Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსული რესურსების გარეშე არსებობა უჭირს, ჩვენ კი მეორე...

დასავლეთი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსული რესურსების გარეშე არსებობა უჭირს, ჩვენ კი მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვს

დავითი რომ გქვია და არახამია ხარ, ქართულად ლაპარაკს უნდა შეეცადო მაინც

385

ორიოდე კვირაც და საქართველოში ატმისა და ვაშლატამას კრეფა დაიწყება. გლეხები მოუთმენლად ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსული მხარე და, თუ შარშანდელივით რუსეთიდან ისეთივე მთხოვნა იქნება, ხილი ძალიან კარგ ფასად გაიყიდება და, როგორც ქართულ ეკონომიკას, ისე გლეხებს სერიოზული წინსვლა ექნებათ. ამის მიუხედავად, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ხმას არ იღებენ, რომ მთავარი ბაზარი სწორედ რუსეთია. არც იმას ამბობენ, რომ რუსული ბაზრის ჩახსნის შემთხვევაში ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი გაფუჭდება, რადგან ევროპის ბაზარზე არ გვიშვებენ. ჰო, არ გვიშვებენ, იქაური პროდუქცია რომ არ დარჩეს გასაყიდი და ამიტომაც არის, რომ ქართული ნაწარმი ბებერ კონტინენტზე ზუსტად იმ ოდენობით გადის, სხვებს პრობლემა რომ არ შეექმნას. ვიღაცამ, შესაძლოა, თქვას, აჭარბებთო, მაგრამ აგერ ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედოთ:

მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 79,8 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს ციფრი 3,7%-ით ნაკლებია, რაც კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ,  როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვამცნობს, ქართული ღვინო იაპონიაში, მონღოლეთში, კანადაში,  საფრანგეთში… მოკლედ, 50-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა, რაც, ჯამში, რაოდენობას აუცილებლად გაზრდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 79,8 მილიონი დოლარიდან 46,1 მილიონი რუსეთზე მოდის, ანუ 50-ზე მეტ ქვეყანაში გასული ღვინიდან შემოსავლის 50%-ზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 57,7%, ერთ ქვეყანაზე _ რუსეთზე მოდის. შედარებისთვის გეტყვით, რომ მეორე ადგილზე ჩინეთია (5,8 მილიონი დოლარის ღვინო გავყიდეთ). ხუთეულში შედის უკრაინა (2,9 მილიონი დოლარის ღვინო გაიყიდა, რაც უკრაინის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ცოტა ნამდვილად არ არის).

დავით არახამია

ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნავს მონღოლეთში გაყიდული 100 თუ 200 ლიტრ ღვინოს და არაფერს ამბობს რუსეთზე, იმიტომ, რომ თურმე რუსეთის ხსენება ცუდია. არა, ღვინოს რომ გვისაღებს, მაშინ ძალიან კარგია, მაგრამ, როცა ამის აღნიშვნის დრო მოდის, მაშინ ხდება ცუდი, მაშინ ხდება მტერი. ისე, რუსეთი მტერია და, მაგალითად, დავით არახამია არა? ის არახამია, ბოლო ხმაზე რომ გაჰკივის ხოლმე, _ ყველაფერი რუსული მძულსო, და საქართველოში შეკრებილ დემონსტრანტრებს რუსულ ენაზე მიმართავს. დავითი რომ გქვია და არახამია ხარ, ქართულად ლაპარაკს უნდა შეეცადო მაინც და, კისრის ძარღვების დაბერვამდე რომ ყვირი, საქართველო ჩემი სამშობლოაო, შენი სამშობლოს ხელისუფლების ჩამოგდებისკენ და რევოლუციისკენ არ უნდა მოუწოდო ხალხს. ჰო, არახამია ყოფილა მეგობარი, მერე რა, რომ ეს მეგობარი არეულობისკენ პირდაპირ მოგვიწოდებს და რუსეთი მტერიაო, ის რუსეთი, რომელიც ჩვენთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და გასაღების მთავარი ბაზარია.

დასავლეთის წაქეზებით გასულ კვირას ლიეტუვამ რუსეთს კალინინგრადის რკინიგზა ჩაუკეტა და ამით ევროპაში ერთადერთი გასასვლელი მოუსპო. კალინინგრადის რკინიგზის ჩაკეტვით ლიეტუვამ რუსეთს ერთადერთ გზად საქართველო დაუტოვა და ეს იყო გამოცდა, რომელიც საქართველოს უნდა ჩაებარებინა _ თუ ტვირთებს გავატარებდით, ევროპა და ამერიკა რუსეთისთვის  ხელისშეწყობაში დაგვადანაშაულებდნენ, თუ არა, პრაქტიკულად, მეორე ფრონტს ვხსნიდით, სწორედ ფრონტს, რადგან ბელარუსში, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრისას ბელორუსის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა: ლიეტუვას ნაბიჯი ომის გამოცხადების ტოლფასიაო. როგორც ჩანს, ლიეტუვას ხელისუფლება აზრზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე სწრაფად მოვიდა და ამიტომ რგინიგზა გახსნა და დასავლეთს დაანახვა, რომ ომის გამოცხადების ტოლფასქმედებას არ ჩაიდენს. რა თქმა უნდა, ეს არც ევროპას მოეწონა, არც ამერიკას და არც უკრაინას, მაგრამ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ვერ გაბედეს და ლიეტუვაზე ვერაფერი თქვეს. ეს საქართველოა მათთვის ადვილად ხელწამოსაკრავი, თორემ

შესაძლოა, ვინმემ მიმდინარე თემები ერთმანეთს ვერ დაუკავშიროს, მაგრამ, როგორც კი მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ქვეყანაში ორ დღეში ყველაზე დიდი ლგბტ აღლუმი გაიმართა. 500-ზე მეტ მონაწილეს ათასამდე პოლიციელი და საჯარისო ნაწილები იცავდნენ და, იმის მიუხედავად, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ და გაჰკიოდნენ: `არ გვინდა ასეთი ევროპაო~,  ყურადღება არავის მიუქცევია. საქართველოში გამართულ აქციაზეც არაერთი ლგბტ თემის წარმომადგენელი მივიდა, ისიც კი თქვეს, ეს აქცია რეალურად ჩვენი პრაიდიაო, მერე გადაიფიქრეს და 28 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ლგბტ კვირეული გამოაცხადეს, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთებას დახურულ სივრცეში აპირებენ, რათა ევროპისკენ სავალ გზაზე ხელი არ შეგვეშალოს, რადგან მათმა ქმედებამ, შესაძლოა, პროტესტი გამოიწვიოს და ეს პროტესტი ევროპამ არ უნდა დაინახოს. გამოდის, ევროპასაც ვატყუებთ და საკუთარ თავსაც, თუმცა…

ისევ ქართულ ბაზარს დავუბრუნდეთ. წელს კარგ მოსავალს მევენახეებიც ელოდებიან და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქარხანას, პრაქტიკულად, საკუთარი ვენახები აქვს და შესაბამისად, საკუთარი მოსავალი, ადგილობრივ ბაზარზე ყურძნის ჩაბარება კვლავ პრობლემური იქნება. სად არის გამოსავალი? სწორია, რუსეთში _ ჩვენი პროდუქცია ისევ იქ უნდა გავიდეს. სხვაგვარად, გლეხები ყურძენს ვერც გაყიდიან და, ძალიანაც რომ მოინდომონ, ჭარბ ოდენობას ვერც გადაამუშავებენ, საამისოდ მათ არც შესაძლებლობა აქვთ და არც რესურსი. ახლავე ვთქვათ, რომ ევროპა და ამერიკა ქართულ ყურძენს არ წაიღებენ, მაგრამ, თუ ვინმე წაიღებს, სხვაობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე საწყის ხუთ თვეში ღვინოებზე გვაქვს. შარშან ვაშლი და ვაშლატამა 25-ზე მეტ ქვეყანაში გავიტანეთ, მაგრამ გატანილი ხილის 90%-ზე მეტი რუსეთზე მოდიოდა.

აქ თემა მხოლოდ ხილსა და ყურძენს რომ ეხებოდეს, ეგებ არც არაფერი გვეთქვა, მაგრამ საუბარია აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც ჭარბი ოდენობით გვაქვს. გასაღების მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება და, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ სცადა, რუსული ბაზარი ევროპულით ჩაენაცვლებინა, არაფერი გამოვიდა. ამას გარდა, ენერგომატარებლებით მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი და, მონდომების მიუხედავად, ამ მოცემულობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევცვლით. ასეთ პირობებში ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან საუბარი რჩება. საუბარი კონკრეტული მიმართულებით: ეკონომიკურ ურთიერთობაზე, საკვებზე, ხორბალზე, ნავთობპროდუქტებზე, რომელიც არარეალურად გაძვირდა და მის გაიაფებაზე არავინ ფიქრობს.

31 აგვისტოს რუსეთი ხორბლის გატანაზე ემბარგოს ხსნის და შესაძლებელი იქნება, ფქვილის ნაცვლად ისევ ხორბალი შემოვიტანოთ. ფერმერები უკვე ამბობენ, რომ სექტემბრიდან იმის გამო, რომ ქატო გაძვირდა, ხორცისა და რძის პროდუქტების ფასები ისევ მოიმატებს. აი, ხორბლის შემოტანის პირობებში კი ქატოც ადგილობრივი წარმოების იქნება და, შესაბამისად, გაცილებით იაფი. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და სწორედ ამის გაგება და აღქმაა საჭირო. მოსახლეობას აღარ შეუძლია საკვების შეძენა, ყოველდღიური გაძვირება უმძიმეს ტვირთად აწევს ყველას და გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. შიმშილი, რომელიც ყოველი გაძვირების შემდეგ სულ უფრო მძლავრად აკაკუნებს ადამიანთა უმეტესობის კარზე, უნდა დასრულდეს და ამ დასასრულის ერთ-ერთი და ყველაზე რეალური გამოსავალი სწორედ რუსეთთან პირისპირ საუბარია. საქართველო კი არა, ცივილიზებული ევროპა და ამერიკა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სანქციებით რუსეთს ვერ ერევიან; რომ ამ ბაზრის გარეშე, რუსული რესურსების გარეშე, არსებობა უჭირთ და ამ დროს, ჰო, სწორედ ამ დროს ჩვენ გვაქეზებენ და მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვენ.

გვერწმუნეთ, აუცილებლად და თან ძალიან მალე დადგება დრო, როცა სწორედ ევროპული ქვეყნები დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ომი უნდა დასრულდეს და თანაც რაც შეიძლება მალე; უკრაინას კი უნდა მოუწიოს ყველაფერის (ჰო, ყველაფრის) დათმობა და იმის მიღება, რასაც ომის გარეშე ითხოვდა რუსეთი. ნატოზე უარის თქმა ამის პირველი მაგალითია და ამის შემდეგ ევროპა აუცილებლად მოხსნის სანქციებს, რათა საშველი ნახოს და გამოსავალი იპოვოს ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც უკვე აწუხებს. ამის მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად გვეტყვიან, რომ არ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, რადგან თავის დროზე იგივე რომ ზელენსკის გაეკეთებინა, ეგებ თავიდან აეცილებინა ის, რასაც დღეს უკრაინის ნგრევა და ათეულობით წლით უკან დახევა ჰქვია.

ალექსანდრე მუმლაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here