Home ახალი ამბები საქართველო ღირსების ვარსკვლავი

ღირსების ვარსკვლავი

გასკდა, როგორც იქნა...

ღირსების ვარსკვლავი

ძალიან ცუდად აეწყო დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის მთელი ისტორია. არგონავტების მიერ ოქროს საწმისისა და მედეას გატაცებით (ძვ. წ. აღ. მე-13 ს.) დაწყებული, პომპეუსის ლაშქრობით (ძვ. წ. აღ. 1 ს.) დამთავრებული. ქრისტიანულ პერიოდშიც საქართველო მუდმივ გავლენასა და ზეწოლას განიცდიდა ბიზანტიის იმპერიიდან. თვით დავით აღმაშენებელიც კი, რომელიც სევასტოსად და პანიპერ-სევასტოსად იწოდებოდა, ბიზანტიის ფორმალურ ვასალად რჩებოდა.

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საბჭოთა რუსეთისგან სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, დასავლეთმა დახმარებაზე უარი გვტკიცა. ცნობილია ბრიტანეთის გენშტაბის უფროსის, ჰენრი უილსონის, მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე: მე ასეთი ჯარები არ მყავს, მაგრამ, რომ მყავდეს კიდეც, მას საქართველოში არ გავგზავნიდი”. ამგვარ გამონათქვამებს სხვასაც ბევრს ვიპოვით, მაგრამ ყველაზე მეტად თვით ის ისტორიული ფაქტი ღაღადებს, რომ საქართველოს დასახმარებლად დასავლეთში თითიც არავის გაუტოკებია. ეს არის დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობის მთელი ისტორია მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე, როდესაც საბჭოთა კავშირიც რუსეთის იმპერიასავით დაიშალა და საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ოცდათორმეტი წელიწადი ნატოსა და ევროკავშირის წევრობის შესახებ დასავლეთთან ყოვლად უსარგებლო ღლაბუცში გავიდა, შედეგი კი არ ჩანს. უფრო სწორად, ჩანს შედეგი, რომელსაც დასავლეთის მხრიდან დროის ხელოვნურად გაჭიანურება და ქართველი ხალხის უსინდისოდ მოტყუება ჰქვია. როგორც საუკუნის დასაწყისში, ასევე საუკუნის დასასრულს, დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენა, რითაც, პირველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის დაკარგის, მეორე შემთხვევაში კი ტერიტორიული დაშლის პირობები შექმნა. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უჭირდა, დასავლეთმა ხელები პილატესავით დაიბანა და განზე გადგა. განზე გადგა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც; არ შეისმინა არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ღაღადი; ყურად არ იღო დასაშლელად განწირული საქართველოს სატკივარი და უსინდისოდ გვაქცია ზურგი. ეს არის დასავლეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობის მთელი ისტორია, რომელსაც რატომღაც “დასავლეთის შემადგენელ ნაწილად ყოფნას”, “შინ დაბრუნებას” და სხვა ამგვარ სისულელეებს უწოდებენ.

აქამდე დასავლეთი ინიღბებოდა და თავისი ნამდვილი სახის დამალვას ცდილობდა. ბოლო პერიოდში კი ნიღაბი მოიხსნა, ვინაიდან მისმა ბინძურმა პოლიტიკამ უკრაინაში ჩვენი ქვეყნის უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობის წინაშე დააყენა. დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ფრონტის პარალელურად, მეორე ფრონტის გახსნა დასჭირდა. ჩათვალეს, რომ ამ როლისთვის მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ყველაზე შესაფერისი და საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისითაც ყველაზე შემზადებული სწორედ საქართველოა. სწორადაც ჩათვალეს, მაგრამ ერთი მომენტი გამორჩათ მხედველობიდან; კერძოდ ის, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა სხვაგვარად ფიქრობს. საქართველოს დღევანდელი მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყება ჩვენს ქვეყანას დაანგრევს და დასავლეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად საქართველოს ინტერესების გაწირვა დაუშვებელია. საქართველოს ხელისუფლების ეს ფიქრი დასავლეთისთვის მიუღებელია. დასავლეთს საქართველოში არ სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც მისთვის მიუღებელი ფიქრებით იღლის თავს, ამიტომ დასავლეთი ეძებს საქართველოს მთავრობის თავიდან მოცილებისა და მისთვის სასურველი მთავრობის მოყვანის გზებს. მისთვის სასურველი კი აქ, სააკაშვილისა და მისი ფაშისტური ხროვის გარდა, არავინ არის. სააკაშვილის ხროვა არჩევნებით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მოვა, რის გამოც რჩება ერთადერთი გზა – სახელმწიფო გადატრიალება. ამერიკელებს ეს მეთოდი შესანიშნავად აქვთ დამუშავებული. მას რომანტიკული სახელიც შეურჩიეს – ფერადი რევოლუცია. ამერიკელთა მიერ ათასგზის გამოყენებულ ამ გზაზე ისინი ახლაც არ იტყვიან უარს, თუმცა მათ ისიც კარგად ესმით, რომ ფერად რევოლუციას ცარიელ ადგილზე ვერ განახორციელებენ. მას სერიოზული მომზადება სჭირდება. ამ ნიადაგის მომზადების შემადგენელი ნაწილია ის უტიფარი გადაწყვეტილება, ომელიც მოსამართლეებისთვის ყოვლად დაუსაბუთებელი და უსინდისო სანქციების დაწესებაში გამოიხატა. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც უმძიმესი: “მომიწევს მძიმე შეფასების გაკეთება, პირდაპირ ვიტყვი: ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, კორუფციაში ფული არ იგულისხმება მხოლოდ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების გაკეთებისას, რაც არის ძალიან ცუდი და მძიმედ მეტყველებს ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე”.

ამერიკელებთან ასე ლაპარაკს ცოტა ვინმე თუ ბედავს, მაგრამ კობახიძე არც აქ გაჩერდა: ჩვენ მოვითხოვთ, რომ გველაპარაკონ წესებით, ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს”. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კობახიძემ არც ეს იკმარა: ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, მაგრამ დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შეიძლება, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს, ამიტომ მე მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი”.

ამერიკელთა აზრით, ასეთი ხელისუფლება მხოლოდ რევოლუციას იმსახურებს. მათ სცადეს სიტუაციის დასაძაბავად 9 აპრილის გამოყენება, მაგრამ ეს ჩანაფიქრი აშკარად ჩაუფლავდათ. რამდენიმე ასეულ ადამიანსაც ვერ მოუყარეს თავი, თანაც სრულიად უხარისხოს.

9 აპრილის ტრაგედიიდან ოცდათოთხმეტი ის გასვლის შემდეგაც პარლამენტის შენობის წინ კვლავ ერთად იდგნენ პროვოკატორები და შეცდომაში შეყვანილნი. ოცდათოთხმეტი წლის გასვლის შემდეგაც, როგორც იმხანად, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილნი ერთად ებრძოდნენ ხელისუფლებას, გაჰყვიროდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს, შესტრფოდნენ ამერიკას და იყო ცრუ შემართება, – საქართველოს გაუმარ… ჯოოოს!

ნუთუ ოცდათოთხმეტი წელიწადი საკმარისი არ არის იმის მისახვედრად, რომ 9 აპრილი გმირული ეპოპეა კი არა, დასავლეთის მიერ მოწყობილი უბინძურესი პროვოკაცია იყო, რომელშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ და რომელსაც წამოვეგეთ?!

ნუთუ ოცდათოთხმეტი წელიწადი საკმარისი დრო არ არის იმისთვის, რომ ხალხმა, საზოგადოებამ, ერმა შიშველი ემოციების ტყვეობას თავი დააღწიოს და აზროვნება დაიწყოს?!

ნუთუ ოცდათოთხმეტი წელიწადი საკმარისი დრო არ არის იმის მისახვედრად, რომ თოფი კი არ არის მტერი, მტერი ისაა, ვისაც თოფი უჭირავს ხელში, ანუ მკვლელობის შემსრულებელი კი არ არის მტერი, მკვლელობის შემკვეთია მტერი?!

ნუთუ ოცდათოთხმეტი წელიწადი საკმარისი დრო არ არის იმისთვის, რომ საბჭოთა ჯარისკაცებისა და საბჭოთა ტანკების უკან ამერიკული სცენარი დაინახო?!

ნუთუ ოცდათოთხმეტი წელიწადი საკმარისი დრო არ არის იმისთვის, რომ იმ დროს საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ამერიკული აგენტურის ნამოქმედარში ამერიკული მიზნები და ამოცანები დაინახო?!

ნუთუ ოცდათოთხმეტი წელიწადი საკმარისი დრო არ არის იმის მისახვედრად, რომ 2023 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემკვეთის მიერ მოწყობილი ახალი პროვოკაციაა, რომელიც ახალ ე.წ. ფერად რევოლუციას გეგმავს?!

ამერიკელებს ხალხის (სოციუმის) გამოთაყვანების მძლავრი ტექნოლოგიები აქვთ, მაგრამ გამოთაყვანების ის მასშტაბი, რომელიც ქართველი საზოგადოების ნაწილს სჭირს, მაინც წარმოუდგენელია. მით უფრო ახლა, როდესაც დაფარული გაცხადდა, როდესაც ფულით, ღიმილით, ფარისევლობით შემოსულმა მტერმა ნიღაბი მოიხსნა და სანქციებით, მუქარით, შანტაჟით დაგვიპირისპირდა. უაღრესად რთული ვითარება შეიქმნა, რომელიც ღმერთმა იცის, რას გვიქადის, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენი მთავრობა დაადგა, უალტერნატივოა – გზა ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვისა, გზა ქართული იდენტობის გადარჩენისა. განა მთელი ჩვენი ისტორია ღირსებისა და იდენტობის შენარჩუნების გზა არ არის?! თუ დაღუპვა გვიწერია, როგორც ყველა დროის ყველაზე გენიალურმა მოაზროვნემ გვიანდერძა, სჯობს, ღირსების შენარჩუნებით დავიღუპოთ, ვიდრე ღირსებააყრილები. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ღირსების აყრით თუ დავიღუპებით, თორემ ღირსების შენარჩუნება არ დაგვღუპავს, რადგან მზე დასავლეთისა უკვე ჩადის, ვარსკვლავი აღმოსავლეთისა კი უკვე კიაფობს ცარგვალზე, რომელსაც მე ღირსების ვარსკვლავად ვსახავ.

ვალერი კვარაცხელია

P.S.

წერილი უკვე რედაქციაში მქონდა გაგზავნილი, როდესაც უმაღლეს სასამართლოში იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა. მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ჩარევა, იქნება ეს შიდა, მთავრობის მხრიდან, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან“.

ყველაფერი ნათქვამია. მთავრობის მხრიდან სასამართლოს საქმეებში ჩარევა დაუშვებელია, რადგან ეს დიქტატურის ნიშანია, მაგრამ სხვა სახელმწიფოების ჩარევა სასამართლოს საქმეებსა და გადაწყვეტილებებში სრული კატასტროფაა, რადგან ეს სახელმწიფოს არარსებობის ნიშანია.

ვ. კ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here