენციაზე პოლიტოლოგიის დოქტორმა გულბაათ რცხილაძემ შეაჯამა ბართოლომეოსისადმი ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის პრეტენზიები:
„ბართოლომეოსს საერთოდ არ ჰყავს მრევლი და თავად იგი იმართება შეერთებული შტატების მიერ. ამას მოწმობს არა მხოლოდ დასავლურ მასმედიაში ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციები, არამედ თუნდაც ბართოლომეოსის ზედმეტად ხშირი შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტი უმრევლო პატრიარქს თავისი მმართველობის პერიოდში (ჯერ როგორც ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ როგორც პრეზიდენტი) 4-ჯერ ხვდება. ნუთუ აშშ პრეზიდენტს მეტი საქმე არ აქვს? მაგრამ ეს შეხვედრები მოწმობს იმას, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სწორედ ბართლომეოსის ხელით კეთდება. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თურქ მეზობლებს, რომ ასეთი პიროვნება – ბართოლომეოსი, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთის პასპორტს ფლობს ანუ თურქეთის მოქალაქეა, ვერ იქნება თურქეთის სახელმწიფოს ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. ბართოლომეოსი არის იარაღი გლობალური ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ და დაანგრიონ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა“ – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.







