საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ღია ტექსტით მოუწოდა უკრაინას, გააძლიეროს წნეხი რუსეთზე. ამის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „მაკრონი, უკრაინისთვის მისი მოწოდებით, გააძლიეროს რუსეთზე წნეხი, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების ბრძანებას გასცემს”. მეტსაც ვიტყვი: ამ მოწოდებით მაკრონი მთელი დასავლეთის ერთიან ტერორისტულ სულისკვეთებას გამოხატავს.
მაკრონის ეს მოწოდება ორ თარიღს დაემთხვა: მხედველობაში მაქვს, ერთი მხრივ, 1945 წლის 6 და 9 აგვისტო, როდესაც აშშ-მა იაპონიის მშვიდობინი ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი ატომური ბომბების გამოყენებით ფერფლად აქცია; მეორე მხრივ, 2008 წლის 7 აგვისტო, როდესაც, აშშ-ის დავალებით სააკაშვილი ცხინვალში შეიჭრა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი დახოცა და მძინარე ქალაქი ცეცხლის ალში გახვია.
რა საერთო აქვს ამ სამ მოვლენას – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ოთხმოცდაერთი წლისწინანდელ ტრაგედიას, ცხინვალის თვრამეტი წლისწინანდელ პროვოკაციასა და მაკრონის დღევანდელ ტერორისტულ განცხადებას? სად აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი (1945- 1953 წ.წ.), სად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (2004-2013 წ.წ.) და სად საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი?! როგორი საოცარიც უნდა გეჩვენოთ, თითქმის საუკუნეში გაბნეული ეს მოვლენები ერთი ბინძური იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილებია. მას დასავლეთის ფაშისტურ-ტერორისტული იდეოლოგია ჰქვია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დაასრულა მეორე მსოფლიო ომმა და ამ ომის შედეგად ჩამოყალიბებულმა მსოფლიო წესრიგმა, სინამდვილეში ჯერაც არ დასრულებულა.
ამ განცხადებამ, შესაძლებელია, შეკითხვა გააჩინოს: დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები – აშშ და დიდი ბრიტანეთი – ხომ საბჭოთა კავშირის მოკავშირეები იყვნენ და ეს ფაქტი ამ „დასავლური იდეოლოგიის” კონტექსტში როგორ ეწერება? მართალია, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს აშშ და დიდი ბრიტანეთი საბჭოთა კავშირის გვერდით აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი ერთიანობა არ ყოფილა, იძულებითი მოკავშირეობა იყო. ისინი ჰიტლერის მოკავშირეები იყვნენ, მეტიც, ჰიტლერი მათ მიერ შექმნილი, მათ მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული იყო, მაგრამ, როდესაც ნახეს, რომ, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის დამარცხება შეუძლებელი იყო და, მეორე მხრივ, გამარჯვებულ ჰიტლერს მათთვის უფრო დიდი პრობლემების შექმნა შეეძლო, ვიდრე საბჭოთა კავშირი უქმნიდათ, გადაწყვიტეს, სტალინის გვერდით დამდგარიყვნენ. სხვა რა მოკავშირეობაზეა ლაპარაკი იქ, სადაც ის განწყობობები მძლავრობს, რომლებიც უინსტონ ჩერჩილმა 1946 წლის 5 მარტს აშშ-ის ქალაქ ფულტონში ყოფნისას გაამჟღავნა (ჩერჩილის ამ სიტყვას სამართლიანად მიიჩნევენ ე.წ. ცივი ომის დასაბამად): „ბალტიიდან ადრიატიკამდე კონტინენტზე დაეშვა რკინის ფარდა. ფარდის მიღმა დარჩა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი ქვეყნების ყველა დედაქალაქი – ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია. ყველა ეს განთქმული ქალაქი და მოსახლეობა მის რაიონებში დარჩა იმ საზღვრებში, რომელსაც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროს. ყოველი მათგანი ამა თუ იმ ფორმით ექვემდებარება არა მხოლოდ საბჭოურ გავლენას, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვან და სულ უფრო მზარდ კონტროლს”.
ჰგავს ეს ნათქვამი მოკავშირის პოზიციას? რა თქმა უნდა, არა! ეს არის მოწინააღმდეგის პოზიცია, ანუ მტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც დამოკიდებულებას არ მალავს. იგი იმასაც კი არ ცდილობს, რომ საბჭოთა კავშირის მიმართ სიძულვილი ზოგადი ფრაზების ფალას-ფულასში მაინც შეახვიოს, რომ ნათქვამი როყიო არ გამოუვიდეს. არა, იგი ამგვარი ხაზგასმულობით ეკვეთა ყოფილ „მოკავშირეს”: „კომუნისტურმა პარტიებმა, რომლებიც ძალიან მცირერიცხოვანი იყო ამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მიაღწიეს განსაკუთრებულ სიძლიერეს, ბევრად გადამეტებულს მათ რაოდენობაზე, და მიილტვიან რომ ყველაფერზე დაამყარონ ტოტალური კონტროლი. თითქმის ყველა ეს ქვეყანა დღემდე იმართება პოლიციური მთავრობების მიერ… რუსები ცდილობენ, ბერლინში, ოკუპირებული გერმანიის თავის ზონაში შექმნან კვაზიკომუნისტური პარტია მემარცხენე გერმანელი ლიდერებისათვის სპეციალური პრივილეგიების მინიჭების საშუალებით. თუ ახლა საბჭოთა მთავრობა შეეცდება, სეპარატისტული ქმედებებით შექმნას თავის ზონაში პროკომუნისტური გერმანია, ეს გამოიწვევს ახალ სერიოზულ სიძნელეებს ბრიტანულ და ამერიკულ ზონებში და მისცემს დამარცხებულ გერმანელებს საშუალებას, მოაწყონ ვაჭრობა საბჭოეთსა და დასავლურ დემოკრატიებს შორის. როგორი დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ ამ ფაქტებიდან, და ეს ყველაფერი ფაქტია, ეს არ იქნება ის განთავისუფლებული ევროპა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით”.
ესეც შენი „მოკავშირე”. ეს ყველაფერი ნიღბის საკუთარი სურვილით, საკუთარი ნებით მოხსნა იყო. მას აწუხებდა, ტანჯავდა პოლიტიკური ნიღაბი „მოკავშირისა”, რომელიც იძულებით ჰქონდა მორგებული, მაგრამ ომის დამთავრებისთანავე ჩამოიგლიჯა და ისე წარდგა მსოფლიოს წინაშე: „იმის მიხედვით, თუ რა დასკვნები გავაკეთე ჩვენი რუსი მეგობრებისა და ომისდროინდელი მოკავშირეების საქციელიდან, მე განმიმტკიცდა რწმენა, რომ ისინი არაფერს ისე არ ცემენ პატივს, როგორც ძალას, და არაფერს ისე არ ეპყრობიან უპატივცემულოდ, როგორც სისუსტეს, განსაკუთრებით სამხედრო სისუსტეს. ამ მიზეზით ძველი დოქტრინა ძალთა ბალანსის შესახებ არის უსარგებლო. ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რამდენადაც ამის უნარი შეგვწევს, ვიმოქმედოთ მცირე უპირატესობის პოზიციიდან, რომელსაც მივყავართ ძალთა მოსინჯვის ცდუნებამდე. თუ დასავლური დემოკრატიები იდგებიან ერთად თავისი მტკიცე თანმიმდევრობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისადმი, მათი გავლენა ამ პრინციპების განსავითარებლად იქნება უზარმაზარი და საეჭვოა, რომ ვინმემ დათრგუნოს ისინი, მაგრამ, თუ ისინი იქნებიან დაშორიშორებულნი და ვერ შეძლებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, თუ ხელიდან გაუშვებენ ამ გადამწყვეტ წლებს, მაშინ ჩვენ ნამდვილად დაგვატყდება კატასტროფა”.
ჩერჩილს არც ერთი სასაყვედურო სიტყვა არ დასცდენია იმის გამო, რომ ამერიკელებმა იაპონიაში ატომური ბომბები ჩამოყარეს სრულიად უმიზეზოდ (საბჭოთა კავშირის დასაშინებლად და იარაღის გამოსაცდელად), სხვა ახსნა იმ უსაშინლეს ფაქტს არ მოეძებნება. ჩერჩილი ამ ფაქტით არ შეწუხებულა, იგი იმის გამო მოსთქვამდა, რომ ევროპაში საბჭოთა გავლენა იზრდებაო.
ჩერჩილის გეგმა უფრო ბინძური იყო: მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წლის მაისში, მან სამხედროებს საიდუმლო გეგმის შემუშავება მოსთხოვა. ოპერაციას კოდური სახელი „წარმოუდგენელი“ (Operation Unthinkable) ეწოდა. მიზანი იყო დასავლეთ ევროპიდან და პოლონეთიდან საბჭოთა არმიის განდევნა. ეს გეგმა, მართალია, არ განხორციელებულა, მაგრამ იგი არსებობდა. მისი დაწყების თარიღიც დასახელებული იყო.
შეტევა 1945 წლის 1 ივლისს უნდა დაწყებულიყო. მასში მონაწილეობა ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალებს უნდა მიეღოთ, რომლებსაც პოლონური ნაწილები და გერმანული არმიის გადარჩენილი დაჯგუფებები დაეხმარებოდნენ. ეს გეგმა ბრიტანეთის გაერთიანებულმა შტაბმა უარყო, ვინაიდან ჩათვალა, რომ ომი მათი გამარჯვებით ვერ დასრულდებოდა.
ეს არის საბჭოთა კავშირთან (რუსეთთან) დასავლეთის „მოკავშირეობის” მთელი ფილოსოფია. ამ ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილი იყო ,,ცივი ომიც’’ და ამ ფილოსოფიის ნაწილია უკრაინის ბატალიებიც, რადგან ,,ცივი ომი’’ საბჭოთა კავშირის დამარცხებით დასრულდა, მაგრამ რუსეთი ჯერ არ დამარცხებულა. დასავლეთის საბოლოო მიზანს სწორედ ეს შეადგენს. მართალია, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან (ბელარუსის გარდა) თითქმის ყველა მიიერთეს, მაგრამ ეს პროცესიც ვერ დაასრულეს, ვინაიდან რუსეთის ფაქტორი ყველგან ეღობებათ, ამიტომ ცდილობენ, რესპუბლიკები რუსეთთან ისევე დააპირისპირონ, როგორც ბალტიისპირეთში მოახერხეს.
2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც ამ დიდი კონტექსტის შემადგენელი ორგანული ნაწილი იყო. სულელებს დღემდე სჯერათ ის ზღაპარი, რომ ამერიკელები სააკაშვილს აფრთხილებდნენ, ცხინვალის ავანტიურაში არ გახვეულიყო. ეს იმ დროს, როდესაც სწორედ საქართველო უნდა ქცეულიყო დასავლეთის იმ პლაცდარმად, შემდგომ უკრაინა რომ იქცა. რუსეთის ოპერატიული ჩარევის შედეგად ეს გეგმა ჩაფლავდა, მაგრამ საქართველოსთვის იგი მაინც კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. უკრაინა დიდია, საქართველოსთან მისი მასშტაბები შეუდარებელია, ამიტომაც გაუჭირდა იქ რუსეთს დასავლური ავანტიურის შეჩერება, მაგრამ საბოლოოდ უკრაინაშიც ისევე დააჩოქებს ფაშისტურ-ტერორისტულ სიბინძურეს, როგორც საბჭოთა კავშირმა დააჩოქა შორეულ 1945-ში, როგორც საქართველოში დააჩოქა სულ რაღაც თვრამეტი წლის წინათ.
მაკრონის მოწოდებაც, რომლის ციტირებით ეს წერილი დავიწყე, ისევეა განწირული მარცხისთვის, როგორც რუსთაველის პროსპექტზე სააკაშვილის ბღავილი იყო განწირული: გავიმარჯვე, გავიმარჯვე!
სააკაშვილი, ზელენსკი, მაკრონი… დასავლური იმპერიალიზმის ნამსხვრევები არიან, ფაშისტურ-ტერორისტული იდეოლოგიის მოციქულები, წარსულის შავი ძალის სიმბოლოები, მათი უბოროტესი წინაპრის, ადოლფ ჰიტლერის, რეინკარნაცია. ეს სია აქ არ იწყება და, სამწუხაროდ, აქ არ დამთავრდება, ვინაიდან კაცობრიობა სანამ იარსებებს, ბოროტებაც იარსებებს. ასეთია სიკეთისა და ბოროტების დიალექტიკა. მთავარია, ბოროტებამ სახელი არ გადაირქვას და სიკეთის ნიღბით არ მოგვევლინოს, რომლის მცდელობაც ამ ბრძოლას მუდმივად ახლდა, მაგრამ ისე სახიფათო ნიშნულამდე არასოდეს მიუღწევია, როგორიც დღეს გვაქვს. გიორგი მთაწმინდელის სწავლებაში ანტიქრისტეს შესახებ ვკითხულობთ: „ესე ელია, ენუქთან ერთად უნდა მოვიდეს ამ ქვეყნად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად და მორწმუნეთა სანუგეშებლად, მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ გაფრთხილებისა, ადამიანთა უმრავლესობა, თავისი ხორციელი გონების მიზეზით, არა თუ ვერ დაინახავს ანტიქრისტეს გარეგნული სათნოების მთელ სიყალბეს, არამედ მეტიც – აღტაცებით შეხვდება მას და განადიდებს კიდეც”.
ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, ვერ დაიდგამს ტახტს ანტიქრისტე. ამ იმედით მოდიოდა კაცობრიობა. ეს მამოძრავებელი იმედია, მაცოცხლებელი იმედი, რომელიც არ კვდება, ბოლოსაც არ კვდება!
ვალერი კვარაცხელია







