Home ახალი ამბები საქართველო რევოლუცია საქართველოში მხოლოდ დასავლეთს აძლევს ხელს

რევოლუცია საქართველოში მხოლოდ დასავლეთს აძლევს ხელს

როდის იყო, ქართველ ერს რამეს ეკითხებოდნენ ან ევროპა, ან ამერიკა და ან ჩვენი პოლიტიკოსები?

151

არის ასეთი გამოთქმა  _  კაცისკაცი… ჩვენი მდგომარეობით კი კაცისკაცის  კაცები, ანუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კანდიდატები ვართ. ხელისუფლება ამას წარმატებად აფასებს, ოპოზიცია –  წარუმატებლობად, ევროკავშირმა კი 12-პუნქტიანი გეგმა გვაახლა: ამას თუ შეასრულებთ, კანდიდატის სტატუსს მოგცემთო და მერე… მერე, სულ ცოტა, 10-წლიანი მოლოდინი იქნება იმისა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. ეს საუკეთესო შემთხვევაში, თორემ აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც ნატოს წევრიც არის, 23 წელია, ევროკავშირის  წევრობას ამაოდ  ელის. თურქული და ქართული ეკონომიკის შედარებას არც დავიწყებთ, ძალიან დიდი სხვაობაა და იმიტომ. ჰოდა, სხვა პოლიტიკური მოვლენების გარდა, თურქეთი, რომელიც ევროპის სარჩენი არ იქნება, ღია კარში დგას, ლამის მეოთხედი საუკუნეა, და გამათხოვრებული საქართველოს რჩენა მოუნდება თუ არა ევროკავშირს, თავად განსაჯეთ.

12-პუნქტიან გეგმაში  პირველ პუნქტად დეპოლარიზაცია წერია, ანუ პოლიტიკოსები უნდა შერიგდეთ, პოზიცია და ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დასხდეთ და ქვეყანაზე ერთად იფიქროთო. ოპოზიციას იმ მაგიდასთან ჯდომა მარტო სურს, ხელისუფლება კი სთავაზობს, ერთად დავსხდეთო (როგორ გინდა, კლასიკა არ გაიხსენო და არ თქვა – „იჯდე რაო“), მაგრამ ოპოზიცია წინააღმდეგია. მეტიც, რამდენიმე  ე.წ. ექსპერტი შორსაც წავიდა, ივანიშვილი მობრუნდეს პოლიტიკაში, მაგიდის თავში დაჯდეს და პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, თორემ კობახიძისა და ღარიბაშვილის არ გვჯერაო.

„ქართული ოცნების“ ლიდერები  შეიკრიბნენ და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადები გაწერეს. საამისოდ კი, საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობაა საჭირო, მაგრამ ოპოზიცა რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. თუ ეს არ გამოვა (და დიდი ალბათობით, არ გამოვა), მოითხოვენ, ხელისუფლება შარლ  მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, სულ ცოტა, ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა ჩააბარონ. ამასთანავე ოპოზიციონერები დაინიშნონ სამინისტროებში მაღალ და მაკონტროლებელ თანამდებობებზე.  ეს, ერთი შეხედვით,  ძალიან კარგია, მაგრამ აქედანვე შეიძლება  თქმა, რომ ოპოზიცია საბოტაჟის მოწყობას შეეცდება. მაგალითისთვის, ოპოზიცია მოითხოვს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, რაც საბოტაჟის შესაძლებლობას მარტივად იძლევა.

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემიდან მესამე დღეს კიშინიოვში ლგბტ თემის აქტივისტთა აღლუმი გაიმართა და ეს იყო ლგბტ თემის ყველაზე მასშტაბური აქცია. ისინი ქუჩაში ამაყად და თამამად გამოვიდნენ _  პოლიციის ლამის მთელი შემადგენლობა იცავდა და, იმის მიუხედავად, რომ ამ აქციის მოწინააღმდეგეები აქციის მონაწილეებზე ათჯერ მეტნი იყვნენ, პოლიციამ ისინი ახლოს არ მიუშვა და ლგბტ თემს უფლება მიეცა, აქცია ბოლომდე ჩაეტარებინა. დასავლეთმა ამ ყველაფერს მხურვალე ტაშით უპასუხა და უთხრა, რომ არ შემცდარა, როცა მოლდოვას სტატუსი მისცა, მაგრამ… პროცენტულად რამდენია ისეთი ადამიანი საქართველოში, რომლებსაც,  კანდიდატის სტატუსის კი არა, ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდაც კი  ლგბტ პრაიდის ოფიციალური ჩატარება სურს? რამდენია ისეთი ადამიანი, რომელსაც ამისადმი ლოიალური დამოკიდებულება ექნება, არ გააპროტესტებს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მსვლელობას საქართველოს მთავარ გამზირზე და… ეგებ ჯერ გვეკითხა უმრავლესობისთვის, რას ფიქრობენ ამ საკითხზე, მაგრამ, დასავლეთს უმრავლესობის აზრი რომ არ აინტერესებს, მოლდოვის მაგალთზე გამოჩნდა – აშკარა უმცირესობამ სახელმწიფოს მხარდაჭერით მოახერხა და გააკეთა ის, რისი წინააღმდეგიც ლამის მთელი ქვეყანა იყო.

საქართველოში, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა თქვეს: ვითარებას  არ დავძაბავთ, დახურულ სივრცეში შევიკრიბებითო, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. ეჭვი გვაქვს, ეს გადაფიქრება ევროპულ-ამერიკული მითითება იყო, რადგან არ არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები ისეთი ვაჟკაცები, შესაძლო ფიზიკური ტკივილის სანაცვლოდ ქუჩაში მაინც გავიდნენ, თუმცა მათ ვიღაცამ მწვანე შუქი აუნთო და გაბედეს. შედეგად, სამართალდამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენლები დაიცვეს, მათ მოწინააღმდეგე აქციაზე კი 17 ადამიანი დააკავეს. ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ მომავალში ლგბტ თემს უკეთ დაიცავენ და მათ მოწინააღმდეგეებსაც უფრო ბევრს დაიჭერენ. ეს არის ფასი იმისა, რომ ევროპისკენ ნაბიჯი გადავდგათ და „შინ“ დავბრუნდეთ. ჰო, „შინ“ და ეს მაშინ, როცა დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში  ევროპის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებს სწორედ საქართველოს იმედი ჰქონდათ. სხვათა შორის, ლგბტ-თა ალღუმის  მოწინააღმდეგეებისდაკავება, არც ხელისუფლებას გაუპროტესტებია და არც ოპოზიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ, რასაც არ აპროტესტებ, ეთანხმები. გამოდის, ხელისუფლებაში დარჩენისა თუ მოსვლისთვის ორივე მხარე მზად არის, ლიბერალებს კოჭი გაუგოროს. იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ სწორედ ლგბტ თემთან შეურიგებელი დამოკიდებულების გამო, თურქეთს 23 წელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და არ იღებენ? თურქეთი აღლუმს  კი არა, მცირე გამოვლინებასაც კი სისხლის სამართლის დანაშაულად თვლის და ეს კანდიდატის სტატუსიც პრაქტიკულად ფორმალობაა, ორივე მხარემ იცის, რომ დათმობას არ აპირებს და სულ  ასე იქნება.

3 ივლისის აქციაზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რეალურად ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმაც მეასეხარისხოვანია, კანდიდატის სტატუსიც და, საზოგადოდ, ყველაფერი. მთავარი ხელისუფლებაში მოსვლაა და მერე… მერე თუნდაც წარღვნა მოსულა. ხელისუფლების ცვლილება პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მისი  დაბრუნება კი _ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს საბოლოოდ აღგვას პირისაგან მიწისა.

დასავლეთის მთავარი მიზანიც ის არის, რომ აქ იყოს პოლიგონი და არა ქვეყანა, რომ იყოს ტერიტორია ხალხის გარეშე;  ამას ბოლომდე კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს. მათ ისიც ზუსტად იციან, რომ აღარ დაუშვებენ იმ შეცდომებს, რომლებიც წინა ჯერზე დაუშვეს, ოღონდ ამ შეცდომებში ომის დაწყება ან ხალხის გენოციდამდე მიყვანილი დამოკიდებულება კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომ ისე შეფუთავენ ყველაფერს, მოსადავებელი რომ არავის ჰქონდეს და კვლავ ცეცხლითა და მახვილით ჩაახშობენ ნებისმიერ წინააღმდეგობას.

ისევ 12-პუნქტიან გეგმას დავუბრუნდეთ. დეპოლარიზაცია გამორიცხული ჩანს და ეს 3 ივლისის მიტინგზეც დადასტურდა.რიგგარეშე  არჩევნებიც გამორიცხულია, რადგან ეს ხელისუფლებას არ აძლევს ხელს,  ოპოზიციას კი მთავარ მოთხოვნად აქვს. გამორიცხულია შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას იმაზე მეტი მოუნდება, ვიდრე გაწერილია, და გამოდის, რომ მოთხოვნები ვერ შესრულდება და ევროპა კანდიდატის სტატუსს არც ექვსი თვის შემდეგ მოგვცემს. თანაც, ევროპელი ლიდერები დაგვამუნათებენ: შანსი მოგეცით, ვერ გამოიყენეთო, და არაპირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ხელისუფლებაა შესაცვლელი. ახლა რევოლუცია საქართველოში მხოლოდ დასავლეთს აძლევს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში, სულ ცოტა, ოცი წლით უკან დავბრუნდებით და მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომელშიც 2003 წელს ვიყავით. ახლიდან დაიწყება რეფორმები, ახლიდან დაიწყება ვალების აღება, რომელთა ოდენობა ბიუჯეტზე მეტი გვაქვს, და დასავლეთი  საშვილიშვილოდ დაგვიმონებს. მათზე დამოკიდებული ვიქნებით არამხოლოდ ფინანსურად, არამედ რიგით სახელმწიფო მოხელესაც ვერ დავნიშნავთ, თუ დასავლეთი მწვანეს არ აგვინთებს. მწვანეს ანთების  კრიტერიუმი კი ლიბერალური დამოკიდებულება იქნება. ეს არის მწარე სიმართლე, რომელიც იცის, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, მაგრამ ხმამაღლა არც ერთი არ ამბობს, რადგან  ამომრჩეველსაც დაკარგავს და ხალხის რისხვასაც დაიმსახურებს. გამოდის, რომ ტყუილები უნდა დავიჯეროთ და ამ ყველაფერზე დასავლეთიც თავს აქნევს, ანუ  იცის, რომ რეფორმები, რომელთა გატარებაც მას სურს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია, მაგრამ მერე რა? როდის იყო ქართველ ერს რამეს ეკითხებოდნენ ან ევროპა, ან ამერიკა და ან ჩვენი პოლიტიკოსები?

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქამდე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიცხოვრებთ ისეთი კანონებით, რომლებიც ყველასთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ ამ კანონების შესრულებას გვაიძულებენ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდეს ძალაუფლება, ფული და დანარჩენებზე ბატონობის ნება. ჩვენი ქვეყნის კოლონიზაცია ჩვენივე ხელით ხდება და ჯერჯერობით საშველიც არ ჩანს.

P.S. თავში „იჯდე რაო“ ვახსენეთ და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევროპა „ბუტკაში“ გვეპატიჟება, ჩვენ კი ჯიუტად ვიმეორებთ: არ ვართ იმნაირებიო…

ალექსანდრე  მუმლაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here