6 აპრილს საქართველოში მოულოდნელად ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამ შეხვედრების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში როგორც ალიევმა, ისე საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვეს, რომ მხარს უჭერენ მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი”.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ქვეყანა მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ჩვენი საზღვრების დაურღვევლობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც”,- _ თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოულოდნელმა ვიზიტმა ქართველ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა _ რატომ ჩამოვიდა დაუგეგმავად ილჰამ ალიევი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:
_ ივანიშვილმა წამოიდგინა, რომ თითქოს ის არის ჩინეთის ყოფილი ლიდერი დენ სიაოპინი, კაცი, რომელსაც პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგაც ჰქონდა გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე, მაგრამ დენ სიაოპინსა და ივანიშვილს შორის განსხვავება ძალიან დიდია. საპატიო თავმჯდომარე პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევა, გადამწყვეტი სიტყვა არაფერზე ეთქმის, ის, უბრალოდ, სიმბოლოა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამ ე.წ. საპატიო თავმჯდომარეს ეხება საკადრო ცვლილებებიც და პოლიტიკაც, თანაც ისე, რომ პასუხიმგებლობა არ ეკისრება.
რეგიონში დიდი ცვლილებებია, აზერბაიჯანსა და და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესი სწრაფად ვითარდება, შესაძლოა, ამას სკეპტიკურადაც შევხედოთ, მაგრამ ფაქტია. ისინი საზღვრებს გასხნიან და ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირდებიან, საქართველოს გარეშე. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე უარს ვერავინ იტყვის და სრულად ვერავინ ჩაანაცვლებს, მაგრამ გარკვეული კონკურენცია წარმოიქმნება. ალბათ, ამ საკითხებზე იყო ლაპარაკი არაფორმალური შეხვედრისას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის.
ალიევისა და ივანიშვილის შეხვედრაზე არ დასმულა დავითგარეჯის სამონასტრო კოიმპლექსის საკითხი. ალიევი აქ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და სხვა მისიით იყო ჩამოსული. მათ დაათვალიერებინეს სახლმწიფო მუზეუმი, ისაუბრეს ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის აშენებაზე, თითქოს ალიევის ძეგლი და მისი სახელობის ქუჩა საკმარისი არ არის. ხდება ძველი თბილისის ნახევრის აზერბაიჯანიზაცია. აქამდე არაბიზაციას ვჩიოდით, ახლა _ აზერბაიჯანიზაციას. ეს უნიჭო ოპერეტაა, რომლის ავტორიც ამჯერად არა რობერტ სტურუა, არამედ ბიძინა ივანიშვილია.
_ ყველა ელოდა, რომ დავითგარეჯის საკითხსაც შეეხებოდნენ ე.წ. საპატიო თავმჯდომარე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, მაგრამ, ჩანს, ასე არ მოხდა. რამდენიმე დღით ადრე კი დავითგარეჯის სკანდალური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი ზურაბ ჯორბენაძე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს…
_ დავითგარეჯის საკითხი მივიწყებულია. იმაზე საუბარი, რომ ეს კომპლექსი კობახიძემ გადასცა აზერბაიჯანს, არაკვალიფიციურია. კობახიძე არავინ არის, რომ ხელი რამეს მოაწეროს. ზურაბ ჯორბენაძე რომ ლაპარაკობდა, ფაქტები არ ჰქონდა, არ გვაქვს იმის დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ხელი კობახიძემ მოაწერა. ჯორბენაძე ამბობდა, ჩემი თვალით ვნახეო, მაგრამ არ უთქვამს, სად ნახა, როდის, არ ასახელებდა ხელმოწერის თარიღს. ტყუილია ეს ყველაფერი. დავითგარეჯის გადაცემას ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისი მხარდამჭერები ახლა კობახიძეს აბრალებენ. ადრე რაღაც რუკა გამოაჩინეს, სად არის ახლა ის რუკა, კობახიძემ შეჭამა? არ არის საჭირო ასეთი საუბრები ახლა, თანაც იმ დროს, როცა კობახიძე გადაწყვეტილებების მიმღები პიროვნება არ არის.
_ აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის მშენებლობის გამო ხალხს საცხოვრებლებიდან ასახლებენ. ამაზე ხმას არავის იღებს. ეს არ არის წასაყრუებელი პრობლება…
_ სად არის ხალხი? სად არიან თბილისელები? ყველა ფულზეა დახარბებული. მხოლოდ ერთი ქალბატონი, მხატვარი, ამბობს, რომ არ სურს საცხოვრებლიდან გასვლა, რადგან მოსწონს თავისი სახლიც და ადგილიც, სადაც ცხოვრობს. ყველა დანარჩენი მილიონერობაზე ოცნებობს და საცხოვრებლებსაც დათმობენ _ გავლენ იქიდან, რათა სხვა ბევრი ბინა იყიდონ…
_ ბინებსა და გამოსახლებაზე არ არის საქმე, მიწა იყიდება. თუკი არაბებზე გავგიჟდით, აზერბაიჯანელებისთვის მიწის მიყიდვა ნორმალურია?
_ არა, რა თქმა უნდა. სურთ, დაგვარწმუნონ, რომ აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი აუცილებლობაა, მაგრამ, რატომ არის აუცილებლობა, გაუგებარია. რა დიდი დამსახურება ჰქონდა ჰეიდარ ალიევს კულტურაში, რა მოღვაწე იყო? ის “კაგებე”-ში მოღვაწეობდა. ეს დაავიწყდათ? ედუარდ შევარდნაძე უფრო დიდი მოღვაწე იყო, ვიდრე ალიევი, მაშინ დავდგათ შევარდნაძის ძეგლი აქ და დადგან აზერბაიჯანშიც… ყველაფერს ცალმხრივად ვაკეთებთ _ ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი დათმობა და ა.შ.
_ ილჰამ ალიევის ვიზიტს როგორ შეაფასებთ? _ ორი ქვეყანის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით _ მეზობელი ქვეყნების, მაგრამ, როგორ და რანაირად, სხვა საკითხია. ასეთი ვიზიტი ვნახეთ, როდესაც არაბეთიდან ჩამოვიდა სტუმარი, რომელსაც ივანიშვილი შეხვდა დიდი პატივით, მოწიწებით და შეხვედრის შედეგით არ აღვფრთოვანებულვართ. კიდევ კარგი, არაბებს ახლა ჩვენთვის არ სცალიათ… ახლა ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მე შემეცოდა ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი… ჯანდაბას ყველაფერი, შეხვდეს ეს “საპატიო თავმჯდომარე”, ვისაც უნდა, იმას და საქართველოს სიყვარულში დაგვარწმუნოს, მაგრამ ამას რომ ვერ ახრეხებს? ის, საქართველოზე კი არა, თავის თავზე ზრუნავს, ჩვენ ხურდა ფული ვართ. ახლა დადგეს ქართველი და იბღავლოს: “ჩვენ მშვიდობა გვინდა!” მიიღონ და ჭამონ ეს მშვიდობა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







