Home ახალი ამბები საქართველო უკრაინა  ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლით  გვემუქრება, ის უკრაინა, რომლის მოქალაქეები საქართველოში ერთმანეთს ლუდის...

უკრაინა  ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლით  გვემუქრება, ის უკრაინა, რომლის მოქალაქეები საქართველოში ერთმანეთს ლუდის სმასა და ხინკლის ჭამაში ეჯიბრებიან, ჩვენ კი გვიკიჟინებენ: წადით, ჩვენი ქვეყნისთვის იომეთო

იმდენი ჯან-ღონით სავსე უკრაინელი მამაკაცი დადის საქართველოში, რომ მათგან რამდენიმე პოლკის (და არა ბატალიონის) შექმნა შეიძლება

443
უკრაინელები ერთ-ერთ აქციაზე საქართველოში

ომში ჩართული ქვეყნის უმაღლეს პირებს, წესითა და რიგით, ქვეყნის გადარჩენის გარდა, სხვა საფიქრალ-სადარდებელი არ უნდა ჰქონდეთ. ისინი ყველაფერს უნდა აკეთებდნენ  ქვეყანაში კონფლიქტის მალე დასასრულებლად, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როცა ქვეყნის სათავეში პატრიოტები არიან და არა დასავლეთის მონები. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე უკრაინაში. უკრაინელი მაღალჩინოსნები ნაბიჯს არ დგამენ დასავლეთის დასტურის გარეშე და, რაც მთავარია, იქცნენ ჩვეულებრივ დიქტატორებად, რომლებიც აღარ ცნობენ განსხვავებულ აზრს და ნებისმიერს, ვინც მათ წინააღმდეგ თუნდაც ერთ წინადადებას იტყვის, ჯვარზე აკრავენ. ამის ნათელი მაგალითია გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩ ვადიმ პრისტაიკოს გათავისუფლება. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: მზად ვარ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ  ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადავუხადოო. პრისტაიკომ კი ამ სიტყვებს „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა და… თანამდებობაც დაკარგა, თუმცა ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა…

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ნიკა გვარამიამ ლამის ნახევარი ევროპა მოიარა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით. ბოლოს ის უკრაინაში ჩავიდა და იქაური პარლამენტის  უმრავლესობის ფრაქციის ლიდერ დავით არახამიასთან ერთად სააკაშვილის გათავისუფლების მოძრაობა დააარსა. მათ რამდენიმე ევროპარლამენტარიც შეუერთდა, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და მთავარ მიზნად მიშას თავისუფლება დაისახეს. ჰო, არახამიამ სწორედ ასე თქვა:  ჩემი მთავარი მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იქნებაო. არადა, მისი ქვეყანა ომშია ჩართული და მთავარ მიზნად სხვა ქვეყანაში დაპატიმრებული სისხლის სამართლის დამნაშავის გათავისუფლება დაისახა.  სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტარების გაკეთებული განცხადებები არ გვიკვირს, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა გაირკვა, რომ ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახი უზარმაზარ თანხებს უხდიდნენ ლობისტურ კომპანიას, რათა ამერიკას საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინა – უფულოდ არც ევროპარლამენტარები ირჯებიან  და გამოდის, რომ სააკაშვილი  პრეზიდენტობისას  ნაძარცვი ფულით  კვლავ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, ამ ყველაფერს კი უკრაინა ზელენსკისა და არახამიას სახით ტაშს უკრავს.  ცალკე სათქმელია ისიც, რომ  გვარამიას გათავისუფლების  მთავარ მიზეზად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოლარიზაციის დასრულების შესაძლებლობა გამოაცხადა. გათავისუფლებული გვარამია კი ევროპაში მოგზაურობს და საქართველოს ხელისუფლებას მიწასთან ასწორებს, ქვეყნის მოღალატეებს ეძახის და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაიჭირა ჩადენილი დანაშაულებისთვის, არამედ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დააპატიმრეს, რაც,რა თქმა უნდა, სისულელეა. ევროპამაც იცის, რომ ეს სისულელეა, მაგრამ ახლა ხელს აძლევს, სისულელე სიმართლედ შემოგვასაღოს და გვარამიას თავს უქნევს.

დასავლეთს სააკაშვილის გათავისუფლება ერთადერთი მიზეზით სურს – მის გარეშე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია და  ის, ძალაუფლების დაბრუნების სანაცვლოდ,  ყველაფერზე  წამსვლელია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის ჩათვლით. სააკაშვილმა კი  იცის, რომ, თუ ის გარეთ მყოფი ომს არ დაიწყებს, არავის არაფერში დასჭირდება, ამიტომ ევროპარლამენტარები და ამერიკის საელჩო კბილებით იბრძვიან  მიშას გასათავისუფლებლად და, რადგან ხელისუფლება ამის გაკეთებას არ აპირებს, ახლა ზემოქმედების მთავარი ობიექტი სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც გვარამიას შემთხვევაში წნეხს ვერ გაუძლო. სააკაშვილის შესაწყალებლად ზურაბიშვილს საფუძველს უქმნიან (არახამიას სააკაშვილის განმათავისუფლებელი მოძრაობა შეაქმნევინეს), რათა  შეძლოს თქმა: საქართველოს დასავლური გეზის განსამტკიცებლად მიშას გათავისუფლება აუცილებელი იყოო. თანაც, სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მისი პოილიტიკური კარიერა საქართველოში დასრულდება  – ის არც ოპოზიციას დასჭირდება და არც ხელისუფლებას, რომელმაც თანამდებობა ლანგრით მიართვა. ერთადერთ გზად ევროპა რჩება, ანუ ზურაბიშვილმა შეიძლება იქ გამონახოს სამსახური და, სავარაუდოდ, ჰპირდებიან კიდეც რომელიმე  ორგანიზაციის ხელმძღვანელობას კარგი  ანაზღაურებით.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შანსი შემცირდა და ბოლოს, როცა მოქმედმა ლიდერებმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ომის დაწყებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ, საერთოდ, განულდა. ეს  დასავლეთისთვის სერიოზული სიგნალი იყო იმისა, რომ საქართველო ომის გარეშე, შესაძლოა, ისე განვითარდეს, ადრე თუ გვიან, მხრებიდან ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ჩამოიგდოს, დამოუკიდებლად მოქმედება  დაიწყოს, აღარ გამოედევნოს ევროპულ თუ ამერიკულ გრანტებს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებზე იქნება მორგებული და ამით დასრულდება დასავლეთის ოცნება საქართველოს სამხედრო პოლიგონად გამოყენების შესახებ.

ის, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები დასავლელი კურატორების გარეშე ნაბიჯს არ დგამენ, ახალი ამბავი არ არის, ამიტომ გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ  სააკაშვილის განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნა არახამიას სწორედ დასავლეთმა დაავალა და მერე რა, რომ უკრაინის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი განსაკუთრებით ბოლო ხანს დაუფარავად  იმუქრება: როცა აქ  დავასრულებთ ომს, ხელისუფლებას საქართველოშიც შევცვლითო.  დასავლეთი ერთ ქვეყანას უფლებას აძლევს, მეორე ქვეყანას ხელისუფლების შეცვლით დაემუქროს. ხომ საინტერესოა – დასავლეთი და ქართული ოპოზიცია ერთხმად გაიძახიან, რუსეთი ჩვენი მტერიაო და უკრაინა ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლით ჩვენ გვემუქრება, ის უკრაინა, რომლის მოქალაქეები საქართველოში ერთმანეთს ლუდის სმასა და ხინკლის ჭამაში ეჯიბრებიან და თან ჩვენ გვიკიჟინებენ: წადით, ჩვენი ქვეყნისთვის იომეთო. იმდენი  ჯან-ღონით სავსე უკრაინელი მამაკაცი დადის საქართველოში, რომ მათგან რამდენიმე პოლკის (და არა ბატალიონის) შექმნა შეიძლება. საქართველოში მათ ყოფნას არც დასავლეთი იმჩნევს, არც უკრაინა და არც ოპოზიცია. სამაგიეროდ, საკმარისია 2-3 რუსი ტურისტი დაინახონ, მაშინვე სურათებს უღებენ, სოციალურ ქსელში აზიარებენ, – აგერ, ამათი ქვეყანა ომშია, ესენი კი აქ ისვენებენო. ისე, უკრაინაში მყოფმა გვარამიამ იქ მებრძოლი ქართველებიც მოინახულა, ისინი, ვინც გვპირდებიან, აქ ომს რომ მოვრჩებით, საქართველოში ჩამოვალთ სრული შეიარაღებით და დანარჩენზე მანდ ვილაპარაკოთო. როგორ გგონიათ, „პოლარიზაციის დასასრულებლად“ ციხიდან გამოშვებული გვარამია იმ ჯარისკაცებს რას ეტყოდა?

არაერთხელ გვითქვამს, რომ დასავლეთი აუცილებლად შეეცდება, საქართველოში მოახდინოს ისეთი რამ, რაც ვითარებას  რადიკალურად შეცვლის. უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ისინი მთავარ აქცენტს სააკაშვილის გათავისუფლებაზე აკეთებენ. დასავლეთმა ხმამაღლა ვერ გაბედა იმის თქმა, რომ მიშას გათავისუფლების პროცესში თურმე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერები, რეჯეთ თაიფ  ერდოღანი და ილამ ალიევი,  უნდა ჩაერთონ, მაგრამ ეს განაცხადა ნიკა გვარამიამ და  არაორაზროვნად კი არ თქვა, არამედ პირდაპირ მოითხოვა. ერდოღანს დასავლეთი ვერ უბედავს მითითებების მიცემას, რადგან იციან, ის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავა და იციან ისიც, რომ  ვერ იტანს მითითებებს. აი, გვარამიამ კი გაბედა (გააბედინეს, ათქმევინეს) და სულაც არ ანაღვლებს, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თურქეთს საქართველოში;  არ აინტერესებს, რა შეიძლება მოითხოვოს ერდოღანმა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ. არის თუ არა ეს ქვეყნის ღალატის გამოვლინება… დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ისეთი ევროპა და ამერიკა, რომელიც სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის, და ამიტომ ახლა ნარის გლეჯას სხვების ხელით შეეცდებიან, ის „სხვები“ კი ერდოღანი და ალიევი უნდა იყვნენ. გათვლა აქაც მარტივია: სააკაშვილი ძალიან პოპულარული იყო  რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებული და ახლაც, მიშამ რომ მოინდომოს, მხარდამჭერთა მობილიზება ამ რეგიონებში არ გაუჭირდება, მაგრამ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას, არც ევროპას ადარდებს, არც გვარამიას, არც არახამიას და არც ამერიკას.

სხვა, აბა, რა გითხრათ – წინ უმძიმესი ერთი წელი გველოდება, რადგან 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გვიწევს და სწორედ ეს პერიოდი აქვს დარჩენილი ევროპა-ამერიკას იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს, ამიტომ მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, ყველაფერში კი ნებისმიერი პროვოკაცია იგულისხმება. ქართულ ოპოზიციას არ ადარდებს საქართველოს ბედი და დასავლეთს რატომ უნდა ადარდებდეს?!

P.S. ისე, უკრაინაში სიტყვით გამოსვლისას გვარამიამ რუსულ ენაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოების ნაწილმა ინგლისური არ იცოდა, გვარამიამ კი – უკრაინლი და ამიტომ ყველასთვის გასაგებ  რუსულ ენაზე ისაუბრა. სიმბოლურია, არა?!

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here