Home ახალი ამბები საქართველო წელს სოფლის მეურნეობის არაერთ პროდუქტზე  მოსაკრებელი დაწესდება და გლეხები თავიანთ  ნაშრომს  მარტივად...

წელს სოფლის მეურნეობის არაერთ პროდუქტზე  მოსაკრებელი დაწესდება და გლეხები თავიანთ  ნაშრომს  მარტივად ვეღარ გაყიდიან; 2025 წლიდან კი,  გლეხმა კვერცხი რომ გაყიდოს, ავტორიზაცია უნდა ჰქონდეს გავლილი

საქართველოს სურს, ნამდვილი დამოუკიდებლობა მოიპოვოს, დასავლეთი ამის შესაძლებლობას არ აძლევს და ხელისუფლებამაც იცის, რომ გაბზარულის გატეხვა ჯერ ადრეა, ჯერ ვერ მოახერხებს დამოუკიდებლად არსებობას და ამიტომაცაა, უნდა თუ არა, ევროპულ რეგულაციებს რომ ნერგავს

287

რამდენიც უნდა ვატრიალით სტატისტიკა, შედეგი მაინც ერთი გვაქვს – საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ჭარბი პროდუქციის უმეტესობას რუსეთი ყიდულობს (დაახლოებით 80%-ს), 15%-ს ითვისებენ სხვა  პოსტსაბჭოთა ქვეყნები, დანარჩენი 5% კი ამერიკასა და ევროპა-აზიის ქვეყნებზე ნაწილდება. რეალურად, ევროპას საქართველოდან პროდუქციის 2% ძლივს გააქვს. ამის მიუხედავად, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე მსხვილი კომპანიების მფლობელები ყოველთვის  ამბობენ, რომ ევროპული ბაზრის ძიებაში არიან და იმედოვნებენ რომ პროდუქციის უდიდეს ნაწილს სწორედ იქ გაყიდიან.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს თავის რჩენა მხოლოდ „ბორჯომით“,  მარგანეცითა და ჩაით შეეძლო, შემდეგ საქართველოს მხსნელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო, შემდეგ _ ბაყაყები, „მამალი ძროხები“, შავი მოცვი…  მერე ეს ყველაფერი თაფლმა ჩაანაცვლა, თურმე ქართული თაფლის ბადალი არ მოიძებნებოდა და… ყველა შემთხვევაში, ევროპულ ბაზარზე ახალ-ახალ რეგულაციებს ვაწყდებოდით და რაიმეს წარმოება აზრს კარგავდა. უფრო ზუსტად კი, როცა ქართული თაფლი გაიყიდა, ევროპაში რეგულაციები გაამკაცრეს და ბაზარზე ვეღარ გადის; ბაყაყებს თურმე დიდი თვალები ჰქონიათ; შავი მოცვის შენახვის პირობები კი არ გვაქვს, დაკრეფილი  გზაში ფუჭდება; მინერალური და მტკნარი წყლები კი… აი, მათ წუნი ვერ მოუძებნეს  და ევროპულ ბაზარზე უბრალოდ არ შეგვიშვეს, ანუ დახლი არ მოგვცეს. ქართული ღვინო კი იმარჯვებს  საერთაშორისო ფესტივალებზე, მაგრამ  არც მისი ადგილი მოიძებნა. და ეს ყველაფერი იყიდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, უწინარესად, რუსეთში… გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია განსაზღვრული, მეკვერცხული მიმართულების საწარმოდ ითვლება ადგილი, რომელზეც ხდება კვერცხმდებელი ქათმის შენახვა კვერცხის საწარმოებლად და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისთვის. ანუ, ნებისმიერი გლეხის ეზო ითვლება მეკვერცხული მიმართულების საწარმოდ. ნამდვილად არ გვეხუმრება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია და, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა რეაქცია ექნებათ გლეხებს ამ ყველაფერზე, ამიტომ ძალაში მისი შესვლის თარიღად 2025 წლის 1 იანვარი დაადგინა, ანუ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი წელიწადი. გამოდის, რომ 2025 წლიდან, გლეხმა კვერცხი რომ გაყიდოს, ავტორიზაცია უნდა ჰქონდეს გავლილი და, რაც მთავარია, ამაში ფული უნდა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის… როგორც გვეუბნებიან, უკვე წელს სოფლის მეურნეობის არაერთ პროდუქტზე  მოსაკრებელი დაწესდება და გლეხები საკუთარ ნაშრომს  მარტივად ვეღარ გაყიდიან. მათ პრაქტიკულად ყველაფერზე მოუწევთ ავტორიზაციის გავლა. ისიც გვითხრეს, რომ ხილის გაყიდვის შემთხვევაში, თითოეულ სახეობაზე ცალკე სერთიფიკატის აღება იქნება საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქცია ბაზარზე ვერ მოხვდება.  შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, – გლეხი სოფელში რას გაყიდის, ვინ შეამოწმებსო, მაგრამ ნურას უკაცრავად – სოფელში ჩასული ვაჭარი ვერ იყიდის ავტორიზაციის არმქონე გლეხისგან პროდუქციას და, თუ იყიდის, ტრანსპორტირებისას  ძალიან გარისკავს, რადგან გააჩერებენ და დააჯარიმებენ. ისედაც, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთული მანქანების გაჩერება და საბუთების შემოწმება თითქოს ტრადიციაა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს რეგულაციები და დადგენილებები აუცილებლად გააძვირებს პროდუქციას და გლეხებს ლამის ბუღალტერიის შესწავლა მოუწევთ…  მთავრობა თავს იმართლებს: ჩვენ რა შუაში ვართ, ქვეყნის მომავალსა და ევროპულ განვითარებაზე ვფიქრობთ, ევროპაში კი სწორედ ასეთი სტანდარტებიაო. გვესმის, რომ ევროპული სტანდარტებით გვინდა ვიცხოვროთ, ოღონდ ეს ეხება ყველაფერს, პენსიისა და ხელფასის გარდა. ევროპული ხელფასი მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ, პენსია კი…

სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, ქართულ ლოკოკინაზე რომ „გადაირივნენ“ იტალიელები და ფრანგები, მოწოდებებიც რომ გაკეთდა, მთელ საქართველოში ლოკოკინები რომ მოვიყვანოთ, აქაურ პროდუქტზე ისეთი მოთხოვნაა, მაინც ვერ აუვალთო, სიტუაცია შეიცვალა და მოთხოვნა კი არის, მაგრამ  გამკაცრებული რეგულაციით ყველას არ შეეძლება ლოკოკინის მოშენება, სპეციალური დამუშავებაა საჭირო, მერე  კიდევ სხვა რამეს მოიფიქრებენ, ზუსტად ისე, როგორც ქართულ ფუტკარზე ქნეს, და ბოლოს ვერაფერი რომ ვეღარ მოუხერხეს ქართული თაფლის ხარისხს, მთელი საქართველოს მასშტაბით წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელი ააწყვეთ, ფუტკარი სითხეს ჩეჩმიდან რომ არ იღებდესო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელება უახლოესი 25  წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით ამის გაკეთებას  ბიუჯეტის თანხები  არ ჰყოფნის. ჰოდა, ვისაც სოფლად ჰყავს ფუტკარი, ეს პრობლემაა, ვისაც ქალაქად – საკვებს ვერ შოულობს მუყაითი მწერი და ასე მარტივად „დააოკა“ ევროპამ ჩვენი ამბიციები თაფლზე და გატანა ყველაზე დაბალ  ნიშნულამდე  დაიყვანა. ჰო, კიდევ, ვინც არ იცის, კგ  თაფლის საბითუმო ფასი (თუ ტონას ან  მეტს შეიძენთ) ათ ლარს ჩამოსცდა.

ალბათ, იკითხავთ: რატომ სურს ევროპას ქართული პროდუქციის დაბლოკვა?  პირველ რიგში, ეროვნული ინტერესი აქვთ, ანუ, ქართული პროდუქცია რომ გაიყიდოს, ადგილობრივ კომპანიებს შეექმნებათ პრობლემა და თუმცა ქართული თაფლის წილი დიდი არ იქნება,  არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ სურს, ჩვენ გამო წელიწადში თუნდაც 3-5 მილიონი დოლარის დაკარგვა. არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე რეგულარულად რომ გავიდეს, წარმოება აქ, ჩვენთან, გაიზრდება და დასავლეთმა იქნებ წლების წინათ მოკერებული „განვითარებადი ქვეყნის“ სტატუსი მოგვიხსნას და მერე უკვე  ტოლ-სწორად უნდა გველაპარაკოს. სურს კი  დასავლეთს საქართველოსთან ტოლ-სწორად საუბარი? რა თქმა უნდა, არა, რადგან ურჩევნია, ვასლად ჰყავდეს, მუდმივად ხელგაწვდილი ქვეყნის შენახვა იაფი ჯდება და, რაც მთავარია, ნებისმიერ დროს შეგიძლია უთხრა, რომ გაწვდილ ხელში არაფერს ჩაუდებ და შენ  ნებაზე ატარებ. სწორედ ამის გამო მიდის ახლა პოლიტიკური „ჭიდაობა“, საქართველოს სურს, ნამდვილი დამოუკიდებლობა მოიპოვოს, დასავლეთი ამის შესაძლებლობას არ აძლევს და  ხელისუფლებამაც იცის, რომ გაბზარულის გატეხვა ჯერ ადრეა, ჯერ ვერ მოახერხებს დამოუკიდებლად არსებობას, ამიტომაცაა, უნდა თუ არა, ევროპულ რეგულაციებს რომ ნერგავს. ამით დასავლეთი კი არის კმაყოფილი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა წელში წყდება. ყოველწლიურად რომ იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი და ასევე ყოველწლიურად, სახელმწიფო სამუშაო ადგილებს არ ქმნის, რის ხარჯზე ხდება ზრდა? გადასახადების მომატების, პროდუქტებზე ფასების გაზრდის, ჯარიმების, ანუ რიგითი ადამიანების ხარჯზე. ელემენტარულად, საწვავსა და თამბაქოზე აქციზი რომ გააუქმოს მთავრობამ, ბიუჯეტი მილიარდებს დაკარგავს და ეს მილიარდები მოქალაქეების ჯიბეში დარჩება, მაგრამ ბიუჯეტი ვერ შეივსება და საჯარო სამსახურებში ხელფასების დარიგების პრობლემა გაჩნდება.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ევროპული ბაზარი ცუდია. პირიქით, ძალიან კარგია. იქ პროდუქტი გაცილებით  ძვირი ღირს, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, მაგრამ რამდენიც  უნდა ღირდეს, ჩვენთვის ჯერჯერობით  აზრი არ აქვს, რადგან ამ ბაზარზე არ გვიშვებენ. სწორედ ამიტომ გვიკვირს, ხელისუფლება მაინც რომ დასავლურ სტანდარტებს ითხოვს და სწორებას  პოსტსაბჭოთა ბაზარზე არ აკეთებს. ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ შეცძლებთ იმდენი პროდუქციის  წარმოებას,  14 რესპუბლიკაში შევიტანოთ და მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. დასავლურ ბაზარს სულ უარი რომ ვუთხრათ და მათი რეგულაციებიც არ დავნერგოთ, ეს საგარეო კურსის გადახვევად შეფასდება და ევროპარლამენტარების ხელის ერთ აქნევაზე აქაური ოპოზიცია ხმაურს ატეხს, საქართველო ევროპას შორდებაო. ძნელია იმის განსაზღვრა, რა მდგომარეობა იქნება 2025 წელს, მაგრამ მთავრობა რომ ჩქარობს, ფაქტია. მთავრობაში   ხომ ყველაზე კარგად იციან, რომ  ამ დადგენილებას ბევრი უბრალოდ არც კი გაეცნობა, რადგან ქართული სინამდვილისთვის 2 წელი ძალიან ბევრია და, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, წინამორბედის ყველა ძველ დადენილებას, მით უმეტეს გრძელვადიანს, უბრალოდ, სანაგვეში მოისვრის. ასე ხდება ყველა სფეროში და ხელისუფლების ცვილებასთან კი არა, სამინისტროში ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ პრიორიტეტები იცვლება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი  განათლების სამინისტროა, იქ ექსპერიმენტები დღემდე გრძელდება და ყოველ ახალ მინისტრს განვითარების საკუთარი, თანაც 10-წლიანი გეგმა აქვს. ამ ათწლეულის ათვლას კი  მინისტრის ცვლილებისთანავე  ხელახლა  ვიწყებთ, ამიტომ არის განათლების სისტემა საშინელ დღეში და ამიტომ იქნება ყველა სფერო ცუდ  მდგომარეობაში. უნდა მივეჩვიოთ, რომ    ხელისუფლება ქვეყნისთვის ზრუნავს და ცუდ დადგენილებას არ მიიღებს, მაგრამ ჩვენ ხომ არც ის შეგვიძლია, გაკეთებული საქმეები  წინამორბედს დავაბრალოთ.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here