Home ახალი ამბები საქართველო 425-მა ევროპარლამენტარმა გადაწყვიტა, რომ საქართველომ მათი დღის წესრიგით უნდა იცხოვროს

425-მა ევროპარლამენტარმა გადაწყვიტა, რომ საქართველომ მათი დღის წესრიგით უნდა იცხოვროს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია, დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ხელი შევუწყოთ ლგბტ პროპაგანდას და ციხიდან გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს. ისეთი განცდა გვაქვს, რომ დასავლეთი და ოპოზიცია მზად არიან, არეულობას ხელი შეუწყონ და უმართავი პროცესების მომსწრე გავხდეთ. ხომ არავისთვის არის საიდუმლო, რომ 2003 წლის მოვლენები მთლიანად დასავლეთის დაფინანსებული, მოწონებული და დაგეგმილი იყო? იმხანად  ედუარდ შევარდნაძეს ეყო პოლიტიკური გამოცდილება და, ალბათ, ასაკიც აღარ ჰქონდა ისეთი, ბრძოლა გაეგრძელებინა და სახელმწიფო გადატრიალებას მშვიდად შეხვდა, უბრძოლველად გადააბარა ხელისუფლება გუნდს, რომელმაც საკუთარ ერს გენოციდი მოუწყო. ახლა სწორედ ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას და მათ უკან ისევ დასავლეთი დგას, იგივე ხალხი, იგივე ფონდები, იგივე ჩანაფიქრი – ქართველი ერის გენოციდი. არ გეგონოთ, რომ დასავლეთს საქართველო აინტერესებდეს, უფრო ზუსტად, აინტერესებდეს მოსახლეობა, თორემ ტერიტორია, იცოცხლე! სწორედ ტერიტორიის გამოა ამდენი დავიდარაბა და ჩვენი მიწა არა ჩვენთვის, არამედ რუსეთის გასაღიზიანებლად სჭირდებათ.

გასულ კვირას 425-მა ევროპარლამენტარმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, ოპოზიციის ლიდერებსა და  ოპოზიციურ ტელეარხებს თუ დავუჯერებთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და… მეტს არც ოპოზიცია ამბობს რამეს, არც არასამთავრობო სექტორი და  არც ოპოზიციური ტელევიზიები. მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ვერ გამართა პიარის სამსახური ისე, რომ სიმართლე ყველა მოქალაქემდე თუ არა, უმრავლესობამდე მაინც მივიდეს. იმავე რეზოლუციაში საკმაო  მოცულობით ადგილი  დაეთმო იმ კანონის უკან გაწვევის მოთხოვნასაც, რომელიც საქართველოში ლგბტ პროპაგანდას, არასრულწლოვანთა გარყვნის აკრძალვას და კონსტიცუციაში დამატებითი მუხლის ჩაწერას გულისხმობს. ჯერ საკონსტიტუციო მუხლზე ვთქვათ. მოგეხსენებათ,  ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა. ახლა ამ ჩანაწერში შესწორება შედის და ის ასე ფორმულირდება: „ოჯახი გენეტიკური კაცისა და გენეტიკური ქალის ურთიერთობაა“. ეს ჩანაწერი საქართველოში შანსს უკარგავს ტრანსვისტიტებს, ბისექსუალებსა და კიდევ   გაურკვეველი სქესის ადამიანებს, შექმნან ოჯახი.  იმის გათვალისწინებით, რომ ქალად გადაკეთებულ კაცს (და პირიქით) შვილის ყოლის შესაძლებლობა არ აქვს, აიკრძალება შვილად აყვანა. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, მაგალითად, ყველაზე ცნობილ ტრანსვისტიტ კესარია აბრამიძეს არ აქვს უფლება, ოფიციალურად იქორწინოს მამაკაცთან და არ აქვს უფლება, იშვილის ბავშვი.  ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ ევროპარლამენტარების ამ მოწოდებას  საქართველოში მხარდაჭერა არ ექნება და ამიტომ კონკრეტულად ამ მიმართულებას წაუყრუეს. მერე რა, რომ აპრილის შუა რიცხვებში ლგბტ პროპაგანდისთვის ოპოზიციურმა არხებმა მილიონობით დოლარი მიიღეს, ახლა ამ თემის წამოწევა საპროტესტო მუხტის ჩახშობასა და ოპოზიციის რეიტინგის განულებას ნიშნავს, ამიტომ ეს მუხლი ევროპარლამენტართა რეზოლუციაში ვითომ არც კი წერია, არაფერს ამბობენ და ვაი, რომ ვერც ხელისუფლების წარმომადგენლები ახერხებენ იმ დონეზე ამ თემის ხმამაღლა თქმას, რომ ყველამ გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლების ცვლილების სურვილი დასავლურ ლიბერალურ ფრთას ამ მიზეზითაც აქვს – საქართველოს კონსტიტუციიდან ოჯახის ჩანაწერი უნდა ამოვარდეს და 17 მაისს იქნება თუ სხვა დღეს ლგბტ თემმა თამამად უნდა ჩაატაროს აქციაც, გასწიოს პროპაგანდაც და, რაც მთავარია, შევიდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სკოლებში. ჰო, მოსახლეობის გარყვნა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) პატარაობიდანვე უნდა დაიწყოს, რათა მერე, სრულწლოვან ასაკში, არავის გაუჩნდეს პროტესტი ლგბტ თემის წარმომადგენელთა დანახვისას.

ლამის ორი კვირაა, პარლამენტის წინ აქციები მიმდინარეობს და ჯერ არც ერთ არასამთავრობოსა თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ გაუპროტესტებია იქ კაბიანი კაცებისა და ერთმანეთს ჩახუტებული ქალების სიმრავლე, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. მეტიც, სოციალურ ქსელებში ასევე ყოველდღიურად ჩნდება ჯგუფები, რომლებშიც  ბიჭები საჯაროდ წერენ, რომ მზად არიან მამაკაცებთან ურთიერთობისთვის, სექსისთვის, გოგონებიც ეძებენ გოგო-პარტნიორს და თამარ კინწურაშვილის  ფეისბუკ-ცენზორის კანტორას აზრადაც არ მოსდის ამ გვერდების დაბლოკვა, რადგან… ფულს სწორედ მათ პოპულარიზაციაში იღებენ. ევროპარლამენტარები, თუ საქართველოსთვის სიკეთე და წინსვლა სურთ, რატომ ამბობენ, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ? ხომ ზუსტად იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე მეტი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ არა – 425-მა ევროპარლამენტარმა გადაწყვიტა, რომ საქართველომ მათი დღის წესრიგით უნდა იცხოვროს და მიიღეს რეზოლუცია, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გაქრობით იმუქრებიან. ჰო, იმუქრებიან ის ადამიანები, რომლებსაც  ორიოდე  თვეში   არც ევროპარლამენტარის სტატუსი ექნებათ და არც  გადაწყვეტილების  მიღების შესაძლებლობა, რადგან არჩევნები ევროპარლამენტში  6-9 ივნისს  გაიმართება და ევროპა ახალ ევროპარლამენტარებს აირჩევს…  ახლა კი ის, რაც არსად არავის უთქვამს და, სამწუხაროდ,  არც ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ ხმას:

წინა რეზოლუციის მიღებისას როცა ჩაიწერა, რომ  მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გაუშვან, ბრიუსელში სააკაშვილის დედა გიული ალასანია იმყოფებოდა და მერე ითქვა, ლობისტებს ქალბატონმა გიულიმ რამდენიმე მილიონი გადაუხადა ტექსტში სააკაშვილის თემა რომ შეეტანათო. ალასანია ახლაც  იმყოფებოდა ბრიუსელში და კულუარულად გვითხრეს, რომ ლობისტებს ისევ რამდენიმე მილიონი გადაუხადა და მათაც ჩაწერეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიშა უნდა გაათავისუფლოს. რა გამოდის? ვიღაცები ფულს იღებენ საქართველოს მომავლის დანგრევაში და ერთი ადამიანის მიერ გადახდილი თანხის გამო თარგს ისე  ჭრიან, როგორც სწორედ იმ ერთ ადამიანს სურს. ახლა არ თქვათ, ევროპარლამენტში მაგას არ კადრულობენო, კადრულობენ კი არა, ოფიციალურად ხომ იღებენ ლობისტები თანხებს და არაოფიციალურად კიდევ ქრთამს იჯიბავენ. სამიოდე თვის წინათ არ დაიჭირეს  ქრთამის აღების გამო  რამდენიმე ევროპარლამენტარი და შემდეგ, თითქოს არაფერი მოხმდარა, გაყუჩდნენ და ეს თემა დღის წესრიგიდან გააქრეს. ხომ საინტერესო უნდა ყოფილიყო, რეალურად რა მოხდა, მაგრამ ევროპული მედიაც გაჩუმდა და ევროპელმა პოლიტიკოსებმაც ისე მიივიწყეს ეს ისტორია, თითქოს არც მომხდარა.

პროცესები გადამწყვეტ ფაზაში რომ  შევიდა, საპატრიარქოს პოზიციიდანაც კარგად ჩანს. თუ აქამდე საპატრიარქო ცდილობდა, მინიშნებით ეთქვა სათქმელი, ახლა პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად აზროვნებს, რომ მამული, ენა, სარწმუნოება არის ამოსავალი წერტილი და მისი შეცვლა არ შეიძლება. არასამთავრობოებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა კი „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის, ლოზუნგი აიტაცეს: „მამული, ენა, ერთობა“. ისე, თაბაგარის არასამთავრობო უზარმაზარ თანხებს მიიღებს, რადგან მისი წევრები ყოველ საღამოს რუსთაველზე მომიტინგეთა ავანგარდში დგანან და დასავლელი პარტნიორებისა და ფონდების ელექტრონულ ფოსტაზე ყოველ საღამოს მიდის მათი „უშიშრობისა“ და „თავდადების“ ამბები. სამწუხაროდ, ესეც ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა არავინ საუბრობს.

მოკლედ, ევროპარლამენტმა  მიიღო რეზოლუცია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში უნდა შევცვალოთ  კონსტიტუცია, დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ხელი შევუწყოთ  ლგბტ პროპაგანდას და ციხიდან გავათავისუფლოთ  მიხეილ სააკაშვილი. პრაქტიკულად ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ქვეყნის მართვაზე და სადავეები გადასცეს ოპოზიციას,  კონკრეტულად კი –  სააკაშვილს. ჰო, დასავლეთს  სურს,  საქართველოს ხელისუფლების სათავეში ისევ მიშა იხილოს,  ამის ხმამაღლა გაცხადებასაც არ ერიდებიან და ზუსტად იციან, მისი დაბრუნების შემთხვევაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება დროის ამბავია. სანაცვლოდ გახსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირში მიღებაზე, გვეტყვიან, რომ დავუახლოვდით ნატოს და ამასობაში ერთგულების დასამტკიცებლად სააკაშვილი რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნის. მერე რა, რომ ამ ყველაფერს მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება და ომის დაწყების პირველი წუთიდანვე მარცხისა და განადგურებისთვის ვიქნებით განწირული, მთავარი ხომ დასავლეთის აზრი იქნება.

ეს აღარ არის მინიშნებებითა და შეფარვით საუბარი. ევროპა ევროპარლამენტარების ხელით გადამწყვეტ იერიშზე გადმოვიდა.  ამ მოწვევის ევროპარლამენტმა კარი გაიჯახუნა, დაგვიბარა ის, რაც საქართველოს დაღუპავს და აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ იდგა ამის უკან – ბებერი კუბილიუსი  თუ ფოტიგა. მთავარია ის, რაც რეზოლუციაში ჩაწერეს, და ხელი საქართველოს გაწირვას მოაწერეს. რატომღაც გვგონია,  ხელისუფლებამ მათი ნების აღსრულება რომ მოინდომოს, ხალხი არ დაანებებს, ის ხალხი, რომელმაც სააკაშვილის მმართველობა საკუთარ თავზე ერთხელ უკვე იწვნია და მეორედ ამის სურვილი აღარასოდეს ექნება.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                               

1 COMMENT

  1. ამჟამინდელი კანონპროექტი კი, გარდა შინაარსობრივი ხარვეზებისა, სხვაგვარ ეჭვებსაც აღძრავს. არ არის გამორიცხული, რომ მისი ხელახალი განხილვა ხელისუფლების დასამხობ–ასაყირავებლად დაფინანსებული ასო–ების დასარაზმავად, მათი პროვოცირების მიზნით „მოგვაფიქრებინეს“ გარედან. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ძნელი დასაჯერებელია, შარშან მარტში შიშისაგან ფერწასულ ხელისუფლებას წელსაც იმავე ნაბიჯის გადადგმა გაებედა. რამე შეიცვალა ამ ერთ წელიწადში პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით? არც არაფერი! კანონი უდავოდ საჭიროა, მაგრამ ხელისუფლება ხომ არ შეცვლილა? ააა, ივანიშვილი გამოგვეცხადა მესამედ (!) და უფრო გულადები გავხდით….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here