Home ახალი ამბები საქართველო რომ გაჰყვირით,  შინ – ევროპისკენო, ასეთ ევროპაში მიდიხართ?!

რომ გაჰყვირით,  შინ – ევროპისკენო, ასეთ ევროპაში მიდიხართ?!

188

„დაე,საინტერესო დროში გეცხოვროს“ –  ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა   სინამდვილეში ჩინური წყევლაა. ოღონდ არ ვიცი, ეს ფილოსოფიური სენტენცია უძველესი კულტურის მქონე ჩინელი ერის ხალხური შემოქმედებაა თუ ამ სიბრძნის ავტორი მრავალთაგან ერთ-ერთი კონკრეტული ფილოსოფოსია, ჩინელები ფილოსოფოსთა ნაკლებობას ხომ  არასდროს უჩიოდნენ ( კონფუცი,ლაო-ძი, სუნ- ძი და სხვ) .

მივიხედ-მოვიხედოთ, რა ხდება მსოფლიოში (თუმცა, წყალსა და მეწყერს წაუღია ისეთი მსოფლიო, რომელშიც საქართველო და ქართველი ერი აღარ იქნება) და  დავინახავთ, რომ ქართველებს, განსაკუთრებით სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ბოლო 30 წელიწადია, ჩინური წყევლა აგვიხდა _ მართლაც  საინტერესო დროში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ჩემი  თაობა (66 წლის ვარ) „ვხარობთ“ ამ „საინტერესო დროში“ცხოვრებით. იყიდება საქართველო ბითუმად თუ ცალობით, წყლითა და ხმელეთით და კაცი არაა პატრონი _ მხოლოდ უფლისა და დედაეკლესიის იმედად ვართ, რომ მაცხოვარი საკუთარი დედის წილხვედრ, ურჯულო სატანისტების უკიდეგანო ოკეანეში მოქცეულ პატარა საქართველოს, გნებავთ, „ქრისტეს კუნძულს“, ჩასაძირად არ გაიმეტებს…

რა არ გადაიტანა ჩვენმა სამშობლომ:

* 1989 წლის 9 აპრილს უაზროდ დაღვრილი სისხლი. დიახ, უაზროდ, რადგან  9 აპრილმა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,  მხოლოდ დააჩქარა სსრკ-ის დაშლა. 2 წლის შემდეგ დასავლეთის ე.წ. გავლენის აგენტების ტრიომ გორბაჩოვ-იაკოვლევ- შევარდნაძის შემადგენლობით დაანგრია სსრკ _ „ბოროტების იმპერია“, როგორც მას რონალდ რეიგანმა უწოდა, და საქართველომ უბრძოლველად მოიპოვა „ასე ნანატრი თავისუფლება“, ისევე, როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომლის შემდეგაც „თავისუფალი, დამოუკიდებელი“ საქართველო მკაცრად დაისაჯა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ძმათა მკვლელი ომით;

* 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციად  წოდებული, ჯორჯ  სოროსის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შემდეგაც ქართველმა ხალხმა თითქოს შვებით ამოისუნთქა _ ახლა კი ნამდვილად გვეშველებაო, მაგრამ სააკაშვილმა ისეთი სისხლიანი კალო ლეწა 9 წლის განმავლობაში ქალაქის ქუჩებსა და განსაკუთრებით გლდანის ციხეში, რომ ქართველ კაცს სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმამდე არსებული ყველა ხელისუფლება სანატრელი გაუხადა.

ზემოქმულის მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების ყველა სიავემ ჩემი თაობის მხრებზე გადაიარა… თუმცა  ჯეელობის ხანის ნათელი ფერებიც მახსოვს:  სსრკ-ის 60 და 70-იანი წლები,  ბრეჟნევის ე.წ. უძრაობის ხანა 80-იან წლებში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სსრკ-ის წითელ იმპერიაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე საქართველოში იყო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ქართველს დღევანდელივით „ხვალეს“ შიში არ ჰქონდა. არც ის დამვიწყებია, რომ რუსეთში ქართველობა ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო, რომლის წინაშეც ყველა კარი იღებოდა. მკითხველს ვთხოვ,  მომიტევოს ნოსტალგიური ტკბილ-მწარე ლირიკული გადახვევები, თუმცა რატომ? როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“…

როგორც ზემოთ ვთქვი, წარსულში ბედნიერი პერიოდებიც მახსოვს. რაც შეეხება აწმყოს, მეგონა, საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონის, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის,  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, კაპიტან ეკა გიგაურისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თავხედობას  ზღვარი ჰქონდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი… ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამას წინათ სკანდალური განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიმართ. როგორც ბატონმა  ჩხიკვაძემ თქვა, ნიკა გვარამიას „გასროკვით“ უკმაყოფილო ქალბატონ კელის თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუგზავნია აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი  თანამშრომელი, რომელსაც ლაშა ჩხიკვაძისგან მოუთხოვია განმარტებები, რის საფუძველზე გამოუტანა ტელეკანალიზაცია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს ასეთი მკაცრი (ჩემი აზრით კი, მეტისმეტად ლმობიერი) განაჩენი _ თავისუფლების რამდენიმე წლით აღკვეთა. ეს ხომ სიტყვის თავისუფლების დარღვევააო და ა.შ. სხვა მსგავი ლიბერასტული მიეთ-მოეთი. აშშ-ის ელჩს ნუთუ არ სმენია  თავხედი გვარამიას მიერ პირდაპირ ეთერში მისი ლანძღვა და უზნეო და უტიფარი განცხადება ქართულ ღვინოში (აგრეთვე, მინერალურ წყალ „ბორჯომში“), ანუ ყველა ქრისტიანისთვის ქრისტეს სისხლში ჩაფსმის შესახებ?  სმენია და უნახავს კიდეც, მაგრამ ლგბტ თემის თავგამოდებული დამცველია  და  გამოსარჩლებაც ამიტომ გადაწყვიტა. არადა,  მის მშობლიურ ამერიკაში ( აშშ-ის ზოგიერთი შტატი, განსაკუთრებით კალიფორნია, ე.წ. შუა, ერთსართულიანი ამერიკისგან განსხვავებით, ლგბტ პირებისთვის სამოთხეა. სწორედ ერთსართულიანმა ამერიკამ აირჩია პრეზიდენტად ტრადიციულ-კონსერვატიული ფასეულობების დამცველი დონალდ ტრამპი) რომელიმე დიპლომატმა უბრალო რჩევა რომ მისცეს რიგით  ამერიკელ  მოსამართლეს, მისი კარიერა სამუდამოდ დასრულდება, მაგრამ ევროპა ხომ აშშ-ის ე.წ. უკანა ეზოა, ხოლო საქართველო _ ამერიკის უკანა ეზოს კიდევ უფრო უკანა ეზო.

სწორედ ამერიკის უკანა ეზოს რიგითმა გერმანელმა ევროდეპუტატმა მაიკლ გალერმა   ამერიკის ელჩზე უფრო თავხედური განცხადება კი არა, პირდაპირი დირექტივა, გნებავთ, ბრძანება გაუგზავნა  სააპელაციო სასამართლოს, სადაც 19 ივლისს ნიკა გვარამიას პროცესი  უნდა გაიმართოს  და  „მთავარის“ გენდირექტორის, არც მეტი, არც ნაკლები, პირველივე პროცესზე გამართლება და შინ გაშვება ბრძანა. როგორც მოსამართლე ჩხიკვაძემ  განაცხადა, სააპელაციო სასამართლოსაც დიდი ზეწოლის პირობებში მოუწევს მუშაობა. თვითონ ლაშა ჩხიკვაძე  ამერიკელებმა იმით დასაჯეს, რომ აშშ-ში მიმავალი 5-კაციანი დელეგაციის სიიდან ამოიღეს, მაგრამ მოხდა ამერიკისთვის უსიამოვნო, სკანდალური  რამ: ლაშა ჩხიკვაძის  სოლიდარობის ნიშნად დანარჩენმა მოსამართლეებმაც უარი განაცხადეს ამერიკაში წასვლაზე, რაც სკანდალთან ერთად უპრეცედენტო ფაქტია აშშ-საქართველოს 30-წლიან ურთიერთობებში. არ ვიცი, როგორი პრინციპული მოსამართლე იყო ბატონი ლაშა მწამებელი სააკაშვილის ზეობის ხანაში, შეიძლება მასაც აქვს ცოდვები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ამ შემთხვევაში ლაშა ჩხიკვაძის  კი არა, ჩემი შეურაცხყოფილი სამშობლოს ღირსებას ვიცავ.

ახლა ახალგაზრდებს მივმართავ: რომ გაჰყვირით,  შინ – ევროპისკენო, ასეთ ევროპაში მიდიხართ?! ლევან ბერძენიშვილების ილიაუნებში მოწამლული  სტუდენტები მეტყვიან, –  მთელი ევროპა ასეთი არ არისო… კი ბატონო, მაგრამ მაშინ, არც მთელი რუსეთია აგრესორი და რომც იყოს, მაინც პუტინის გამარჯვება მინდა, რადგანაც უკრაინაში რუსეთი და უკრაინა კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ  უკრაინის მიწაზე რუსეთი და აშშ, ანუ მართლმადიდებლობა და სატანა ებრძვიან ერთმანეთს ბოლო უკრაინელამდე.ამას დაუმატეთ ის, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი მშვენივრად ცხოვრობს და, მიუხედავად ჩვენში ტოტალური რუსოფობიისა, იქ ქართველებს უბატონოდ ხმას არავინ სცემს და საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით ინახავენ.

რაც შეეხება ომს,შეიარაღებულ დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ქალებიცა და ბავშვებიც იღუპებიან. ოღონდ ორივე მხარეს და არა ისე, როგორც კოლექტიური დასავლეთის პროპაგანდისტული მედია ხატავს.

დავით მხეიძე

P.S. მივმართავ ილიაუნელებს: ილიას სურათები გიკიდიათ, ალბათ, სასწავლებლის ოთახებსა თუ დერეფნებში, მაგრამ არ იცნობთ მის დიდ პუბლიცისტიკას და ამიტომ  შემოგთავაზებთ  საქართველოს უგვირგვინო მეფისა და რუსეთის დუმის დეპუტატ, თავად ილია ჭავჭავაძის ერთ პატარა წერილს, რას ფიქრობდა და წერდა რუსეთის შესახებ.  ამ პატარა წერილმა  იქნებ მისი დიდი პუბლიცისტიკის გაცნობის სურვილი აღგიძრათ.

რუსმა მოგზაურმა და ლიტერატორმა ევგენი მარკოვმა თავის წიგნში „კავკასიის ნარკვევები“ სიყვარულით აღწერა ჩვენი მხარე. მის პატისაცემად გამართულ საღამოზე თბილისში 1899 წელს ილია ჭავჭავაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში თქვა:

რატომ დავმალოთ, ჩვენ უთუოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და რად იცრუოთ, ჩვენი სამშობლო რომ გვიყვარს, მხოლოდ ამიტომ გვიყვარს რუსეთიცა. ეს ასეთი ბუნებრივი ჩვეულებრივი და გასაგებია ჩვენი მამაპაპური ზნეობისა გამო. რუსეთმა დაიფარა ჩვენი სამშობლო დარბევისა და დამცირებისაგან, იგი ამჟამადაც აშორებს მას უწინდელ ავბედობაგანსაცდელს. რუსეთმა განკურნა ჩვენი სამშობლოს წყლულნი ჩვენი სამშობლოს სიყვარული თვითონ არის ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ფესვიანდება, იზრდება და ძლიერდება ჩვენი კეთილი დამოკიდებულება და ერთგულება რუსეთისადმი“.

დ.მ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here