Home ახალი ამბები საქართველო აღმოსავლური მუშტი

აღმოსავლური მუშტი

306

ამ დღეს 9 მაისის მოსალოცით შემოვიფარგლები – ოდნავ განვრცობილი მოსალოცით.

9 მაისი არ ძველდება და არ ბერდება. იგი, როგორც უდიდესი გამარჯვება, მუდმივ  ღია ჭილობას გვახსენებს კაცობრიობის სულსა და სხეულზე. აი, საამდე შეუძლია დაცემა ადამიანს, ანუ აი, რა შეუძლია სატანას, გვეუბნება ყველაფერი ის, რაც დასალური (ევროპული) ფაშიზმის ნამოქმედარს (ენით აუწერელ საშინელებებს) გვახსენებს, მაგრამ სხვა (საპირისპირო) მოვლენებსაც გვახსენებს დასავლური ფაშიზმი; კერძოდ, 9 მაისს, ანუ ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების მარადიულ სიმბოლოს. და კვლავ ანალოგიური აზრი ამოტივტივდება გონებაში: აი, თურმე რა შეუძლიათ ადამიანებს, მათ ერთობას, მათ მტკიცე სულისკვეთებას ბოროტების ძლევის ღვთაებრივ საქმეში.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავის აღსანიშნავად  წითელ  მოედანზე გამართულ  აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების  უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა რესპუბლიკების ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ფაშიმის დამარცხების საქმეში.

2024 წლის 9 მაისს უმძიმეს საერთაშორისო  ვითარებაში ხვდება მთელი მსოფლიო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიხარულს ჩრდილავს და ანელებს განცდა იმ საშინელებისა, რომ მესამე მსოფლიოა კარს მომდგარი. 79 წლის წინათ ბოროტება დამარცხდა, გასამართლდა, მთავარი სამხედრო დამნაშავეები კი სახრჩობელაზე აიყვანეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოროტება არ ამოიძირკვა, დარჩა მისი ფესვები, რომლებმაც ყლორტები გამოისხა, იმძლავრა და ნეოფაშიზმად აჯეჯილდა. ბოროტება არსად  წასულა, ბოროტება კვლავაც მძლავრობს ამერიკიდან ევროპამდე, ამერიკიდან უკრაინამდე, ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ამერიკიდან კავკასიამდე. აშშ და დიდი ბრიტანეთი, როგორც ადრე, დღესაც  ნეოფაშიზმის მთავარი მამოძრავებლები არიან,  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კემერონს ეყო თავხედობა იმის სათქმელად, რომ უკრაინას შორი რადიუსის  მოქმედების საარტილერიო დანადგარებს მიაწვდიან  რუსეთის ტერიტორიებზე  თავდასხმისთვის. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი უფრო შორს წავიდა და უკრაინელებისთვის ცოცხალი ძალით დახმარების გაწევაზე ალაპარაკდა. განა ეს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომთან არ გვაახლოვებს?

ამასობაში, აშშ-ის გაერთიანებული სამხედრო შტაბების ყოფილი მეთაური, ოთხვარსკვლავიანი გენერალი მარკ მილი  მსოფლიოში ჩადენილ ამერიკულ ცოდვებზე ალაპარაკდა: „ძალიან მტკივნეულია,  უყურო, როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები ღაზაში, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ჩვენ, აშშ-მა, თვითონ დავხოცეთ მრავალი უდანაშაულო ადამიანი ახლო აღმოსავლეთში; ჰიროსიმასა და ნაგასაკის გარდა, ჩვენ გავანადგურეთ 69 ქალაქი იაპონიაში. ჩვენ დავხოცეთ უზარმაზარი რაოდენობა სრულიად უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებსაც  შეხება არ ჰქონდათ საკუთარ მთავრობასთან – მამაკაცები, ქალები, ბავშვები”. გენერალს ყველა ის ცოდვა არ დაუსახელებია, რომლებიც მის ქვეყანას თავისი არსებობის განმავლობაში  აქვს ჩადენილი, მაგრამ, რაც ჩამოთვალა, ისიც ხომ ღაღადებს ამ საშინელი სახელმწიფოს ბოროტებასა და ძალმომრეობაზე. ამოცანა ამ სახელმწიფოს დამარცხება კი არ არის, მისი პოლიტიკის დამარცხებაა, მსოფლიო ბატონობისკენ მისი აღვირახსნილი სწრაფვის დამარცხებაა.

ამ დღეებში ევროპას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი სტუმრობდა. მისი ვიზიტის გეოგრაფიაც კი თავისთავად შთამბეჭდავია. საფრანგეთის შემდეგ იგი სერბეთსა და უნგრეთს ეწვია. ეს ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ ამბოხებული სახელმწიფოებია; უფრო სწორად –  ევროპაში ამერიკული პოლიტიკის წინააღმდე ამბოხებული სახელმწიფოები. განა ეს ფაქტი თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ დასავლური კაცთმოძულ პოლიტიკის წინააღმდეგ აღმოსავლური მუშტი იკვრება?! განა ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ  ვლადიმერ პუტინის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იქნება, დასავლური ძალმომრეობისა და ერთპოლუსიანობის წინააღმდეგ შეკრული მუშტის ირიბი, მაგრამ თავისებური დადასტურება არ არის?!

ბოროტება შეაწუხებს დადამიწასა და კაცობრიობას, ბოროტება ბევრ სისხლსა და ცრემლს დაღვრის ამ ცოდვილ პლანეტაზე, მაგრამ იგი საბოლოოდ ვერ გაბატონდება, ვინაიდან არსებობს გაცილებით უფრო დიდი ძალა, ვიდრე ჰოლოკოსტი და საკონცენტრაციო ბანაკებია, ვიდრე რუსოფობია და სლავა უკრაინეა. ამ ძალას სიცოცხლე, სიყვარული და სიკეთე ჰქვია. ამ ღვთაებრივი ტრიადის მომრევი არავინ არის. 9 მაისი ამ ძალის გამოხატულება და ამ ძალის ზეიმია მსოფლიოში.

ყველა ვეტერანს, კეთილი ნების თითოეულ ადამიანს ვულოცავ ამ ულამაზეს დღესასწაულს! ძირს ფაშიზმი და ძალმომრეობა, მშვიდობას ეზეიმოს პლანეტაზე!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here