Home ახალი ამბები საქართველო წინ, ეშმაკისკენ, ველოსიპედებითა და ბეჰემოთებით!

წინ, ეშმაკისკენ, ველოსიპედებითა და ბეჰემოთებით!

აღდგასტებისა და აღსდგასტების დღესასწაული

700
დავით აღმაშენებლის ძეგლი, 1997 წ. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

საქართველოში .. ისტობა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვის მარქსისტების გამოჩენით იწყება. მარქსისტობა რომ გადავარდა, ზვიადისტები გამოჩნდნენ. ზვიადისტების კვალდაკვალ მიშისტები მომრავლდნენ და აღარ თავდება ქვეყანაში ამისტობაიმისტობის ციებცხელება.

ბოლო პერიოდში საქართველო სულ სხვა ნიშნით დაიყო ორ ნაწილად: აღდგომის დღესასწაულზე ერთნი გაიძახიან, რომ ქრისტე აღდგა; მეორენი ამტკიცებენ, რომ ქრისტე აღ()დგა. ამ ერთმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გრამატიკულმა დეტალმა ქართველი ხალხი ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპიროს ერთმანეთს: აღსდგა კი არა, აღდგა; აღდგა კი არა, აღსდგა! – გაისმის მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგიდან. ისეთი ავტორიტეტიც არ ჩანს, რომ ან “აღდგას” დაუჭიროს მხარი, ან “აღსდგას” და საქმე ამით დასრულდეს. ავტორიტეტი ვერც გამოჩნდება, რადგან ახლა ავტორიტეტების ეპოქა არ არის, ხალხის (მასის) ეპოქაა, სოციალური ქსელების ეპოქაა. ახლა პედაგოგების საქმიანობისა და კვალიფიკაციის შემფასებლებად პირველკლასელები გვევლინებიან, პროფესორების კრიტიკოსები კი პირველკურსელები არიან, ამიტომ საკითხი ვერც ქართული ენის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ვერც საეკლესიო იერარქებმა და ვერც მწერლებმა. გრამატიკის სპეციალისტებმა თქვეს, რომ ამიტომ, ამიტომ და ამიტომ “ს” სრულიად ზედმეტია, რის გამოც უნდა გამოვთქვათ და ვწეროთ “აღდგა”. ჩვენმა დიდებულმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა კი ამ საკითხზე ერთი უცნაური (როგორც სჩვეოდა), მსჯელობა დაგვიტოვა თავსატეხად:

“- აბა, დაფიქრდით და მითხარით: რამდენპირიანი ზმნაა  აღუდგინა? – ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.

– სამპირიანი, – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი, – აღუდგინა მან მას ის.

– მართალია, მაგრამ, თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!

– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს.

– უფრო მოკლედ, – არ ვეშვები.

– აღიდგინა სიცოცხლე.

– კიდევ უფრო მოკლედ?!

– აღიდგინა…

– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვათ, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..

– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია, – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი

– აღსდგა.

– აღდგა?

– არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ, თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა). ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმასა და კანონზე მაღლა დააყენა..

– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ ვერ ვხვდები,  ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა), ამიტომ არ ვიმჩნევ..

 – დიახ, დიახ, ჭეშმარიტად აღსდგა!”

საოცარი მსჯელობაა, მაღალი ლიტერატურული გემოვნება, მაღალი ხელოვნება და ენის ნიუანსებრივ სიღრმეებში წვდომის უდიდესი ნიჭი, რომელიც ნებისმიერ გრამატიკულ ნორმაზე მაღლა დგას ყოველთვის. თუმცა… საქმეს არც დოჩანაშვილის ავტორიტეტმა უშველა. აღსდგა… აღდგა, აღდგა… აღსდგა, – კვლავ ხოცავენ ერთმანეთს ქართველები, რომლებსაც, გრამატიკა კი არა, თვით აღდგომაც და მთელი მისი საკრალურობაც ფეხებზე ჰკიდიათ. ბედნიერები მხოლოდ იმ დროს არიან, როდესაც კამათობენ, ჩხუბობენ და ერთმანეთს ხოცავენ.

მთელი კვირა ლანძღეს და ათრიეს, სულ უვიცი და უწიგნური უძახეს ერთმანეთს. აღდგომამ ჩაიარა, მაგრამ “აღდგა-აღ(ს)დგას” ალიაქოთი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა.

რა გზას ადგას საქართველო?

ეს რთული შეკითხვა აქ უადგილოდ არ ამოვარდნილა და არც მხოლოდ “აღდგა-აღ(ს)დგასთან” დაკავშირებული ფსიქოზის გამო არ დამისვამს. ამ შეკითხვის დასმისკენ საზოგადოების გაღიზიანებისა და პოლარიზაციის საგანგაშოდ მაღალმა ხარისხმა მიბიძგა. ქვეყანა სიძულვილითაა გაჟღენთილი. ეს შემთხვევით და თავისთავად არ მომხდარა. ეს გარეშე ძალების ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ქვეყანაში სიძულვილის ატმოსფეროს შესაქმნელად გამოყენებულია პოლიტიკა, საგარეო ორიენტაცია, ცალკეული საერო და საეკლესიო ავტორიტეტები, ესა თუ ის ვითარება  და მრავალი სხვა (აღდგა-აღ(ს)დგაზე უკვე მოგახსენეთ, ზვიადისტებსა და მიშისტებზეც გითხარით, საგარეო ორიენტაციაც – რუსეთი თუ დასავლეთი, ვახსენე, შემიძლია ე.წ. ვაქსერები და ანტივაქსერები ან პანდემია და სააღდგომო ზიარების გამო ატეხილი დავიდარაბაც შეგახსენოთ). ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა, ნებისმიერი საზოგადოებრივი პოლემიკა საქართველოში უკიდურესობამდე მიდის და ერთმანეთთან რადიკალური დაპირისპირების ფორმას იძენს. რა გზაა ეს – გაგების? შემწყნარებლობის? მიტევების? ჰუმანიზმის? სიყვარულის? არა ეს საპირისპირო გზაა – ბოღმის, გაუტანლობის, შურის, ჩასაფრებისა და სიძულვილის, ანუ ეს არ არის ღმერთისკენ სავალი გზა, ეს ეშმაკისკენ სავალი გზაა. ქართულ ცნობიერებასა და ყოფიერებაში სხვადასხვა გზებითა და არხებით შემოაღწია ეშმაკმა და, რამდენიც უნდა ვიწეროთ პირჯვარი, ღმერთისთვის ზურგი გვაქვს ნაქცევი, ჩვენდა სამწუხაროდ:

*  მართლმადიდებლები ვართ და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებას ვუჭერთ მხარს;

*  მართლმადიდებლები ვართ და უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას ვუდგავართ მხარში ყველგან, სადაც სიტყვა გვეთქმის;

*  მართლმადიდებლები ვართ და მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტერს (აშშ) სტრატეგიულ პარტნიორად ვაღიარებთ;

*  მართლმადიდებლები ვართ და მსოფლიო მართლმადიდებლობის ციტადელის (რუსეთი) მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკის (ნატო) წევრობის პერსპექტივა კონსტიტუციაში გვიწერია.

არ არის ეს ღმერთის გზაზე დგომა, ეშმაკის გზაზე დგომაა ეს!

კიდევ ერთი საკითხი: დიდძალი და  დანაშაულებრივი ფული ტრიალებს საქართველოში. ეს ფული არ ემსახურება საყოველთაო აღმშენებლობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას. ეს ფული დეზინფორმაციის, სიცრუის, ფარისევლობის, საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და სოციალური დისკრიმინაციის სამსახურში დგას. ეს ფული სხვა სახელმწიფოთა სამსახურში დგას, რადგან მათი “მეხუთე კოლონის” გაძლიერებასა და მათი რუპორი მედიის მომრავლებას ხმარდება. ეშმაკის ნამოქმედარია ეს ყველაფერი, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ისიც, რომ ტელეეკრანებიდანაც ეშმაკი გველანდება და გვეცხადება ყოველდღიურად. იგი განკარგავს ე.წ. შოუბიზნესს, მან დაიკავა ემოციური თვალსაზრისით თითქმის ყველა სტრატეგიული წერტილი, რომლიდანაც საზოგადოებრივი მსოფლშეგრძნების გავლით საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა ყალიბდება – მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა…

„ველოსიპედი,“   2011 წელი. მოქანდაკე ჟან დუპა

ეშმაკი იქაც არის, სადაც აზრადაც არ მოგვდის მისი ყოფნა. თბლისში, რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ქანდაკება რას გამოხატავს და რისი სიმბოლოა, თუ იცის ვინმემ? სასტუმრო “ივერიის” წინ დავით აღმაშენებლის ძეგლი (ავტ. მერაბ ბერძენიშვილი) რომ იდგა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის  პერიოდში მოხსნეს, დიღომში წაიღეს და პირდაპირ შარაგზაზე გამოდგეს. მის ადგილზე კი ველოსიპედის ქანდაკება შემოდგეს. ამ ადგილზე ამ “ძეგლის” არსებობას ვერც ახსნას და ვერც გამართლებას ვერავინ მოუძებნის, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ისეთი ფარული ძალა იცავს, რომ  წლების განმავლობაში ხელუხლებლად დგას. რატომ?

ბერლინში ცხოვრობს ერთი საინტერესო ადამიანი –  დიტრიხ სენფი, რომელიც უცნაურ ამბავს ყვება:

–  დიდხანს ვიყავი დაკავებული პროფესიული ველოსპორტით, ვმონაწილეობდი მსოფლიო დონის მრავალ შეჯიბრებაში. მოგებული მაქვს მრავალი თასი და მიღებული მაქვს მრავალი ჯილდო. სპორტიდან წასვლის ასაკმა როდესაც მომიწია, მივხვდი, რომ ველოსიპედის გარეშე არსებობა გამიჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, სხვადასხვა სახის ველოსიპედი შემექმნა, ანუ “ველოსიპედის გამომგონებლად” ვიქეცი, სახელად კი ეშმაკი დავირქვი. ეშმაკი რაც არის, ნებისმიერი პროფესიონალი ველოსიპედისტი გეტყვით. ჩვენს ენაზე ასე ეძახიან წითელ, სამკუთხა ვიმპელს, რომელსაც ველოტრასის იმ ადგილზე გამოჰკიდებენ-ხოლმე, რომლიდანაც რბოლის ბოლო კილომეტრი იწყება. სწორედ ამ მომენტიდან ელით ყველაზე მძიმე გამოცდა სპორტსმენებს, რის გამოც ვიმპელს ეშმაკი შეარქვეს, ეშმაკი, რომელიც ერთბაშად აღიმართება ველოსიპედისტის წინაშე. მე გადავწყვიტე, იმ ეშმაკად ვქცეულიყავი, რომელიც მუდმივად იქნება დაკავშირებული ველოსიპედთან. იმ დღიდან ეშმაკის ტანსაცმლითაც შევიმოსე. ჩემს მუზეუმში თავმოყრილია ყველაზე დიდი რაოდენობა ეშმაკებისა (ვიმპელები), რომლებიც სხვადასხვა ველორბოლების დროს გამოუყენებიათ.

არ ვიცი, დიტრიხ სენფის ისტორია უკავშირდება თუ არა თბილისის ცენტრში დადგმულ ველოსიპედის ძეგლს, მაგრამ, ეს ორსაჭიანი ურჩხული მართლაც ეშმაკს რომ წააგავს რაღაცით, უდავოა. ვიღაცამ შესაძლებელია იფიქროს: ამ უწყინარ სატრანსპორტო საშუალებას რას გადაეკიდეო, მაგრამ მე სწორედ იმას მოგახსენებთ, რომ იგი ველოსიპედისთვის კი არა, ეშმაკის მიერ ეშმაკისთვის დადგმული ძეგლია, თანაც დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილზე. ეშმაკის თაყვანისმცემელმა ძალამ მოგვახვია ეს ძეგლი თავს და იგივე ძალა არ გვანებებს მისგან განთავისუფლებას.

ბეჰემოთ ბეგის ძეგლი, 2022 წ. მოქანდაკე ერეკლე წულაძე

ჩემმა საუბარმა ასეთი მიმართულება რაკი მიიღო, თქვენი ნებართვით, ერთ ანალოგიურ ისტორიასაც შეგახსენებთ: 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა ნამდვილი ტრაგედია იყო საქართველოსთვის, რომელსაც ადამიანებთან ერთად ზოოპარკის ბევრი ბინადარიც შეეწირა, რომლებიც თბილისის ქუჩებში აღმოჩნდნენ. გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოთმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ადამიანებს საფრთხე რომ არ შეჰქმნოდათ, ზოოპარკიდან გამოქცეულ მტაცებელ ცხოველებს, როცა სხვა გზა არ იყო, ხოცავდნენ. ქუჩაში მოკლულმა შუმბამ (ლომის ბოკვერი), რომელიც მისი სილამაზის გამო მთელ თბილისს უყვარდა, მრავალი ჩვენი თანამემამულე აატირა. ამ ტრაგედიის აღსანიშნავად 2022 წლის 13 ივნისს თბილისში (პარკიმზიური“) ბეჰემოთის (ბეგი) ქანდაკება გაიხსნა: “გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეგის ფოტოები  მსოფლიოში გავრცელდა. სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდება – ჰიპოპოტამი გახდეს თბილისის სიმბოლო! სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ ამ ცხოველის უკვდავყოფა გადაწყვიტა”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. კარგი და პატიოსანი, მაგრამ იმ საშინელ ტრაგედიას ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ადამიანების ხსოვნის უკვდასაყოფად აუცილებლად ცხოველის ქანდაკება თუ უნდა აღმართულიყო, იმ საშინელ დღეს ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი დაიხოცა და მათ შორის რატომ შეირჩა მაინცდამაინც ბეჰემოთი?

ბეჰემოთისთვის ქანდაკების დადგმის იდეა როდესაც გახმოვანდა, ამ საკითხზე საუბარი მქონდა აწ განსვენებულ აკადემიკოს მერაბ მერაბიშვილთან, რომელიც უდიდესი მოქანდაკე იყო. მას სიცილი წასკდა: -ბეჰემოთი ორი კარტოფილია, დიდი და პატარა. მისი სხეული უინტერესოა მხატვრისთვის, რადგან ესთეტიკას არის მოკლებული. მასში ხელოვანი ვერაფერ ისეთს ვერ ჩააქსოვს, რაც რაღაცის სიმბოლოდ გამოდგება’’, – მითხრა მან. მერაბ მერაბიშვილი მრავალი საინტერესო ძეგლის ავტორია. ერეკლეს (თელავი), ალექსანდრე გრიბოედოვის (თბილისი), პეტრე ბაგრატიონის (თბილისი, მოსკოვი), შოთა რუსთაველის (ბუდაპეშტი) და სხვა მრავალი შედევრის ავტორის აზრისა და ჯანსაღად მოაზროვნე სპეციალისტთა პოზიციის მიუხედავად, მაინც ჩათვალეს, რომ ხელოვნების თვალსაზრისით მეტისმეტად საეჭვო ეს იდეა უნდა განხორციელებულიყო. ახლა უკვე გვაქვს ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც რაღაცით ჰგავს “ივერიის” წინ აღმართულ  ველოსიპედის ქანდაკებას, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კემერონის ერთ ნათქვამს მახსენებს: “ბებიაჩემს ბორბლები რომ ჰქონდეს, ველოსიპედი იქნებოდა”. ეს ნათქვამი ჰუმანურობის ნიმუშად ვერ ივარგებს, მაგრამ სარკაზმის ნიმუშად, დიახაც, გამოდგება. ველოსიპედისა და ბეჰემოთის ძეგლები, გარდა სიმახინჯისა, კიდევ ერთი ნიშნით ჰგავს ერთმანეთს – ეშმაკთან წილნაყარობით. საქმე ისაა, რომ უძლიერეს დემონთა ჩამონათვალში ბეჰემოთი საპატიო ადგილს იკავებს. იგი, როგორც სატანის სახე, მოხსენიებულია აზაზელისა და ბელზებელის გვერდით. ბულგაკოვის რომანშიოსტატი და მარგარიტავოლანდის (სატანა) კატას ბეჰემოთი ჰქვია.

ჰოდა, საკითხავია:

ვის სურს ასე ძალიან, რომ თბილისს (საქართველოს) მოხერხებულად შემოაპაროს ეშმაკის ხატება, ან რატომ ვერ ხვდებიან ამას დედაქალაქის, თუ გნებავთ, სახელმწიფოს ხელმძღვანელები?

ეს არ არის სასხვათაშორისო საკითხი. ბრწყინვალე მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის უკანასკნელი ქმნილება “დავით აღმაშენებელი”, რომელიც ქართული ქანდაკების პრინციპებზე შექმნილი ულამაზესი ძეგლია უდიდესი მეფისა, მოქანდაკის გარდაცვალების შემდეგაც სახელოსნოში რჩება, ვინაიდან დღევანდელ საქართველოში მერაბიშვილების დინასტიის (მერაბ მერაბიშვილი უდიდესი მოქანდაკის – კოტე მერაბიშვილის შვილია. კოტე მერაბიშვილი არის ავტორი შოთა რუსთაველის ულამაზესი ძეგლისა, რომელიც რუსთაველის მოედანს ამშვენებს. საზოგადოდ, კოტე მერაბიშვილის შექმნილია რუსთაველის სახე) ეს უკანასკნელი შედევრი არავის აინტერესებს, ალბათ, იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელი ღმერთთან იყო წილნაყარი და არა ეშმაკთან. ერთიდავით აღმაშენებელიმოგლიჯეს თბილისის ცენტრიდან და გაარიდეს  ქალაქს, მეორედავით აღმაშენებელსსაერთოდ ჩაუკეტეს ხალხთან მისასვლელი გზა, სამაგიეროდ თბილისურ (ქართულ) სივრცეს ველოსიპედისა და ბეჰემოთის მსგავსი ჯართებით ავსებენ, რათა მომავალი თაობა, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს აზიარონ, ეშმაკის თაყვანისცემას მიაჩვიონ.

ვალერი კვარაცხელია                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here