Home ახალი ამბები საქართველო ელჩი, „ჩემპიონი“ და ქართველი ხალხი

ელჩი, „ჩემპიონი“ და ქართველი ხალხი

როცა ნინო ლომჯარიას ჩემპიონს დაუძახებ, არც სპორტზე გაქვს წარმოდგენა და არც ჩემპიონზე. თუ მაინცდამაინც ნამდვილი ჩემპიონი აინტერესებს ქალბატონ კელის, აგერ არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც ახლაც კი, ამ ასაკში, ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

204

საქართველოს პარლამენტი ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად ემზადება. საბედნიეროდ, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების  ვადა  ამოეწურა და ეს ძალიან კარგია, რადგან სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში ლომჯარიას  ერთხელაც არ დაუცავს უმრავლესობის ინტერესები და ყოველთვის  უმცირესობაზე ზრუნავდა.  ლომჯარია არც ერთხელ არ დამდგარა ხელისუფლების მხარეს და დაჩაგრულ-წამებულის როლში მუდამ ოპოზიცია გამოჰყავდა.  ლომჯარიას არც ერთხელ არ უთქვამს დასავლელ პარტნიორებზე, რამეში ტყუიან ან ქვეყნის საშინაო  საქმეებში ერევიანო, და ისინი ყოველთვის მართალი გამოჰყავდა…

ნინო ლომჯარიასთვის  საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მტყუანი და მჩაგვრელი იყო, ყველა დანარჩენი კი – მართალი. ლომჯარია ნამდვილად არ  გახლდათ სახალხო დამცველი, ის  კონკრეტული ჯგუფის, კონკრეტული ადამიანების არათუ დამცველი, არამედ თანამოაზრე იყო და არც პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე   ამბობდა უარს. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხელფასის სახით ლომჯარიას თვეში 5 ათას ლარზე მეტად უფასდებოდა და ის წლიურად 70 ათას ლარამდე გამოიმუშავებდა; ეს – სამივლინებო ხარჯებისა და სხვა წვრილმან-მსხვილმანი გასავლის გარდა…

„ძვირფასო ნინო! მინდა მადლობა გითხრათ თქვენი, როგორც სახალხო დამცველისა და ომბუდსმენის, სამსახურისთვის. თქვენ ქართველი ხალხის ნამდვილი ჩემპიონი იყავით. ვიცი, რომ უკიდურესად რთული დრო იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ, სახალხო დამცველის ოფისი, თქვენ და თქვენი გუნდი, ყოველდღე მუშაობთ, რათა  ღირსებით, პატიოსნებითა და წარმოუდგენელი გამბედაობით დაიცვათ თქვენი როლი, რომელიც კონსტიტუციაში ასე გარკვევით არის გაწერილი“, – ეს  წერილი მიუძღვნა ამერიკის ელჩმა კელი დეგნამა, პრაქტიკულად,  წასულ ლომჯარიას.

დავიწყოთ იმით, რომ დეგნანმა  კარგად იცის ქართველი ხალხის განწყობა და  ისიც, რომ სახალხო დამცველი, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობდა. ლომჯარიას  განცხადებები არა მხოლოდ გაღიზიანებას, არამედ აღშფოთებას იწვევდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და ეს უდიდესი ნაწილი ხშირად 100%-ს მიახლოებული  იყო. ამის მიუხედავად, დეგნანი ლომჯარიას „ჩემპიონს“ უწოდებს და სულ არ აინტერესებს ხალხის აზრი. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ამერიკას და მის ელჩს არასდროს აინტერესებდათ, რას ფიქრობდა საქართველოს მოსახლეობა, მოსწონდა თუ არ მოსწონდა ვინმე და რამე, მთავარი იყო, რომ გატარებულიყო მათი ინტერესი და აკი ტარდებოდა კიდეც – ლომჯარია იცავდა  ლგბტ თემს, იცავდა ოპოზიციას, იცავდა ყველას, ვინც აუგს იტყოდა რუსეთზე და იყო საპატრიარქოს მუდმივი ოპონენტი. ეს კი დასავლეთის უმთავრესი პრიორიტეტები გახლდათ და ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ დეგნანმა მას ჩემპიონი უწოდა. ისე, ქალბატონ ელჩს ისიც უნდა გახსენებოდა, რომ დასავლეთისთვის  მოსაწონი სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში  აირჩიეს, ანუ ისეთი სახალხო დამცველია, რომელზეც ვერავინ ამბობდა, ხელისუფლების სატელიტიაო და ეს მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის პერიოდში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჯერ სასჯელაღსრულების მინისტრად გადაიყვანეს, შემდეგ კი ნაციონალების ე რთ-ერთი ლიდერი გახდა. დემოკრატიაზე რომ წუწუნებს ამერიკა, ის გაიხსენოს, ნაცების მმართველობის პერიოდში  რა ხდებოდა, მაგრამ… სანაცვლოდ ნაცები დასავლეთს უსიტყვოდ  ემორჩილებოდნენ და ამიტომ  „მცირე გადაცდომები“ ეპატიებოდათ  ხოლმე. რაც შეეხება დემოკრატიაზე წუწუნს, სენატორმა ჯინ შაჰინმა (აი, მან, ირაკლი ზარქუამ რომ თქვა, ჩათლახიაო) პირდაპირ განაცხადა, ბოლო წლებში ხელისუფლების ქმედება არ მოგვწონსო. ჰო, ამერიკას არ მოსწონსო.

„ამერიკასა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. მახსოვს წლების განმავლობაში საქართველოში ვიზიტები, როცა ქართველები ავღანეთში გვეხმარებოდნენ… სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა (დემოკრატიიდან) ხელისუფლების მხრიდან. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრება და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე,  როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა“, – განაცხადა შაჰინმა. გულწრფელად გვინდა ვიკითხოთ –  ზუსტად იცით, ქართველ ხალხს სად სურს წასვლა? ან ისიც ზუსტად იცით, ავღანეთში  „დემოკრატიისთვის ბრძოლა“ ქართველი ხალხის სურვილი იყო და არა თავსმოხვეული პროპაგანდა?  ავღანეთში, სადაც არაერთი ქართველი დავკარგეთ და, ამ ომის უაზრობას როცა მიხვდით, ჯარები გაიყვანეთ ქვეყნიდან, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „თალიბანს“ დაუტოვეთ და ახლა ცდილობთ, იმავე თალიბანთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროთ.

„თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან, მაგრამ ამისათვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფალი ხმის მიცემა. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ სხვა ვინმე, გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს“, – ეს სიტყვები კიდევ ერთ სენატორს, ჯიმ რიშს,  ეკუთვნის.

ჰოდა, თქვე კაი ხალხო, თუ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს, პატივი ეცით ამ გადაწყვეტილებას. აგერ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ არ უნდათ ნაციონალები და აირჩიეს ზედიზედ მესამედ „ქართული ოცნება“, მაგრამ არა, სწორედ ამერიკელები ამბობენ,  საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო  და მაშინ  რა ვუყოთ ქართველი ხალხის არჩევანს? რატომ არ მოგწონთ ქართველების არჩევანი? იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლება თქვენ დაკრულზე  არც ცეკვავს? რატომ უკრავს თქვენი ელჩი ტაშს იმ ომბუდსმენს და რატომ ეძახის ჩემპიონს, რომელსაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდა? იმიტომ ხომ არა, რომ ისიც სწორედ ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე გაეშავებინა და დაესუსტებინა?!

ადრეც ვთქვით და კიდევ  გავიმეორებთ: დასავლეთი გადამწყვეტ იერიშზე გადმოვიდა და  არ აპირებს, ხელისუფლების ცვლილების მცდელობა ხვალისთვის გადადოს. ძალიან მალე სწორედ დასავლეთის წაქეზებით ან ოპოზიცია მოაწყობს პროვოკაციას, ან ისეთი რამ მოხდება, რაც ვითარებას არევს და საქართველოს ხელისუფლებას ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს, ისეთი გადაწყვეტილების, რომელსაც მერე ამერიკა ხელზე დაიხვევს და ბოლო ხმაზე იყვირებს, –  ხელისუფლება უნდა გადადგესო. ახლაც, 3 დეკემბერს, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, დასავლეთი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ოპოზიციას არ აქვს მთავარი – ადამიანური რესურსი და ამიტომ საჭიროა ისეთი რამის მოფიქრება, რასაც ადამიანური რესურსი არ სჭირდება, და ეს „რამე“ სწორედ რომ პროვოკაციაა. მანამდე კი პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს. ამერიკელები ამ საქმეში ბოლომდე არიან ჩართულნი და ცდილობენ, ისევ ისეთი პიროვნება გაიყვანონ, რომელსაც შემდეგ ჩემპიონად გამოაცხადებენ. მერე რა, რომ მას ჩემპიონად მოსახლეობის 99% არ აღიარებს. მთავარია, ახალმა სახალხო დამცველმაც, ძველის მსგავსად, სწორედ ის კურსი გააგრძელოს, რომელსაც ამერიკელები უკარნახებენ, და საჭიროების შემთხვევაში თავისი ქვეყნის გაშავებას არ მოერიდოს საერთაშორისო ასპარეზზე. ოპოზიციასაც ერთადერთ იმედად სწორედ ამერიკა და ევროპა დარჩა, რადგან კარგად ხვდება,  მისი რეიტინგი ნულს  ქვემოთ რომ დაეცა. ჩვენ კი, რიგითი ადამიანები, რომლებსაც ამერიკის, ევროპის, რუსეთის თუ სინგაპურის ნაცვლად, საქართველოს წინსვლა და რეალური დამოუკიდებლობა გვსურს, ფხიზლად უნდა ვიყოთ  და ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგეთ, რადგან სწორედ ახლა  წყდება  საქართველოს არა მხოლოდ დღევანდელი ბედი, არამედ ის, როგორ ვიქნებით  ჩვენ და როგორ იქნებიან  ჩვენი შვილები მომავალში. სტრატეგიული მოსაზრებებისა და საინტერესო მდებარეობის გამო დასავლეთს საქართველო არ ეთმობა და ის, რომ მოსახლეობის აზრი თუ განწყობა მათ ნაკლებად აინტერესებთ, კიდევ ერთხელ დაადასტურა დეგნანმა –  როცა  ნინო ლომჯარიას ჩემპიონს უწოდებ, არც სპორტზე გაქვს  წარმოდგენა და არც ჩემპიონზე. თუ მაინცდამაინც ნამდვილი ჩემპიონი აინტერესებს ქალბატონ კელის, აგერ არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც ახლაც კი, ამ ასაკში, ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here