Home ახალი ამბები საქართველო “როცა კალოშებით და “სოციალური სტატუსით” მივიდა და იმ სამსახურიდან მულტიმილიონერი გამოვიდა, მაშინ...

“როცა კალოშებით და “სოციალური სტატუსით” მივიდა და იმ სამსახურიდან მულტიმილიონერი გამოვიდა, მაშინ არავის არაფერი უთქვამს”

62

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მალე სასამართლო იმსჯელებს. მისი ადვოკატის დიმიტრი ღონღაძის თქმით, “სოსო გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ”. ადვოკატის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება.

მისივე თქმით, გამოძიება სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის მუხლებით მიმდინარეობს.

,,სოსო გოგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი, განიცდის დაკავების დროს მიყენებული დაზიანებების ტკივილს. ვართ ბრალდების მოლოდინში, რომელსაც ველოდებით რამდენიმე საათში. დაზიანებებთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩაუტარდეს. მიმდინარე გამოძიების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოელოდა დაკავებას, დაკავების ოქმის თანახმად გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა. სავარაუდოდ, ეს შეეხება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.

სოსო გოგაშვილი უკანონო დაკავებას უკავშირებს მის აქტიურობას და განცხადებას, რომ აპირებდა მტკიცებულებების საჯაროდ გამოქვეყნებას, რომელიც შეეხებოდა წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებას. აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ”, – აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ.

რა პოზიცია ექნება ბრალის ირგვლივ პროკურატურას, რა მტკიცებულებებით წარდგება ის სასამართლოს წინაშე, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იურისტი მირიან ნიკოლაძე თვლის, რომ ინფორმაციების გამოტანა ისეთი უწყებიდან, როგორიც “სუს”-ია, არ უნდა ხდებოდეს.

იურისტი მირიან ნიკოლაძე:

– ზოგადად, საზოგადოების ტრაგიზმია, როცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ხელი მიუწვდება ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია პირადი ინფორმაციაც არის, ასეთ სტანდარტს ამკვიდრებს და მას შეუძლია ან ვინმეს დისკრედიტაცია მოახდინოს, ან ევაჭროს და დივიდენდები მოიპოვოს. არ ვიცი მსგავსი შემთხვევა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ასე ღიად ასეთ ქმედებებზე მიდიოდეს. ეს წარმოუდგენელი რამეა.

ახლა ეცნენ და დაიჭირეს, როცა მათ შეეხო, არადა როცა კალოშებით მივიდა კაცი, სოციალური სტატუსით და მულტიმილიონერი გამოვიდა იმ სამსახურიდან, მაშინ არავის არაფერი უთქვამს. ეს ვისი ბრალია? ეს ყველაფერი ხომ აკლდებოდა რიგით მოქალაქეებს. მაშინ არაფერი ხდებოდა და ამას ატარებდნენ. ახლა, როცა ვიღაცას შეეხო საფრთხის თვალსაზრისით, მაშინ დაიჭირეს.

იგივე მოხდა გიგი უგულავას შემთხვევაშიც. მის წინააღმდეგ 120 მილიონის მითვისებაზე საქმე აღძრეს თავიდან და როცა გადაუხევდა გზას, იჭერდნენ, მერე უშვებდნენ. ძალად ხდიან ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამ შემთხვევაში ორივე მხარე, დამჭერიც და დაჭერილიც ერთმანეთზე უარესია.

რაც ხდება დღეს, ეს არის სახელმწიფოს განვითარების შეფერხება, ხალხში უნდობლის დანერგვა. ამის შემდეგ რატომ უნდა ენდო ვინმეს? მაღალჩინოსანს, თუნდაც სახელმწიფოს და ხელისუფლებას. რასაც უკვეთ, იმას იღებ. მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი საფრთხეებია. არ შეიძლება სუს-ის მინისტრის მოადგილეს არ ჰქონდეს წვდომა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებზე და შემდეგ, როცა ამხელა თანამდებობის პირი, რადგან ასეთი ფსიქიკის კაცია, ამას პირადი ინტერესისთვის გამოიყენებს, ეს უკვე სახიფათოა. ასეთ დროს შენ უნდა ელოდო ყველაფერს.

მე ვიცი, რა არეალია და რანაირად შეიძლება დიდი რყევები გამოიწვიოს სახელმწიფოში ასეთმა ქმედებებმა. ჩვენთან არ არის კულტურა, ყველაზე საზიზღარი, ჩრდილოელი მეზობელი რომ არის, ოკუპანტი, დამპყრობელი, მანკიერია, მაგრამ იქაც კი არის ინსტიტუციონალური მართვა. უშიშროების კადრი იზრდება, თავიდანვე გადის ის უშიშროების სკოლას, მერე აკადემიას ამთავრებს, პრაქტიკას იღებს ქვედა საფეხურიდან და ჩამოყალიბებულია, ერთგვარი კლასია, ინსტიტუციაა. იმან იცის, რომ როცა ამ სამსახურში მუშაობს ეს არის მისი საქმე, რომ ემსახურება ქვეყანას, ეს არის პროფესია და სულ ნაწილ- ნაწილაც რომ დაჭრან, ხმა არ უნდა ამოიღოს. თანამდებობიდან რომ წამოვა, მაშინაც იცის, რომ არ უნდა ამოიღოს ხმა. მაგრამ ჩვენთან საერთოდ არაფერს ექცევა ყურადღება. ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეგიძლია მოიყვანო შენი ისეთი ძმაკაცი, რომელსაც ცხოვრებაში შეხება არ ჰქონია არც ოპერატიულ ინფორმაციასთან, არც სამართალდამცველთან. რომელ იურიდიულ განათლებაზეა საუბარი? დანიშნავ, აქცევ კაცად. იშოვის დიდ ფულს და მერე აქეთ შეიძლება ქვეყანასაც შეუქმნას საფრთხეები. მე გოგაშვილთან ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს, ეს არის ამ საზოგადოების ბრალი, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც შეუძლია არა პროფესიონალიზმით დანიშნოს პირი თანამდებობაზე, არამედ ძმაკაცობით.

ამ კაცმა გამოიყენა შესაძლებლობა – ვიღაცის დაშანტაჟება, ვიღაცისთვის ინფორმაციის ჩუმად მიწოდება, ვიღაცისთვის საფრთხეების შექმნა შეუძლია, ეს ხომ განუვითარებლობაა?! მას ალბათ მუდმივად მეთვალყურეობდნენ, გარკვეული ინფორმაციები, რაც გააჩნდა, იცოდნენ, რომ საფრთხის შემცველი იყო მათთვისაც და ხელსაც ვერ კიდებდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, გარეთ ყოფნა უფრო მეტად გვაზარალებს, თუ შიგნით, მისი ციხეში ყოფნაო. აქამდე ეტყობა სხვაგვარად ფიქრობდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ ციხეში ყოფნა აწყობდათ და დააკავეს.

-სუს-დან როცა გამოდის ინფორმაციები, ეს ქვეყნისთვის რამდენად დიდი საფრთხის შემცველია?

– ძალიან საშიშია. უშიშროება ისეთი სამსახურია, მათ ვერ მოსთხოვ, რომ გამოდი და ყოველ კვირას საზოგადოებას აბარე ანგარიშები შენს საქმიანობაზეო. ასეთი სამსახურები, უმეტესწილად, პრევენციაზე მუშაობენ. შესაძლოა, კონკრეტული საქმისთვის აგენტურაც გადაიბირო, ჩანაწერებიც აკეთო, მაგრამ მერე გამოხვიდე და ამაზე ისაუბრო, ან ეს მასალა გამოიყენო შანტაჟისთვის, სხვა მიზნისთვის, ყოვლად წარმოუდგენელია. ვიღაც უსმენს როცა მუშაობს ამ სამსახურში და ის ადამიანი რომ გამოვიდეს და ისაუბროს რა მოისმინა, ასეთი მიდგომით მორჩა, დამთავრებულია ყველაფერი. ეს დანაშაულია. უცებ შეუძლია ამხილოს რამდენიმე პირი მნიშვნელოვანი დანაშაულის ჩადენაში, არადა, იმ მომენტისთვის სამუშაოს ნაწილია. დიპლომატიურ სკანდალს მოვახდენ, რომ მოვინდომო, როცა ასეთ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ ეს ხომ არ არის სწორი.

– თუ კანონით დაუშვებელია ასეთი ინფორმაციების გამოტანა, ეს ხომ ეცოდინებოდა გოგაშვილს, თქვენი აზრით, მაშინ რატომ არ გაჩუმდა?

– ჩვენ არ ვიცით მიზეზები. ეს პირადი დაპირისპირება იყო, თუ სხვა წყენა იყო, ეს გაირკვევა. ბევრი წამოვიდა სისტემიდან და გააგრძელა ცხოვრება სკანდალის გარეშე. მათ შორის შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ადამიანები იყვნენ, რომელიც გოგაშვილს არ დაესიზმრება, მაგრამ ჩუმად არიან. როცა წამოხვედი სამსახურიდან, მორჩა, იქ მთავრდება ყველაფერი. არ გამოგაქვს გარეთ ეს ინფორმაცია, რადგან ეს სულ სხვა სამსახურია და სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სიმშვიდის საფუძველი იყოს. ადამიანურ დონეზეც როგორია, შენ ხომ ეს მასალები სამსახურებრივად ჩაგივარდა ხელში და არა შენი პირადი დამსახურებით.

ამან კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს ხელისუფლება იმაზე, თუ ვინ უნდა დასვას თანამდებობებზე. დღეს ნომერ პირველი პრობლემა სამართალდამცავ ორგანოებში არის ეს პრობლემა, კადრები უნდა გაიზარდოს შესაბამის სამსახურებში, რომლებსაც ეცოდინებათ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ. რამდენი დროა დაკარგული და არ იზრდება კადრები უშიშროებაში და შს ორგანოებში. როდემდე უნდა გაგრძელდეს მეჯვარეობით, მეგობრობით, ნათლიობით ხალხის დანიშვნა? გოგაშვილი შეძლებს პოლიტიკური პატიმრის იმიჯი მოირგოს.

თუ დასაჭერია მართლა უნდა დაიჭირო, მაგრამ არა მაშინ, როცა ხვდები, რომ შენ გექმნება საფრთხე და სხვა დროს ჩუმად ხარ. მერე უკვე გადაიზრდება სხვა რამეში და მერე პოლიტიკური სურნელი ასდის ასეთ საქმეს. ეტყობა ერჩივნათ წვრილი დარტყმებით გადაეგორებინათ, მაგრამ რომ ნახეს არ გაჩუმდა, დააკავეს.

კიდევ ერთი იურისტი, ყოფილი ძალოვანი ემზარ საბანაძე თვლის, რომ პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენა არ გაუჭირდება:

– გოგაშვილი დააკავეს მის მიერ გაკეთებული საჯარო ინფორმაციიდან გამომდინარე. მისი დაკავების წინაპირობა იყო მისი არასტაბილური დამოკიდებულება საქმისადმი. არ შეიძლება ჯერ ერთს ამბობდე და მერე შენს განცხადებაში ვიღაცას ემუქრებოდე. ზუსტად ამან განაპირობა, რომ დააკავეს გოგაშვილი.

მისმა დაკავებამ დათა თუთაშხიას ერთი ეპიზოდი გამახსენა, ბავშვებს რომ აყვირებენ… გოგაშვილის მეუღლე ასე იქცეოდა და მანიპულირებას აკეთებდა, ვითომ ბავშვის შეშინებაზე. არადა, კადრებიდან ეს არ ჩანდა. გოგაშვილმა სიმართლე თუ არ ილაპარაკა, მას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. მასზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა და მას თუ ეგონა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებით, მავანთან რაღაც მესიჯების გაგზავნით თავს დაანებებდნენ და რაღაცას აპატიებდნენ, ძალიან შემცდარა. პროკურატურას არ გაუჭირდება მისთვის ბრალის წარდგენა. მადლობა უნდა თქვას, თუ მარტო ამ ინფორმაციებზე წაუყენებენ ბრალს.

ვფიქრობ, მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებებიც შეიძლება გაჩნდეს და ბრალი წაუყენონ ახალ ფაქტებთან დაკავშირებითაც. ის იმიტომ ხმაურობდა, რომ იცოდა, დღეს თუ ხვალ დააკავებდნენ და მერე რომ ეთქვა, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე დამაკავესო. მე მის დაკავებას ველოდი 7-8 წლის წინ. პროკურატურას არ გაუჭირდება გოგაშვილზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

https://kvirispalitra.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here