Home ახალი ამბები საქართველო ფრაზები, რომელთა არასწორი ფორმები უფრო ხშირად გვესმის, ვიდრე სწორი

ფრაზები, რომელთა არასწორი ფორმები უფრო ხშირად გვესმის, ვიდრე სწორი

468

თითქოს ყურიც შეეჩვია და აღარ გვეხამუშება, როდესაც გვესმისმადლობა ყურადღებისთვის”, ნაცვლადგმადლობ ყურადღებისთვის”; “მოგესალმებით” _ “გამარჯობისნაცვლად და . .

ამჯერად შევეცდებით, მარტივად, ყველასათვის ადვილად გასაგებად ავხსნათ, რატომ არ არის სულერთი, როგორ და რას ვიტყვით ამ თუ იმ შემთხვევაში.

რატომ არ უნდა ვთქვათმადლობადა რატომ უნდა ვთქვათგმადლობ

დავიწყოთ იმით, რომ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა, ანუ ზმნა ამ ორიდან მეორეა. ჩვენ კი, როცა ვინმეს ვესალმებით, მოქმედებას ვასრულებთ: რას ვშვრები? _ გმადლობ და არა მადლობა (დაესმის კითხვა _ რა?). ამ უკანასკნელის გამოყენება მართებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით: მადლობას მოგახსენებთ…, მადლობას გადაგიხდით…, მადლობის მეტი რა მეთქმის…, მადლობის თქმა არ არის საჭირო…, მადლობის თქმა არ დაგავიწყდეს… და ა.შ.

მადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა

ქალბატონებო და ბატონებო, ბოდიშს გიხდით, რომ გავკადნიერდი და ჭკუას გარიგებთ, მაგრამ რა ვქნა?! სხვა გზა არ დამიტოვეთ, ამიტომ დიდი ასოებით დაგიწერთ და თქვენც ჩაიბეჭდეთ გონებაში:

მადლობის მოხდა არ შეიძლება, ისევე, როგორც არ შეიძლება ბოდიშის გადახდა!

თქვე დალოცვილებო, თუ “ბოდიში მოუხადას” ნაცვლად არ ამბობთ “ბოდიში გადაუხადაო”, მადლობამ რაღა დაგიშავათ?! რატომ ამახინჯებთ ამ მადლიან ფრაზას, თქვით სწორად: “მადლობა გადაუხადა”.

როცა გვეუბნებიან, მოგესალმებითო, მაგრამ აღარ გვესალმებიან

ტელეწამყვანთა თუ მათ რესპონდენტთა უმრავლესობა საუბარს ასე იწყებს: “მოგესალმებით”, მაყურებელი კი გადაცემის დასრულებამდე ამაოდ ელის, როდის ინებებს მისი უპატივცემულესობა და ბოლოს და ბოლოს იტყვის ან “დილა მშვიდობისას”, ან “საღამო მშვიდობისას”, ან “დღე მშვიდობისას”… ან ბოლოსდაბოლოს დალოცვილ ქართულ “გამარჯობას”; სიტყვას, რომელიც არამხოლოდ მისალმებას გამოხატავს, გამარჯვებას, წარმატებას, წინსვლას გისურვებს.

ერთი და იგივე პრობლემებს თუ ერთსა და იმავე პრობლემებს

მეეჭვება, ვინმემ არ იცოდეს, რომ ქართულ გრამატიკაში (ისევე, როგორც სხვა ენებში) არსებობს მეტყველების ნაწილი, რომელსაც ნაცვალსახელი ჰქვია და რომელიც სახელის ნაცვლად იხმარება გარკვეულ შემთხვევებში.

რაც შეეხება ნაცვალსახელებს _ იგივე და ერთი და იგივე  “ვე” ნაწილაკის დართვით იწარმოება. როგორც ყველა სახელი, ნაცვალსახელიც იბრუნვის. ბევრ  ნაცვალსახელს ბრუნვის დროს ფუძე ეცვლება. ასე ხდება მოცემულ შემთხვევაშიც: “ვე” ნაწილაკდართული ნაცვალსახელის არსებითთან ერთად ბრუნებისას სახელობითში გვაქვს “იგივე”, დანარჩენ ბრუნვებში კი ფუძე იცვლება და გვაქვს “იმავე”, ბრუნვის ნიშნები კი დაერთვის ამ შეცვლილ ფუძეს (ცალკე ბრუნებისას).

შესაბამისად, სწორია:

იგივე, იმავემ, იმავეს, იმავეს(თვის), იმავეთი, იმავედ (წოდებითი არ აქვს!).

არსებითთან ერთად ბრუნებისას მსაზღვრელად გამოყენებული ნაცვალსახელი მოთხრობითი ბრუნვის ფორმას ინარჩუნებს, საზღვრული კი იბრუნვის ჩვეულებრივად:

სახ. იგივე მწერალი

მოთხ. იმავე მწერალმა

მიც. იმავე მწერალს

ნათ.  იმავე მწერლის

მოქმ. იმავე მწერლით

ვით.  იმავე მწერლად

ახლა რაც შეეხება “ერთი და იგივე”-ს, სწორია:

 ერთი და იგივე საკითხი;

ერთმა და იმავე პოლიტიკოსმა;

ერთსა და იმავე პიროვნებას;

ერთი და იმავე თემის;

ერთი და იმავე იარაღით;

 ერთ და იმავე საკითხად.

თავისი ქვეყნის თუ მისი ქვეყნის

კუთვნილებითი ნაცვალსახელები “თავისი” და “მისი” (იმისი) მესამე პირის კუთვნილებას გამოხატავს,  მაგრამ:

თუ საგანი, რომლის კუთვნილებაზეცაა საუბარი, მოქმედ პირს, ანუ სუბიექტურ პირს ეკუთვნის, მართებული იქნება, გამოვიყენოთ “თავისი”. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე თავისი ქვეყნის დიდი მოამაგე გახლდათ.

და არა

ილია ჭავჭავაძე მისი ქვეყნის დიდი მოამაგე გახლდათ.

თუ საგანი სხვისია, ანუ ეკუთვნის ობიექტურ პირს, მაშინ ითქმის იმისი ან მისი.

მარტივად რომ ვთქვათ, თავისი „საკუთარს“ აღნიშნავს, „მისი“ – სხვისას. სათუო შემთხვევებში უნდა მოვიქცეთ ასე: ჩავუნაცვლოთ საორჭოფო ნაცვალსახელს სხვისი და, თუ მიღებული შინაარსი სათქმელის შესაფერისი აღმოჩნდება, სწორი ფორმა ყოფილა მისი, თუ არა – თავისი (აქ დაგვეხმარება სიტყვა “საკუთარი”).

ილია თავის ერზე ზრუნავდა (ილია საკუთარ ერზე ზრუნავდა).

სთხოვა და მოსთხოვა ერთი და იგივე არ არის

ცნობილია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზმნისწინი სიტყვას მნიშვნელობას უცვლის. სიტყვების _ თხოვნა და მოთხოვნა ხმარება ერთი და იმავე მნიშვნელობით არ არის მართებული, რადგან  “მო” ზმნისწინის დართვით ამ სიტყვამ სულ სხვა შინაარსი შეიძინა.

მაგ: მთავრობას ვთხოვთ, ჩვენი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმაროს.

ეს ნიშნავს, რომ მთავრობას თავაზიანად, მორიდებით მიმართავენ, ეხვეწებიან, ემუდარებიან დახმარებას.

ახლა ვნახოთ ეს წინადადება:

მთავრობისგან მოვითხოვთ, ჩვენი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმაროს.

აქ ტონი კატეგორიულია, მუქარის შემცველიც კი.

ამდენად, ამ სიტყვების გამოყენება  ერთი და იმავე აზრის, განწყობის გადმოსაცემად მართებული არ იქნება.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი სცეთ და გაუფრთხილდეთ ქართულ სალიტერატურო ენას.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here