Home ახალი ამბები საქართველო საქართველომ  მოყვარე უნდა ეძებოს, ისეთი, როგორიც თუნდაც ჩინეთია, და არ უნდა მიაქციოს...

საქართველომ  მოყვარე უნდა ეძებოს, ისეთი, როგორიც თუნდაც ჩინეთია, და არ უნდა მიაქციოს ყურადღება, ვის მოეწონება ეს ურთიერთობა და  ვის არა

თუ ღარიბაშვილის ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეტი შეღავათი ექნება, თუ გაფორმებული ხელშეკრულება კონკრეტულ პროდუქტებს გააიაფებს, ჩინური ინვესტიციებით ქვეყანა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისარგებლებს და ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი?!

261
შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა ჩინეთში, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ოპოზიციური არხები ჩასაფრებულნი იყვნენ და სრული სერიოზულობით ვარაუდობდნენ, რომ ღარიბაშვილს ჩინეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები არ შეხვდებოდნენ, არც პომპეზურ დახვედრას მოუწყობდნენ და… არც ერთმა ოპოზიციურმა არხმა დახვედრის ცერემონიას საეთერო დრო არ დაუთმო, მხოლოდ სამი წამით აჩვენეს კადრი, როგორ ჩადის პრემიერი ტრაპზე და არ აჩვენეს ის მოცეკვავეები თუ საპატიო ყარაული, რომელიც საქართველოს პირველი პირისთვის მოამზადა ჩინურმა მხარემ. შემდეგ იყო ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან და, რაც მთავარია, ჩინეთის პირველი პირის განცხადება, რომ  საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან…

აი, ამ განცხადების შემდეგ  ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა თავი ვალდებულად ჩათვალა, ბრიფინგი მოეწყო და განეცხადებინა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის გაფორმება  საგარეო კურსის ცვლილებას ნიშნავს და, თუ ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც მომავალ სტრატეგიულ პარტნიორს, პარტნიორად  ვერ განვიხილავთ  ამერიკასა და ევროპას.  მათი ლოგიკით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ უნდა გაგვეფორმებინა.

არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და არც ერთ ექსპერტს არ უთქვამს  ერთი  საინტერესო რამ –  ისეთივე  ხელშეკრულება,  როგორიც   ჩვენ გავაფორმეთ ჩინეთთან, უკვე აქვს დადებული ამერიკას, თურქეთსა და… ევროკავშირის ყველა ქვეყანას. თურქეთს თუ  გამოვაკლებთ (როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს და არა წევრს), გამოდის, რომ საქართველოს  ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, ანუ ევროკავშირსა და ამერიკას, ზუსტად  ისეთივე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული  ჩინეთთან, როგორსაც  ჩვენ მოვაწერეთ ხელი. რა გამოდის? ამერიკას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ჩეხეთს, ესპანეთს და ა.შ. აქვთ უფლება, ჩინეთი ჰყავდეთ პარტნიორად და ჩვენ არა?! რატომ? შესაძლოა, ბევრი მიზეზი ჩამოვთვალოთ, მაგრამ ისევ ქართველის, საერთაშორისო ურთიერთობათა  ექსპერტ  გიორგი რუხაძის აზრი მოვისმინოთ.

„ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით არის ამერიკის ყველაზე დიდი მტერი. ჩინეთს აქვს სიდიდით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში და მისი ეკონომიკა მზარდია. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან, რომელსაც ამერიკა ეკონომიკურ საფრთხედ აღიქვამს, არასწორია“. ხომ არის „რკინის“ ლოგიკა? რეალურად სწორედ ამის გამო აყიყინდნენ დასავლელი ვითომ პარტნიორებიცა და ოპოზიციაც. ჩინეთის ეკონომიკა მზარდია და, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში სოლიდური ინვესტიციები რომ ჩადონ (რისი შესაძლებლობაც ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ძალიან დიდია), ჩვენი ეკონომიკა წელში გაიმართება.  ეს კი დასავლეთის  კლანჭებისგან თავის დაღწევას  ნიშნავს.

სხვათა შორის, უკრაინის „აგდებისა“ და ომში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი აღმასვლა იყო. მეტიც, ისტორიაში პირველად, ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკისას გაუსწრო, მაგრამ ომის დაწყებიდან ერთ თვეში პირველ ადგილზე კვლავ შტატებმა გადაინაცვლა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ომში  ჩინეთის მეზობელი  ქვეყანა  რუსეთია ჩართული. ამასთანავე, დასავლეთი დღემდე ვერ მალავს უკმაყოფილებას იმით, რომ ჩინეთის ხელისუფლება არ განუდგა რუსეთს, არ დაიწყო იარაღით უკრაინის მომარაგება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი კი არ გაგრძელდეს, არამედ დასრულდეს. ჩინეთის ხელისუფლება ხედავს,  რომ  ეს სამხედრო დაპირისპირება მის ეკონომიკას ძალიან მწარედ ურტყამს და ეს ყველაფერი ხელს აძლევს  ერთადერთ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც შტატებზე დამოკიდებულად  აქცია ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, რადგან პროდუქციას, რომელსაც ისინი რუსეთისგან იღებდნენ, ახლა ამერიკისგან ყიდულობენ და თანაც გაცილებით ძვირად, ვიდრე რუსეთისგან. მითი იმის შესახებ, რომ  დასავლეთი რუსეთის ეკონომიკას ექვს თვეში  ჩამოშლიდა და სანქციების ფონზე რუსეთში შიმშილი დაიწყებოდა, საბოლოოდ დაიმსხვრა. ახლა ყველამ იცის, რომ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ამას ამერიკელი ექსპერტები ამტკიცებდნენ, ხოლო მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარება, რომლის სათავეშიც თავად უნდა ყოფილიყვნენ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჩინური პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იყიდება და, თუ ღარიბაშვილის ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს  მეტი შეღავათი ექნება, თუ გაფორმებული ხელშეკრულება კონკრეტულ პროდუქტებს გააიაფებს, ჩინური ინვესტიციებით ქვეყანა  და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისარგებლებს  და ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი?!  გიგანტური ქვეყანა, რომლის ეკონომიკა გაცილებით აღემატება  საქართველოს ეკონომიკას,  სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას გვთავაზობს და იმის გამო, რომ თურმე ეს ამერიკას ეწყინება, უარი უნდა განვაცხადოთ – ასეთია ქართული ოპოზიციისა და ექსპერტთა გარკვეული კატეგორიის მოსაზრება. მათი ლოგიკით, არ შეიძლება ამერიკის გაბრაზება, თორემ მერე ძია სემი გრანტებსა და გამოხრულ ძვალს აღარ გადმოგვიგდებს და რით უნდა იარსებონ იმავე ექსპერტებმა, პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა?

თავად განსაჯეთ, ქართული ბიზნესისთვის ჩინური ბაზარი რომ გაიხსნას, რა მოხდება. ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში, სადაც მოთხოვნა ლამის ვერასდროს აკმაყოფილებს მიწოდებას, ქართული პროდუქციისთვის, შესაძლოა, მაშველ რგოლად იქცეს და აღარასოდეს დადგეს დღის წესრიგში, სად გავყიდოთ ესა თუ ის ჭარბი პროდუქცია. სრულიად  საქართველო რომ გადავხნათ და დავთესოთ, ხეები დავრგოთ, რუსულ და ჩინურ ბაზარს  ვერ დავაკმაყოფილებთ და ეს არის ძალიან კარგი. რაკი რუსული ბაზარი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ, როცა მოცვის წარმოების ბუმი იწყებოდა საქართველოში, რამდენიმე ბიზნესმენმა ტელევიზიებთან წაიკეკლუცა: მოცვი ისეთი პროდუქტია, რუსეთის ბაზარზე ინტერესი რომ არ ექნება, და ჩვენი მიზანიც ევროპული ბაზრის დაპყრობააო. ჰოდა, გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წელს მიღებული მოცვის მოსავლის 90% რუსულ ბაზარზე გაიყიდა, 10% კი – ევროპის 30-მდე ქვეყანაში.

ისევ ღარიბაშვილის ჩინურ ვოიაჟს დავუბრუნდეთ. პეკინის განათლებისა და კულტურის უნივერსიტეტის წინ პრემიერმა შოთა რუსთაველის ბიუსტი გახსნა. ბიუსტს ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენაზე შემდეგი სიტყვები აწერია: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.  სწორედ ეს არის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ საქართველომ  მოყვარე უნდა ეძებოს, ისეთი, როგორიც თუნდაც ჩინეთია, და არ უნდა მიაქციოს ყურადღება, ვის მოეწონება ეს ურთიერთობა და ვის არა. მთავარია, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საქართველოს წაადგეს, დანარჩენი საინტერესო არ არის. პრემიერის ვიზიტი ჩინურმა ტელევიზიებმაც ფართოდ გააშუქეს, დიდი დრო დაუთმეს. დასავლელ პარტნიორებსა და ოპოზიციას  ესეც არ მოეწონათ, აქაოდა, ჩინეთი რუსეთის მთავარი პარტნიორია და საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციასაც კი არღვევს, რომელშიც სწორედ „ოცნებამ“ ჩაწერა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი დასავლეთისკენ იქნება მიმართულიო. და არავინ, საერთოდ არავინ ამბობს იმას, რომ იგივე ამერიკა და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებენ ჩინურ ბაზარზე დასამკვიდრებლად და ხელშეკრულება, რომელიც ღარიბაშვილმა საქართველოში ჩამოიტანა, დიდი ხანია, ამერიკელებსაც და ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს…

დღე არ გავა, დასავლეთმა საკუთარი თავის ლუსტრაცია არ მოახდინოს და ქმედებით თუ საუბრით არ დაადასტუროს, საქართველოსთვის კარგი რომ არ სურს. ისინი უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ, რაც შეიძლება მათთვის, რაც კარგია მათი ქვეყნებისთვის, არ შეიძლება  და აკრძალულია საქართველოსთვის. დასავლეთი  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა  არ განვითარდეს, რომ ყველა მიმართულებით დეფიციტი შეგვექმნას და გაძვირდეს ყველაფერი. რუსული ბაზრიდან ჩვენი ჩახსნის არაერთი მცდელობა კრახით დასრულდა და ახლა, თუ ჩინურ ბაზარზეც გავალთ, დასავლეთისთვის ამოცანა გართულდება.

ცნობისთვის: როცა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დაწყების შესახებ გამოცხადდა და  ითქვა, რომ ჩინური კომპანიები ჩვენთან ინვესტიციებს  ჩადებენ, ოპოზიციამ მაშინვე „გაიხსენა“, რომ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციას სწორედ ჩინური კომპანია აწარმოებს და ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. ის, რომ რიკოთზე პრობლემებია, არავინ მალავს, მაგრამ ზუსტად იმავე კომპანიამ განახორციელა მასშტაბური პროექტი გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში და ამას რატომ არ ახსენებენ ოპონენტები? იმიტომ, რომ ხელს არ აძლევთ და უკვე მერამდენედ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ თეთრი შავია. ახლა მართებული ის იქნებოდა, გვეთქვა, რომ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, მაგრამ რეალურად, დასავლეთი თავის აქაურ აგენტურასთან ერთად ყველაფერს აკეთებს საქართველოს დასაჩოქებლად,  ხელისუფლება კი ბეწვის ხიდზე გადის…

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here