Home ახალი ამბები რა განსხვავებაა ფასიან და უფასო აცრებს შორის და რატომ არაა დაავადებების ნუსხაში...

რა განსხვავებაა ფასიან და უფასო აცრებს შორის და რატომ არაა დაავადებების ნუსხაში ჩუტყვავილა

1724

როგორია ვაქცინაციის კალენდარი, რომელი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები შედის ნუსხაში, რატომ არ არის დღემდე „ჩუტყვავილას“.

საწინააღმდეგო ვაქცინა კალენდარში შეტანილი, რა განსხვავებაა უფასო და ფასიან აცრებს შორის, ამ და სხვა თემებზე „კვირას“ პედიატრი ეკა ყიფშიძე ესაუბრა.

როგორია ვაქცინაციის კალენდარი საქართველოში

გეგმიური კალენდარი, რომლითაც სარგებლობს საქართველო, მოიცავს 12 ძალიან მძიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას. ვაქცინა მუდმივად ვითარდება და განიცდის სახეცვლილებას, მაგალითად, წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც პნევმოკოკის ვაქცინა ჩაიდო კალენდარში. ჩაიდო იმიტომ, რომ დადასტურდა – ის ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ვაქცინაციის კალენდარი მუდმივად საჭიროებს გადახედვას, მომდევნო პერიოდში შესაძლოა კიდევ დაემატოს. თუმცა, ის რაც არის ძირითადი 12, ძალიან მძიმე დაავადების წინააღმდეგ არსებული ვაქცინა, ის უკვე დევს კალენდარში და აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ყველასთვის, საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის.

კალენდარში შემავალი ყველა ვაქცინა არის უფასო. თუმცა, ალტერნატიულად შესაძლებელია არსებობდეს ფასიანი ვაქცინაც, ამიტომ მშობელს აქვს არჩევანის გაკეთების საშულება, ფასიანი ვაქცინით აცრის შვილს თუ უფასო ვაქცინით.

კალენდარში შემავალი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებიდან ყველა სავალდებულოა?

ვაქცინაცია სავალდებულოა ყველასთვის. ჩვენ გვყავს კონტინგენტი, რომელთა სურვილის მიუხედავად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას რომ ავცრათ. ასეთი კატეგორიისთვის განსაკუთრებით მძიმეა ნებისმიერი ტიპის ინფექცია, ამიტომ ვაქცინა არის არამარტო საკუთარი თავის, არამედ ზოგადად, ყველას დაცვა.

როგორც ცნობილია, კალენდარში არ შედის „ჩუტყვავილა“…

დიახ, ის ჯერ არ შედის გეგმიურ კალენდარში, თუმცა, „ჩუტყვავილას“ საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

მაგრამ საქართველოში არა…

ამ პერიოდში არ არის საქართველოში შემოტანილი, თუმცა ეს ვაქცინა არსებობს. ის გეგმიურ კალენდარში არასდროს ყოფილა, თუმცა, იყო პერიოდი როდესაც შემოდიოდა კერძო ფარმაცევტული კომპანიებისგან, ფასიანი ვაქცინა იყო და მისი სარგებლობა ჩვეულებრივად შეიძლებოდა.

ნაკლებად საშიშია თუ რატომ არ არის საქართველოს ვაქცინაციის კალენდარში?

გართულების თვალსაზრისით ნაკლებად საშიშია, ვიდრე, ვთქვათ, დიფტერია და ა.შ., რომელიც გეგმიურ კალენდარშია და ფაქტობრივად დავამარცხეთ, იმიტომ, რომ საქართველო გამოცხადდა პოლიომიელიტისგან თავისუფალ ქვეყნად, ეს ნამდვილად ვაქცინაციის დამსახურებაა, ისივე როგორც ბოლო ათი წელია აღარ დაფიქსირებულა დიფთერიის შემთხვევა. ეს არის დაავადებები, რომლებიც გვაძლევენ ლეტალურ შედეგს. რაც შეეხება „ჩუტყვავილას“, ის ინფექციაა, რომელსაც რასაკვირველია, შესაძლოა ახლდეს გართულებები, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ის ჩაიდოს კალენდარში.
რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინაციას შორის?

ფასიანი ვაქცინა შემოაქვს რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას, შესაბამისად მათი თანხა მერყეობს იმისდა მიხედვით, თუ სად ახდენთ ბავშვის იმუნიზაციას. თუმცა, უფასო ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ ექნება იმუნიტეტი. უბრალოდ, ფასიანი ვაქცინის მედიცინური მოვლენები არის ხოლმე შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე უფასო ვაქცინის. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ, თამამად შეუძლია მშობელს ბავშვი აცრას უფასო ვაქცინით, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს.

„კვირა“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძესაც დაუკავშირდა. იმნაძის თქმით, ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, პნევმოკოკური, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

„იმუნიზაციის კალენდარი არ არის საქართველოს მოგონილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არსებობს ექსპერტთა კომიტეტი, ასევე სპეციალური კომისია სამინისტროში, რომელიც იმუნიზაციის კალენდარზე მუშაობს, ეს ყველაფერი არის შეთანხმებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან, მათ რეკომენდაციებთან. ყველაფერი ითვლება – როგორი არის ტვირთი ამ დაავადების და ყველაფერი ხორციელდება იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს. ანუ ყველა ის ვაქცინა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის კალენდარში, არის აუცილებელი და რომელიც, სხვათაშორის, აქვს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას“.

ბატონო პაატა, რომ განგვიმარტოთ რატომ არ შედის იმუნიზაციის კალენდარში „ჩუტყვავილა“…

რაც შეეხება „ჩუტყვავილას“, ის ევროპული ქვეყნების უმრავლეობის კალენდარში არ შედის, ძირითადად, გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვთ, ასეთი ბავშვების ასაცრელად. ჩვენს ქვეყანაში არის „ჩუტყვავილა“ ერთ წელიწადს მეტია ხოლმე, მეორე წელიწადს ცოტა ნაკლებია, მაგრამ „ჩუტყვავილა“ არ არის ის დაავადება, რომელიც მძიმე გავლენას ახდენს ბავშვებზე. ნაკლები სიმძიმისაა და აქედან გამომდინარე, როცა ვფიქრობთ რომელი ვაქცინა დაინერგოს და შევიდეს კალენდარში, პირველი ინერგება ის ვაქცინა, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

რატომ არ არსებობს ვაქცინა საქართველოში, როგორც ვიცით უკრაინაში ახლა ძალიან არის გავრცელებული, ხომ შესაძლოა საქართველოშიც უფრო მასიური გახდეს, ვიდრე ამჟამად არის…

უკრაინა საფრთხეს არ წამოადგენს საერთოდ. ისედაც იყო საქართველოში „ჩუტყვავილა“ და იქნება. ეს საშიში არ არის. ამავე დროს თუ მსურველები არიან და ვინმეს უნდა აცრა, თუ მოთხოვნა იქნება ამ ვაქცინაზე, კომერციული სექტორი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ვაქცინაზე თუ მოთხოვნა არ იქნება არავინ არ შემოიტანს, თუ იქნება მოთხოვნა შემოიტანენ. ადრე იყო საქართველოში „ჩუტყვავილას“ ვაქცინა კომერციულ სექტორში, ვიმეორებ, როცა მოთხოვნაა ყოველთვის არის ვაქცინაც.

როგორც ვიცით არსებობს ფასიანი და უფასო აცრები, თუ მათ შორის განსხვავება არ არის, რატომ არის აუცილებელი რომ უფასოსთან ერთად ბაზარზე ფასიანი ვაქცინაც არსებობდეს…

ფასიან და უფასო აცრებს შორის არავითარი განსხვავება არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია ავკრძალოთ. რადგან ვიღაცას აქვს მოთხოვნა იმიტომ არის ის ვაქცინა შემოსული. ხარისხს შორის აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ არის. ყველა ჩვენი ვაქცინა რომელიც შემოდის სახელმწიფო პროგრამით არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტია რაც კი არის მსოფლიოში, ანუ ეს არის ნაციონალურ ორგანოებზე მეტი გარანტია ვაქცინის ხარისხის. ყველა ქვეყანას არ აქვს ნაციონალური ორგანოები, მაგალითად რუსეთში რაც ვაქცინებია არც ერთი არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაგრამ ჩვენ იმ ვაქცინებს დიდი ხანი ვიყენებდით, არაფერი არ ხდებოდა. ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია სჭირდებათ კომპანიებს იმისათვის, რომ მათი ვაქცინა უფრო ადვილად გასაღდეს მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ უკვე ის იღებს თავის თავზე ხარისხის გარანტიას. ხოლო, ვინც თავის ქვეყანაში რაღაცას აწარმოებს, იმას სჭირდება თავისი ნაციონალური ორგანოს რეგისტრაცია.

ბატონო პაატა, ბათუმში, მიმდინარე წელს „წითელას“ 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, არის თუ არა ეს რიცხვი საგანგაშო…

სწორედ ამიტომ, არის ჩვენი თხოვნა, რომ აიცრან „წითელაზე“, ვაქცინა არის არამარტო ბავშვებისთვის უფასო, არამედ ყველასთვის. წითელა, წითურა, ყბაყურა უაფასოა. ყველა უფასოა კალენდარში შემავალი 12-ვე ვაქცინა. თუ არ აიცრებიან, რა თქმა უნდა, იქნება საგანგაშო, იმიტომ რომ ყველას შეიძლება დაემართოს, ყველა ასაკში… ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად გამოყენონ შესაძლებობა – სახელმწიფო სთავაზობს უფასო აცრას. რაც მართლა ყურადღება მისაქცევია ეს არის წითელა, თან გადამდებია ძალიან და ამავე დროს შესაძლოა ფატალურადაც დამთავრეს. ამიტომ ვურჩევთ ყველას, რომ არის ვაქცინა, იყვნენ აცრილები წითელაზე და დაიზღვიონ თავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here