Home ახალი ამბები საქართველო დაუჯერებელია, ყოვლად დაუჯერებელი…

დაუჯერებელია, ყოვლად დაუჯერებელი…

სულ „დაუსტვინეთ“ ყველამ ერთად ხელისუფლებაში, ერთი საღი აზრიც რომ არ ისმის?

469
დაუჯერებელია, ყოვლად დაუჯერებელი...

ვინც დროებითი უსაფრთხოების სანაცვლოდ
თავისუფლებას თმობს, ღირსი არ არის არც
თავისუფლების და, არც – უსაფრთხოების.
ბენჯამინ ფრანკლინი

ახლო წარსულში – 1991–2003 წლებზე მაქვს ლაპარაკი – ბევრი დაუჯერებელი და იმ პერიოდში აუხსნელი რამ მოხდა, მე მხოლოდ მთავარს შევეხები ძალიან მოკლედ.

ყოვლად დაუჯერებელი და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, თანაც უსისხლოდ!

დაუჯერებელი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად „დამოუკიდებლობა“მიღებულ საქართველოში (მართალია, ზოგს ეს ე.წ. დამოუკიდებლობა „მოპოვებული“ ჰგონია, მაგრამ ამაზე ახლა არ შევჩერდები, ადრეც გვაქვს განხილული), სამოქალაქო ომი თუ ატყდებოდა და ქართველი ქართველს ტყვიას ესროდა! შემდეგ კი არჩეულ პრეზიდენტსაც მოკლავდა!

ყოვლად დაუჯერებელი იყო აფხაზეთს თუ დავკარგავდით, – დიდწილად, ჩვენი უჭკუობით და მოღალატეობრივი ნაბიჯებით (მხედველობაში მაქვს შევარდნაძის მიერ ქართული შეიარაღებული ფორმირებების აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ გამოყვანა და ქვემეხების საკეტების რუსებისთვის ჩაბარება). ისე გამოვიდა, თითქოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვყოფილიყავით შეჭრილი! და ეს იმ დროს, როდესაც არაჩვეულებრივად კარგი ხელჩასაჭიდი ფაქტი გვქონდა – იმავე პერიოდში მიმდინარე სომხეთ–აზერბაიჯანის ომის დროს სომხეთმა არათუ სადავო, – აზერბაიჯანის კუთვნილი ყარაბაღიდან – არ გაიყვანა ჯარები, მხოლოდ შვიდი კილომეტრით დაიხია და ისევ აზერბაიჯანის, უკვე არასადავო მიწაზე დარჩა (ცბიერმა „თეთრმა მელამ“ და „საერთაშორისო დონის დიპლომატმა“, ქართველმა კაცმა, ეს იურიდიულად გაფორმებული შემთხვევა, აფხაზეთთან მიმართებაში თავის სასარგებლოდ ვერ თუ არ გამოიყენა)!

დაუჯერებელი იყო აფხაზეთიდან ლტოლვილი ხალხის გადმოყვანა სვანეთის დათოვლილი გზით – ჭუბერის უღელტეხილით (და არა, – სამეგრელოს გზით), რასაც ასამდე (ზოგიერთის აზრით – ასობით) ქალი, ბავშვი და მოხუცი ემსხვერპლა; კატასტროფა განიცადა 50–მდე მგზავრით გადატვირთულმა მაშველმა ვერტმფრენმაც (დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები არ იძებნება). როგორც აფხაზეთში მოხალისედ მებრძოლი პროფესორი ნოდარ ნათაძე წერს: „შევარდნაძემ ხალხიც გაწირა და აფხაზეთიც“!

ჰოდა, რა თქმა უნდა, ისიც დაუჯერებელი იყო, აი, ასეთ შევარდნაძესაც, რომელიც თავის კარიერულ გზაზე მეგობრებსაც არ ინდობდა, უსისხლოდ თუ მოვიშორებდით და მხსნელად პროფესორების ოჯახში გაზრდილი, უკრაინაში და ამერიკაში განათლებამიღებული ახალგაზრდა კაცი, მიხეილ სააკაშვილი თუ მოგველინებოდა. ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ლამის ღმერთის გამოგზავნილად მიიჩნია იგი ბევრმა (ცხადია, იმ რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადამიანს არ ვგულისხმობ, რომლებსაც სწორი წარმოდგენა ჰქონდათ ამ ადამიანზე, რომელმაც თავისი არაკაცობა, გნებავთ, არაქართველობაც მალევე გამოამჟღავნა!)!

და კიდევ, უფრო დაუჯერებელი იმის გაგება იყო (სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან გვიან!), რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს და პოსტსაბჭოურ სივრცეში ხდებოდა, თურმე, ამერიკის შეერთებული შტატების მოწყობილ–დაფინანსებული ყოფილა! იმ ამერიკის, რომელიც თავისუფლების და დემოკრატიის სამოთხედ გვეგულებოდა და ვისკენაც ასე მივილტვოდით (ბევრს ხომ ახლაც ასე ჰგონია და თვალი ჯერაც არ ახელია!)!

სააკაშვილის წარმოუდგენლად დანაშაულებრივ, ერთპიროვნული მმართველობის პერიოდს – 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ოქტომბრამდე გვერდს ავუვლი, რადგანაც ამ წლებში იმდენი და ისეთი დანაშაულია ჩადენილი, რომ მათზე ძალიან მოკლედაც საუბარი ძალიან დიდ ადგილს იკავებს, თანაც მისი „წარმატებული“ მოღვაწეობის შესახებ უკვე ყველასათვის ცნობილია.

ახლა ვთქვათ, თუ რა ხდებოდა (და ხდება ამჟამადაც!) სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ივანიშვილის „ქართული ოცნებით“ ჩანაცვლების შემდგომ პერიოდში, ანუ 11–ზე მეტი წლის მანძილზე. რა თქმა უნდა, – ისევ მთავარზე და დაუჯერებელზე, ოღონდ მათ შესახებ უფრო ვრცლად და მცირე შესავლის შემდეგ.

პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტარების და მინისტრების გასაგონად (ცხადია ბ–ნი ბიძინაც იგულისხმება!) უნდა ვთქვა შემდეგი: ქართული ტრადიცია მოითხოვს, რომ თითოეულ თქვენთაგანს „ბატონობით“ მოგმართოთ, მაგრამ ისევე, როგორც სააკაშვილის და პირწავარდნილი ნაცების მისამართით არ მომიბრუნდება ენა ამის სათქმელად, არც თქვენთვის მემეტება პატივისცემის და მოწიწების გამომხატველი ეს სიტყვა, არცერთისთვის! ყველაფერს დამსახურება უნდა! ის რამდენიმე, ადრე წესიერ კაცად ცნობილი ადამიანიც, რომელსაც თანამდებობრივად ევალება ხმის ამოღება და ხალხის ინტერესების დაცვა, როცა გასუსული ზის კომფორტულ სავარძელში და კარგ ხელფასსაც იღებს (ახლა ხომ ლამის უორმაგებენ გასამრჯელოს მასზე დაკისრებული ერთობ „მძიმე“ სამუშაოს შესრულებისთვის), პატიოსნად ვეღარ ჩაითვლება, მისი სახელი კონფორმისტია! დუმილი ყოველთვის ოქრო როდია, იგი ხშირად ოქრო–ვერცხლის სიყვარულზე მიუთითებს მხოლოდ! ამიტომ, მრავლობით ფორმას – „თქვენობით“ მომართვასაც თავი რომ ავარიდო, ყველას კრებსითი სახელით – ხელისუფლებად მოგიხსენიებთ და მხოლობითი ფორმით – „შენობით“ მომართვა უფრო სწორი და გრამატიკულადაც გამართული გამოვა. სიმართლე გითხრა, „ცოტა მეტსაც“ კი იმსახურებ ხელისუფლებავ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაოდენი პატივი შენ თავსაც უნდა სცე კაცმა!

ახლა კი დაუჯერებელ ამბებს მივუბრუნდეთ:

1. დამარცხებული ნაცებისთვისაც(!) კი დაუჯერებელი და მოულოდნელი იყო 2012 წლის ბოლოს გამარჯვებული „ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველივე(!) სხდომაზე თავმჯდომარე უსუფაშვილის პირით დამნაშავე ნაცების და „ნაცმოძრაობის“ შესაწყალებელი ამნისტიის წინადადებას თუ წამოაყენებდი! ხალხი, რომელიც სამართლის აღდგენაზე ოცნებობდა და ახალი ხელისუფლებისგან მკვლელი, მწამებელი, ყაჩაღი და სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენი ნაცრეჟიმის გასამართლებას ელოდა, სახტად დარჩა, ნაწილმა მალევე მოტვინა, რომ შენ – „ქართული ოცნება“ მთავარი დაპირების შესრულებას – სამართლის აღდგენას არ აპირებდი! და ასეც მოხდა – შიშისაგან სოროში შემძვრალი ნაცები, ნელ–ნელა გამოძვრნენ და გვარიანადაც იბარტყეს – რეანიმირებულ ნაცპარტიას და ნაცტელევიზიას იმავე მიმართულების პარტიები და ტელეარხები შეემატნენ, ისინი იმდენად გათავხედდნენ, რომ ნიშნისმოგებით ტრაბახობენ კიდეც: „აბა, თუ შნო გაქვთ, დაგვიჭირეთო“! აქეთ გვემუქრებიან: „მალე დაგამხობთ და გაგისწორდებით, ყველას მისამართები ვიცითო“!

2. დაუჯერებელია, აბა რა, როდესაც კიევში მყოფი ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი არაერთხელ, გვარამიასთან და სხვებთანაც, აჯანყების გეგმებს ადგენდა, სამოქმედო დირექტივებს იძლეოდა (არეულობის დროს კარგი იქნება ფეხმძიმე ქალი თუ დაიღუპებაო!) და მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტური აუდიო მასალა არსებობს, არცერთისთვის პასუხი არ მოგითხოვია შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობის მუხლით! რატომ?! შესაბამისი მუხლი არ არსებობს, არც სამშობლოს ღალატის მუხლი და იმიტომ ვერ იჭერ? თუ მსგავსი მუხლი არ არის, შენ კი 11 წლის განმავლობაში სათანადო ცვლილება არ შეიტანე კოდექსში, მაშინ შენ ყოფილხარ დასაჭერი – ყველანი, ვისაც ეს ეხება და ფეხს ითრევს, კანონს არ იღებს!

3. დაუჯერებელია, როდესაც გიორგი გაბუნია ნაცების ტელევიზიით ისე აგინებს, რომ ცოცხალ–მკვდარს არ უტოვებს იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული არა მარტო ნანატრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყოფნა–არყოფნაც! და ნაცვლად იმისა, იმავე ღამეს დაგეპატიმრებინა იგი, პირდაპირ ტელევიზიაში აგეყვანა, ოპერატიულ დაკავებას ვინ ჩივის, საერთოდ ხმაც კი არ ამოგიღია, ვითომც არაფერი მომხდარიყოს! ამერიკის პრეზიდენტისთვის რომ შეეგინებინა გაბუნიას, ანდა სულაც მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ელჩისთვის, მაშინაც გაისუსებოდი?! არა მგონია, – საშინლად აღშფოთდებოდი, ერის სახელით ბოდიშებს მოიხდიდი და ამ თავხედსაც კარგა ხნით ჩასვამდი ციხეში!

4. დაუჯერებელია და არც არავინ იფიქრებდა, რომ ვინმე ოდესმე გაბედავდა და ისეთი ეპითეტებით „შეამკობდა“ საქართველოს პრეზიდენტს, თანაც, ქალბატონს (!), როგორითაც ნიკა გვარამიამ მიმართა მას იმავე ტელეარხის ეკრანიდან. ორი აზრი არ არის, ამ მეორე თავგასულ პირუტყვსაც დაუსჯელობის, შენი უმოქმედობის იმედი ჰქონდა და ასეც მოხდა – არც მისთვის მოგითხოვია საკადრისი პასუხი (ხოლო მისმამფარველებმა, ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ დააჯილდოვეს კიდეც!)!რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი იყოს ზურაბიშვილი, განა მისი ღირსების დაცვა შენ არ გევალება, საქართველოს ხელისუფლებავ?! აქაც იგივე მაინტერესებს – ახლა ამ ან სხვა ტუტუცმა ჟურნალისტმა ივანიშვილსაც იგივე სიტყვებით ანუ „მრავალსართულიანით“ რომ მიმართოს, მაინც თავზე ხელს გადაუსვამ და კანონის არქონას მოიმიზეზებ?

5. როგორი შეშინებული და უსუსური უნდა იყო, როდესაც არათუ სახელმწიფოს ღირსებას, საკუთარ ღირსებასაც კი ვერ იცავ შენსავე ქვეყანაში! დაუჯერებელია, არ მეგულება, მსოფლიოში სახელმწიფო, სადაც პოლიციის საკონტროლო სამაჯურდადებული პატიმარი ხალხმრავალ მიტინგზე სიტყვით გამოვიდეს, სამაჯური მოიხსნას, ხალხში მოისროლოს და გაბრექილი გაიძახოდეს: აბა, მოვიდნენ და დამიჭირონო! ეს ხომ სამაჯურის ხალხში კი არა, პოლიციისთვის სახეში სროლაა და, როცა ასეთ ადამიანს, ნიკანორ მელიას პასუხს არ სთხოვ, არც უკანვე ციხეში არ აბრუნებ და არც დანაშაულს უმძიმებ, სასჯელს არ უზრდი, ეს უკვე პოლიციასთან ერთად შენი ღირსების შელახვაა, შენთვის გაწნილი სილაა, შენი უსუსურობის დამადასტურებელი!

6. როდესაც ვერც საკუთარ ღირსებას იცავ,ვერც პრეზიდენტებისას (საკუთარი თუ მეზობელი ქვეყნის) და ვერც საქართველოს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს იცავ თახსირი ნაცების შეურაცხყოფისგან, შენ ვერც სახელმწიფოს ღირსებას დაიცავ! და ასეც არის! დაუჯერებელია, მეგობრად წოდებული მეზობელი სახელმწიფო ჩვენთან დაუსწრებლად გასამართლებულ და ძებნილ დამნაშავე პირებს თავისთან ასაქმებდეს მაღალ–მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე, ელჩს უცერემონიოდ გიძევებდეს, თანაც გლანძღავდეს, შენ კი, ამდენ შეურაცხყოფაზე ერთ დიპლომატიურ საპროტესტო ნოტასაც ვერ უგზავნიდე საპასუხოდ, ისევ ცალმხრივ ძმობას(!) ეფიცებოდე და ჰუმანიტარულ დახმარებასაც უგზავნიდე! თუ პირადი თავმოყვარეობა არ გაგაჩნია, სახელმწიფოებრივი ღირსება სად არის, სულ დაკარგე თუ არც გქონია საერთოდ?!

7. დაუჯერებელია აბა რა, როცა ასეთ „ვაჟკაცებს“ – გვარამიას, გაბუნიას, მელიას და მისთანებს ბუზსაც ვერ უფრენ და ბექა ვარდოსანიძეს კი სახლში უვარდები, ოჯახს და მშობლებს შოკში აგდებ და პოლიციაში მიაქანებ! და, რისთვის?! თურმე, არაფრისთვის, თურმე, – იმავე დღეს მისი უკანვე სახლში გაშვებაც შესაძლებელი ყოფილა! სირცხვილი არა გაქვს? ასეთი სამარცხვინო დაკავებები სააკაშვილის რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი, 11 წლის შემდეგ გადმოგაქვს ნაცების მეთოდები? უკვე კარგა ხნის მოსულია დრო, რომ მომავალში ყოველთვის ერთად მოგიხსენიოთ, როგორც ქოც–ნაცები, თუმცა პრიორიტეტების გათვალისწინებით, ნაც–ქოცები უფრო შეგფერით!

8. დაუჯერებელზე მეტია, ყოველი ჩვენთაგანის დაცინვაა, როცა სააკაშვილის რეჟიმისგან გამწარებული ათი ათასობით ადამიანი (ალბათ, ასი ათასობითაც!) ლანძღვა–გინებით მიწაში სდებს ნაცმოძრაობას, მის აკრძალვას და პარტიის დამნაშავე ნაცაქტივისტების გასამართლებას ითხოვს, შენ კი, ივანიშვილის დაკომპლექტებულო ხელისუფლებავ, ექოსავით, თუთიყუშივით იგივეს მიმეორებ, – კიდევ უფრო უარესი ეპითეტებით ახასიათებ ნაცებს და სამართლის აღდგენის ნაცვლად ჩვენივე ნათქვამს უკანვე გვიბრუნებ, ნაცების მაგინებელი სიტყვებით ცდილობ იმ ხალხის გულის მოგებას, რომელსაც სამართალი ვერ უპოვია, რადგანაც იგივე დამნაშავე პროკურორებს და მოსამართლეებს აწყდება სასამართლოებში, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც დაღუპეს იგი, წაართვეს ქონება და ჩასვეს ციხეში – ან მამა, ან შვილი, ან და მამაც და შვილიც ერთად!

9. დაუჯერებელზე მეტია, როცა ადამიანმა იცის პირადად სააკაშვილის და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი რაგინდარა დანაშაულის შესახებ (გაუპატიურება–ძარცვიდან მკვლელობა–სამშობლოს ღალატამდე!) და მაინც „ნაცმოძრაობის“ პარტიის წევრია ან – მისი განაყოფი თუ სატელიტი პარტიის და, ხელში ტრანსპარანტიც უჭირავს – „თავისუფლება მიშას“. ამ პარადოქსულ მოვლენას მხოლოდ ორი ახსნა აქვს: ან ტვინი აქვს ნაღრძობი და მკურნალობას საჭიროებს, ანდა – ნამუსგაყიდულია, რაც მკურნალობას ძნელად ემორჩილება. თუმცა, თუ დაფინანსების წყარო დაუშრა, შესაძლოა საღ აზროვნებასაც კი მიუბრუნდეს, ხოლო, თუ სხვამ მეტი გადაუხადა, საპირისპირო პოზიციის დამცველიც ადვილად გახდეს!

10. დაუჯერებელია ხალხის მიამიტობის, გულუბრყვილობის, ცარიელ სიტყვაზე ნდობის ხარისხი! რამდენჯერ უნდა დარწმუნდეს ეს ხალხი, რომ ბ–ნი ბიძინა კარგი კაცია, დიდი ქველმოქმედიც, შესანიშნავი სურვილები აქვს, მაგრამ ყოველ მოსვლაზე უხვად გაცემული დაპირებების განხორციელებას ვერ ახერხებს, რადგანაც ძია სემი (ჩვენი შორეული „ახლობელი“ და ჩვენზე „მზრუნველი“!), მის მიერ საქართველოს კონტროლის მიზნით მოვლინებული ელჩების და მრჩევლების სახით, ამის ნებას არ აძლევს. ივანიშვილიც იძულებულია ხან რა მოიფიქროს თავისი ნაბიჯების გასამართლებელი და ხან – რა. მერე ამით ქვეყანას რა შეღავათი? არავითარი! მის მილიარდებს უეჭველად მოეხსნება დადებული სანქციები, ჩვენ კი – „მშვიდობა“ და ამერიკის ინტერესებისთვის წამოწყებულ ახალ სამხედრო–„სამშვიდობო“ ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენივე ხარჯით! ხომ კარგად გაგვწვრთნეს და დაგვაჯერეს, რომ შორეულ აფრიკაშიც და აზიაშიც საქართველოს ვიცავდით მკერდით და კვლავ დავიცავთ, თუ გვიბრძანებს ძია სემი!

11. დაუჯერებელზე მეტია, როცა რამდენიმე თვის წინათ, რუსეთ–უკრაინის ომთან დაკავშირებით ღარიბაშვილისთვის ევროპაში დასმულ კითხვაზე, – თუ რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, ჩვენი პრემიერი თამამად და პირუთვნელად პასუხობს, რომ მიზეზი ნატოში წევრობისკენ უკრაინის ლტოლვაა (რაც გულისხმობს ნატოს რაკეტების განლაგებას უშუალოდ რუსეთის საზღვართან!). ეს ისედაც ყველასათვის ცხადი იყო, მაგრამ „სუვერენული“ სახელმწიფოს მეთაურის მიერ ასეთმა განმარტებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ევრო– და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუმცა მალევე, თავად ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგიც იძულებული იყო დაედასტურებინა ბ–ნი ირაკლის განაცხადი, რომ ომის მთავარი მიზეზი სწორედაც აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოება იყო. ამის დასტურად მან ისიც აღიარა, რომ პუტინი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუკი ჩვენ ხელს მოვაწერდით მის შემოთავაზებულ ხელშეკრულებას რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს არგაფართოების შესახებო და ამას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი არ მოვაწერეთო. უკრაინაში ატეხილი უსასტიკესი ომის ძირითადი მიზეზი რომ ნატოს გაფართოებაა, ეს განაცხადა დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან მოაზროვნედ აღიარებულმა ამერიკელმა ჯონ მირშაიმერმაც (საინტერესოა მისი სხვა დასკვნაც პროფესორ სტივენ უოლტთან ერთად გაკეთებული დაახლოებით 20 წლის წინათ: „ამერიკის საგარეო პოლიტიკას პროისრაელური ლობი, ანუ ებრაული მაფია აკონტროლებს ტოტალურად“, რასაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ჭეშმარიტი სიმართლე უწოდა 82 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, – ალბათ, ასაკით გათამამებულმა);

და, მაინც, საკუთარი პრემიერის ზემოთქმულის მიუხედავად, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ვილნიუსში მიემგზავრება ნატოს სამიტზე, რათა ნატოში საქართველოს გაწევრების საქმე როგორმე წინ წასწიოს! ყრუც უნდა იყო და ბრმაც, ვერ ხედავდე იმ უბედურებას, რაც უკრაინის მიწაზე ხდება (რუსეთმა მოძმე სლავი უკრაინელები არ დაინდო და რუსეთის მეფეების დაარსებული ქალაქებიც მიწასთან გაასწორა)! სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყო კაცი, მით უფრო, სახელმწიფო მოღვაწე, რომ იცოდე ყველა ამ ფაქტის შესახებ და, მაინც მიისწრაფვოდე იქითკენ, რამაც დაღუპა ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო (რომელმაც უკვე დაკარგა ნახევარი მილიონი ახალგაზრდა ქალ–ვაჟი, უფრო მეტი კი დაუინვალიდდა. თავად უკრაინა კი, არავინ იცის როდის დადგება ფეხზე და დადგება თუ არა საერთოდ, როგორც სახელმწიფო)!

ეს შეუთანხმებლობაა თუ დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კობახიძის მიერ ახალ თავდაცვის მინისტრად გამწესებული ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს: „ნატოში ინტეგრაცია, სრული(!) ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით“! ამაზე მეტი არაფერი უთქვამს უკრაინას! უბრალოდ, ამერიკის მხარდაჭერით გათამამებულმა ცოტა უკმეხად უპასუხა რუსეთს: შენ ვინ გეკითხება, მე დამოუკიდებელი სახელმწიფო ვარ და სადაც მინდა იქ გავწევრიანდებიო! ჰოდა, ჩვენ რის და ვის იმედზე ვცუნდრუკობთ, ნატოსკენ უაზრო ლტოლვას რად არ ვეშვებით? ისევ ამერიკის იმედზე ვართ, ის გვიშველის და ჩვენ გამო დაუწყებს რუსეთს ომს? განა უკრაინის მაგალითმა ოდნავ ტვინის განძრევა მაინც არ უნდა გვასწავლოს? სულ „დაუსტვინეთ“ ყველამ ერთად ხელისუფლებაში, ერთი საღი აზრიც რომ არ ისმის, ყველანი იმ ჭკუაზე ხართ, რომ ნატო გვიშველის? მართლა ასე ფიქრობთ? თუ, ასეა, მაშინ გადასაყენებელ–გადასარჩევი კი არა, სამკურნალო ყოფილხართ! აბა, უკრაინის ბედის გაზიარება ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა უნდოდეს? ალბათ, ჯუანშერ ბურჭულაძე ისე არ ფიქრობდა, როგორც ირაკლი ჩიქოვანი ფიქრობს და, იმიტომაც მხოლოდ იგი გაათავისუფლეს მინისტრობიდან!

ერთი კითხვა მინდა დავუსვა ახლად დანიშნულებს – პრემიერს და თავდაცვის მინისტრს და, რაღა თქმა უნდა, ხელახლად მოსულ ივანიშვილს: ამერიკამ რომ რაღაც მიზეზით, თუნდაც, რუსეთის პროვოცირების მიზნით, უცებ გადაწყვიტოს ნატოში ჩვენი მიღება, – მაინტერესებს, სიხარულით ცას ეწევით და შემოჭრილი რუსეთის დასამარცხებლადაც მოემზადებით (უკრაინელებზე ნაკლები რითი ვართ – მოსახლეობით ვართ „რაცხა“ 10–ჯერ ნაკლები, თორემ სამაგიეროდ გული ხომ გვაქვს ბარე 10–ჯერ დიდი!), თუ შიშისგან ქვეშჩასვრილები ერთმანეთს გაასწრებთ საქართველოდან? რუსეთი რომ აუცილებლად შემოიჭრება და უკრაინაზე „ნაკლებად“ არ მოგვექცევა, ეს ბევრჯერ აქვს გამეორებული მის პრეზიდენტს. თანაც, შემოიჭრება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, – უკრაინასთან დაშვებულ შეცდომას, როცა ორი თვის და ერთი კვირის განმავლობაში (2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე) ჭოჭმანობდა და ფუჭ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ცალკე ამერიკასთან (ნატოსთან) და ცალკე – უკრაინასთან, ნამდვილად აღარ გაიმეორებს!

ჰოდა, უკრაინის შემყურე, ცოტა მაინც გონს არ უნდა მოვეგოთ და რუსეთის გამაღიზიანებელ ზედმეტ ტლიკინს, ფიქრსაც კი – თითქოს, ნატოში გაწევრება იყოს ჩვენ წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა, არ უნდა შევეშვათ? თუკი, ქართველი ხალხის მისწრაფებებში დარწმუნებული ბრძანდები, თუ ვისთან და რა ხასიათის კავშირების დამყარება სურს მას, მაშინ გაბედე და ამერიკის უკითხავად(!) ერთი რეფერენდუმი მაინც ჩაატარე წამლად, და კარგად დაინახავ შენც და ამერიკაც ხალხის განწყობას!

ახლა კი დასკვნის სახით: დაუჯერებელს თუ არდასაჯერებელს რა გამოლევს, ჩამოთვლა ადვილია, არც სხვისი კრიტიკაა ძნელი, რახანია (სულ მცირე, – 2007 წლიდან) ამ ჩამოთვლაში – მამხილებელი სტატიების წერაში ვართ, მაგრამ შეიცვალა რამე? შენ ისა თქვი, რა უნდა ვიღონოთ, თორემ, წერე და იკითხე, სანამ არ მოგბეზრდებაო, – ასე იტყვის უმეტესობა ამ წერილის წამკითხავი და, ზუსტად ამ აზრის გახლავართ მეც. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუ იმავე საშინაო და საგარეო პოლიტიკას გავყვებით, ჩვენი მდგომარეობა არსებითად არასოდეს არ შეიცვლება, არცერთი მიმართულებით, არავითარ ეკონომიკურ თუ სხვა სასწაულს არ უნდა ველოდოთ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ადგილას, ჩვენი მთა–ველის და ზღვის მქონე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ჩვენზე გაცილებით მყარად იდგებოდა ფეხზე! ჩვენ კი თითქმის ყოველმხრივ იზოლირებულ მეზობელ სომხეთზე (რომელსაც ამის გამო ბევრი დამატებითი ხარჯის გაწევა უწევს ჩვენგან განსხვავებით) წინ სრულებითაც არა ვართ (მიუხედავად სისხლისმღვრელი ომისა და ყარაბაღიდან ლტოლვილებისა, ბევრი პროდუქტი და წამალიც იქ უფრო იაფია, ეკონომიკური წინსვლით კი ოდნავ გვისწრებს კიდეც).

მოკლედ, დგება მომენტი და სულ ცოტა ოცწლიანი დუმილის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც თვალები ასე თუ ისე აგვეხილა, ჩვენი სათქმელი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ითქვას (მთავარი სათქმელი, თორემ ყველაფერს, რაც ამ 33 წლის მანძილზე დაგროვდა, რა ჩამოთვლის). აღარ შეიძლება ასე უსასრულოდ ყურმოჭრილი მონის მდგომარეობაში ყოფნა. არ შეიძლება, მე აბსოლუტურად ყველაფერი უსიტყვოდ შეგისრულო, შენი გულისთვის ვიომო კიდეც, სისხლიც დავღვარო და ჩემი გადაშენების პირას მყოფი ერის შვილების სიცოცხლეც შევწირო შენი ქვეყნის ინტერესებს, შენ კი, სიტყვით სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩემი ქვეყნის ინტერესები, პირველ რიგში, – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება, არაფრად მიიჩნიო! შენ აბსოლუტურად არ გაღელვებს ჩემი პრობლემები და მათ გადასაჭრელად მეც მიკრძალავ ნაბიჯების გადადგმას – არათუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის უფლებას არ მაძლევ, დალაპარაკებასაც კი მიკრძალავ რუსეთთან, იმ ერთადერთ სახელმწიფოსთან, რომელთანაც მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობებით თუ მოხერხდება პერსპექტივაში(!) ჩემი დანაწევრებული ქვეყნის გამთლიანება! რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესების და ავიარეისების აღდგენის გამო მკაცრი საყვედური გამომიცხადე, მანქანების რეექსპორტიც ამიკრძალე და, თან, რუსი ტურისტების სახით რუსეთის აგენტების მოზღვავებით დამაშინე. შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადამკიდე მეზობელ რუსეთს და „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხულ შენს „ძაღლიშვილ“ სააკაშვილს ომიც კი წამოაწყებინე რუსეთთან (კიდევ კარგი კურდღელივით მშიშარა რომ აღმოჩნდა შენი შერჩეული პრეზიდენტი, თორემ ჩვენც ხომ უკრაინის ბედს გაცილებით ადრე – 2008 წელს გავიზიარებდით). შენი სესხებით დახმარებაც, ფაქტობრივად, უშედეგოა, რადგანაც მათი ჩვენ ჭკუაზე განკარგვა გვეკრძალება – ყოველი ნაბიჯი, თუ რაში უნდა დავხარჯოთ ეს „დახმარება“, თქვენ მიერ გვაქვს გაწერილი, რაც, ბუნებრივია, არაეფექტურს ხდის მას, ჩვენი ვალები კი კატასტროფულად იზრდება!

ცხადია, ყველაფრის ერთბაშად და პირში მიხლა, კარის გამოჯახუნება და კავშირების გაწყვეტა კარგს არაფერს მოგვიტანს, დაზიანებით კი სერიოზულად დაგვაზიანებს! მხოლოდ აუცილებელი უნდა ითქვას ძალიან მშვიდად, დოზირებულად, არგუმენტაციით და, რაღა თქმა უნდა, დიპლომატიური ენით ისე, რომ შემოსადავებელი არაფერი დავუტოვოთ!

ამერიკას სულაც არა აქვს მიზნად დასახული საქართველოს გამთლიანება და მისი ეკონომიკურად ფეხზე დაყენება, არც ნატოში ჩვენი მიღება მას არ სურს, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით ბოლო პერიოდში გაჩენილი იმედის (ნათელი მომავლის) ნაპერწკალი რომ მანათობელ ცეცხლად გვიქციოს ირაკლისნაირებმა! მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში ისეთივე აშკარა პროამერიკული ხელისუფლების მოყვანა, როგორიც სააკაშვილის დროს იყო, რომელიც კიდევ უფრო უტყვი იქნება, ვიდრე არსებული, ისევ მათი შერჩეული, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებად წოდებული. ესაა მთელი მისი ფილოსოფია! თუმცა, არა, სულ ეს არაა, არის კიდევ შეფარული მუქარაც, – რა მოგვივა, ამერიკა თუ განაწყენდა და შემოგვწყრა – ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლენის და ჩვენ ჭკუაზე კონტაქტების დამყარების შემთხვევაში (როგორც, მაგალითად, ჩინეთთან) – თურმე, ვერც მშვიდობას შევინარჩუნებთ და ეკონომიკურადაც კიდევ უფრო დაგვერხევა! რა თქმა უნდა, არც უმაგისობაა, ნამდვილად გაგვიჭირდება დასაწყისში, მაგრამ ბევრს ვერაფერს გაბედავს, თუკი გვერდში დაგვიდგება,- ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც, – მეზობელი რუსეთი და ახალი სტრატეგიული პარტნიორი შორეული ჩინეთი (აბა, დიპლომატია სხვა რაა, თუ არა იმპერიების დაპირისპირების გამოყენება!)!

ამ ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორს“ უნდა გავაგებინოთ, რომ მან ხელი აიღოს, არც კი იფიქროს ძალისმიერი ან, თუნდაც, ელექტრონული არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების დამხობაზე, რომ ამის მცდელობის შემთხვევაში მეზობელი რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში 2014 წელს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს – დროს არ დაკარგავს და ჩვენდა უკითხავად მყისიერად მოახდენს მთელი საქართველოს ოკუპაციას!

თუკი, ამის თქმის თავიც არა გვაქვს და ისევ „შარვალჩახდილების“ პოლიტიკას გავაგრძელებთ (ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყურმოჭრილი მონის პოზიციაში ყოფნა იგივე შარვალჩახდილის პოზაში ყოფნაა – მორჩილების უმდაბლესი და სამარცხვინო ფორმით გამოხატვაა), მაშინ ჩვენზე ზედგამოჭრილი იქნება ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილი სიტყვები: „ვინც დროებითი უსაფრთხოების სანაცვლოდ თავისუფლებას თმობს, იგი ღირსი არ არის არც თავისუფლების და არც – უსაფრთხოების“!

უკეთესად და უფრო გასაგებად, ვერც იტყვი!

იაკობ ლეჟავა,
14 თებერვალი, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here