Home ახალი ამბები საქართველო “რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მისი ყველა მეზობელი უნდა...

“რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მისი ყველა მეზობელი უნდა დააფიქროს, რატომ და რისთვის შემუშავდა ის”

“ნუ ვითამაშებთ სხვის თამაშს, ვიფიქროთ საკუთარ ინტერესებზე”

644

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამა წლის 23 მარტს ხელი მოაწერა № 229 ბრძანებულებასრუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების  შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის  31 მარტს და ძალაში შევიდა იმავე დღეს. კონცეფციაში საუბარია რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებზე, რფის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და ძირითად ამოცანებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე, რეგიონულ მიმართულებებზე… …ამ ვრცელ დოკუმენტში ჩვენთვის, ქართველებისთვის, რამდენიმე პუნქტია მნიშვნელოვანი, მაგალითადმეხუთე თავის ქვეთავიახლო საზღვარგარეთი“, რომელშიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად ლაპარაკია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეც.

რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაზე პოლიტოლოგები მიხეილ ჟღენტი, თამარ კიკნაძე და გულბაათ რცხილაძე გვესაუბრებიან.

მსოფლიო შედის ახალ ფაზაში და ნუ დავუშვებთ იმ შეცდომას, რომელიც 1990-იან წლებში დავუშვით

მიხეილ ჟღენტი, ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი.

_ ბატონო მიხეილ, კონცეფციის 49- პუნქტში წერია, რომ რუსეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სოციალურეკონომიკური განვითარებისთვის, მისი, როგორც მსოფლიო განვითარებისა და ცივილიზაციის ერთერთი გავლენიანი სუვერენული ცენტრის პოზიციის განსამტკიცებლად ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილური გრძელვადიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების უზრუნველყოფა

_ სანამ ბრძანებულებას შევეხებით, გავიხსენოთ ვლადიმერ პუტინის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება: “რუსეთი ვერ შეეგუება მის საზღვრებთან მტრულად განწყობილი სახელწიფოების არსებობას”.

ვფიქრობ, ამ განცხადების ფართო გაშლაა ეს კონცეფცია. ასევე, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ბრძანებულებას ხელი მოეწერა მოსკოვში ჩინეთის ლიდერის ისტორიული ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ გაფორმდა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. გავიხსენოთ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის უპრეცედენტო განცხადებაც რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობაზე.

რუსეთმა, პრაქტიკულად, ჩამოაყალიბა თავისი სტრატეგია,  რომლისკენაც 23 წლის განმავლობაში მიდიოდა და რომელიც დასავლეთის სულწასულობამ და უკრაინის ომმა დააჩქარა. რუსეთი აიძულეს, თავისი სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის საგარეო ინტერესებზე დაეწყო არა მხოლოდ ფიქრი, არამედ მკაცრი ქმედებები. ნებისმიერი ქვეყანა, თავის სამეზობლოდან იწყებს უსაფართხოების უზრუნველყოფას. უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტმა რუსეთს დაანახვა მისი სამეზობლო პოლიტიკის კრახი. 32 წლის განმავლობაში რუსეთი არ ზრუნავდა საკუთარი ინტერესების დაცვაზე, ცდილობდა, ჩართულიყო დასავლურ თანამეგობრობაში და გამხდარიყო მისი ნაწილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად. ისტორიამ გვიჩვენა, რომ დასავლეთი არც ერთი ფორმით, ფორმაციით თუ სტატუსით რუსეთს, როგორც თანაბარ პარტნიორს, არ დაელაპარაკება.

დიახ, სუვერენიტეტის აღდგენის გზაზე რუსეთის პირველი და დაუყოვნებელი ამოცანა თავის საზღვრებთან ვითარების სტაბილურობაა. იგი დაცული უნდა იყოს სიურპრიზებისგან და ამიტომაც ინტეგრაციული პროცესები მისთვის პრიორიტეტულია. ვაჭრობა და ეკონომიკის განვითარება სჯობს ომსა და ნგრევას, ამიტომაც არის ე.წ. რბილი ძალის ამოქმედების მცდელობები.

_ კონცეფციაში საუბარია .. ფერად რევოლუციებზეც; ნათქვამია, რომ არაფრით დაუშვებენ მსგავს რამეს რეგიონში და, თუ სახელმწიფო თვითონ ვერ შეძლებს ,,ფერადი რევოლუციისაღკვეთას, მაშინ რუსეთი ჩაერევა, თანაც დაუკითხავად

_ “ფერადი რევოლუციები” _ ეს იყო პოსტსაბჭოთა რუსეთის შემდგომი დაშლისა და დაქუცმაცების გეგმა. დასავლეთის მთავარი მიზანი, მოგეხსენებათ, არის რუსეთი, მისი წიაღისეული. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უნდა შექმნილიყო ცეცხლის რკალი რუსეთის საზღვრებთან, ამიტომაც 2000 წლიდან დაიწყო “ფერადი რევოლუციები”. ამ მხრივ  ფრიადოსნები აღმოჩნდნენ საქართველო და უკრაინა. განსაკუთრებით დაწინაურდა უკრაინა და თავიც დაიღუპა _ იშლება და ნადგურდება ევროპის დიდი ქვეყანა, რომელიც მალე აღარ იქნება დასავლეთის ინტერესებში და, როგორც ნახმარ ხელსახოცს, ისე მოისვრიან. დასავლეთი ერთი დღითაც არ წყვეტს რუსეთის საზღვრებთან საომარი მოქმედებების გაღვივების მცდელობას. საქართველოს ხელისუფლება, უკვე 11 თვეა, ცდილობს, თავი აარადოს კონფლიქტში ჩართვას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიმტკიცებენ, რომ არავინ აპირებს საქართველოს ჩართვას ომში და უკრაინის მხარდაჭერა ომს არ გულისხმობს, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ უკვე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი მის ქვეყანასაც უპირებს ამ კონფლიქტში ჩართვას. ამას უპირებენ თურქეთს, რომელსაც ნატოს წევრ ქვეყნებში ყველაზე დიდ ჯარი ჰყავს აშშ-ის შემდეგ. ეს აშკარად მიანიშნებს დასავლეთის დაუოკებელ სურვილზე, რუსეთი სამეზობლოს სხვა ქვეყნებით ცეცხლის ალში გახვიოს.

_ ქართველმა საზოგადოებამ 30 წლის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ დასავლეთს პატარა საქართველო მხოლოდ რუსეთთან საომრად, გასაღიზიანებლად სჭირდება. ახლა ვითარება იცვლება, რუსეთის ფედერაციის სამოქმედო გეგმებიც შეიცვალა. რა გვაქვს გასაკეთებელი, საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა?

_ ბოლო 32 წლის განმავლობაში პირველად ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, არნახული წნეხის მიუხედავად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორმე მშვიდობიანად გავიაროთ მსოფლიოს გადანაწილების პერიოდი. ბოლო ერთ კვირაში იმდენი რამ მოხდა, რამდენიც გასულ საუკუნეში 10-15 წლის განმავლობაში არ ხდებოდა. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მაქსიმუმი სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდის შესანარჩუნებლად.  რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ ყველა მეზობელი უნდა დააფიქროს, რატომ და რისთვის შემუშავდა ის. რაც შეეხება იმას, საით უნდა წავიდეთ, ვფიქრობ, ის ელვისებური ცვლილებები, რომლებიც მსოფლიოში ხდება, 2024 წლისთვის გამოაჩენს ორიენტირებს და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხიც ამ პერიოდში იქნება აქტუალური.

მსოფლიო შედის ახალ ფაზაში და ნუ დავუშვებთ იმ შეცდომას, რომელიც 1990-იან წლებში დავუშვით. ნუ ვითამაშებთ სხვის თამაშს, ვიფიქროთ საკუთარ ინტერესებზე.

რუსეთი ჯერ საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც მას ემუქრება, და შემდეგ გადადის ქმედებაზე

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი, პროფესორი:

_ დიდი სახელმწიფოები არავის ემუქრებიან. კონცეფცია საკმარისია იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, რა შეიძლება მოხდეს. ხდება რუსეთის რეანიმაცია, შესაძლოა, საბჭოთა კავშირივით ვერ გამოვიდეს, მაგრამ ინტეგრაციული პროცესები იგეგმება პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს ფაქტია. რუსეთი მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭორა სივრცე, და არა მხოლოდ, არის მისი მოქმედებისა და გავლენის არეალი. მას, როგორც ქვეყანას, თანაც დიდ ქვეყანას, აქვს ეს ამბიცია. რუსეთი ჯერ საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც მას ემუქრება, და შემდეგ გადადის ქმედებაზე.

კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ღირებულებითი დაპირისპირებაა. ის ღირებულებები, რომლებიც დასავლეთს ამჟამად აქვს, პოსტმოდერნიზებული რუსეთისთვის მისაღები არ არის.

არის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა _ მსოფლიოში ყველა თვლის, რომ რუსეთი არის ყველა უბედურების სათავე. ყველა ფიქრობს, რომ, თუ ცუდი რამ ხდება, რუსეთის გავლენით ხდება. მიმდინარეობს რუსეთის დემონიზაცია. ვინც განათლებულია, მან იცის, რაც ხდება, მაგრამ ახალგაზრდებთან პრობლემაა, ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა.

საქართველო და მისი მმართველები ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან, თუ დასავლეთისკენ წავლენ, დაიღუპებიან, ჩრდილოეთისკენ წავლენ და ცუდად ექნებათ საქმე… საქართველოს ხელისუფლების ნამდვილად არ მშურს ახლა, მათი არჩევანი მძიმეა. ქვეყანა “ფერადი რევოლუციის” ზღვარზეა. თუ თვითონ ვერ დავარეგულირებთ ვითარებას, ვერ აღვკვეთთ დესტრუქციული ძალების ქმედებებს, ცუდი შედეგი დადგება. რუსეთის ფედერაციის მიერ დამტკიცებულ კონცეფციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თვითონ ჩაერევიან, მოხდება “ოკუპაცია”. ოკუპაცია ცუდია, ჩვენი პირობები გათვალისწინებული არ იქნება და შეიძლება გუბერნიად ყოფნაც მოგვენატროს.

საქართველოში ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება: ოკუპირებულია ტელევიზიები, სრულიად საინფორმაციო სივრცე იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. საინფორმაციოები ხალხს ეუბნებიან: “შენ ევროპულ გზას გართმევენ”, მაგრამ არავის ამბობს, რომელ ევროპულ გზაზეა საუბარი, არავინ ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის თუ სხვა სტატუსი საქართველოს რამეს მისცემს.

პოლიტოლოგი ვარ, ვიცი, რომ არსებობს მოსახლეობამდე სწორი ინფორმაციის მიტანის გზები, მაგრამ არავინ იყენებს ამ გზებს. სამწუხაროდ, სწორი გზა რომელია, ხშირად პროფესორ-მასწავლებლებიც ვერ აცნობირებენ და სტუდენტს რა უნდა მოსთხოვო?! ის, რაც საქართველოში ხდება, გაცილებით საშიშია, ვიდრე წამოგვიდგენია.

_ რუსეთის ფედერაცია კეთილმეგობრულ ურთიერთობას სთავაზობს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ კონცეფციის მეხუთე თავის მერვე პუნქტში წერია, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას აღმოუჩენს. ჩანს, თუ სწორად არ ვიმოქმედებთ, ამ კუთხეებს რუსეთი შეიერთებს

_ საქართველოში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმ დონემდე მივიდა, რომ არც აფხაზეთი ადარდებს და არც სამხრეთ ოსეთი. ვერ ხედავენ, რა არის მთავარი ამოცანა, რაც ძალიან სამწუხაროა…

 რუსეთის ფედერაციამ კონცეფცია უკვე დაამტკიცა, თავისი სამოქმედო გეგმა აამუშავა. ის ძლიერია და მის გადაწყვეტილებებს თუ არ მივიღებთ, ძალით განახორციელებს. რუსეთის ეს კონცეფცია თუ განხორციელდება და განხორციელდება აუცილებლად, ჩვენ ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი, ეს უნდა გავაცნობიეროთ.

“3+3” ფორმატის წევრობა ნიშნავს, რომ რეგიონის წევრმა ქვეყნებმა თვითონ გადაწყვიტონ რეგიონის ბედი, დასავლეთის ჩარევის გერეშე. ეს ფორმატი დასავლეთის განსადევნადაა შექმნილი. სწორედ ამიტომ აქვთ მძაფრი რეაქცია ამერიკელებს. ამერიკელებმა თქვეს, რომ შავი ზღვა მათი ინტერესის სფეროა, მათ სურთ გლობალური ჰეგემონის როლი შეინარჩუნონ, მაგრამ ახალი მსოფლიო წესრიგი ნიშნავს იმას, რომ ამერიკას არ შესწევს მსოფლიოზე ჰეგემონიის დამყარების უნარი… რუსეთი ვა-ბანკზე მიდის, თუ ახლა ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, როგორც “დერჟავას”, პრობლემა შეექმნება…

საქართველოს ეხსნება შესაძლებლობები და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მთავრობა, მიუხედავად დასავლეთის დიდი წნეხისა, მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვფიქრობ, მეტი მუშაობაა საჭირო ახალგაზრდებთან, რათა გავაგებინოთ, რომ სწორი პოლიტიკით ვიმოქმედოთ და საფრთხე კი არ შევუქმნათ ქვეყანას, არამედ ვიყოთ დომინანტები…

საქართველო კონცეფციის გარეშეც მიღებულია რუსეთში, დივიდენდების მაქსიმუმს ვიღებთ ურთიერთობებით…”

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი, პოლიტოლოგი:

_ საქართველოში დიდი არეულობაა, უბრალოდ, ამას არ ვიმჩნევთ… “მოლოტოვის კოქტეილი” ნასროლია, მთავრობა უკან იხევს და, როგორც პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა თქვა, “განავალნაჭამივით” გამოვიდა აქციებიდან მეორე დღესვე, რადგან ამერიკიდან დაურეკეს. ეს არ არის ომი, მაგრამ არის შიდა დაპირისპირება…

რუსეთმა იცის, რაც ხდება ჩვენთან და არა მხოლოდ ჩვენთან, მაგრამ არ ერევა, ახლა გადაწყვიტეს, რომ მტერს მტერი დაარქვან. ახლა, როდესაც გართულდა ყველაფერი, მიხვდნენ, რომ კონცეფცია გადასახედია. ეს კონცეფცია გადასახედი იყო 2014 წელს, როდესაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი დააწესა. საქართველო კონცეფციის გარეშეც მიღებულია რუსეთში, დივიდენდების მაქსიმუმს ვიღებთ ურთიერთობებით…

_ კონცეფციაში ნახსენებია აფხაზეთი და ოსეთი, როგორც ჩანს, თუკი კონცეფციას არ მივიღებთ, რუსეთი ამ ტერიტორიების წართმევით გვემუქრება

_ დღევანდელი მთავრობა თუ მოგვწონს ან გვეცოდება, ან თანავუგრძნობთ, მაშინ დავკარგოთ ისედაც დაკარგული ტერიტორიები და ნუ დავაბრალებთ ამას ნურც სააკაშვილს, ნურც ხოშტარიებს და ა.შ. თუ ტერიტორია დაიკარგება, ეს იქნება ამ მთავრობის ბრალი. თუ ბევრს ვილაპარაკებთ ღარიბაშვილის კაცობაზე, ივანიშვილის პატრიოტობაზე, ამით მოსახლეობას თვალებში ნაცარს შევაყრით. ეს კი ყელში ამოვიდა. ნუ ვამყოფებთ მოსახლეობას ტერიტორიების დაკარგვის შიშის მძევლად. არ მოვიქცევით კარგად _ დაიკარგება ტერიტოროები. ეს არეულობა და გაურკვევლობა გაგრძელდება, თუ მთავრობამ ახლავე არ შეცვალა თავისი პოლიტიკა, თუკიMმთავრობა არ დაუკავშირდა პრეზიდენტ პუტინს, რომელიც არის აღნიშნული კონცეფციის ავტორი და ხელმომწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მოვუვლით აფხაზეთს, ცხინვალს, ჩვენ ვერ შევთავაზებთ მათ ვერაფერს.

რუსეთმა საქართველოს შესთავაზა “3+3” ფორმატში მონაწილეობა და ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე კონცეფციის ტექსტი. “3+3” ფორმატში გადამტერებული ქვეყნები სხედან. რუსეთმა ამ ფორმატში მიწვევით გვითხრა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს, მაგრამ ეთანხმება საქართველოს, რომ აფხაზეთი და ოსეთი არ არიან სრულფასოვანი რესპუბლიკები. რუსეთი თანახმაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით მიიღოს მონაწილეობა ამ პლატფორმაში. ამას სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებები არ აპროტესტებენ, რადგან მათ რუსეთის პოზიცია იციან და აცნობიერებენ, რომ სხვაგვარად არ შეიძლება, ვერ გამოვა… საქართველოს სხვანაირადაც შეეძლო მოქმედება, ბევრი რამის მიღწევა შეგვეძლო რუსეთის გარეშეც, ისე, რომ აფხაზებსა და ოსებს არ გაეპროტესტებინათ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here