Home ახალი ამბები საქართველო რეპორტაჟი პრეზიდენტთან “მივარდნილი” და “ჭორებს აყოლილი”  ხალხის აქციიდან

რეპორტაჟი პრეზიდენტთან “მივარდნილი” და “ჭორებს აყოლილი”  ხალხის აქციიდან

474
თორნიკე მოლაშვილი, დაჩი ცაგურია, ლალი მოროშკინა და ჯამბულ გამცემლიძე პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე

2022 წლის 28 დეკემბერს წინასაახალწლოდ მორთულმოკაზმული ორბელიანების სასახლის გარშემო უამრავი პროტესტანტი შეიკრიბა ლოზუნგით  “ნულოვანი ტოლერანტობა სისხლიანი რეჟიმის შემოქმედს!”

ბუნებრივია, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი სააკაშვილია, მაგრამ ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ასეთი გაღიზიანება “ქართული ოცნების” საშინაო პოლიტიკამ გამოიწვია. არადა, ამ პარტიის პოლიტიკას თავდაპირველად  მართლაც სრულიად საქართველოს მოსახლეობა უჭერდა მხარს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასევე უჭერდა მხარს “ოცნების” მიერ არჩევნებში წარდგენილ კანდიდატებს. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი იყო საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წააგო, მაგრამ ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანების დიდი ძალისხმევით პრეზიდენტი გახდა.

გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებისა და ხალხის ოპონენტია. ე.წ. ევროპელი მეგობრებისა და საქართველოში მოქმედი  დესტრუქციული ოპოზიციის განცხადებები და მოწოდებები, რომ სააკაშვილი შეიწყალონ ან საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ, ხალხსა და პრეზიდენტს შორის ღია დაპირისპირების თემად იქცა.

საზოგადოების ერთმა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა გააცნობიერა საფრთხე, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს. სწორედ ეს იყო ორბალიანების სასახლესთან თავშეყრის მიზეზი.

ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია განაწყენებულ ამომრჩეველს ვერ იტევდა… მომიტინგეებს შორის იყვნენ სააკაშვილის მიერ შვილმოკლული მშობლები და ოჯახის წევრები, დიახ, ოჯახის წევრები და შორეული ნათესავები, რადგან ყველამ ვიცით, რომ სისხლიანი ხელისუფლებისგან გამწარებული ბევრი ოჯახი იმხანად მთლიანად განადგურდა…

მიტინგზე ისმოდა შეძახილები: “ამას ხალხი არ მოითმენს!”, “არ გაბედო სააკაშვილის შეწყალება!”, “აღდგეს სამართლიანობა, დაისაჯონ დამნაშავეები! კიდევ რამდენი წელიწადი უნდა ველოდოთ სამართალს?!” და ა.შ.

საპროტესტო აქციაზე მისული ხალხი პრეზიდენტის გამოსვლასა და მისი სიტყვის მოსმენას ითხოვდა; უნდოდათ, მისგან მოესმინათ, რომ დამნაშავე სააკაშვილს არ შეიწყალებს. პრეზიდენტი მართლაც გამოვიდა ხალხთან. სიჩუმე ჩამოვარდა… სალომე ზურაბიშვილმა ხალხს ასე მიმართა: “აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში; სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები; სად იყვნენ, როცა ვიდექით ქუჩაში? მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს _ ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებული თანამდებობებზე, ან იყვნენ „ქართუში“. მათ, ვინც დღეს მესიჯბოქსს ავრცელებს, თურმე იციან, მე რას გავაკეთებ; თურმე იციან, როდის გავაკეთებ; თურმე იციან, რატომ გავაკეთებ. მე მინდა, კიდევ ერთი რამ გითხრათ: ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე ჩინჩალაძე, მურუსიძე, მე შევიწყალე? თუ მე გავამწესე ისეთ ადგილებზე, რომლიდანაც ვერავინ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მის ამ გამოსვლას აქციის მონაწილეების ხმაური მოჰყვა. გაბრაზებულმა პრეზიდენტმა კი თქვა: “არ გეტყვით მე არაფერს, თუ არ მისმენთ” და…  ადმინისტრაციის შენობაში შევიდა.

 პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი ადამიანები დაშლას არ აპირებდნენ, რადგან პრეზიდენტის ბრიფინგს ელოდნენ. რამდენიმე საათში ბრიფინგიც გაიმართა. “აქ ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან… რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ, ჩამობრძანდით, ჩამობრძანდით, რომ იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთო; ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით _ აბა, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდი, ხო არ ხარ ლაჩარი, ჩამოდიო… ერთი წლის თავზე ვართ სრულად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში. სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აძლევს ხელს _ ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს და მეორეს _ იმიტომ, რომ ამით არც ერთ კითხვაზე პასუხი აღარ აქვს გასაცემი, რომლებსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს ხელისუფლებას. და მე ამაში, არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ “მიუღებელია პრეზიდენტის ინსტიტუტზე ზეწოლა, ბულინგი”.

აქციაზე ისეთი ვითარება შეიქნა, რომ მე, როგორც საპროტესტოდ მისულს, შემრცხვა, შემრცხვა საკუთარი თავის, რადგან პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ვმონაწილეობდი. იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც ზურაბიშვილის ასარჩევად კარდაკარ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დადიოდნენ და ხალხს ემუდარებოდნენ, რომ ამ ქალბატონისთვის ხმა მიეცათ; მართავდნენ აქციებს მის მხარდასაჭერად. ერთ-ერთი ასეთი აქცია ვერის ბაღში გაიმართა და სწორედ იმხანად იქ მყოფ სახეებს ვხედავდი ორბელიანების სასახლესთან, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ, ხმა მიეცათ ზურაბიშვილისთვის… ჩემ გვერდით მდგარ ადამიანებსაც ზუსტად იგივე განცდა ჰქონდათ…

მოგვიანებით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ პრეზიდენტს მიმართა: “ქალბატონო სალომე, რატომ დაგვპატიჟეთ რეზიდენციაში, თუ მერე “მოვარდნილებს” გვიწოდებდით?!”  შემდეგ კი განმარტა: “ვინაიდან დღევანდელი შეკრება დაანონსდა რამდენიმე საათით ადრე და ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტისთვის გამაფრთხილებელი შეკრება სააკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით, შესაბამისად, გვქონდა მოლოდინი, რომ შეიკრიბებოდა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული საზოგადოების მცირე ნაწილი… ხალხის რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, ხალხს ვერ იტევდა ვერც ორბელიანის მოედანი, ვერც ჩიხი და მიმდებარე ქუჩები. აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში, როდესაც სიტყვით გამოსვლა მოვასწარით მხოლოდ მე, თორნიკე მოლაშვილმა, ჯამბულ გამცემლიძემ, ია მეტრეველმა და დაჩი ცაგურიამ, ჩვენთან მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და გვთხოვა, შევსულიყავით რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ: სალომე ზურაბიშვილმა თვითონ დაგვიძახა რეზიდენციაში, ხოლო შემდგომ “მოვარდნილები” გვიწოდა. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც მობრძანდით, ვინც მიზეზთა გამო ვერ მოვიდა, მაგრამ გვწერდა და გვამხნევებდა.

ეს ბრძოლა მოვიგეთ, რადგან დღევანდელმა შეკრებამ გვიჩვენა, რომ ხალხი მუდამ სიმართლის სადარაჯოზეა. ნირწამხდარი, “ენჯეოების” დახმარების იმედად დარჩენილი საქართველოს პრეზიდენტი კი ცუდი სანახავი ყოფილა…”

აქციის ბოლოს, როდესაც ხალხი დაშლას აპირებდა, ჩემ გვერდით მდგომი ხნიერი ქალბატონი გავიცანი, თამარ თოიძე ვარო, _ მითხრა და დასძინა: როგორც “ნაცმოძრაობა” მძულს, ისე მძულს “ოცნებაც”, რადგან დაპირებები ვერ შეასრულა. დღესაც სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვით. ნუთუ ასე ძნელი იყო რამდენიმე სისხლისმსმელის დაპატიმრება?!”

ასეთ საუბრებს ბევრს მოისმენდა აქციაზე მყოფი ადამიანი, თითქმის ყველა იმედგაცრუებული იყო…

როგორც იტყვიან, “კრება დარჩა მხიარული “ და ყველანი შინ დავბრუნდით… შინ დაბრუნებულებმა კი მუშტები ვიქნიეთ…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here