Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: არაერთხელ განმიცხადებია, რომ ფრონტის ხაზის გახსნა საქართველოში სახელმწიფოებრივი საფრთხე იქნება,...

თამარ კიკნაძე: არაერთხელ განმიცხადებია, რომ ფრონტის ხაზის გახსნა საქართველოში სახელმწიფოებრივი საფრთხე იქნება, თანაც ძალიან დიდი საფრთხე. ადამიანები, რომლებიც ასეთი რიტორიკით გამოირჩევიან, არიან საქართველოს მტრები

“პოლიტიკაში, როგორც ყოველთვის, რაღაცის საპირწონედ ხდება ქმედებები _ მოსკოვისგან ველოდებით პირადაპირ რეისებს, თანაც უვიზო მიმოსვლებს და, პარალელურად, პირდაპირი რეისები ამერიკამაც შემოგვთავაზა. ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს რუსეთთანაც ექნება პირდაპირი კავშირი და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც”

216

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთერთი ტელევიზიის ეთერში ოპოზიციას ასე მიმართა: “ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. უნდა იმოქმედოთპირველ რიგში, უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებისგანაც 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ჩვენს ხელისუფლებაზე, ამ ნაბიჯში წამოგყვებიან”. 

ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებამ ეროვნული მთავრობის წევრის, სულკურთხეული თემურ ქორიძის სიტყვები გამახსენა: “მარგველაშვილი საკმაოდ ვიწრო შესაძლებლობების პრეზიდენტია, და აქ მარგველაშვილის კონსტიტუციურ შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ, ის გონებრივადაც საკმაოდ შეზღუდული პიროვნებაა”.

გასულ კვირას, გარდა მარგველაშვილისა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელმაც საქართველოდან ამერიკაში პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ გვამცნო: “ვინც მგზავრობს აშშდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა…  ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშსა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში დიდი მანძილის მიუხედავად. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო”, _ თქვა ელჩმა.

გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებზე პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასეთი რამ თქვა: “ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები”. გამოდის, არეულობა საქართველოში კვლავ დგას დღის წესრიგში და ამაზე საჯაროდ საუბრობენ

_ არეულობის დაწყება საქართველოში მართლაც დგას დღის წესრიგში. ევროპელ პოლიტიკოსებსაც და აქაურ დესტრუქციულ ძალებსაც სურთ, ჩვენი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ საუბრებიდან ჩანს მათი მიზნები _ ფრონტის გახსნა საქართველოში და ეს ფრონტი აუცილებლად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ფრონტის გახსნა საქართველოში სახელმწიფოებრივი საფრთხე იქნება, თანაც ძალიან დიდი საფრთხე. ადამიანები, რომლებიც ასეთი რიტორიკით გამოირჩევიან, არიან საქართველოს მტრები.

_ ერთერთი მტერი, რომელიც საჯაროდ მოუწოდებს ოპოზიციონერებს არეულობისკენ, არის ჩვენი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და ის ბიძინა ივანიშვილმა დასვა პოსტზეროგორ მოხდა, რომოცნებიდანწამოსულები ამ ქვეყნის ყველაზე დიდ მტრებად იქცნენ?

_ იმხანად, როდესაც “ქართული ოცნება” კომპლექტდებოდა, ივანიშვილი თავის მოქმედებებში არ იყო თავისუფალი, ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა მთელი რიგი ფაქტორები. ივანიშვილი იძულებული იყო,  ანგარიში გაეწია მთელი რიგი ძალებისთვის, დასავლელი “პარტნიორებისთვის”.

ის, რაც ხდება და რასაც ახლა თქვენ გაკვირვებით მეკითხებით, რომ მტრად მოექცნენ “ოცნებას” ამავე პარტიიდან წასულები, შემთხვევითი არ არის. ეს პირები იძულებით დაანიშნინეს, აარჩევინეს და დაასმევინეს სკამებზე. მათ რეკომენდაცია გაუწიეს…

_ გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებში, გარდა მარგველაშვილისა, ამერიკის ელჩის განცხადებაც მოხვდა, მან საქართველოამერიკას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დააანონსა

_ ამერიკის ელჩ კელი დეგნანის  განცხადება, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაწესდეს, ნორმალურია, რადგან, თუკი ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, პირდაპირი რეისები უნდა იყოს, ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს გაცილებით მარტივი სავიზო რეჟიმიც, რადგან პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ასე მესახება.

პოლიტიკაში, როგორც ყოველთვის, რაღაცის საპირწონედ ხდება ქმედებები _ მოსკოვისგან ველოდებით პირადაპირ რეისებს, თანაც უვიზო მიმოსვლებს და, პარალელურად, პირდაპირი რეისები ამერიკამაც შემოგვთავაზა. ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს რუსეთთანაც ექნება პირდაპირი კავშირი და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც…

ცუდი ჩანაფიქრი ამერიკას, ალბათ, არ აქვს, რადგან, როდესაც ერთი სახელმწიფო ამჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფოს ვექტორი გადადის სხვა მიმართულებაზე, ცდილობს, ურთიერთობები მოაგვაროს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…

ამერიკას პირდაპირი რეისი არასოდეს ჰქონია საქართველოსთან, მაგრამ 30 წლის განმავლობაში სტატეგიული პარტნიორი ერქვა. ეს რეისები უნდა ყოფილიყო ამ ხნის განმავლობაშიც… ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არაფერს ცვლის, რადგან ამერიკის ვიზის მოპოვება ძალიან ძნელია. ავიამიმოსვლა გამარტივდება და კომფორტი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ან ამერიკის გრძელვადიანი ვიზა. ასე რომ, საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ბევრს არაფერს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის.

ამერიკასთან ჩვენი ქვეყნის პირდაპირი მიმოსვლა შექმნის ჰაბს საქართველოსთვის. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა აქ იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტიდან წავიდეს ამერიკაში. როგორც ჩვენ მივდიოდით შტატებში სხვადასხვა ქვეყნის გავლით, ახლა იქ ჩვენი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

დიახ, შესაძლოა, ამერიკელებმა საქართველოსთან პირდაპირი რეისების დანიშვნა რუსეთთან მიმოსვლის საპირწონედ მოიფიქრეს, მაგრამ პოლიტიკაში ეს მოსულა და უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც ქვეყანას გამოადგება. პოლიტიკაში რაღაც ყოველთვის რაღაცის საპირწონედ ხდება. ვაჭრობა მიდის და ეს კარგია.

_ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, რომელიც ამდენი შინაური და გარეშე მტრის გარემოცვაშია? ვითარება უკიდურესად დაძაბულია ჩვენი ქვეყნის გარშემო

_ საქართველოს გარშემოც და შიგნითაც ვითარება მართლაც ძალიან დაძაბულია, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახერხებს, თავიდან აიცილოს ის არეულობა, რომელზეც ასე ოცნებობენ ჩვენი მტრები. ვისურვებდი, ასე გაგრძელდეს. ჩვენ, საღად მოაზროვნე საზოგადეობამ კი, რითაც შეგვიძლია, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here