Home ახალი ამბები საქართველო რუსეთს 800 ათასზე მეტი ქართველი აფარებს თავს, იქ შრომობს და იმაზე გაცილებით ...

რუსეთს 800 ათასზე მეტი ქართველი აფარებს თავს, იქ შრომობს და იმაზე გაცილებით  მეტ თანხას გზავნის საქართველოში, ვიდრე ათეულში მოხვედრილი ყველა ევროპული ქვეყანა და ამერიკა ერთად აღებული

424

დასავლეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას იგებს. ჰო, იგებს, ოღონდ საინფორმაციო ომს, თურემ უშუალოდ ბრძოლის  ველზე რა ხდება, საგულდაგულოდ დამალულია. დაახლოებით ისეა, 2008-ში სააკაშვილმა რუსთაველზე რომ აზეიმა ხალხი და 5 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ტაშს რომ უკრავდა, – მიშამ გაიმარჯვა, გიხაროდეთო. რაც მთავარია, ამის ფონზე გვიმტკიცებენ, რომ რუსეთი არამხოლოდ ბრძოლის ველზე მარცხდება, არამედ ბიუჯეტს ვერ ავსებს, რომ  იქ ტოტალური უმუშევრობაა და  ხალხს შია, რომ რუსეთში მყოფი ქართველები სამშობლოში ფულს ვეღარ გზავნიან. ოპოზიციური არხები იმასაც გაჰყვირიან, რომ თურმე მექსიკის გავლით საქართველოდან ამერიკაში ყოველდღიურად ათასობით ქართველი გარბის სამსახურის საძებნელად და ისინი საქართველოში უამრავ ფულს გზავნაინ, რათა აქ  ნათესავები შიმშილით სიკვდილისგან იხსნან.

მიგრაცია საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ხმამაღლა არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელშიც დღეს ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რუსეთია. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოს 800 ათასზე მეტი ქართველი აფარებს თავს, იქ შრომობს და იმაზე გაცილებით  მეტს გზავნის საქართველოში, ვიდრე ათეულში მოხვედრილი ყველა ევროპული ქვეყანა და ამერიკა ერთად აღებული. მეტი თვალსაჩინოებისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში გადმორიცხული ფულის საუკეთესო ათეულს შემოგთავაზებთ:

1. რუსეთი – $111 მილიონი, მატება 195%;

2. იტალია $36.6 მილიონი, მატება 9%;

3. აშშ – $29 მილიონი, მატება 19%;

4. საბერძნეთი – $19 მილიონი, კლება 3%;

5. ისრაელი – $18 მილიონი, მატება 8%;

6. სომხეთი – $17 მილიონი, მატება 1421 %;

7. გერმანია – $15 მილიონი, მატება 50%;

8. ყირგიზეთი – $13 მილიონი, მატება 658 %;

9. ყაზახეთი – $12 მილიონი, მატება 167%;

10. თურქეთი – $9 მილიონი, კლება 2.5%.

ეს ოფიციალური მონაცემებია და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, გაჭირვებაში მყოფი რუსეთიდან შარშანდელთან შედარებით ლამის 200%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე აყვავების გზაზე მყოფი ამერიკიდან. ყველაზე მეტი გადმორიცხვა შარშანდელთან შედარებით სომხეთის რესპუბლიკიდან  არის და ესეც რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ისინი, ვინც სომხეთში ჩავიდა, ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემდეგ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს და როგორ გგონიათ, სად მიდიან? სწორია – საქართველოში და, რამდენიც უნდა გააპროტესტონ ოპოზიციამ თუ ამერიკამ, რიგითი ადამიანების მეგობრობასა და კარგ ურთიერთობას ვერაფრით შეცვლის. რაც მთავარია, რუსეთში ქართველთა ოდენობის შესახებ ოპოზიციამაც კარგად იცის და დასავლეთმა ხომ იცის და იცის. ამის მიუხედავად, სწორედ დასავლეთის წაქეზებით, არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები ერთ ხმაში გაჰყვირიან, რომ რუსეთის დამარცხება ძალიან კარგი იქნება და მერე რა, თუ რუსეთი დამარცხდება, მარცხდება ის 800 ათასი ქართველიც, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზეა. მერე რა, რომ მარცხის შემთხვევაში, მათ მართლაც შეიძლება შეექმნათ სერიოზული პრობლემები როგორც დასაქმების, ისე  რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის და ვინმეს უფიქრია, 800 ათასი მოქალაქე საქართველოში რომ დაბრუნდეს, უმუშევრად დაჯდეს, რა მოხდება? რა თქმა უნდა, წარმოუდგენიათ და სწორედ ამიტომ გაჰკივიან იმას, რასაც გაჰკივიან. არეულობა, მეორე ფრონტი, სოციალური აფეთქება – ანუ, ყველაფრის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნება და შემდეგ დასავლეთის დაკრულზე ბუქნაობა. ეს უკვე ნანახი გვაქვს, ეს უკვე გავლილი გვაქვს და აღარ გვინდა.

გასულ კვირას  ირაკლი კობახიძემ თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე  და მშვიდობის შესახებ –   შესაძლოა ხელისუფლებამ პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოსო. ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, რადგან ხარჯი უნდა გავწიოთ, პლებისციტი უნდა ჩავატაროთ, უმჯობესი ხომ არ იქნება, მხოლოდ ერთი კითხვით არ შემოვიფარგლოთ და საქართველოს მოქალაქეებს ვკითხოთ – სჯერათ თუ არა ნატოში გაწევრების  პერსპექტივის და  სურთ თუ არა ნატოში გაწევრება? ეს იქნება ძალიან საინტერესო და არც ის იქნება უინტერესო, თუ ვიკითხავთ, პროცენტულად რამდენ ადამიანს სურს ცივილიზებული ურთიერთობა რუსეთთან და რამდენს სჯერა, რომ ევროპა და ამერიკა ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. რატომღაც გვგონია, რომ ხელისუფლება ამ კითხვების დასმას არ გარისკავს, რადგან მოსახლეობის პოზიციის გაცნობის შემდეგ საგარეო კურსის გადახედვა შეიძლება მოუწიოს და აღიაროს, რომ ნატოსთან ერთობლივ წვრთნებსა თუ სხვა „თამაშობებს“ აზრი აღარ აქვს, რომ მოსახლეობა დაიღალა 30-წლიანი ტყუილით, რომ… რომ… და ეს ყველაფერი არაოფიციალურად ისედაც ყველამ იცის, ოფიციალურად რომ ვთქვათ, სწორედ პლებისციტია შანსი.

რუსეთიდან პირდაპირი გზავნილების გარდა, რუსი ტურისტები არაერთ ასეულ მილიონ დოლარს რომ ტოვებენ საქართველოში, ცალკე თემაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სერიოზული პრობლემა რომ უდგას ქვეყანას, ყველამ იცის და ეს გადმორიცხვები და ტურისტების მიერ დატოვებული თანხები სწორედ უცხოურ ინვესტიციად აღიქმება ეკონომიკისთვის. რუსეთიდან შემოსული ფულით სამუშაო ადგილებიც კი იქმნება და იქმნება იმიტომ, რომ აქ მყოფები სწორედ ამ ფულით  იწყებენ მცირე ბიზნესს,  უძრავ ქონებას ყიდულობენ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ  კარგი რომ არის, იმიტომ არ მოსწონს ლიბერალურ ფრთას. რუსეთის ეკონომიკის რყევები ასე რომ უხარია ოპოზიციასა და დასავლეთს, პირველ  რიგში, ყველაზე მეტად, სწორედ საქართველოს ურტყამს და არ გამორიცხოთ, რომ ურტყამს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე რუსულ ეკონომიკას. ძალიან მარტივ და უახლეს მაგალითს გეტყვით – კახელი გლეხები ყურძენს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასად, 90 თეთრად, აბარებენ და ვინმე თუ 95-ს გადაუხდის, ბედნიერები არიან. ჰოდა, არაერთმა მევენახემ ყურძენი დიდი რაოდენობით რუსეთში გაიტანა და იქ გაყიდა 2.50-3.00 ლარად. ბევრს შესაძლებლობა არ აქვს იმის, რომ გაიტანოს, თორემ მოთხოვნა არის. ახლა ის ვთქვათ, რა ოდენობის ყურძენი შეისწყიდეს ევროპულმა და ამერიკულმა ქვეყნებმა. პასუხია ნული! მაგრამ ამ ნულს არც ოპოზიცია იმჩნევს, არც არასამთავრობოები და არც დასავლეთი.

ზამთრის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოში ზამთრის კურორტებზე სასტუმროების უდიდესი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ამერიკის მოსახლეობის წილი ამ ჯავშნებში 1%-იც არ არის, 70%-ზე მეტია რუსეთის მოქალაქეების წილი და ახლა, როგორც არ უნდა ვატრიალოთ ეს ყველაფერი, ციფრები არასდროს ტყუის. ჰკითხეთ იმ სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც წელს რუსებს უმასპინძლეს, და გეტყვიან, რომ კმაყოფილი არიან; შეეკითხეთ რიგით ადამიანებს, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ რუს ტურისტებთან და კმაყოფილებას არ დამალავენ. სამაგიეროდ, სოციალური ქსელის დაპყრობის იმედად რამდენიმე ერთეული თუ ათეული ადამიანი ცდილობს, „თავი გამოიჩინოს“ და რუსეთის მოქალაქე ან სამარშრუტო ტაქსიდან ჩააგდოს, ან შეურაცხყოს. როცა ამის გაკეთებას დააპირებთ, ბატონებო, აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს და, ერთ და ორ ტურისტს კი არა, პრობლემა საქართველოს 800 ათას მოქალაქეს შეექმნას; იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე წლებია, რუსეთში ცხოვრობენ, შრომობენ და საქართველოს იქიდან აცოცხლებენ. აქ რომ გაჰკივის ოპოზიცია ბოლო ხმაზე, რუსეთის მოქალაქეებს ცხოვრების უფლება არ უნდა მივცეთო, მაშინ ჩვენებიც წამოვიდნენ რუსეთიდან და სადამდე მივალთ,  ვნახავთ.

იტალიაში თოვლი მოვიდა, პირველი თოვლია უკრაინაშიც და ისე ჩანს, წელს უმკაცრესი ზამთარი გველის. ასეთ პირობებში იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავკეტოთ მისასვლელი გზა რუსეთთან, არამედ იმაზე, როგორ მოვახერხოთ და უფრო მეტად გავამყაროთ ურთიერთობა მეზობლეთან, რომელზეც არამარტო საქართველოს ეკონომიკა, არამედ, ყველაზე ცოტა, მოსახლეობის მეოთხედის ბედი ჰკიდია. ისევ და ისევ ხელისუფლებამ უნდა თქვას მკაფიოდ, რომ რუსეთთან საუბარს აპირებს და აპირებს ისე, როგორც ესაუბრებიან დანარჩენი სახელმწიფოები, როგორც ესაუბრება მილიარდნახევრიანი ინდოეთი, როგორც ესაუბრება ლამის ორმილიარდიანი ჩინეთი და აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთი. ისინი საკუთარ ქვეყნებზე ზრუნავენ და არ მალავენ ამას. ჩვენ კი პრაქტიკულად ყველაფერს რუსეთისგან ვიღებთ, ყველაფერი, რაც ჭარბი  გვაქვს, რუსეთში გაგვაქვს და ამ ყველაფრის შენიღბვას ვცდილობთ, იმიტომ, რომ დასავლეთს არ ეწყინოს. ეწყინება და ცივი წყალი დალიოს, ის წყალი, გლობალური დათბობის გამო წელს აღმოსავლეთ საქართველოში სერიოზული შეზღუდვებით რომ გვქონდა, თუმცა ეს ზაფხულის პრობლემაა, წინ კი… უმკაცრესი ზამთარი გველის.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here