Home ახალი ამბები საქართველო დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული „უცხოური გავლენის აგენტების“  თავნებობა ყვარლის ტბაზე

დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული „უცხოური გავლენის აგენტების“  თავნებობა ყვარლის ტბაზე

ლაზარე გრიგორიადისის მამა, რომელიც შვილმა დუნდულში დაჭრა, გვემუქრება: 27 მაისიდან აქციებს ვიწყებთ და არ გავჩერდებით, სანამ ამ ხელისუფლებას არ გავისტუმრებთ და ჩემს შვილს არ გავათავისუფლებთო

291
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ

კარგად გემახსოვრებათ,  როგორი ხმაური  მოჰყვა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის განხილვას და როგორ გაიწვია საპარლამენტო უმრავლესობამ „რუსულ კანონად“ მონათლული პროექტი, რომელიც რეალურად წყალგამყოფი უნდა ყოფილიყო და გამოევლინა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ტელევიზიები, რომლებიც დაფინანსებას უცხოური ფონდებიდან იღებდნენ. პროტესტის სათავეში სწორედ ეს სამეული იყო და მათ მიზანს მიაღწიეს, რადგან  ზურგს დასავლეთი უმაგრებდათ, ხელისუფლებამ კი გაბზარულის გატეხვა არ მოისურვა, ბოლომდე არ „მიაწვა“ იმას, რაც ისედაც ყველამ იცის. ჰოდა, სწორედ არასამთავრობოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ტელევიზიებმა შექმნეს არაფრისგან სკანდალი და ყვარლის ტბა, პრაქტიკულად, ბრძოლის ველად გამოაცხადეს.

ამერიკულ კანონში წერია, რომ მოქალაქეს პოლიციელზე შეხების უფლება არ აქვს; პოლიციელს რომ შეეხოს, ასეთ  შემთხვევაში სამართალდამცველს იარაღის გამოყენების უფლება ეძლევა. ანუ, ამერიკელ პოლიციელს ფიზიკურად თუ შეეხება ვინმე, მას უფლება აქვს, ესროლოს. ჰოდა, ყვარლის ტბაზე მისულმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ჩამოლაბორანტებულმა  ნიკა მელიამ გზად ორ სამართალდამცველს ისე ჰკრა ხელი, მათ თავი ვერ  შეიმაგრეს და დაეცნენ. მელიამ კი, ვითომც არაფერი, ჩვეულებრივად განაგრძო  გზა და სამართალდამცავებს ახლოს არ იკარებდა, ხელს ჰკრავდა, სიტყვიერად  და ფიზიკურად  შეურაცხყოფდა. დააკავეს მელია? არა. რომელიმე პოლიციელს იარაღი რომ ამოეღო, რა მოხდებოდა? დასავლეთი და, პირველ რიგში, ამერიკის ელჩი იტყოდა, რომ ძალოვანმა უფლებამოსილებას გადაამეტა და მერე რა, რომ მის ქვეყანაში ანალოგიური ქმედება ლამის ადგილზე დახვრეტით ისჯება. ხელისუფლების ბრალია, მელია ამდენს რომ ბედავს, რადგან, სამაჯურით რომ გამოუშვეს ციხიდან, მერე ის სამაჯური  აქციაზე მოიხსნა და ისროლა, უკან უნდა შეებრუნებინათ, კანონით უნდა ეხელმძღვანელათ და ახლა ამდენს ვერ გაბედავდა. მე რომ მექნა იგივე, ხომ დამიჭერდით და მელია რით მჯობს? იმით, რომ ოპოზიციის წარმომადგენელია? და სალომე ზურაბიშვილი…  ჩვენი პრეზიდენტი…

„ეს განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან, არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს…“, – აღარ განვაგრძობთ, ბევრი თუ ვერაფერი გაიგეთ, ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, ეს პრეზიდენტის განცხადებაა…  მარტივად რომ გითხრათ, ზურაბიშვილმა კობახიძის განცხადება დაიწუნა, მაგრამ   მას ხმა არ ამოუღია, როცა ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვი ამერიკაში გასტროლზე არ გაუშვეს იმ მიზეზით, რომ მათ შორის კობახიძის შვილი იყო, მას ვიზაზე უარი უთხრეს, დანარჩენი 49 კი, უბრალოდ, მიაყოლეს. მაშინ სად იყო პრეზიდენტი, რატომ არ ამოიღო ხმა ტოლერანტობაზე? თუ ამერიკის საელჩოს ყველაფრის უფლება აქვს?

ყვარლის ტბაზე რუს ტურისტებს ქორწილის გადახდა სურდათ, რისი უფლებაც ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა, ანუ „უცხოური გავლენის აგენტებმა“ არ მისცეს. არადა, ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძეს  შეუძლია, ბინა მიაქირაოს რუს ტურისტებს, ელენე ხოშტარიას შეუძლია, ფული აიღოს რუსეთიდან, მაგრამ ყვარლის ტბის მფლობელებს უფლება არ აქვთ, რუსებს უმასპინძლონ, იმიტომ, რომ ოპოზიციას არ მოსწონს. კარგად რომ დავფიქრდეთ, ერთგვარი ბიზნეს-კონკურენცია გამოდის, ვაშაძეს სადღაც საბანკეტო დარბაზიც ექნება და იქ შეუშვებს მექორწილეებს. რეალურად კი, ოპოზიციის დაუსჯელობის სინდრომის გამო „გაბლატავდნენ“ ეს ადამიანები და საქართველოს სახელით  საკუთარ ცხოვრებას ხომ იწყობენ და ქვეყანას დასაღუპად იყენებენ. კელი დეგნანი რომ გაჰკივის, ეს რა ხდება საქართველოში, რუსეთი უომრად გვიპყრობსო, კეთილი ინებოს, მოუწოდოს საკუთარ ხელისუფლებას, ქართველები კარგები არიან, ვიზები მოვუხსნათო, მაგრამ არა – ქართველები აქ სჭირდება დასავლეთს, ადგილზე, რათა როგორმე ომში ჩაითრიოს, სასაკლაო მოაწყოს და, რაც მეტი დაიხოცება, მით უკეთესი მათთვის.

აღარც კი გვახსოვს, მერამდენედ ვახსენეთ დაუსჯელობის სინდრომი, მაგრამ… პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოსურნე, მამის დუნდულში დამჭრელი ლაზარე გრიგორიადისის დუნდულნაიარევი მამა გვემუქრება: 27 მაისიდან აქციებს ვიწყებთ და არ გავჩერდებით, სანამ ამ ხელისუფლებას არ გავისტუმრებთ და ჩემს შვილს არ  გავათავისუფლებთო, ანუ ამ ხალხს ხელისუფლების შეცვლა სისხლის სამართლის დამნაშავეების გარეთ გამოსაშვებად სჭირდება. კიდევ, იცით, რა არის ყველაზე საინტერესო? აქციებს ოპოზიციაც და ნაიარევი დუნდული (ხომ არის ნაიარევი სახე, ეს ნაიარევი დუნდულიც იყოს) 27 მაისიდან აანონსებს და არა უფრო ადრე. რატომ? იმიტომ, რომ  26 მაისს აღლუმი უნდა ჩატარდეს და ოპოზიციას ეჭვი აქვს, 26-ში რუსთაველზე რომ ვიყოთ, შეიძლება ხელისუფლება ისე მოგვექცეს, როგორც მიშა მოექცა 2011 წელს მომიტინგეებს, არ არის გამორიცხული, ჯიხურის თავზე  გვამებიც შემოდონო და ამიტომ  27-ისთვის გადაიტანეს. ქვეცნობიერი არ აძლევთ უფლებას,  26-ში გააპროტესტონ, შურისძიების ეშინიათ.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იქცნენ  ჩვეულებრივ  შაპიტოდ და ასე გვგონია, დასავლელი დიპლომატებიც კულუარებში მათ სწორედ ამ სიტყვით მოიხსენიებენ. ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების დიდოსტატებად იქცნენ და, რაც დრო გადის, ეს საქმე უფრო კარგად გამოსდით, ხელისუფლება კი… ამ მიმართულებით უმოქმედოა, რადგან კანონის მთელი სიმკაცრით არ მოითხოვს პასუხს. რატომღაც დასავლეთის რეაქციის ეშინია თუ ერიდება, რაც არ არის ეს მართებული. დასავლეთის რეაქციის კი არა, ხალხის რეაქციის უნდა გეშინოდეთ, ბატონებო, იმ ხალხის, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ყელში ამოუვა ეს ყველაფერი და იმ ერთ მუჭა მოღალატეებს წალეკავს, ფეხქვეშ გაიგდებს და ჭკუას ასწავლის. ვინ მისცა უფლება ან დეგნანს, ან ზურაბიშვილს, საქართველოს სახელით რომ ლაპარაკობენ და ისე იქცევიან, თითქოს ყველა მათ მხარეს არის და მათ თვალსაზრისს იზიარებს. რეალური სურათი დეგნანმა აშკარად იცის, ზურაბიშვილმა, შესაძლოა, არ იცოდეს და შესაძლოა, მას მართლა სჯერა, რომ მოსახლეობამ ერთხმად აირჩია, მაგრამ, მათი ავტორიტეტი ნულს ქვემოთ რომ არის, ცხადია. მელიას კი ოპოზიციის ლიდერად დაბრუნება ყვარლის ტბის „გადაცურვით“ მოუნდა და ამიტომ მიიჭრა ორ მეგობართან ერთად, ამიტომ ითხოვდა კერძო ტერიტორიაზე შესვლას კატეგორიული ტონით. არადა, დაცვასაც შეეძლო კინწისკვრით გამოეგდო და პოლიციელებსაც შეეძლოთ, დაეკავებინათ ხელების ქნევის გამო, მაგრამ არც ერთმა არ ინება ნიკანორისთვის დისკომფორტის შექმნა.

ოპოზიციურმა არხებმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ ყვარლის ტბაზე დაგეგმილი ქორწილი ჩაიშალა, პრეზიდენტმა ამას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, არასამთავრობოებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა კი განაცხადეს, –  არ გვჯერა ხელისუფლების, ამიტომ შინ უნდა წავიდეს და სათავეში ჩვენ მოვიდეთ, რათა  რუსეთს ისეთი პასუხი გავცეთ, როგორიც ეკუთვნისო. „ისეთი პასუხი“ კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა და ამას ოპოზიცია მაშინვე გააკეთებს, როგორც კი  მცირე შესაძლებლობა მიეცემა. ამას ახლაც იზამდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას არ აქვს ომის გამოცხადების უფლება, სამაგიეროდ პირადი შეურაცხყოფის უფლებას იყენებს და ტელევიზიებიდან ისეთი უხამსობა იღვრება, ძნელი მოსათმენია. ქვეყანა რომ ბეწვის ხიდზე დადის, დასავლეთი კარგად ხედავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ხიდი ჩატყდეს და ჩანაფიქრი აისრულოს. საბედნიეროდ, ჯერ არაფერი გამოსდით, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერ, რადგან მცდელობებმა, განსაკუთრებით ბოლო  კვირის განმავლობაში, ძალიან მოიმატა და  ეს ყველაფერი ნელ-ნელა უკონტროლო ხდება. 27 მაისიდან დაანონსებული აქციები ქვეყანას კარგს არაფერს უქადის, რადგან მარტში აქციაზე ჩადენილი უკანონობა არაერთ ადამიანს შერჩა და ახლა  გამეორებას შეეცდება.

სწორედ ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, ყველას და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას; ვალდებულია, პრეზიდენტს შეახსენოს, „ვისი გორისაა“ და საიდან მოვიდა იქ, სადაც ახლა არის და… სწორედ იმ პრეზიდენტს მიადგებიან  27-ში ე.წ. მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, რადგან მან ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისევ დედა აგინოს ცალკე ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ცალკე – რუსეთს და, სავარაუდოდ, არც პრეზიდენტს დაინდობს, რომელიც არაერთხელ შეამკო. სამწუხაროდ, აქციებისთვის არამხოლოდ ოპოზიცია და არასამთავრობოები, არამედ დასავლელი დიპლომატებიც ემზადებიან და უკანონობის გამართლებას ისევ  შეეცდებიან.

როგორც გვითხრეს, 27 მაისის აქციაზე გრიგორიადისის მამამ ლექსი უნდა თქვას:

„შენ სისხლო ჩემო,

სად არ დაღვრილო,

შენ სად არ გხვრეპდა შავი ყორანი,

ვინ გაგაკვირვოს,

რამ გაგაკვირვოს…

ნადუნდულარი, ნადუნდულარი…“

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here