Home ახალი ამბები საქართველო მესამე მზე

მესამე მზე

475

“მიშველე, ბაბუ, მიშველე, მზე ამოდის, მზე…”

(ფილმიდან  “მონანიება”)

ფეხბურთის ცაზე ბევრი ვარსკვლავი ამოსულა და უკაშკაშია, იმდენ, რომ ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია. მზესთან შესადარებელი კი ორი იყო სულპელე და მარადონა, ორი მართლაც უდიადესი და მარადიული საფეხბურთო განზომილება. პელეს შესახებ ამბობდნენ: “პელეფეხბურთის მოცარტი“; “პელე გიტარის სიმივით დაჭიმულია და ვიბრირებს; მარადონა კი ის ფეხბურთელია, რომელსაც ხელი თვით ღმერთმა მიაშველა

1986 წლის 22 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დასამახსოვრებელ (მეოთხედფინალურ) მატჩში არგენტინასა და ინგლისს შორის 51-ე წუთზე დიეგო მარადონამ გოლი ხელით გაიტანა. ინგლისურმა პრესამ ამ გოლს “ეშმაკის ხელი” უწოდა. თვითონ მარადონამ კი თქვა, რომ ეს “ღმერთის ხელი” იყო. მარადონა არ ცდებოდა იმაში, რომ მისი შესაძლებლობები მხოლოდ “ღმერთის ხელით” შეიძლებოდა ახსნილიყო. სხვათა შორის, იმავე მატჩში მარადონამ  სასწაული ჩაიდინა – მთელი სტადიონი შეუჩერებელი დრიბლინგით  გაიარა, ინგლისელთა თითქმის ყველა ფეხბურთელი მოატყუა და საუკუნის გოლი (სწორედ ასე უწოდა მას საფეხბურთო სამყარომ) გაიტანა. ლეგენდარული ფორვარდი გარი ლინეკერი ამ მომენტს ასე აფასებდა: “მარადონა იყო ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომლისთვისაც ტაშის დაკვრა მომინდა”.. ეს ყველაფერი მეხიკოს სტადიონ “აცტეკაზე” მოხდა.

და, აი, ფეხბურთის სამყაროში გამოჩნდა წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში დაბადებული ყმაწვილი  ხვიჩა კვარაცხელია, რომლის გვარიც მარადონას გვართან გარითმეს და ერთობ უცნაური, მაგრამ უაღრესად შთამბეჭდავი კომპოზიტი შემოგვთავაზეს – კვარადონა.

ეს ქართველებს რომ გაგვეკეთებინა, სიტყვათა კარგი თამაში გამოგვივიდოდა, რომელიც ხუმრობისა და ჰიპერბოლის კუთვნილებად დარჩებოდა, მაგრამ, როდესაც ამას იტალიელები აკეთებენ, ეს უკვე ხუმრობა აღარ არის, ეს ჟრუანტელისმომგვრელი იმედია, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის რეალობა, მაგრამ ვინ იცის, რა სასწაულთან გვექნება საქმე უახლოეს მომავალში. ამ ვითარებაში რა დაგვრჩენია ქართველებს, გარდა სიხარულისა და სიყვარულისა, გარდა აღტაცებისა და მხარდაჭერისა, გარდა ბედნიერების განცდისა და სიამაყისა. გეგონოთ! ამ ვითარებაში ქართველებს ზიზღისა და სიძულვილის გადმონთხევაც დაგვრჩენია; შურისა და ბოღმისგან გასკდომაც. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს. ყოველთვის ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“, – ბრძანა კონსტანტინე გამსახურდიამ. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდნენ ყვავის სინდრომით შეპყრობილი ქართველები, დაუნდობლად რომ კორტნიან ოცდაერთი წლის ყმაწვილს, რომელმაც მისი საფეხბურთო ტალანტით უკვე  შეძლო მსოფლიოს გაოცება.

გიგა მაქარაშვილი: “კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ, თუ გულში ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!” სემანტიკის თვალსაზრისით, ეს წინადადება ერთი დიდი ლაფსუსია, მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, რა მასშტაბის პოლიტიკური მამაძაღლობა და ადამიანური უზნეობაა მასში ჩატეული (სხვათა შორის, ეს ის მაქარაშვილია, ცხინვალის მისადგომებთან რუსებს შიშველი უკანალით რომ უტევდა “გმირულად”. მართალია, შედეგის თვალსაზრისით დიდი არაფერი, მაგრამ როგორც სანახაობა, მართლაც გრანდიოზული იყო). აი, ეს საქვეყნოდ უკანალმოშიშვლებული მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას იმ პასუხს გაუღიზიანებია, რომელიც მან ჟურნალისტის მიერ უკრაინის შესახებ დასმულ შეკითხვაზე გასცა: ეს ცოტა რთული საკითხია, უფრო პოლიტიკური. საჭიროებამ მოითხოვა, დავტოვე იქაურობა (იგულისხმება რუსეთი – ვ.კ.) და წავედი საქართველოში სათამაშოდ. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე“. საინტერესოა, სამშობლოს წინაშე ჩადენილი რა დანაშაული აღმოაჩინა მაქარაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას ამ ნათქვამში, რომ მისი ადამიანობა ეჭვქვეშ დააყენა?! რა ჩანს მაქარაშვილის ამ საქციელში და, საერთოდ, რა დგას ყოველივე ამის უკან? აქ საქმე ვინმე მაქარაშვილის მხოლოდ შურიან და ბოღმიან წამონაროშთან რომ გვქონდეს, ამ ამბავს მსჯელობის საგნად არც ვაქცევდით, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმ ორგანიზებულ, დაგეგმილ და მართულ კამპანიასთან გვაქვს, რომელიც სცდება ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენს და სხვა განზომილებაში გადადის. ამ მოვლენას უფრო კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ აქ რაღაც გაცილებით უფრო სერიოზული იმალება, ვიდრე ერთი, ცალკე აღებული კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლაა. დავაკვირდეთ, ვინ არიან ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდამსხმელები. “ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენციას ჟურნალისტი ვახო სანაია და პოლიტიკოსი ბადრი შუბლაძე გამოეხმაურნენ”, – წერს ერთ-ერთი სპორტული გამოცემა. ვნახოთ, რა შინაარსისაა ეს გამოხმაურებები.

ვახო სანაია: “ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, „ნაპოლიში“ კი არა, „რეალში“ რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის მერე მაინც თქვას-მეთქი რამე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე. არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს, ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება”.

ბადრი შუბლაძე: “მიმიფურთხებია შენი ფეხბურთელობისთვის! ჩმორო! მიმიფურთხებია ნაპოლისთვისაც!”

კიდევ ერთი ბრწყინვალე მაგალითი მიშისტურ-ფაშისტური ლოგიკისა.

ელისო კილაძე: “სირცხვილია, ხვიჩა კვარაცხელიას იცავდე, ვახო სანაიას ერჩოდე. რას დაემსგავსეთ, თქვე უჯიშოებო!”

ეს შედარებით უწყინარი გამონათქვამები შევარჩიე, თორემ ამ დასაწვავ „ფეისბუკზე“ ისეთი ამბები ტრიალებს, გული შეგიღონდება. ქალი რომ ხვიჩას დაწყევლის, იმ ქალის ქალობასა და ადამიანობაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს, მაგრამ იმ ერსა და ქვეყანაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ, სადაც ამ საშინელებას ვხედავთ – რამ შეშალა და გადააგვარა ეს ხალხი, სიძულვილის რა უკურნებელი სენი შეყრია ასეთი, მოსვენება რომ დაუკარგავს და გამხეცებამდე მისულა?!

როგორც ხედავთ, ამ მიმართულებით ერთი პოლიტიკური სექტა, ერთი ფაშისტური დაჯგუფება აქტიურობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა  ცნობილი. რატომ გადაეკიდა ეს უბინძურესი პოლიტიკური დაჯგუფება ქართველ ყმაწვილს, რომელსაც საიმისო მონაცემები აღმოაჩნდა, რომ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავად ამოკაშკაშდეს? ზემოთ ვთქვი, ეს არ ჰგავს მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების, ამ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას, წინააღმდეგ ბრძოლას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვა ანალოგიური შემთხვევაც შეიძლება გავიხსენოთ, მაგალითად, მართლაც სწორუპოვარი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე. ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავი თუ ახლა იწყებს ამობრწყინებას, ლაშა ტალახაძე მსოფლიოში იგავმიუწვდომელი ძალოსანია, რომელმაც ყველა არსებული რეკორდი მოხსნა და ისე გაიჭრა წინ, რომ პლანეტის უკონკურენტო მოასპარეზედ აღიარეს. ქართველი სპორტსმენის ამ გაუგონარსა და ჯერარნახულ ტრიუმფს, აი, როგორ შეხვდა ფაშისტური ბანდა საქართველოში:

ზუკა ბერძენიშვილი: “ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები”. დააკვირდით, ტექსტები როგორ ჰგავს ერთმანეთს. აქაც (ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში) ადამიანობით აპელირებენ. ადამიანობა, ამ ვიღაცა ზუკას გაგებით, მასავით აზროვნება ყოფილა. ვინმე თუ ისე არ აზროვნებს, როგორც თავად ზუკა ან მამამისი (დავით ბერძენიშვილი), ან ბიძამისი (ლევან ბერძენიშვილი), მას თურმე ადამიანობა არ ჰქონია. აი, ესაა სწორედ ის, რასაც ფაშისტური აზროვნება და ადამიანთა ფსიქიკაზე ძალადობა ჰქვია. ლაშა ტალახაძეს ბნელეთის ისეთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმაც დაუწყო ყეფა, როგორიცაა ნიკა გვარამია. მან, სანამ ტალახაძეზე იტყოდა “კომპეტენტურ” სიტყვას, ზუკა ბერძენიშვილის დახასიათება მოგვცა: “ზუკა ბერძენიშვილი არის მაგარი პატრიოტი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა”. ზუკას დაუმსახურებელ ქება-დიდებას რომ მორჩა, ლაშა ტალახაძის ასევე დაუმსახურებელ კილვაზე გადავიდა: “ლაშა ტალახაძეს მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები ერის მოღალატეებისა და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდით დგომის ინდულგენცია ნამდვილად არ არის. ქვეყანას ნამდვილი და უანგარო ადამიანები სჭირდება რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი  სსრკ-ის სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს, თვალსაც არ დაახამხამებს”. ამ “გენიალური აღმოჩენის” შემდეგ გვარამიამ ისეთი რეზიუმე გააკეთა, მომავალი თაობები გვერდს რომ ვერ აუვლიან: “მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულს დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს”.

დიდებული იყო ლაშა ტალახაძის პასუხი მთელ იმ სიბინძურეზე, რომელიც მის მიმართ გადმოღვარეს: “ნუ მიაქცევთ ყურადღებას უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. პლანეტის უძლიერეს ადამიანს ლაშა ტალახაძეს უფლება აქვს და შეუძლია კიდეც მისი პირადი მტრების მიმართ ასე სულგრძელი და მომთმენი იყოს. ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიასაც უფლება აქვს და შეუძლია კიდეც, მიმტევებელი იყოს მის მიმართ შურითა და ბოღმით აღვსილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ჩვენ, ქართველ ხალხს, არ გვაქვს უფლება, შორიდან მაყურებლის როლით შემოვიფარგლოთ იმ შემთხვევებში, როდესაც გამოჩენილ და გამორჩეულ შვილებს ჩვენი ერისა ასე მიზანმიმართულად სცხებენ ჩირქს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფენ. მით უფრო, როდესაც აშკარად ვხედავთ არა კონკრეტული პიროვნებების შეურაცხყოფის ფაქტებს, არამედ, საზოგადოდ, ქართული ნიჭიერების, ქართული ტალანტისა და ქართული გამორჩეულობის მიმართ მტრობასა და სიძულვილს.

როდესაც ვხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალა დგას ამ სიბინძურის ავანგარდში, არც იმის დანახვაა ძნელი,  საიდან მოდის ეს მიმართულება და პოლიტიკური დავალება. ეს კოლექტიური დასავლეთის სპეცსამსახურების ნამუშევარია, რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ, ტყავში ძვრებიან და ისე ცდილობენ, რომ საქართველოში ყველა პოპულარული პიროვნება თავიანთ სამსახურში ჩააყენონ და რუსოფობიის ბინძურ პროპაგანდისტად აქციონ, ამ პოლიტიკურ  ინსინუაციებსა და სპეკულაციებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში კი სამაგალითოდ დასაჯონ, რათა სხვებმა ვერასოდეს გაბედონ ამერიკელთა ფარული და მზაკვრული დავალების შესრულებისგან თავის არიდება. აი, რას ემსახურება საკუთარ სიბინძურეში მოტივტივე გვარამიას, ბერძენიშვილის, სანაიას, მაქარაშვილის, კილაძისა და მათი მსგავსი გარეწრების აღვირახსნილი კამპანია იმ ადამიანთა მიმართ, რომელთათვისაც ყოველმხრივ შეჭირვებული საქართველოს ამა თუ იმ კუთხით განდიდება და მსოფლიოს წინაშე წარდგენა მამულიშვილურ მოვალეობად ქცეულა. ამ ღირსეულ შვილებს ჩვენი ქვეყნისა პოლიტიკას ამოფარებული ის დამნაშავე ადამიანები ებრძვიან, რომლებსაც მრავალი ცოდვა აწევთ კისერზე. სინათლეს გაურბიან ისინი და მზის ამოსვლის ეშინიათ ისევე, როგორც ვარლამ არავიძეს ეშინოდა:„ მზე რომ ამოდის, ვიცლები ბაბუ, თითებიდან სისხლი წვეთავს და ვიცლები. ჩქარა, ბაბუ, ჩქარა, დავაბნელოთ, თორემ სულ დავიცლები სისხლისგან

იმედი ვიქონიოთ, რომ გადაივლის ჟამი ბილწთა და უგუნურთა და დადგება ჟამი ზნეკეთილთა და გონიერთა. ხვიჩა კვარაცხელია იქნებ სწორედ ის პირველი მერცხალია, რომელიც ახალი საქართველოსა და ახალი მსოფლიოს მაცნეა, რადგან მისი ვარსკვლავი სწორედ იმ დროს ამობრწყინდა, როდესაც დასავლური ბოროტების ყველა ციტადელი მსოფლიოს თვალწინ იმსხვრევა და ნადგურდება, უკანასკნელი რუდიმენტები კი ამ ბოროტებისა იმ სამარცხვინო სახეს იღებენ, თანაგრძნობის გამოწვევა რომ აღარ ძალუძთ. ერთადერთი, რისი ძალაც მათ ჯერ კიდევ შერჩენიათ, ზიზღის გაჩენაა, რომელიც, როგორც ჩანს, არც მათი თანამედროვე და არც მომავალი თაობებისგან არ მოაკლდებათ.

ხვიჩა კვარაცხელია კი, ღმერთმა ქნასვარსკვლავად კი არა, მზედ ამობრწყინდეს მსოფლიოს საფეხბურთო ცაზე, მესამე მზედ!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here