Home ახალი ამბები საქართველო „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“

„ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“

377

2022 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ ჩატარდა ხალხმრავალი აქცია-მიტინგი აბსურდული  ლოზუნგით – „შინ ევროპისკენ“. სირცხვილია, როცა აქციის ორგანიზატორები საქართველოს ისტორიის რულ უცოდინარობას ავლენენ, პოლიტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ყველაფერი ნათელი  ხდება, როცა ვიგებთ, რომ აქციის ორგანიზატორი სწორედაც შესაფერისი სახელის მქონე,  ნაცების მხარდამჭერი (სააკაშვილ–გვარამიას განთავისუფლების მომთხოვნი) სამოქალაქო–პოლიტიკური მოძრაობა „სირცხვილია“ ყოფილა! მაშასადამე, დიდი ალბათობით, ეს სამარცხვინო ლოზუნგიც ამ მოძრაობის ლიდერების – ვინმე დიღმელაშვილისა და მაქარაშვილის მოფიქრებული იქნება, რომლებსაც მათი პოლიტიკური ჭკუის მქონე და აქციის წამყვანი, მწერლად წოდებული ლაშა ბუღაძეც წაეხმარებოდა უთუოდ!

ახალგაზრდებს შევახსენებ: ეს „ჩეჩმის მწერალი“, როგორც მას მოიხსენიებენ, იმ გია ბუღაძის შვილი გახლავთ, რომელმაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გოგო-ბიჭებისთვის სადიპლომო „ნაშრომად“ ერთმანეთისთვის რიგრიგობით სახეში(!) ფურთხება მოიფიქრა (წრეში ფეხმორთხმულ მდგომარეობაში და საათის ისრის  მიმართულებით), აბაა! რაც მამაა, ის – შვილი! აბა, სხვამ თუ არა, მწერალმა კაცმა ის მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ევროპა არასოდეს ყოფილა  ჩვენთვის „შინ“,  ანუ  ჩვენი სახლი, ადგილსამყოფელი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, დავოჯახდით და სისხლიც დაგვიღვრია მისთვის – „შინ“ ხომ ზუსტად ამ შინაარსის მქონე სიტყვაა! და ორმაგად სირცხვილია, როცა სხვასაც – ახალგაზრდების ვითომ შედარებით ჭკვიან და  ტელეეკრანზე გამოსაჩენ სახეებს _ პირდაპირ ეთერში აყვირებ: „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“!

„შინ“ და „ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია“ –  ერთნაირი  აბსურდია (ეს მეორე ლოზუნგი ვის ეკუთვნის, ვერ გეტყვით, ალბათ, ილიაუნის სტუდენტს ან – სულაც ლექტორს!).  ასე იცის დასავლეთის წინაშე თავის გამოჩენის გადამეტებულმა სურვილმა, ნამეტანმა მონდომებამ! ამ სულელურ ლოზუნგს ისინი გაჰკივიან, რომლებსაც სააკაშვილის წამოროშილი: „თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია“   და  პრემიერ ჟვანიას  ნათქვამიც: „მე ქართველი ვარ, მაშასადამე,   ვარ  ევროპელი“, მოხდენილად ნათქვამი სიბრძნე  ჰგონიათ.  ოთხივე გამონათქვამი  ერთი მეორეზე უკეთესი „საღადაო“ მასალაა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ამიტომ მხოლოდ ერთს ვკითხავ ნაცებსაც და იმ ქოცებსაც, რომლებიც ევროპას უალტერნატივო, თანაც ქართველი ხალხის ისტორიულ  არჩევანად თვლიან:  უკაცრავად, მაგრამ ეს როდის აქეთ გახდა ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი? 300 წლის წინათ, გაჭირვებულ დღეში ჩავარდნილმა ქართულმა სამეფომ, როცა   ვერსაიდან დახმარება ვერ მიიღო,  სულხან- საბა ცხრა მთას იქით რომ გაგზავნა, შორეულ საფრანგეთში ლუდოვიკოსთან სამათხოვროდ,  მას აქეთ?  ვაი, თქვენს  პატრონს, ვინც ასე ფიქრობთ!

ასე იცის, როცა განათლება, ძირითადად, ინგლისურის სწავლით შემოიფარგლება!

ათი დღით ადრე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით:  „საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“, რომელშიც აბსოლუტურად უადგილოდ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაც ჩააკვეხა (308 დეპუტატიდან, რომლებმაც რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, 186 სახალხო პარტიის დეპუტატია, იმ პარტიის, რომელიც სააკაშვილის „ნაცმოძრაობასთან“ არის გადაფსკვნილი).

ამ რეზოლუციას ბევრი გამოეხმაურა ჩვენი ხელისუფლებიდან და, პირველ რიგში, პრემიერი ღარიბაშვილი იყო ის, ვინც სავსებით სამართლიანად აღშფოთებულმა საქართველოსა და ივანიშვილისთვის წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებების გამო გაბედა და ბევრი სიმართლე თქვა ევროპარლამენტის მიმართ,  ცხადია, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს, ანუ  მთლიანად  ევროკავშირის გასაგონად და კიდევ ბევრის თქმას, „ფარდის ახდასაც“ დაგვპირდა, რასაც შანტაჟის ელფერი დაჰკრავდა! ამით მან  გული მოგვფხანა ყველას, რადგან კოლექტიურმა დასავლეთმა (ამერიკა-ევროპამ) ისე დაგვაჩაჩანაკა  თითქმის ყველანი, უპირველესად კი ამ დასავლეთს მიჩერებული ჩვენი ხელისუფლება, რომ საკუთარი თავის დასაცავად 100 %-იანი  სიმართლის თქმისაც კი გვეშინია.

სიმართლის მთქმელს  დიდი გამბედაობა რომ მართებს,  ეს ოდითგან ცნობილია, მით უფრო მაშინ, როცა პრემიერს არც შეკაზმული ცხენი ჰყავს გამზადებული და არც გაქცევას აპირებს სადმე! მაგრამ მხოლოდ გულის მოფხანა, მხოლოდ ცარიელი, თუნდაც ცამდე მართალი სიტყვა, თუ მას საქმე არ მოჰყვება, ფუჭია, „ჰაერი შეაზანზარაო“, – იტყვიან ასეთ შემთხვევებზე.

ადამიანურად გასაგებია, რომ პრემიერს, ისევე, როგორც  ყველა ჩვენგანს,  ყელში ამოუვიდა დასავლეთის მხრიდან გამოჩენილი უმადურობა – მათი (და არა საქართველოს!) ინტერესებისთვის ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში დაღვრილი ჩვენი  ბიჭების სისხლის, გაღებული მსხვერპლის (35 დაღუპულისა და 500-მდე დაინვალიდებულის) დაუფასებლობა, სადაც სამხედრო ოპერაციებში ერთი ციცქნა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი და ღატაკი, ვალებში ჩავარდნილი  საქართველოდან  უფრო მეტი სამხედრო მონაწილეობდა (მოსახლეობაზე გადაანგარიშებით), ვიდრე  ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან (აშშ-ის ჩათვლით), თანაც არა ნატოს, არამედ ჩვენი ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ძნელი ასატანია, რა თქმა უნდა, ჩვენს შინაურ საქმეებში (ყველა სფეროში, არჩევნების ჩათვლით)  გამუდმებით  და აშკარად ცხვირის ჩაყოფა ამერიკის  ელჩის (განსაკუთრებით!)  თუ ევროწარმომადგენლების (განსაკუთრებით, სახალხო პარტიის) მხრიდან,  მათგან წამოსული დაუმსახურებელი თითის ქნევა-მუქარა. ამიტომ  წლების განმავლობაში დაგროვილ წყენას, ევრორეზოლუციით დაგვირგვინებულს,  შეუძლებელია, ერთხელაც არ ამოეხეთქა.

სიმართლის თქმა აუცილებელია, ოღონდ დროსა და ფორმას გააჩნია – უნდა ითქვას თავის დროზე („ზოგჯერ, თქმითაც დაშავდების“!) და შესაფერი ენით („გველსა ხვრელით გამოიყვანს…“),მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, რისი თქმის უფლებაც ჟურნალისტს ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს,  სახელმწიფოს  პირველ პირებს – არ აქვთ, ისინი არ შეიძლება  აჰყვნენ ემოციებს და სრული სიმართლეც კი  საჯაროდ მიახალონ პირში მათ (ამერიკა იქნება ეს თუ ევროკავშირი), ვისზეც დამოკიდებული ხარ ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც!

გაბუტვის და შანტაჟის ენით ლაპარაკის  ნაცვლად სწორი და გამართლებული იქნებოდა, თუკი ჩვენი პარლამენტი დიპლომატიური ენით დაწერილ  და იურიდიულად გამართულ წერილს(!) გაუგზავნიდა  ევროპარლამენტს განმარტების თხოვნით: რას, რომელ წყაროს ან  მონაცემებს ეყრდნობოდა მათი რეზოლუცია, ვისგან მიიღეს იგი და რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები მიუკერძოებლად თუ  გადამოწმდა. გარდა ამისა, ხაზი უნდა გასმოდა იმას, რომ ევროპარლამენტი შეცდომაში შეიყვანა საქართველოს მმართველი პარტიის არაკეთილმოსურნე  „ნაცმოძრაობამ“ და მისმა განაყოფმა პარტიებმა და, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თითქმის მთლიანად, სინამდვილეს არ შეესაბამება, ზოგჯერ კი სრული სიცრუეა. ამის მაგალითად კერძო კლინიკაში კარგა ხნის წინათ გადაყვანილი სააკაშვილის შემთხვევასა და ოპერატორ-ჟურნალისტ ლაშქარავას ნარკოტიკებით(!) გარდაცვალების ფაქტზეც იქნებოდა მითითებული (ყველაფერზე დოკუმენტური მასალის თანდართვით, ცხადია) და იმ ევროპულ რეიტინგულ მონაცემებზე, რომლებსაც ყოველთვის ეყრდნობა ხოლმე ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას და, რომლებითაც საქართველო გაცილებით წინ არის უკრაინასა და მოლდოვაზე.

რაც  უნდა მართალი იყო, შანტაჟის ენით საუბარი, მით უფრო, საუბარი იმ   სახელმწიფოთა გაერთიანებასთან, რომლის რიგებში გაწევრებასაც ითხოვ, _ „კანდიდატის სტატუსი მეკუთვნის და  მომანიჭეო“, – უხერხულიცაა და შეცდომაც! მეორე ფრონტი რომ გამეხსნა, რუსეთთან ომი რომ წამომეწყო, მაშინ  ხომ მიმიღებდიო, – საქმეს არ შველის. უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, ზუსტად ასევეა ევროკავშირი – ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, ოღონდ  ანგლოსაქსების ნებას დაქვემდებარებული!

ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, პრემიერის არადიპლომატიურად ნათქვამ ორ სიტყვას  არავითარი გავლენა არ მოუხდენია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე – უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის მხოლოდ  „პერსპექტივის“ მინიჭებაზე,   ყველაფერი წინასწარ,  ევროპარლამენტის ყველაზე დიდი – სახალხო პარტიის ყრილობაზე გადაწყდა  მაისის ბოლოს (შესაძლოა,  უფრო ადრეც). ამ ყრილობაზე საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები ლამის სიტყვა–სიტყვით შევიდა პარლამენტის რეზოლუციაში, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკომისიაც და ევროსაბჭოც.  ზუსტად ისევე, როგორც ნატოს მიმართ მოგვცეს თავის დროზე „მაპზე უკეთესი“, ახლაც კანდიდატის სტატუსზე „უკეთესი“ – „ევროპული პერსპექტივა“ გვიბოძეს დიდსულოვნად, რომელიც, ვფიქრობ,  ყველას გასაკვირად, მაინც უდიდეს წარმატებად შეაფასა  კანდიდატობის მომლოდინე და მომთხოვნმა ჩვენმა უთავმოყვარეო ხელისუფლებამ. პოლიტიკოსებისგან არაფერი მიკვირს, ხშირად ხომ  ტყუილებით გვკვებავენ, მაგრამ გასაკვირი და საწყენია, როცა აკადემიკოსი, სტუდენტების აღმზრდელი ლექტორი, ლადო პაპავაც, „პერსპექტივის“ მიღებას „ძალიან დიდ და სერიოზულ მიღწევად“ თვლის. ხედავთ, ჩემო ხალხო, სადამდე დავეშვით? გესმით, როგორ დაგვცინიან ევროპაში – „პერსპექტივას“ არ ვიშურებთ თქვენთვისო,  და როგორ გვაბოლებენ საკუთარ ქვეყანაშიც – დიდი მიღწევა კი არა, „ძალიან დიდი მიღწევა“ არისო?

რაც მთავარია, არავინ გვეუბნება (ვისაც ევალება, მათგან),  რას იძლევა „პერსპექტივა“ ან „კანდიდატობა“ კონკრეტულად ჩვენთვის (წევრობამდე ძალიან შორი გზაა და მას არც ვახსენებ). როგორ შეიძლება ევროკავშირის კითხვარს –  369(!) კითხვაზე პასუხს „ვცემდეთ“ და არც  კითხვარი, არც გაცემული პასუხები არ ქვეყნდებოდეს, არც ის იყოს ცნობილი, თუ ვინ სცემს ამ პასუხებს ხალხის სახელით – ერთი კაცი, ადამიანთა ჯგუფი, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია  თუ  ვინ. ის კი არა, დეპუტატებიც არ არიან საქმის კურსში. რადგან  ევროკავშირი ჰქვია, ყველაფერზე უნდა დავთანხმდეთ  იმისათვის, რომ ეგებ როგორმე შევრგოთ თავი ამ კავშირში?! თუ ასეა, მაშინ დასამალი რატომღაა ეს კითხვარი და, რაც მთავარია, – ჩვენი ხელისუფლების  პასუხები?! და, თუ მართლა ასეთი კარგია ეს ევროკავშირი ყველასთვის, მათ შორის, ჩვენისთანა განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც, მაშინ ის მაინც ხომ უნდა გაგვიმჟღავნონ, თუ რა სარგებელს მივიღებთ მასში გაწევრებისგან, მანამდე კი – კანდიდატობისგან და „პერსპექტივისგან“? რა სიკეთეები გველოდება იმ ერს (კონკრეტულად, ციფრებში გამოხატული და, არა – ზოგადი ფრაზებით), რომელმაც  მხოლოდ დასავლეთს მიშტერებული ვერც ერთი ხელისუფლების ხელში ვერ შეძლო წელში გამართვა ეკონომიკურად მთელი 30 წლის განმავლობაში. რა არის ამაში დასამალი?! ეჭვები მთლიანად რომ გაგვიფანტოთ, ეგებ ისიც გვითხრათ, დიდმა ბრიტანეთმა რატომ დატოვა მისი რიგები და ძველებურად, დამოუკიდებლად არსებობა რატომ არჩია? ჩვენ რომ მოთხოვნებს გვიყენებენ შესასრულებლად, თავად ევროკავშირი თუ იღებს რაიმე ვალდებულებას თავის თავზე? არავითარს, ხომ? ჰოდა, კარგად მეყოლეთ!

სიმართლე შეიძლება ზოგჯერ არც ითქვას ან გვიან ითქვას, მაგრამ სახელმწიფოსა და ხალხის ღირსების შემლახავ ცილისმწამებლურ გამოხდომებზე რეაგირება, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი, ყოველთვის ოპერატიულად უნდა ხდებოდეს! მხოლოდ ერთს, ერთი თვის წინანდელს შევახსენებ მკითხველს: ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიწვეული იყო ,,ნაციონალური მოძრაობაც’’ და მისი ლიდერის, ბევრ დანაშაულში მხილებული, ამჟამად პატიმარ სააკაშვილის პატივსაცემად ცარიელი სავარძელიც კი დადგეს (მისი გვარის მითითებით), როგორც „დემოკრატიის შუქურის“ და დამსახურებული რეფორმატორის, რომელსაც, მისი პრეზიდენტობის პერიოდში (2003–2012 წლებში), თითქოს, არავითარი დანაშაული არ ჩაედინოს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე; თითქოს, არც სისხლიან დარბევებს, არც პატიმრების მასობრივ წამება–გაუპატიურება–ჩახოცვას, არც ათასობით ადამიანის ქონებისა და ბიზნესის ძალადობრივ დაუფლებას სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნების მხრიდან, არც სამჯერ მეტი პატიმრის ციხეებში (დღევანდელთან შედარებით)  და  სიკვდილიანობის ჯერადობით მაღალ  მაჩვენებელს საპატიმრო ადგილებში და, არც საქართველოს ტერიტორიის 20%–ის დაკარგვას ჰქონოდა ადგილი! ეს ყველაფერი (და კიდევ ბევრი სხვა)  ზედმიწევნით კარგად იყო და არის ცნობილი ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ (და დღესაც ხუჭავენ), ოღონდაც დასავლეთის დირექტივები ზედმიწევნით ზუსტად შეესრულებინა მათ „ძაღლიშვილ“ სააკაშვილს. აი, ამის თაობაზე უნდა მოგვეხდინა ადეკვატური რეაქცია და საპროტესტო წერილები გაგვეგზავნა ევროპარლამენტისთვის, ევროკავშირის ელჩისა და  ტუტუცი სახალხო პარტიისთვის. ეს კი, პირველ რიგში, უნდა გაეკეთებინათ ჩვენ პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერს და, აგრეთვე, საზოგადო  და სამეცნიერო ორგანიზაციებს, ხელოვნებისა და სპორტის მუშაკებს. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა მხოლოდ ტელევიზიებში კრიტიკული გამოსვლებით არ უნდა იფარგლებოდეს, სწორედ ამგვარი შემთხვევებისთვის არის მოფიქრებული შეურაცხმყოფელი პიროვნებების  „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ ევროკავშირს კი არა, უკრაინასაც ვერ გავუბედეთ საკადრისი პასუხი, როცა უამრავი  რამ დაგვაბრალა და ელჩიც კი გაიწვია საქართველოდან. ეს არ იყო ერთი პირიდან და ერთჯერადად წამოსული შეურაცხყოფა, ეს გვაკადრეს მოძმედ წოდებული უკრაინის პრეზიდენტმაც, საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც, მათმა მრჩეველებმაც და კიდევ ბევრმა სხვამ. ჩვენმა ბედოვლათმა ხელისუფლებამ კი,  არათუ დიპლომატიაში მიღებული  სარკისებური პასუხი ვერ გასცა და ელჩი არ გამოიწვია კიევიდან, არამედ, პირიქით, მთელი საელჩოს შემადგენლობა გაგანია ომის პირობებში კიევში ჩატოვა, მაშინ, როცა ყველა სახელმწიფოს დიპწარმომადგენლობა  უკიდურეს დასავლეთში – ქალაქ ლვოვში გადავიდა! კი მაგრამ, რატომ, რისთვის, ვის აქვს  უფლება, ასე უაზროდ  გაწიროს თავისი მოქალაქეები სხვის ომში, ამის აუცილებლობა ხომ არ იყო! იქნებ, სხვაზე მამაცები ვართ და ისე გვიყვარს უკრაინა თავის ზელენსკი–არესტოვიჩ–არახამიანებიანად, რომ მისთვის თავსაც გავწირავთ?! საკადრისი პასუხი კი არადა, იქით „აგვალოკინეს ჩვენი გადაფურთხებული“ (უკვე მერამდენედ) და იქით ვეწვიეთ სოლიდარობის გამოსახატავად საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის თავკაცობით, თუმცა წინა დღეებში ბევრს ვბაქიბუქობდით: ბოდიში მოგვიხადოს, ელჩიც დააბრუნონ, თორემ ჩვენი ფეხი არ იქნება იქო! მახსოვს გოგა ხაინდრავასსიტყვები: „თუ ზელენსკი, არესტოვიჩი და ძმანი მისნი ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხი ასეთ ცილისწამებასა და შეურაცხყოფას გადაყლაპავს, ძალიან ცდებიან“! გადაგვაყლაპეს, ჩაგვიყვანეს და დაგვცინეს კიდეც: სამარიაჟოდ ჩამოვიდნენ, ბუჩაში ფოტოების გადასაღებადო.

ღირსნი ვართ! როდესაც თავმოყვარეობას დაკარგავ, როდესაც ღირსებას სისტემატურად გილახავენ და შენ საპროტესტო  დიპლომატიური ნოტაც კი  ვერ გაგიგზავნია, ევროკავშირისთვის კი არა, უკრაინისთვისაც, ვერც ელჩი გამოგიწვევია უკან, ,„პერსონა ნონ გრატადაც“ ვერ გამოგიცხადებია ვერავინ და გამუდმებით ერთ სისულელეს იმეორებ: „მოძმე უკრაინა ომშია, თვალი უნდა დავხუჭოთ ბევრ რამეზე, შეურაცხყოფაც გადავყლაპოთ და მაქსიმალურად  დავეხმაროთო“, მაშინ მეტის ღირსნი ვართ. მოძმედ და მეგობრად მხოლოდ  უკრაინელი ხალხი შეიძლება ჩაითვალოს და არამც და არამც მისი ხელისუფლება. უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება უნდა გავუწიოთ და ვუწევთ კიდეც! თუმცა, არც ისეთი „თავის მოქაჩლება“ ვარგა, როდესაც საკუთარი ხალხი და ბავშვები გვყავს მშიერი, როდესაც უამრავი მათხოვარია დედაქალაქში (ხშირად შუა გზაზე, მანქანებს შორის მოსიარულე),  როდესაც სანაგვე ყუთებში იქექებიან მხცოვანი ადამიანები, ხოლო  შენ – გაღლეტილი და ერცახე სახელმწიფო  იმით  ტრაბახობ, რომ ყველა სახელმწიფოს აჯობე და ყველაზე მეტი (ამდენი და ამდენი ასეულობით ტონა) ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნე უკრაინაში! ეს უკვე სიბრიყვეა და დაშინებული კაცის საქციელს ჰგავს! ვის სჭირდება ასეთი უჭკუო თავგამოდება საკუთარი ხალხის ხარჯზე, ვის ვაწონებთ ამით თავს?! წელებზე ფეხის დადგმას – ჰუმანიტარულ დახმარებას კი არა, საქართველოს მიერ   უშუალოდ მათი ინტერესებისთვის დაღვრილ სისხლს და უამრავ, ყველას რომ „ვაჯობეთ“ იმდენ გაწირულ სიცოცხლეს არ გვიფასებენ დასავლეთში, ჩვენ კი გზააბნეული ცხვრების ფარასავით  მაინც „ნატო, ნატოს’’ და ევროპა, ევროპას“გავყვირით, უფრო სწორად, ვბღავით!

თუ  ერთიცა და მეორეც, განსაკუთრებით კი ნატო,  ჩვენი ხალხის არჩევანია, მაშინ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას რა უდგას წინ? დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 30 წლის წინათ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ  მისი  ჩატარება ხომ პრაქტიკულად აკრძალული გვაქვს „სტრატეგიული მეგობრების“ მიერ! 2008 წლის პრეზიდენტის  არჩევნების გაყალბებას ყველა აღიარებს, მაგრამ  მასთან ერთად ჩატარებული პლებისციტის  (და არა – რეფერენდუმის!) შედეგებს რატომღაც გაუყალბებლად მიიჩნევენ და დღესაც, 15 წლის შემდეგ,  ამ პლებისციტს იშველიებენ, თითქოს, ნატოში გაწევრებას საქართველოს მოსახლეობის 77% უჭერდეს მხარს! თუ ეს ასეა, მაშინ რეფერენდუმის ჩატარების რატომ ეშინიათ ჩვენს „კეთილმოსურნეებს“? იმიტომ, რომ  პლებისციტი უბრალო საყოველთაო გამოკითხვაა მხოლოდ და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, ხოლო რეფერენდუმის შედეგები ხელისუფლებისთვის აღსასრულებლად სავალდებულოა! აი, ამის  ეშინიათ ნაცებსაც და მათ მფარველებსაც დასავლეთში, ქოცები კი ვერ ბედავენ უნებართვოდ. 20 წლის წინანდელი რეფერენდუმი იმდენად არაარსებით და ღიმილისმომგვრელ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარა „თეთრმა მელამ“, რომ მისი შედეგები 100%-ით წინასწარ იყო ცნობილი. დასმული იყო ასეთი კითხვა: თანახმა ხართ თუ არა, რომ დეპუტატთა რიცხვი 230–დან 150–მდე შემცირდეს? 150–მდე კი არა,  დღეს რომ ანალოგიური შეკითხვა დაისვას: 100–მდე ხომ არ დავიყვანოთ  დეპუტატების რიცხვი, რას იტყვითო, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 100% დაუჭერს მხარს ამ არაფრის მაქნისი, მშიშარა, უცოდინარი, გამყიდველი და კორუმპირებული „ხალხის რჩეულების“ შემცირებას! ცხადია, არ ვგულისხმობ იმ  რამდენიმე პატიოსან დეპუტატს, რომლებიც საპარლამენტო ამინდს ვერ ქმნიან, მეტწილად  გატრუნული სხედან და ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ.

თემიდან ცოტაოდენი  გადახვევა გამოგვივიდა, ამიტომ  მივუბრუნდეთ უკრაინას. როცა ჩვენი ხელისუფლება ღიად აცხადებს: „ჩვენთან ნაცები ოპოზიციაში არიან, უკრაინაში  კი – ხელისუფლებაში“ და, მაინც მჭიდროდ თანამშრომლობს, მეგობრობს კიდეც უკრაინის ნაცმთავრობასთან, რომლის წევრებიც ყოველგვარ ზღვარს გადადიან და არჩეული  ხელისუფლების დამხობისკენ  მოგვიწოდებენ,  ჩვენი ბედოვლათები კი ყველაფერს ყლაპავენ – ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი უპრინციპობაც არის  და უზნეობაც!

უკრაინიდან წამოსული ლანძღვა-ცილისწამების  უპასუხოდ დატოვების, მიტევების მიზეზად მისი ომში ყოფნის მოშველიება ფარისევლობა და მამალი ტყუილია, ვინაიდან ჯერ კიდევ ომამდე 7 წლით ადრე, 2015 წელს, უკრაინამ წარმოუდგენელი სილა გაგვაწნა, როდესაც  საქართველოდან გაქცეული, ინტერპოლით ძებნილები – სააკაშვილი და მისი დამნაშავე ბანდა არათუ შეიფარა, არამედ მაღალ–მაღალი თანამდებობებიც უბოძა ყველას. ასე მოიქცნენ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი პოროშენკო და ამჟამინდელი ზელენსკიც. არც ერთ მათგანს არ აუკრძალავს უკრაინის მოქალაქეობამიღებული (საქართველოს მოქალაქეობაზე უარისმთქმელი) სააკაშვილისთვის უცხო სახელმწიფოს – საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა, როდესაც იგი სისტემატურად მიტინგებისკენ, ამბოხებისკენ, ძალადობრივი ქმედებებისკენ და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა ქართველ ნაცებს (ამის დამადასტურებელი ხომ უამრავი დოკუმენტური – აუდიო და ვიდეომასალა არსებობს). ჩვენს ხელისუფლებას მაშინაც არ  მიუმართავს ოფიციალური პროტესტისთვის. ეს დანაშაულებრივი უმოქმედობაა.

ქართული ანდაზაა: „ხემ თქვა, ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ჰოდა, სანამ, პირველ რიგში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს  ამოფარებულ„ჩვენი გვარის“ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის კანონს არ დავუპირისპირებთ (ამერიკაში 1938, ხოლო რუსეთში  მხოლოდ  2012  წელს  მიღებულს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“),  რათა მათი  დაფინანსებისა და საქმიანობის გაკონტროლება შევძლოთ, სანამ გვარამია–გაბუნიას, უგულავა–ბოკერიასა  და სამადაშვილ–კანდელაკისნაირებს (მათ სიტყვა–პასუხს, ხელმრუდობას თუ მსტოვრობას) არ მივხედავთ, სანამ სააკაშვილის მოწოდებებს (ამბოხებისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ, გაკეთებულს უცხოეთიდან, ციხის საკნიდან, სასამართლოს დარბაზიდან  თუ საავადმყოფოს პალატიდან) დაუსჯელად ვტოვებთ, სანამ მას ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი უმძიმესი არაერთი დანაშაულისთვის გასამართლების ნაცვლად ე.წ. პიჯაკების საქმეზე, ერთი-ორი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის ვასამართლებთ მხოლოდ, სანამ ხაზინის ქურდობისთვის ქონების კონფისკაციისა და სამშობლოს ღალატის მუხლებს არ აღვადგენთ სისხლის სამართლის კოდექსში, სანამ „ნაცმოძრაობას“ კანონგარეშე არ გამოვაცხადებთ და საკადრისსაც არ მივუზღავთ სახელმწიფო ტერორის დამყარებისთვის 2003–2012 წლებში, სანამ სიმულანტი სააკაშვილის კაპრიზებს უსიტყვოდ  ვასრულებთ, უკრაინიდან თუ დასავლეთიდან წამოსულ შეურაცხყოფას, მასხრად აგდებას, საშინაო საქმეებში ელჩების უხეშ ჩარევას ვიტანთ, დაუსაბუთებელ მოთხოვნებს (რუსეთთან  მოლაპარაკებებზე უარისთქმა და სხვ.) ვასრულებთ, ხოლო  ახლო მომავალში, ალბათ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნასაც შევასრულებთ (ჩვენ ხომ არ ვიცით, რა პასუხები გაიგზავნა ევროკავშირში!), სანამ იმას არ შევიგნებთ, რომ „ევროპული პერსპექტივის“  ან ნატოს  იმედზე ყოფნა და 30 წლის განმავლობაში გატარებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა დამღუპველია ჩვენთვის (როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ისე ჩვენი საგანგაშო დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მხრივ),  სანამ სახელმწიფოს მართვის სისტემა და ორიენტირი არ შეიცვლება,   არაფერი   გვეშველება. გვეშველება კი არა, დედა გვეტირება. ნანატრი „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ნაცვლად სულ უთავოდ დაგვტოვებენ ან სულაც უსქესო თავს დაგვადგამენ მხრებზე, ხალხისთვის თვალის ახელის მცდელობისკენ მიმართული ამ წერილის მსგავსი სტატიების წერასაც ჯერ აგვიკრძალავენ (კელი დეგნანის ფავორიტი ნაცი აქტივისტი ვინმე გორდელაძე ხომ ალტ–ინფოს ტელეგადაცემების აკრძალვას და კონსერვატული მოძრაობის ოფისის დახურვასაც მოითხოვს) და მერე, ნაცები თუ დააბრუნეს, „სხვანაირ“ პასუხსაც მოგვთხოვენ უეჭველად.

ამიტომ გადამწყვეტი ნაბიჯები დროულად უნდა  გადაიდგას, თორემ მერე, ძალიან მალე, თითზე კბენანი უკვე დაგვიანებული იქნება! 50–იან წლებამდე, ანუ  დასავლელი მეცნიერების მიერ ნაწინასწარმეტყველებ ქართველი ერის გადაშენებამდე 30 წელიც აღარ დარჩა!

დრო კი, როგორც ადამიანის სიცოცხლე, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად გარბის – „ჩიტივით გაგვიფრინდება“!

იაკობ ლეჟავა

P.S.რაოდენ სამწუხაროა, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უკვე აშკარად დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,  და სამარცხვინო სახალხო დამცველის, უფრო ზუსტად, სააკაშვილ-ნაცების დამცველის, ნინო ლომჯარიასა  და მისნაირ ხალხს შეუერთდა, რისთვისაც მას სავსებით მართებულად მარგველაშვილი–2 უწოდეს. სალომე ზურაბიშვილზე პირველად მაშინ მიყო გულმა რეჩხი, როცა გავიგე, რომ იგი ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის (პრეზიდენტ კარტერისა და სხვა ბევრი პოლიტიკოსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) – ზბიგნევ ბჟეზინსკის მოწაფე ყოფილა, რომელსაც ეკუთვნის ჯერ კიდევ 2009 წელს ნათქვამი  შემდეგი სიტყვები: „ეს კრიზისი (იგულისხმება 2008 წლიდან დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.  –  ი.ლ.) არ დასრულდება არასოდეს, მანამდე, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. ჩვენი მიზნები კარგადაა ცნობილი. ერთიანი მსოფლიო მთავრობა – აი, რაც ჩვენ გვესაჭიროება. მალე მიხვდებით, რომ ე.წ. კრიზისი ჯერ არც კი დაწყებულა.  ეს კრიზისი არ არის, ჩემო ძვირფასებო, ეს მართვადი ქაოსია. საზოგადოება ჯერ ძალიან შორსაა იმისგან, რომ ერთიანი მსოფლიო მთავრობის იდეა მიიღოს, ამიტომ ჩვენ საზოგადოება უნდა მოვიყვანოთ ამისათვის აუცილებელ მდგომარეობაში. ამისათვის კი, გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ეკონომიკური დამბლა – საჭიროა ომები, შიმშილობა და ეპიდემიები მთელ მსოფლიოში“!

აი, ასეთი სატანისტური იდეების პატრონის ნამოწაფარისგან, წესით, არც არაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მე თავს მაინც იმით ვიმშვიდებდი, რომ დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილს  სახელოვანი წინაპრის გენები და ცოტაოდენ იდეებიც გამოჰყვებოდა უთუოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, მოვტყუვდი!

ი. ლ.

1 COMMENT

  1. გენიალური წერილია. ყოვლისმომცველი და ყოველ საკითხზე ნათელის მომფენი. ყველამ უნდა წაიკითხოს, პირველ რიგში, პარლამენტმა და მთავრობამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here