Home ახალი ამბები საქართველო ბატონებო, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ შვილები გყავთ და მათ ოჯახები უნდა შექმნან, ...

ბატონებო, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ შვილები გყავთ და მათ ოჯახები უნდა შექმნან,  ოჯახი კი, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, მამაკაცისა და ქალის ერთობაა

262

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას ხონჩით მიართვეს, ბევრს გაუკვირდა. უკრაინისთვის გამეტებული მოწყალება თუ  გასაგები იყო, მოლდოვაზე ამას ვერავინ ამბობდა – ეს ქვეყანა დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან  და რუსეთი ხომ დასავლეთის მტერია? ჰოდა, სტატუსის მიღებიდან კვირაც არ იყო გასული, მოლდოვის დედაქალაქში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გეიაღლუმი ჩატარდა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა უსაფრთხოებას სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა _  2 ათასი ადამიანი იცავდა. მოლდოვის მცხოვრებლებმა ეს გააპროტესტეს, მაგრამ ამაოდ – ისინი პრაიდის მონაწილეებთან არავინ მიუშვა. ეს იყო ფასი იმ სტატუსისა, რომელიც მოლდოვამ მიიღო და ეს მხოლოდ დასაწყისია.

სამაგიეროდ, უკრაინაში არ გამართულა ანალოგიური რამ და ლიბერალური ფრთა ამბობდა: მოლდოვაში ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, ხალხი ამას მიესალმება, უბრალოდ, საქართველოში ვართ ბნელებიო. ახლა კი გამოჩნდა, რომ ფასი უკრაინამაც უნდა გადაიხადოს და ზელენსკიმ რადას განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების დაკანონებას ითვალისწინებს. არა, როცა მრჩევლად არესტოვიჩი გყავს და უმრავლესობის ლიდერად კიდევ _ არახამია, ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების დაკანონება დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლებაში მოკლათებული გაურკვეველი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) წარმომავლობისა თუ ორიენტაციის პირებისთვის ჩვეულებრივი ამბავი თუა, მოსახლეობის უმრავლესობას ამ კანონპროექტის წარდგენაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. თანაც, ახლა ძალიან ბევრ უკრაინელს უჭირავს ხელში იარაღი, ზელენსკი შიშობს: მე არ მომიტრიალდნენ, ქვეყანა ასეთ ავანტურაში რომ გავხვიეო და ამიტომ, სასწრაფოდ განაცხადა, ეს ყველაფერი რადამ რომც მოიწონოს, ჯერჯერობით საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, რადგან საომარ პირობებში კონსტიტუციის შეცვლა კანონით არ შეიძლებაო. არადა,ზელენსკიმ ამჯერადაც იცრუა, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა  შეიძლება. მთავარია, საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე საკონსტიტუციო უმრავლესობამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს. სასაცილოც აღარ იქნება, უკრაინაში დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, რადა ამ კანონზე კენჭისყრისთვის რომ შეკრიბოს დასავლეთმა. სწორედ დასავლეთმა, რადგან ზელენსკი მანამდე ხომ რიგითი მარიონეტი იყო, ახლა კი ჩვეულებრივი მონაა, რადგან მისი მხრიდან ნებისმიერი მიმართულებით გაჯიუტება ნიშნავს იმას, რომ უკრაინისთვის ყველაფერი ორ დღეში დასრულდება. რატომ ორ დღეში? იმიტომ, რომ არაერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი ზუსტად ორ დღეში იცლება და შემდეგ ახალი პარტია შემოდის. ჰოდა, ასე დამონებულ ზელენსკის 48 საათი აქვს იმისთვის, დასავლეთის ნებისმიერი მითითება გააანალიზოს და… უსიტყვოდ შეასრულოს.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი,  20 წელზე მეტია, აქვს და კავშირში არ იღებენ. ეს მაშინ, როცა თურქეთი ნატოს წევრია და, პარალელურად, ამ ქვეყნის ეკონომიკა, ევროკავშირის წევრი არაერთი სახელმწიფოს ეკონომიკას უსწრებს, ანუ თურქეთი ევროკავშირის ქვეყნების „სარჩენი“ არ იქნება. რამდენიმეჯერ თქვა ერდოღანმა, ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ, რამდენიმე ისეთი რეკომენდაციის შესრულებას გვთხოვენ, რომელიც არც ჩვენს ტრადიციებს შეესაბამება და არც ჩვენს მენტალიტეტსო. ახლა ხომ გასაგებია, რას გულისხმობს ერდოღანი „ისეთი რეკომენდაციების“ შესრულებაში? თურქეთში ლგბტ თემის წევრობა ოფიციალურად სისხლის სამართლის დანაშაულია და საუბარი არ არის რაიმე ტიპის დემონსტრაციაზე – ქვეყნის ხელისუფლება ასეთ მცდელობებს „ცეცხლითა და მახვილით“ ებრძვის.

ასეთივე ვითარებაა რუსეთში, სადაც ანალოგიური რამ სისხლის სამართლის დანაშაულად არის აღიარებული და უმკაცრესად ისჯება. პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმებზე ამ ყველაფერს ღიად უპირისპირდებიან და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დასავლეთის ლიბერალურ ფრთას რუსეთი მთავარ მტრად ჰყავს გამოცხადებული. ზუსტად ეს არ აპატიეს ლიბერალებმა  დონალდ ტრამპს, თორემ სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დათბა და ამის მიზეზი მათი ლიდერების მენტალური და ოჯახური ფასეულობების თანხვედრა იყო.

ახლა საქართველოზე ვთქვათ. უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზე ხომ ნათლად გამოჩნდა, რა ფასის გადახდა მოგვიწევს სტატუსის სანაცვლოდ? ახლა იმ ათასობით ადამიანს მინდა ვკითხო, რომლებმაც სტატუსის არმოცემა ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტეს და მერე ნაციონალების გამოჩენის გამო სახლში წავიდნენ, გინდათ ასეთი სტატუსი და ევროკავშირის ასეთი წევრობა? გიღირთ ამ ფასად გაერთიანება კავშირში, რომელიც შემდეგ გაიძულებს (სწორედ გაიძულებს), ტაში თუ არ დაუკრა ლგბტ პრაიდს, არც გააპროტესტო?სურთ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ გადავწეროთ და ტექსტი „ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის კავშირი“ შეიცვალოს ტექსტით „ოჯახი არის ორი ადამიანის კავშირი“ და დაკანონდეს ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინება? გსურთ, თქვენი შვილების რომელიმე კლასელს სკოლაში მამამ და მამამ ან დედამ და დედამ მოაკითხოს და მერე შვილებმა კარგა ხანს პირდაღებულებმა დაგისვან უხერხული კითხვები?! ახლა ხომ გასაგებია, რატომ ითხოვდა დასავლეთი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას? ამერიკისგან შემოტენილი „ჯაველინები“ ორ დღეში კი არა, ნახევარ საათში აღარ გვექნებოდა და შემდეგ ზუსტად ისე ვიქნებიდოთ დამოკიდებული ევროპასა და ამერიკაზე, როგორც დღეს უკრაინაა, და ზუსტად იგივე მოთხოვნები ექნებოდათ ჩვენთან, როგორიც უკრაინასთან აქვთ. შედეგად მივიღებდით იმას, რომ საქართველო ან აღარ იარსებებდა, ან იქნებოდა ომის პოლიგონი, ან კიდევ უნდა შეესრულებინა დასავლეთის მოთხოვნები და სტატისტიკად ქცეულიყო ყოველდღიურად ასობით ქართველი ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. აღარაფერს ვამბობთ განადგურებულ ქალაქებსა და სოფლებზე და ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინა საქართველოს 12-ჯერ აღემატება, ანუ 12- ჯერ უფრო ცუდ დღეში ვიქნებოდით.

სამწუხაროდ, ახალგაზრდებს არ ახსოვთ, რას ნიშნავს ომი და მათ არ იციან მშვიდობის ფასი. იმავე ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ლიბერალიზმი ცუდი არ არის და ლგბტ თემიც შინ არ გივარდება, მაგრამ სწორედ თითოეული ჩვენგანის კარზე აკაკუნებენ და გვეუბნებიან, გვაძალებენ, ცხვირში გვტენიან იმას, რაც არ გვინდა. 20-30 ადამიანი რომ იკრიბება და მთელი ქვეყანა ბრაზობს, ხომ უნდა მიხვდე, რომ ეს არავის უნდა და მაინც გვაძალებენ… ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ერის გარყვნით იწყება  ღირებულებებზე უარის თქმა, იკარგება მშობლების პატივისცემა,  ტრადიციები…

სხვათა შორის, სწორედ ტრამპის მმართველობის პერიოდში დაიწყო ამერიკაში საპროტესტო გამოსვლები ლიბერალიზმის წინააღმდეგ. ათასობით მშობელმა მოითხოვა სასკოლო პროგრამიდან იმ საგნების ამოღება, რომლებშიც ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის  ქორწინებაზე  იყო დაწერილი და ეს მოვლენა გაუბრალოებული გახლდათ, ათასობით მშობელმა მოითხოვა ნარკოლიბერალიზაციის შემცირება, კანონის გამკაცრება და შედეგად… ტრამპი სახლში გაუშვეს, პროტესტი შეწყდა და ყველაფერი დარჩა ისე, როგორც ლიბერალებს აძლევდათ ხელს. მხოლოდ ამერიკაში კი არა, ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიღვიძა ხალხმა და გამოთქვა პროტესტი, მაგრამ თითქმის აგორებულ საპროტესტო ტალღას ჯერ კოვიდ-პანდემიამ მოუსწრო, მერე – ომმა და ახლა ამისთვის აღარავის სცალია. სამაგიეროდ, ზელენსკიმ მოიცალა… უფრო ზუსტად, მოაცლევინეს იმისთვის, რომ ასეთ პირობებში, საკანონმდებლო ორგანომ ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებაზე უნდა იზრუნოს. ჰოდა, უმრავლესობის ლიდერი არახამია რომ გეყოლება, როგორ შედეგს უნდა ელოდო? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,ზელენსკი მიხვდა, როგორი გარემოცვა ჰყავს, რისთვის და ვისთვის დააწყებინეს ომი, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ აქვს. მას, დამოუკიდებლად მოქმედების კი არა, ფიქრის უფლებაც წაართვეს და ახლა ის სხვების ჩანაფიქრის შემსრულებელია.

ზემოაღნიშნული მაგალითი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ერი და ბერი გაერთიანდეს, რომ ოპოზიციამაც განზე გადადოს პირადი ამბიციები და მთავარ მიზნად საქართველოს გადარჩენა დაისახოს, მაგრამ არა, ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობს ოპოზიცია და ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ დასავლეთისგან აქვს. ამას წინათ გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი ვერსიის წარდგენა დააანონსა და… ვინმემ შეახსენეთ მაგ კაცს, რომ მისი პარტიის კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში აფრიკელ რიჩარდ ოგბუნუჯუსთან დამარცხდა. თავმოყვარეობის ნატამალი რომ ჰქონდეს, ამ მარცხის შემდეგ, პოლიტიკიდან კი არა, შეიძლება ქვეყნიდანაც წავიდეს კაცი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში თავმოყვარეობა არაფრისმთქმელი სიტყვაა. ბატონებო, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ შვილები გყავთ, ბიჭები, გოგონები და მათ ოჯახები უნდა შექმნან.   ოჯახი კი, როგორც კონსტიტუციაში  გვიწერია, მამაკაცისა და ქალის ერთობაა. ეს დაიმახსოვრეთ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here