Home ახალი ამბები საქართველო ბიძინა კვერნაძის ოპერის „იყო მერვესა წელსა“ პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

ბიძინა კვერნაძის ოპერის „იყო მერვესა წელსა“ პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

254

20 ივლისს 19  საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 53-ე თეატრალური სეზონის ბოლო აკორდი პრემიერაა – წარმოდგენილი იქნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ოპერა „იყო მერვესა წელსა“.

ოპერას საფუძვლად უდევს რობერტ სტურუას ლიბრეტო, შექმნილი იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მოტივების მიხედვით. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1983 წელს გაიმართა თბილისის ოპერის თეატრში ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით და რობერტ სტურუას რეჟისურით. გთავაზობთ ფრაგმენტს ბიძინა კვერნაძის 1998 წლის ინტერვიუდან – „შემიძლია ვთქვა, რომ შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მაქვს შექმნილი ხუთი-ექვსი ნაწარმოები, რომლებითაც თამამად შემიძლია წარვსდგე ნებისმიერი ქვეყნის აუდიტორიის წინაშე და მაინც, ოპერა „იყო მერვესა წელსა“ გამორჩეულია – ამ ნაწარმოებში მივაღწიე მუსიკის მაღალ დინამიკურ განვითარებას და დრამატურგიულ სრულყოფილებას, საგუნდო ეპიზოდების დახვეწილობას და თვით შუშანიკის მუსიკალური დახასიათების სრულქმნილებას“, – ასე აფასებდა კომპოზიტორი თავის ქმნილებას.

„ოპერამ „იყო მერვესა წელსა“ ახალი ეტაპი აღნიშნა ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში. ამ რეფორმატორულ ქმნილებაში ბიძინა კვერნაძე ამკვიდრებს ორიგინალურ მელოდიურ სტილს, ეროვნული შეფერილობის რეჩიტატივსა და საგუნდო დეკლამაციას, თანამედროვე დრამატურგიის საფუძველზე აღმოცენებულ მუსიკალურ დახასიათებებსა და სცენური განვითარების ახალ პრინციპებს“, – წერდა ცნობილი მუსიკისმცოდნე, პროფესორი მარინა ქავთარაძე.

და აი, თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული დადგმა ამჯერად ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე კვლავ დაუბრუნებს სასცენო სიცოცხლეს ბიძინა კვერნაძის ოპერას „იყო მერვესა წელსა“. ოპერის დადგმაზე მუშაობს შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, კოსტუმების მხატვარი თეო კუხიანიძე, დეკორაციების დიზაინერი ირაკლი სვანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე. საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი (მოხეტიალე დასის ხელმძღვანელი, იგივე იაკობ ხუცესი), ბადრი ადამია (ვარსქენ პიტიახში), ნათია მელქაძე  (შუშანიკი), ბაკურ კვირიკაშვილი (ჯოჯიკი), ემილ ჩარგაზია (მღვდელი), მიხეილ ქებაძე  (მსახური), რამაზ კუბლაშვილი (პირველი მოხუცი), ბადრი სახამბერიძე  (მე-2 მოხუცი), კალისტრატე ხარჩილავა  (მე-3 მოხუცი), დავით ბენდელიანი (სპარსი), ირმა შავგულიძე (მათხოვარი), ინგა ფუტკარაძე (ქალი), თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს იდირიჟორებს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

ეწვიეთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს და ისიამოვნეთ ბიძინა კვერნაძის მუსიკით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here