Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს ისტორია, 1783-1990 _  ოქროს ხანის დასაწყისი და დასასრული

საქართველოს ისტორია, 1783-1990 _  ოქროს ხანის დასაწყისი და დასასრული

314

ჩემი წინა სტატიის სათაურად  აკაკი და პაატა სურგულაძეების წიგნის სათაურის („საქართველოს ისტორია, 1783- 1990“) უცვლელად  დატოვება იმიტომ  ვარჩიე, რომ სწორედ მამა-შვილის წიგნით შთაგონებული მივუჯექი საწერ მაგიდას, მაგრამ იქვე აღვნიშნე,  ცოტა „მშრალ“ სათაურს  პატარა ფრაზის დამატება ნამდვილად არ აწყენდა-მეთქი, თუმცა იმ ერთმა ფრაზამ მიმიყვანა წინამდებარე წერილის სრულიად ახალ სათაურამდე: „საქართველოს ისტორია 1783-1990 _ ოქროს ხანის დასაწყისი და დასასრული“.

   წინა სტატიაში გეორგიევსკის ტრაქტატზე, საქართველოს რუსეთთან  შეერთებასა (გნებავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიასა) და 1832 წლის აჯანყებაზე ვისაუბრეთ. იქვე შეგპირდით, გაგრძელება იქნება-მეთქი. ჰოდა, განვაგრძობ  რუს-ქართველთა ორსაუკუნოვანი ტკბილ-მწარე თანაცხოვრების გარშემო არსებულ ჭორ-მართალზე სჯა-ბაასს… კრწანისის კატასტროფის შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატის ერთ-ერთი პარაგრაფი პირნათლად  რომ შეასრულა რუსეთის იმპერიამ,  ბოლო წერილში ვწერდი: თუ ტრაქტატამდე საქართველოს მეფე ოსმალო-ირანის სულთან-შაჰებს უნდა ეცნოთ, ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ეს ფუნქცია რუსეთის იმპერატორებს გადაეცათ. ქართლ-კახეთის  უკანასკნელი ხელმწიფის, გიორგი XII-ის სამეფო ტახტზე ასვლა რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ცნო და სამეფო ინსიგნიებიც (ოქროს ტახტი, კვერთხი და სკიპტრა) გამოუგზავნა, მაგრამ   ზაქიჭამია მეფეს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო. მაშ, რატომ გააუქმა რუსეთმა ბაგრატოვანთა 1000-წლოვანი სამეფო დინასტია და შემდეგ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ანექსია?

ბოლო წერილში  ისიც აღვნიშნე, რომ  პატარა კახს 23 თუ 24 კანონიერი შვილი ჰყავდა და ამიტომ ქართლ-კახეთი ამდენივე დიდ-პატარა საუფლისწულო მამულებად დაყო. ისიც საგულისხმო ფაქტია, რომ სამეფო კარის ყველა გავლენიანი თავადი პრორუსული ორიენტაციისა არ იყო,  პროსპარსული საგარეო პოლიტიკის მომხრენიც  არ უჩიოდნენ სიმცირეს.

პრორუსული დასის ლიდერი იყო თვითონ ერეკლე, მას მხარში ედგა  უსაყვარლესი ძე, მამის პოლიტიკის ერთგული ლევან ბატონიშვილი, რომელიც ტახტის მემკვიდრედ ეგულებოდა ერეკლეს, ქართლ-კახეთის  მოსახლეობაც იმედის თვალით შეჰყურებდა ახალგაზრდა ბატონიშვილს, მაგრამ ის  ერეკლეს (წაიკითხე, საქართველო) მტრებმა მოწამლეს. პროსპარსული დასის ლიდერი გახლდათ ერეკლეს მიერ შერისხული და სამეფო კარიდან გაძევებული  ბატონიშვილი ალექსანდრე, რომელიც გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ ჩაება უპატრონოდ დარჩენილ სამეფო ტახტისთვის ძმებს შორის ატეხილ დაუნდობელ ბრძოლაში. ზემოთ დასმულ კითხვაზე სრული პასუხის გასაცემად, რატომ გააუქმა რუსეთმა ბაგრატიონთა უძველესი სამეფო დინასტია და რატომ მოახდინა ჯერ  ქართლ-კახეთის და შემდეგ იმერეთის სამეფოს ანექსია, იმჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება უნდა გავიხსენოთ…

ნაპოლეონ ბონაპარტეს თითქმის მთელი ევროპა დაპყრობილ-ანექსირებული ჰქონდა და რუსეთმა (რომლის აგენტიც ბონაპარტეს საგარეო საქმეთა მინისტრი ტალეირანი იყო) იცოდა, რომ საფრანგეთთან ომი ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა, ამიტომ იმპერიის სამხრეთი საზღვრები (წაიკითხე, საქართველო) საიმედოდ დაცული უნდა ყოფილიყო. ჰოდა, რუსეთმაც საკმაო ხანს უყურა საქართველოს, რომელიც ვერ დაწყნარდა, რადგან  ძმებმა  ვერ გაიყვეს ქვეყანა და ერთი დარტყმით გადაწყვიტა ეს პრობლემა – სამეფო დინასტიაც გააუქმა და  საქართველოც მიიერთა. ასე რომ, სრულიად უსაფუძვლოა ურაპატრიოტების ბრალდება _  რუსეთმა ერთმორწმუნობას (წაიკითხე, საქართველო) უღალატაო.  რუსეთის მიერ  საქართველოს დაპყრობა იმპერიის ეროვნული ინტერესების დასაცავად  გადადგმული ნაბიჯი იყო. რუსეთის იმპერია სამხრეთის საზღვრების დაცვისთვის რომ ზრუნავდა, ამას  ის ფაქტიც მოწმობს, რომ ნაპოლეონთან ომის დროს რუსეთს საქართველოში დისლოცირებული ჯარიდან  ერთი ჯარისკაციც  არ გაუწვევია, რათა ნაპოლეონის შესაძლო მოკავშირე ოსმალეთს უკვე რუსეთის იმპერიის სამხრეთ ნაწილისთვის, საქართველოსთვის, არ დაერტყა. რაც შეეხება ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტახტის გაუქმებას, გეორგიევსკის ტრაქტატით, მათი  ხელშეუხებლობა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის შემთხვევაში იყო გარანტირებული. მას შემდეგ კი, რაც ჩვენი ქვეყანა რუსეთს შეუერთდა (ნებით თუ ძალით, ეს სხვა თემაა) და იმპერიის  ნაწილი გახდა, როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთს, რომელსაც პეტრე დიდის  შემდეგ არც საპატრიარქო ჰქონდა და არც პატრიარქი ჰყავდა (სხვათა შორის, ერთიცა და მეორეც სტალინმა დაუბრუნა  საბჭოთა  იმპერიას) და წმინდა სინოდს ობერპროკურორები მართავდნენ, საქართველოში (რომელიც, ვიმეორებ, რუსეთის იმპერიის გუბერნია იყო) საპატრიარქო ტახტის არსებობა ნონსენსი იქნებოდა და ამიტომ ჩვენი ეკლესია რუსეთიდან მოვლენილი ეგზარქოსების მიერ იმართებოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მავანმა შეიძლება რუსეთუმეობა და  სამშობლოს მოღალატეობა დამწამოს, მაგრამ არა უშავს, ღმერთმა ხომ იცის, რომ სწორედ სამშობლოს სიყვარული მალაპარაკებს მწარე სიმართლეს. კიდევ ერთი ბრალდებაა, რომელსაც  ეკლესია-მონასტრების ფრესკების კირით შეთეთრება ჰქვია.

 ეს არ იყო მასობრივი ვანდალიზმი. შეათეთრეს მხოლოდ თოვლ-ჭყაპისგან ჩამორეცხილი  რამდენიმე ფრესკა იმ მონასტრებში, რომელთა  მონახულებაც შეიძლება მოენდომებინა თბილისში სტუმრად მომავალ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს, რომელსაც თურმე საქართველოს ერთ-ერთი ლამაზმანი, მანანა ორბელიანი,  ჩაუგორეს ლოგინში. კირით შეთეთრება შეიძლება გაუთვითცნობიერებული კონსერვაცია იყო.  წლების შემდეგ სპეციალისტებმა ჩამოწმინდეს კირის ფენა, რომლის ქვეშაც უწინდელი სახით გამოჩნდა უძველესი ფრესკები.

რაც შეეხება მანანა ორბელიანს, არ ვიცი სიმართლეა თუ არა რუსეთის იმპერატორისადმი გამოჩენილი ამგვარი პატივისცემა. სიმართლეც რომ იყოს, მერე რა?! აღარ გვახსოვს,   ოსმალო-ყიზილბაშების  შაჰები  და სულთნები პერმანენტულად რომ  სარგებლობდნენ მსგავსი „პატივისცემით“ იქამდეც კი, რომ   არა მხოლოდ შაჰ-სულთნების, არამედ, საზოგადოდ, საპარს-ოსმალების  ჰარამხანებში ჩაკეტილი ქართველი  ქალებით,  რომ იტყვიან, მოაჯიშეს თავიანთი მოდგმა?! კიდევ ბევრი ბრალდების წაყენება შეიძლება რუსეთის ვერაგი იმპერიის მიმართ, მაგალითად, რუსეთთან შეერთების პირველ ხანებში ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვის აკრძალვა. კი ბატონო, მაგრამ ერთმორწმუნე რუსეთს პირჯვრის გადაწერა ხომ არ აუკრძალავს, რომელიც  რუსულადაც და ქართულადაც ერთნაირია… გეორგიევსკის ტრაქტატი რომ არა, რუსულად წირვა-ლოცვის ალტერნატივა თავზე ჩალმა და  „ალაჰ აკბარ“ იყო… დიდი კულტურის მქონე ერების მასობრივი რუსიფიკაცია, მაგალითად, ჩვენი მოძმე სომხების, მით უმეტეს ერთმორწმუნე ქართველების, რუსეთმა ვერ შეძლო და ხელი აიღო ამ უტოპიაზე, მაგრამ გაცილებით იოლი იყო  გათურქება, რომელთანაც, რომ არა რუსეთი და გეორგიევსკის ტრაქტატი, ძალიან ახლოს ვიყავით. არ არსებობს მინუსი პლუსის გარეშე,  ყველაფერი შედარებითია და რუსეთთან შეერთება უფრო პოზიტივი იყო, ვიდრე ნეგატივი. რუსთაველის  შემდეგ, სანამ საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა, ლიტერატურაში ქართველ ერს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის არაფერი შეუქმნია (თუ არ ჩავთვლით დავით გურამიშვილის ნაწარმოებებს, ისიც სტაბილურად მშვიდ, ძლიერ რუსეთის იმპერიაში), რადგან მუდამ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა.

რუსეთთან  შეერთებით ამერ-იმერი საქართველო  ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების სახით გაერთიანდა. უფრო მეტიც – ეს გუბერნიები მთელ ამიერკავკასიას მოიცავდა, რომლის გეოგრაფიული და ბუნებრივი ცენტრი, მთავარი ქალაქი ყოველთვის  თბილისი იყო და რუსეთთან შეერთების შემდეგ ხომ იურიდიულადაც გაფორმდა ეს  დე ფაქტო სტატუსი _ კავკასიის მეფისნაცვლების სასახლე თბილისში იყო და აქედან მართავდნენ რუსეთის იმპერიის უმნიშვნელოვანეს რეგიონს.

სწორედ 1832 წლის ჯანყის შემდეგ დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა ყველა მიმართულებით _ გაიბრწყინა ტატო ბარათაშვილის „მერანმა“ და, საერთოდ, ქართველი ახალგაზრდები  მასობრივად დაიძრნენ  მოსკოვისა თუ პეტერბურგის, კიევისა თუ ოდესის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად; უნივერსიტეტებში, რომლებიც არაფრით ნაკლები არ გახდათ კემბრიჯსა თუ ოქსფორდზე.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აღარაფერს ვიტყვი, რადგანაც ამაზე წინა წერილში ვისაუბრე. რაც  მთავარია, ასპარეზზე გამოვიდნენ ე.წ. თერგდალეულები დიდი ილიას მეთაურობით… ამ  წერილში საქართველოს XIX საუკუნის ოქროს ხანაზე  ვისაუბრეთ და ისიც არასრულად. წინ XX საუკუნესა და  დღევანდელობაზე სჯა-ბაასი გველოდება. ასე რომ, გაგრძელება იქნება, თუ, რა თქმა უნდა, თავი არ მოგაბეზრეთ…

 დავით მხეიძე                                                                                                  

P.S. მომავალ წერილში  ინტრიგისთვის სამშობლოს კიდევ ერთი „მოღალატის“, პატარა კახის შვილიშვილის, დიდი ქართველი პოეტის, გრიგოლ ორბელიანის ცნობილ გამონათქვამს დაგიტოვებთ: „ღმერთო, ნუ მიიყვან რუსებს ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებულნი შეიქნენ, დატოვონ საქართველო, რომელიც უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება“.

  დ.მ.                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here