Home ახალი ამბები საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში ორ თვეში ამოგვეწურება ხორბლის მარაგი, ვერსად გავყიდით ღვინოს,...

რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში ორ თვეში ამოგვეწურება ხორბლის მარაგი, ვერსად გავყიდით ღვინოს, ხილსა  და სხვა პროდუქტებს…

არაერთხელ გექნებათ მოსმენილი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადება, რომ  საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს, იქ არაფერი გაყიდოს და, რაც მთავარია, არც რუსეთიდან შეიძინოს რამე. საბედნიეროდ, ამჟამინდელ ხელისუფლებას ჰყოფნის ჭკუა, დასავლეთის ამ მოწოდებას არ აჰყვეს და რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ქართულ ეკონომიკას განაჩენი  არ გამოუტანოს. განსაკუთრებით ბალტიისპირელი პოლიტიკოსები აქტიურობენ, აქაოდა, როდემდე უნდა იყოთ ჩამოკიდებული რუსეთზე, აგერ, ევროპას რამხელა ბაზარი აქვსო.

„არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველო არ უერთდება სანქციებს და მთავარ ბაზრად კვლავ რუსეთი მიაჩნია. ეს ევროპული გზისკენ საქართველოს წინსვლას საგრძნობლად აფერხებს“,- ეს  განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს ეკუთვნის, კაცს, რომლის პარტიაც ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდა, ლიეტუვაში ახლა ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდის და ლანდსბერგისი უმუშევარი დარჩება.

ვთქვათ, ქართულმა მხარემ დაუჯერა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დაუჯერა სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც და დაუწესა რუსეთს სანქციები… ზუსტად ორ თვეში ამოგვეწურება ხორბლის ის მარაგი, რომელიც სწორედ რუსეთიდან შემოვიტანეთ და პურის პრობლემა დაგვიდგება, ანუ აღარ გვექნება ფქვილი, რომლითაც პურ-ფუნთუშეულის წარმოებას მოვახერხებთ;  ვერსად გავიტანთ და  გავყიდით ქართულ ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან ყველა მცდელობა  ევროპული თუ ამერიკული ბაზრის დაპყრობისა კრახით დასრულდა. აღარაფერს ვამბობთ ხილზე. 

მოდი ვნახოთ პროდუქტების ხუთეული, რომლებიც რუსეთში ყველაზე დიდი ოდენობით გაიყიდა მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში:

ყურძნის ნატურალური ღვინოები161,2 მლნ დოლარი, სპირტიანი სასმელები128.8 მლნ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები შაქრის დანამატების გარეშე68,1 მლნ დოლარი, წყლები, მინერალურისა და გაზიანების ჩათვლით შაქრის შემცველობით53.4 მლნ დოლარი, ფეროშენადნობები – 32,2 მლნ დოლარი.

იმავე პერიოდში რუსეთიდან შემოტანილი პროდუქციის ტოპ-ხუთეული ასეთია:  ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 438,2 მლნ დოლარი, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 122 მილიონი დოლარი, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან შემდგომი დამუშავების გარეშე – 82,5 მლნ დოლარი, ხორბალი და მესლინი – 62.8 მლნ დოლარი, კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან – 39 მლნ დოლარი.

 და ეს არის მხოლოდ ხუთეული, თორემ წვრილი აღებ-მიცემობა,  10-20 მილიონი დოლარის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. ისე, რუსეთი გასულ წელს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე იყო (პირველი თურქეთია) და საერთო ჯამში ნავაჭრმა ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთის მეორე ადგილი უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირებამ განაპირობა. ჩრდილოელი მეზობელი, საყოველთაო საქნციების ფონზე, პროდუქციას თამამად ვერ ყიდის, შიდა მოხმარებისთვისაც ბევრს იტოვებს და, როცა კონფლიქტი დასრულდება, გვერწმუნეთ, რუსეთი პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით იქნება. ჰოდა, ხომ ხვდებით, რა მოხდება, სანქციები რომ დავაწესოთ,  არც არაფერი გავიტანოთ და არც შემოვიტანოთ? ეკონომიკური კრიზისი ყველაზე რბილი სიტყვაა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, თუმცა… მოდი, ისევ ლანდსბერგისს დავუბრუნდეთ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი  კარგად უნდა აცნობიერებდეს, რა ძნელია ევროპულ და განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე ფეხის მოკიდება, ამიტომ ბალტიისპირელებისთვისაც ერთ-ერთ უმთავრეს ბაზრად სწორედ რუსეთი რჩება. როგორ გგონიათ,  ლიეტუვა შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს? ბალტიისპირელებმა ოფიციალურად  ეს გააკეთეს და ლანდსბერგისი ამით ამაყობს კიდეც, მაგრამ… გასულ წელს ლიეტუვამ რუსეთში იმაზე მეტი ღვინო გაყიდა, ვიდრე საქართველომ. ხომ ხვდებით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ლანდსბერგისიც და, ზოგადად, ყველა იმას კი არ ცდილობს, საქართველო  ევროპულ რელსებზე დასვას, არამედ მათ  სურთ,  საქართველო თამაშიდან გაიყვანონ, ეკონომიკა თავზე დაამხონ და ამით ორ კურდღელს ერთდროულად დაიჭერენ – საკუთარ პროდუქციას უფრო იოლად  გაყიდიან და პლუს, ქართული ეკონომიკა რომ გადარჩეს, ფულის სამათხოვროდ ისევ დასავლეთს უნდა მიადგეს. ჰო, ლიეტუვა, რომელიც ყველას უმტკიცებს, რომ სანქციებს შეურთდა, რომ რუსეთი არა მხოლოდ მათი, არამედ  მსოფლიოს მტერია, სწორედ რუსეთში ყიდის საქართველოზე მეტ ღვინოს და ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობს.  ლიეტუვა მალავს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა არ გაუწყვეტია და რეკორდულ მასშტაბებზე გავიდა, მაგრამ როგორ დავიჯეროთ, რომ ამის შესახებ არ იცის არც ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და არ იციან ამერიკაში?! მით უმეტეს, ევროპარლამენტი სავსეა ბალტიისპირელი დეპუტატებით და პირში ყველას წყალი აქვს ჩაგუბებული. რატომ?  იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რუსეთს სანქციები მართლა რომ დაუწესონ, მათი ეკონომიკა ჩამოიშლება და ამიტომ, ურჩევნიათ, სხვას მიუთითონ, სხვა დაარიგონ, როგორ მოიქცნენ ისე, რომ ქვეყანა ჩამოშალონ და, რაც მთავარია, ამ ჩამოშლით თვითონ ისარგებლონ.

საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მკაფიოდ თქვეს, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან, მაგრამ ისინი, ლიეტუველი პოლიტიკოსების მსგავსად, ხმას არ იღებენ იმ რეალურ ციფრებზე, რომლებსაც ვერსად გავექცევით. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა არა მხოლოდ  მომგებიანია, არამედ სწორედ რუსეთიდან შემოდის უზარმაზარი თანხები, რომლებსაც იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები აქ  ნათესავებს უგზავნიან. ახლახან საერთაშორისო სააგენტოებმა სიამაყითა და ყიჟინით გვამცნეს, რომ  უმსხვილესმა ბრიტანულმა ბანკმა რუსეთიდან და ბელარუსიდან გზავნილების მიღება შეწყვიტა, ანუ ბრიტანეთში რუსეთიდან და ბელარუსიდან თანხები ვეღარ გადაირიცხება. ბანკის გადაწყვეტილებას ტაში დაუკრეს, მაგრამ გამოვიდა ექსპერტი და თქვა, რომ, თუ აღნიშნულ ბანკს მართლა პატრიოტული სურვილი ამოძრავებდა, ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა, ახლა კი აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან გზავნილები შეუმცირდა და იმ დონეზე დავიდა, რომ გაუქმებით, პრაქტიკულად, არ იზარალებს. შემცირება კი იმან გამოიწვია, რომ  რუსეთისა და  ბელარუსის მოქალაქეები ევროპულ ბანკებს აღარ ენდობიან;  ურჩევნიათ, თანხა საკუთარ ქვეყანაში შეინახონ, იმ ქვეყანაში, რომელსაც სამი წელია, ლამის მთელი მსოფლიო  ებრძვის და ვერაფერს უხერხებს. სამაგიეროდ, სანამ მათ მიმართ ნდობა არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, თანხები ირიცხებოდა და ყველა ბედნიერი იყო, ახლა კი…

რუსეთიდან გასული ევროპული და ამერიკული კომპანიების უდიდესი ნაწილი უკან დაბრუნდა, ოღონდ ჩუმად. შორს წასვლა რად გვინდა: აგერ, თემურ ჭყონია ყოველდღე რუსეთის ლანძღვაშია, მტერს და დიქტატორულ სახელმწიფოს ეძახის, მაგრამ რუსეთის ყველა სუპერმარკეტში „კოკა კოლა“ ქართული წარწერებით იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭყონიასთვის რუსულ ფულს სუნი არ აქვს. ხომ არის ღირსი ბატონი თემური, ქართული „კოკა კოლა“ რუსებმა, უბრალოდ, აღარ მიიღონ? აი, მერე ატყდება ერთი ამბავი: ხომ ვამბობდით, ბაზარი არასტაბილურიაო. მტრად შერაცხავენ ჩრდილოელ მეზობელს, მაგრამ ახლა, როცა უპრობლემოდ ყიდის და მილიონებს შოულობს, მაინც მტერია და მაინც არ მოსწონს…

ახლა მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკის ახლარჩეულ პრეზიდენტს რუსეთთან. არადა, დონალდ ტრამპი პირველი ვადის დროს რუსეთის მიმართ აგრესიულად არ იყო განწყობილი და ახლაც პირობა აქვს დადებული, ომს დავასრულებო. იქით კი ვოლოდიმირ ზელენსკი ყვირის: მე რაღაცების დათმობის სანაცვლოდ სამშვიდობო აქტს ხელს არ მოვაწერო… მაგრამ ყველაზე მარტივად სწორედ მისი პრობლემა მოგვარდება – აშშ  იარაღსა და ფულს აღარ მიაწვდის ბატონ მასხარას და ომი თავისთავად დასრულდება. ზელენსკი ტყუილად არ გვიხსენებია, დღემდე უკრაინასაც კი არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, ჩრდილოელ მეზობელს  შეეშვითო. იმ უკრაინას, რომლისგანაც მხოლოდ სახელი დარჩა, და დასავლეთის ნებას აყოლილმა მისმა პრეზიდენტმა ქვეყანა კარტოფილის დასათესად გამზადებულ მიწას დაამსგავსა. რატომ არ უბნება იგივე დასავლეთი უკრაინას, სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტე, რუსეთიდან ნურაფერს ყიდულობ, ჩვენ მოგაწვდითო? იმიტომ, რომ ეს არარეალურია, ვერ მიაწვდიან, არ მიაწვდიან და ამიტომ უკრაინა იძულებულია, რუსეთს უკანა კარიდანაც ელაპარაკოს. ნელ-ნელა, მაგრამ  მტკიცედ მივდივართ იქით, რომ ყველაფერს თავისი სახელი  დაერქვას  და ამ პროცესის დასრულების შემდეგ  საქართველო აუცილებლად გამოჩნდება სახელმწიფოდ, რომელმაც უდიდესი წმეხის მიუხედავად, ღირსება და სუვერენიტეტი შეინარჩუნა.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here