Home ახალი ამბები საქართველო ანრი ოხანაშვილი – გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილება არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე...

ანრი ოხანაშვილი – გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილება არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, შესაბამისად, კომპრომისზე მივდივართ დათქმით, რომ საკითხი მხოლოდ დროებითი სახით იყოს

30

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს. ცვლილება გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც კომიტეტის წევრებს დღეს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარუდგინა, აცხადებს, რომ პროექტი შინაარსობრივად გაუმართავია, არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, მაგრამ ნორმა დროებით იმოქმედებს.

ოხანაშვილის თქმით, ცვლილებების მიღებას დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ მოდელი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არის შემოთავაზებული.

„შინაარსთან დაკავშირებით არის გაუმართავი მოცემულობა. ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივით შემოთავაზებულია პროექტი, რომელიც არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, შესაბამისად, ჩვენ მიუხედავად ამ შინაარსობრივი პრობლემატიკისა, ერთადერთი დათქმით მივდივართ კომპრომისზე, რომ ეს საკითხი მხოლოდ დროებითი სახით იყოს. ჩვენ ყველას გვაქვს პროფესიული სინდისი. ჩვენ რომ გამოვიდეთ და ჩვენ საზოგადოებას ავუხსნათ, რა კარგი ცვლილებაა, ეს იქნება ამომრჩევლის, პროფესიული საზოგადოების, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მოტყუება. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ შემოთავაზებულია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისეთი მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია და ამასთანავე, ეს არის შინაარსობრივად, კონსტიტუციურ-სამართლებრივი და არა მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით, უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება. ამის მიღების ერთდერთი გამართლება მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს დროებითი წესი. ჩვენ ეს პუნქტი რომ  ჩაგვეთვალოს შესრულებულად, რათა საბოლოოდ მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ერთადერთი, ამ ლეგიტიმური მიზნით შეიძლება, ეს იქნას დროებითი წესით გამართლებული. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტზეა შემოთავაზებული ეს ვერსია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

2022 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, „მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.(90 ხმით) თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.(76 ხმით) მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი“.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here