Home ახალი ამბები საქართველო ეშმაკის წრე

ეშმაკის წრე

389

2024 წლის 5 მაისი (ახალი სტილით) დგებოდა. მართლმადიდებელი მრევლი ბრწყინვალე  აღდგომის  დღესასწაულს ეკლესიებში ელოდებოდა. ეს კულმინაცია და აპოთეოზია ქრისტიანული სწავლებისა, რომელიც გვაუწყებს, რომ სიცოცხლემ დათრგუნა სიკვდილი, სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე, ჭეშმარიტებამ გაიკვლია გზა სიცრუის ლაბირინთებში და გონება გაანათა. ამ დღეს გასაოცარი სისუფთავე ისადგურებს ადამიანთა გულებში, ზეციდან გადმოსული წმინდა ცეცხლის მჭვირვალი ალი კი ერთნაირი სიწმინდით მოსავს ყველას და ყველაფერსთუმცა, როგორც ჩანს, ყველას არა! პარლამენტის შენობიდან რუსთაველის პროსპექტის მეორე მხარეს გადასულმა და ქაშუეთის ეკლესიაში შეპარულმა დასავლური აგენტურის წარმომადგენლებმა, რომლებიც მგლის ქურქის ნაცვლად მართლმადიდებელი მრევლის ქურქში გაეხვივნენ, ხელში წითელი კვერცხები დაიჭირეს, სახეზე ქრისტიანებისთვის საზოგადოდ დამახასიათებელი სათნოების ნიღბები აიფარეს და ერთმანეთს კვერცხები გაუწოდესოღონდ, ნაცვლად იმისა, რომ მათ ბაგეებს ორიათასწლოვანი მისალმება (ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!) დასცდენოდათ, მკრეხელურმწვალებლურბრიყვული სიტყვები წარმოთქვეს:

სად მივდივართ?

ევროპაში!

იდიოტების სახეზე აღბეჭდილმა ბრიყვულმა კმაყოფილებამ გასცა მათი ვერაგული სურვილი ქრისტიანული საკრალური რიტუალის ასე დაუნდობელი და ასე ბარბაროსული გაშარჟებისა.

ბრწყინვალე აღდგომის ღამეს იდგნენ ქაშუეთის ტაძარს შესეული ჭინკები, წითელ კვერცხებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ, ხითხითებდნენ, როკავდნენ, ბორგავდნენ და სატანურ ნეტარებას ეძლეოდნენ, რადგან ასე წარმოედგინათ, რომ ამ გულისამრევი საქციელით იმსხვრეოდა მაცხოვრის კერპი, რომელიც, მათი ჭკუით, ორი ათასი წელიწადი ძალადობდა და მისი მუდმივად ამკრძალავი და მუდმივად „არაზე” ორიენტირებული  მცნებებით (არა კაც კლა, არა იპარო, არა იმრუშო…) თავისუფლებას უზღუდავდა ადამიანებს, ახლა კი მის ადგილს ის ლიბერალური ღმერთი იკავებდა, რომელიც შვიდფერი დროშით, მოშიშვლებული უკანალითა და ყოვლის ნებადართულობით „თავისუფლების კარიბჭეს” უხსნის უზნეობამოწყურებულ თაობას.

აქციის მონაწილეები ქაშვეთში

სურთ, წყურიათ, ნატრობენ, რომ ასე იყოს, მაგრამ არ მიდის საქმე ამ მიმართულებით. მათმა ერთ-ერთმა ევროპელმა მოძღვარმა ჯოზეპ ბორელმა დანანებით თქვა: „ამერიკული ჰეგემონია მთავრდება”. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, მსოფლიოზე გაბატონებისკენ მიმართულმა ამერიკულმა პოლიტიკამ თვითონვე  შვა წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც ანტიამერიკულ გრიგალად იქცა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შეუმდგარობისა და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გარდუვალობის შესახებ. არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა! – ასეთი იყო  პუტინის ფორმულა მომავალი მსოფლიო წესრიგის შესახებ, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მხრიდან  არათუ გაზიარებას, არამედ გააფთრებულ  წინააღმდეგობას წააწყდა. ნატოს გაფართოებისკენ აკვიატებული სწრაფვა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შენარჩუნებისკენ მიმართული აგონიური ფართხალი იყო. გარდაუვალი კრახის წინაშე მდგარი დასავლური იმპერიალიზმი გლობალურ ომის პარტიად ტრანსფორმირდა, ვინაიდან ხსნის გზას სხვაგან ვერსად ხედავს. უკრაინას ისინი მსოფლიო ომის გაჩაღების უტყუარ კერად მიიჩნევდნენ, მაგრამ რუსეთი არათუ მსოფლიო ომს არ აჩაღებს, უკრაინაშიც კი მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოქმედებს და, ყოველგვარი აჩქარებისა და ფორსირების გარეშე, ნელა და მიზანმიმართულად ფქვავს, წვავს, ანადგურებს დასავლურ სამხედრო ტექნიკასა და ამ ტექნიკასთან დაკავშირებულ ხელოვნურ მითებსაც. მოსკოვში  „პოკლონნაია გორაზე” მოწყობილი უცნაური გამოფენა რუსეთის წინაშე ნატოს ტექნიკის სრული უმწეობისა და უსუსურობის უტყუარ დასტურად იქცა მსოფლიოს თვალში. დასავლური მედია აყაყანდა: „პუტინს სურს, ნატო და დასავლეთი დაამციროს!”, მაგრამ იმავე დასავლური მედიის ცნობილი წარმომადგენელი „ბილდი” რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს „პოკლონნაია გორაზე” გამოფენილი „ლეოპარდის” გამო, რომელიც, მისი გაღუნული ლულით, რუსეთის წინაშე ნატოს კაპიტულაციის სიმბოლოდ გამოიყურება. მუცელგამოფატრული ამერიკული „აბრამსები” კი ამერიკის იმ მდგომარეობის შესაბამისად გამოიყურება, ეს ოდესღაც ძლევამოსილი სახელმწიფო თანდათანობით ქაოსში  რომ ჩაძირა და, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინსაც ვეღარ მალავს. სოციოლოგიური კომპანია Rasmussen Reports -ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 41 პროცენტი სამოქალაქო ომის მოლოდინშია, მათ შორის 16 პროცენტს კი ეს გარდაუვალი ჰგონია. მიუხედავად ამ კატასტროფული ვითარებისა, კოლექტიურ დასავლეთს თავი ჯერ კიდევ ყინჩად უჭირავს. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ბრიტანული იარაღით  დაარტყას რუსეთის ტერიტორიას: “უკრაინას აქვს ამის უფლება. რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ტერიტორიას და გასაგებია, რომ უკრაინა გრძნობს აუცილებლობას, უზრუნველყოს თავდაცვა”, – განუცხადა მან „როიტერის“ კორესპონდენტს კიევში ვიზიტის დროს. კემერონმა ასევე პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, ლონდონი ყოველწლიურად სამ მილიარდ გირვანქა სტერლინგს  მისცემს “იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”. მან ასევე დააზუსტა, რომ „დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით  გაეკეთებინა”. 23 აპრილს ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი 617 მილიონი დოლარის (500 მილიონი გირვანქა სტერლინგის) ოდენობით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის გამოყენებული იქნება საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი მოწყობილობებისა და საინჟინრო საშუალებების საჩქაროდ მიწოდებისთვის, რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. სამხედრო დახმარების პაკეტში შევა 1600-ზე მეტი შეტევითი და საზენიტო რაკეტა, მათ შორის ახალი პარტია Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა, რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კილომეტრია . განა ეს ყველაფერი ომის გლობალური პარტიის მიერ მსოფლიო ომის მიმართულებით გადადგმული სახიფათო ნაბიჯები არ არის?!

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. უზარმაზარი უკრაინაც კი მისი ორმოცდახუთმილიონიანი მოსახლეობითა და ნატოს შეიარაღებით ვერ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის დასაჩოქებლად. გამწარებული დასავლეთი გამწარებით დაეძებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი (მეორე) ფრონტის გახსნის საშუალებას. ამისთვის ყველაზე მორგებულ კანდიდატურად საქართველოს თვლიან, რადგან, ერთი მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მეორე მხრივ კი, დასავლეთის მიერ საბჭოთა ხელმძღვანელების ხელით მოწყობილი 9 აპრილის სასაკლაო, რომელიც რუსეთს ეთვლება მძიმე ცოდვა, საქართველოში ამ ქვეყნის სიძულვილის ობიექტურ საფუძვლებს ქმნის (ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ამას ასე ფუთავს), ამიტომ დასავლეთმა საქართველოში აამუშავა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ე.წ. ფერადი რევოლუციის გზით, რომლისთვისაც „მეხუთე კოლონისთვის” უზარმაზარი (უკონტროლო) ფინანსური რესურსების მიწოდებას ახორციელებს. საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, ამ თანხებზე კონტროლის მექანიზმი შემოიღოს (შემოაქვს კიდეც), მაგრამ დასავლეთი ამას თავის სასარგებლოდ ატრიალებს და სწორედ ამ ფაქტს იყენებს სახელმწიფო გადატრიალების საფუძვლად. ერთი სიტყვით, საქართველოს არ შეუძლია, დასავლური შავი ფულის მოძრაობაზე კონტროლი არ დააწესოს, დასავლეთმა კი ამას რუსული კანონი დაარქვა.  ეს ეშმაკის წრეა, რომელიც შეიკრა. რაც შეეხება ეშმაკებს, ისინი წინასწარ ჰყავთ გამოჩეკილი, გამოზრდილი, ნავარჯიშები და დაფინანსებული. სწორედ ის ეშმაკები ირევიან, ფუთფუთებენ და ქაოსის ინსპირირებას ცდილობენ ქუჩაში, პარლამენტში, ეკლესიაში მათ ხან ენით აუწერელი უხამსობის შემცველი პლაკატები უჭირავთ ხელში, ხან წითელი კვერცხები, რომლებსაც ერთმანეთს უჭახუნებენ და სიტუაციისთვის ყოვლად შეუფერებელი მკრეხელური სიტყვების წარმოთქმით შეურაცხყოფენ აღდგომის ქრისტიანულ მისტერიასაც და საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ სიწმინდეებსაც:

– სად მივდივართ?

– ევროპაში!

სინამდვილეში კი ქვეყანას პოლიტიკური ქაოსისკენ, დამანგრეველი ომის და უკრაინიზაციის საშინელებისკენ მიაქანებენ.

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here